Toyota C-HR – თანამედროვე „ლაიფსტაილერი“

25.01.2024

Coupe High-Rider – ასე იშიფრება C-HR, Toyota-ს ერთერთი ყველაზე პოპულარული მოდელი, რომელიც პირველად 2017 წელს გამოვიდა. მაშინ საზოგადოების აზრი ორად გაიყო…მიუხედავად ამისა, მის მიმართ მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ამ ხნის მანძილზე, მხოლოდ ევროპაში 700 000-ზე მეტი ერთეული გაიყიდა. ეს არის მანქანა, რომელმაც თავისი სეგმენტი შექმნა და 6 წლის მანძილზე თავისი ადგილი წარმატებით დაიკავა წამყვან ავტომობილებს შორის. იაპონელმა ინჟინრებმაც არ დააყოვნეს და 6 წლის შემდეგ, Toyota-მ თავისი პოპულარული კომპაქტური ქროსოვერის, Toyota C-HR-ის ახალი, მეორე თაობა წარმოადგინა ახალი გამოწვევებით: ის ისეთივე ყველასგან განსხვავებული ექსტრავაგანტული დიზაინის მანქანად რჩება, თუმცა მეტი კომფორტით და პრაქტიკულობით, მეხუთე თაობის ჰიბრიდული და რაც მთავარია ეკო-მეგობრული სისტემით.

იაპონელი ინჟინრების დავალება გასაგები იყო, Toyota C-HR-ი უნდა დარჩენილიყო გამომწვევ და ეფექტურ ავტომობილად, მაგრამ უნდა გამხდარიყო კიდევ უფრო კომფორტული და პრაქტიკული, ის უნდა ასულიყო ახალ საფეხურზე ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ამავდროულად ახალ Toyota C-HR-ს უნდა ევლო უფრო სპორტულად, ვიდრე დადიოდა მისი წინა თაობა. თვალის ერთი შევლებითაც ჩანს, რომ ავტომობილი გახდა უფრო მოდური და ელეგანტური.

ახალი Toyota C-HR-ის დიზაინის სიმკვეთრე თვალშისაცემია. დავიწყოთ ექტერიერით: მისი უმთავრესი სიახლე ახალი ფარებია, 5 ნაწილიანი დღის განათებით. ახალი მოდელი წინა მხრიდან სრულიად ახლებურად გამოიყურება, კომპანია მის ახალ ცხვირს ასე მოიხსენიებს – Hammerhead. ავტომობილის კუთხოვანი დიზაინი, რომელიც პროფილზეც გრძელდება მას ფუტურისტულ ელფერს აძლევს, განსაკუთრებით სამკუთხედი წინა კარზე…

ახალი Toyota C-HR-ი უფრო მეტი გამოკვეთილი კანტებით გამოირჩევა, თუმცა მისი ექსტერიერის სიახლეები ამით არ სრულდება. გადავინაცვლოთ ექსტერიერის უკანა ნაწილისკენ, სადაც სიურპრიზად პირველივე სასიამოვნო ცვლილებას სახელურთან ვაწყდებით, რომელიც სხვათა შორის უკვე შესაწევ-გამოსაწევი გახდა, თუმცა ამაზე სასიამოვნო სიახლე მისი ადგილმდებარეობის გამოცვლაა. ის ახლა ქვევით, მისთვის განკუთვნილ ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა (წინა თაობის მოდელზე ზემოთ მოთავსებული სახელური ბევრ ადამიანს გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა). თუ ახალი მოდელის ფოტოს გვერდიდან დააკვირდებით, მისი დიზაინიდან გამომდინარე შეიძლება გეგონოთ, რომ კარი თითქოს დავიწროვდა, თუმცა ეს ასე არ არის, პირიქით ის რეალურად უფრო დიდია ვიდრე წინა მოდელის უკანა კარი.

ახალი Toyota C-HR-ის სიგრძე, წინა მოდელთან შედარებით, 3-4 სმ-ით შემცირებულია, მისი სიგრძე 4 მ და 36 სმ-ია. სამაგიეროდ ის ოდნავ უფრო განიერია, მისი სიმაღლე კი ისევ 1 მ და 56 სმ-ია.  რაც შეეხება მოდელის უკანა ნაწილს, ის კიდევ უფრო მძაფრი დიზაინისაა, განათების ახლებური განლაგების გამო, განათების ხაზი ერთ ელემენტად არის ფორმირებული, რომელსაც შუაში ჩასმული Toyota-ს შედარებით მცირე ზომის ლოგო ამშვენებს; ოდნავ ზევით კი უფრო დიდად Toyota C-HR-ის წარწერაა განათებული. რაც შეეხება საბარგულს, ის 65 ლიტრით მეტი მოცულობისაა ვიდრე წინა თაობის. უცვლელია თვლების ბაზაც – 2 მ და 64 სმ.

ტოშიო კანეი, ახალი Toyota C-HR-ის მთავარი ინჟინერი: „ამ კონცეფციის შექმნა 4 წლის წინ დავიწყე. იაპონიაში დასტურის მიღების შემდეგ, პროექტი  „ტოიოტა მოტორ ევროპა“-ში ჩამოვიტანე და ის ევროპელ კოლეგებთან ერთად დავასრულეთ. ის მთლიანად ევროპის ბაზარზე პოზიციონირებისთვისაა ორიენტირებული და ევროპელ მომხმარებელზეა მორგებული. ჩვენ ახალ Toyota C-HR-ში წინა თაობის მოდელის კარგი თვისებები გადმოვიტანეთ და დავამატეთ ახლები. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ახალი მოდელის კომბინირებული ვარიანტი, რომელიც სასიამოვნო  სატარებელია, ხოლო მოხვევის დროს კომფორტული და ჩუმი.“

ახლა კი ინტერიერში შევიხედოთ. ახალი Toyota C-HR-ი უპირველესად მისი მტარებლის კომფორტისთვის ნაფიქრი დეტალებითაა აღჭურვილი და ეს ალბათ ასეც უნდა იყოს. მაგალითად, ცენტრალური კონსოლი და ზოგადად მთლიანად მძღოლის სამუშაო მაგიდა ბოლომდეა მძღოლზე ორიენტირებული. მისი იზოლირებული ადგილსამყოფელი მანქანაში თითქოსდა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ მოდელზე ფიქრისას. ასევე სიახლეა ახალი Head-up დისფლეი – ხელსაწყოთა ჩვენებების წინა მინაზე პროეცირების სისტემა, რომელიც პირდაპირ საქარე მინაზე გვაჩვენებს ინფორმაციას და ამრიგად, საშუალებას აძლევს მძღოლს, გზიდან თვალის მოწყვეტის გარეშე, მართვის პანელის ძირითადი მონაცემები მუდმივად მხედველობის არეში ჰქონდეს.

აი კიდევ რა გვაძლევს პროგრესისკენ მიმავალი კომპანიის ავტომობილში სხდომის განცდას – ახლა უკვე ციფრულია საზომ ხელსაწყოთა ბლოკი, რომლის ეკრანი 12,3 დუიმიანია. ამავე ზომისაა გასართობ-საინფორმაციო სისტემის ცენტრალური ეკრანიც. მეტი კომფორტის გარანტიაა Apple CarPlay და Android Auto უსადენოდ. რაც შეეხება შემცირებული ზომის სპორტულ საჭეს, რომელიც GR Sport ვერსიაში ეფექტურად გამოიყურება, ვეგანურ პერფორირებულ ტყავშია შეფუთული.

ახალ Toyota C-HR-ში ნებისმიერი ატმოსფეროს შექმნის საშუალებაა, ინტერიერში მოწყობილი 64 ფერისგან შემდგარი განათების გამო. ფერების ინდივიდუალიზება ან აბსოლუტურად თავისით ხდება, ან დღის დროის მიხედვით, ან სვლის რეჟიმის მიხედვით. ეს კიდევ ერთი დასტურია სასიამოვნო და კომფორტული მგზავრობის მინიჭებისთვის. სანამ უკანა სავარძლებზე მოვთავსდებით, გაცნობებთ, რომ ახალმა Toyota C-HR-მა მიიღო Toyota-ს ახალი სარკე, რომელსაც აქვს ორი რეჟიმი: ჩვეულებრივი და კამერული. ინტერიერის წინა ნაწილი რომ შევაჯამოთ, სივრცისა და ტევადობის თვალსაზრისით, Toyota C-HR კომპაქტური ავტომობილი იყო და ასეთად რჩება. ხილვადობის კუთხით, მართლაც მაქსიმუმი გაკეთდა, რაც ალბათ ამ მოდელის ფანების მოლოდინს გადააჭარბებს.

მანქანის უკანა სავარძლებზე მოთავსებისას, სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩებით, რადგან განსხვავება ამ მხრივ მართლაც შესამჩნევია წინა მოდელთან შედარებით; ანუ ამჯერად აქ სივრცე ბევრად მეტია, რაც უკანა სავარძლებზე მგზავრობას უფრო კომფორტულს ხდის. ასევე ოდნავ გაზრდილია ფანჯრის ჩარჩოც და ფანჯარა ბოლომდე იწევა ქვევით, რაც უფრო მეტი სუფთა ჰაერით სუნთქვის საშუალებას იძლება მგზავრობისას. ალბათ ერთი სული გაქვთ გაიგოთ, Toyota CH-R-ის რა ვერსიები იქნება წარმოდგენილი საქართველოში და რა ძრავებით…საქართველოში ეს მოდელი გაიყიდება სამნაირი კომპლექტაციის სახით (სამივე ჰიბრიდი): 1.8ლ მოცულობის ძრავით, ამ შემთხვევაში გვაქვს 140 ცხენის ძალა; 2.0ლ მოცულობის ძრავით, 198 ცხენის ძალით (წინა ამძრავი); ხოლო მესამე ვერსია ასევე 2.0ლ მოცულობის ძრავით და ასევე 198 ცხენის ძალით ოღონდ სრული ამძრავით, ამ შემთხვევაში უკანა ღერძზე არის ელექტრომოტორი, რომელიც არის 30 კილოვატიანი, თუმცა  სისტემური სიმძლავრე მაინც არ იცვლება და რჩება 198 ცხენის ძალა.

საწვავს რაც შეეხება, მშვიდ ქალაქურ გარემოში დაახლოებით 5 ლიტრამდე წვავს. არ დაგვავიწყდეს მისი სვლის რეჟიმები: ინდივიდუალური, სპორტული, ნორმალი და ეკო რეჟიმი. ასევე აღსანიშნავია მისი ხმაურის იზოლაცია. ახალი Toyota CH-R-ის სალონში გარედან გაცილებით ნაკლები ხმა შემოდის, ამიტომ მასში მოგზაურობისას სიმყუდროვე და კომფორტი გარანტირებულია.

როგორ დადის ახალი Toyota CH-R-ი?…ის დადის სპორტულად და თან რბილად და უხმაუროდ, განსაკუთრებით მოხვევისას. მთავარი მისი თვისება ელეგანტურობაა დახვეწილ დიზაინთან ერთად. ის თქვენ განსხვავებულ სამყაროში განსხვავებული შეგრძნებებით გამოგზაურებთ და ყოველ ჯერზე შეგახსენებთ იმას, რომ თქვენი ცხოვრება შედგა.

კარგია, რომ ახალი მოდელი მძაფრ დიზაინთან ერთად ელეგანტურიცაა. ის თანამედროვე „ლაიფსტაილერია“, Toyota-ს ხარისხით და სანდოობით და მისი ახალი თაობის  ჰიბრიდული სისტემით, რაც მართვისგან მისაღებ მეტ სიამოვნებას ნიშნავს საწვავის ნაკლები ხარჯით. განეწყვეთ ახალი და სასიამოვნო თავგადასავლებისთვის! ახალი Toyota C-HR-ი მალე საქართველოში – „ტოიოტა ცენტრი თბილისში”, „ტოიოტა ცენტრ თეგეტასა” და  „ტოიოტა ცენტრი ბათუმში” 2024 წლის იანვრის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი.

თაკო დიდია

Scroll To Top