TON-ის ისტორია საქართველოში

18.05.2022

უკვე თვრამეტი წელია, თითქმის ორსაუკუნოვანი მემკვიდრეობის მქონე ჩეხური ავეჯის ბრენდი TON-ი ქართველ წარმომადგენლებთან თანამშრომლობს. შედეგად, ქართველ მომხმარებელს ადგილობრივად ეძლევა საშუალება დაათვალიეროს და შეიძინოს სკამის ლეგენდარული არქეტიპული თუ უახლესი მოდელები, რომლებიც თავად „გრეხილი ავეჯის ფაბრიკის“  დამაარსებელმა მიხაელ ტონეტმა (Michael Thonet), მოგვიანებით კი სხვა მოდერნისტმა თუ თანამედროვე დიზაინერებმა შეიმუშავეს. დღეისათვის TON-ის კოლექციაში წარმოდგენილია 1000-მდე სახეობის სკამი, როგორც მასიური ხის, ასევე რბილი დასაჯდომით. შოურუმში, რომელიც მდებარეობს თბილისში, კეკელიძის ქ N14-ში, სრული პროდუქციის 70%-ია წარმოდგენილი, თუმცა მომხმარებელი თავისუფალია არჩევანში და შეუძლია ბრენდის ნებისმიერი სასურველი მოდელი შეუკვეთოს. TON-ის ავეჯის ფუნქციურ და ვიზუალურ ენას, რომელიც, ერთის მხრივ, გამძლეობას, დრეკადობას, სიმსუბუქეს, მეორეს მხრივ კი – სუფთა ხაზებს, რბილ ფორმებს და ცალკეული დეტალების ჰაეროვან შერწყმას მოიაზრებს, ეფუძნება კატალოგში მოხვედრილი ყოველი ახალი დიზაინი, მათ შორისაა სერია 822, რომლის პრეზენტაციაც ივნისში, მილანის საერთაშორისო ავეჯის გამოფენა Salone del Mobile-ზე, TON-ის პავილიონში შედგება. TON-ის კოლექციებში არსებული მოდელები მრავალი საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატის და პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია, როგორებიცაა მაგალითად: Good Design Award, Red Dot Design Award, Interior Innovation Award, German Design Award, Furniture of the Year Award და Czech Grand Design Award. ბრენდზე და მიმდინარე სიახლეებზე, TON-ის წარმომადგენელი საქართველოში,  მარიამ მამაცაშვილი გვესაუბრება. 

© Zuka Pirtskhalaishvili

მოგვიყევით ბრენდის გლობალურ იდენტობაზე;  იმ მთავარ ღირებულებებზე, რამაც გახადა TON-ი  თქვენთვის საინტერესო.

ეს ბრენდი 1861 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც მიხაელ ტონეტმა ჩეხეთში, კერძოდ ქ. ბისტრიცეში დააარსა ქარხანა. ის ტერიტორიულად მორავიის ტყეებთან ახლოს აშენდა, რაც მასალასთან და მუშახელთან წვდომას ამარტივებდა.  შესაბამისად, სკამის წარმოებაც ბევრად უფრო ბიუჯეტური ხდებოდა. ქარხანა დღემდე უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს და TON-ი  უკვე 40-მდე ქვეყანაშია. საქართველოში კი, ჩვენ ვართ მათი ექსკლუზიური წარმომადგენლები 2004 წლიდან.

როდესაც ამ კომპანიის ღირებულებებზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ საუკუნოვანი ტრადიციის შენარჩუნებას, პასუხისმგებლობას მომხმარებლის წინაშე და მუდმივ ზრუნვას  ხარისხზე.  ეს ზუსტად ის პირობებია, რამაც ხელი შეუწყო ამ წარმოების ბრენდად ჩამოყალიბებას.  TON-ი მხოლოდ ნატურალურ მასალას იყენებს, ისინი მუშაობენ ხეზე ხის გრეხის ტექნოლოგიის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნოლოგია უკვე არსებობდა პრაქტიკაში, მისი ინდუსტრიალიზაცია მიხაელ ტონეტის მიერ მოხერხდა;  წარმოების 70% დღემდე ხელით შრომას უკავშირდება. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ტექნოლოგიების განვითარებას მოჰყვა ქარხანაში დანადგარების დანერგვა, რომლითაც წარმოების პროცესი დაჩქარდა; თუმცა ის მთავარი მახასიათებელი, რაც არის ხელით გრეხის ტექნოლოგია, კვლავ შენარჩუნდა.

ვისთვის იქმნება TON-ის სკამები?

თუ გავითვალისწინებთ  ბრენდის არსებობის ხანგრძლივობას და მისი გავრცელების არეალს, TON-ის სკამი შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იქმნება ყველასთვის. ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მისთვის სასურველი მოდელის შერჩევას მიუხედავად გემოვნების, შემოსავლის და სოციალური ფენის კუთვნილებისა, რადგან არჩევანი მეტად მრავალფეროვანია. TON –ის მომხმარებლები არიან, როგორც კერძო პირები, აგრეთვე  სასტუმროები, რესტორნები, კაფეები და ა.შ.

რამ გიბიძგათ 2004 წელს TON-ის ადგილობრივი წარმომადგენლები გამხდარიყავით?

ბიძგი იყო გემოვნებიანი და ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზების სურვილი. იმ დროისათვის თბილისში არ არსებობდა სპეციფიურად მხოლოდ სკამების მაღაზია და ჩვენ დავიკავეთ ეს თავისუფალი ნიშა. ასე გაჩნდა საქართველოში TON-ის წარმომადგენლობა.  ჩვენმა მცდელობამ გაამართლა, პროდუქციამ სწრაფად იპოვა თავისი მომხმარებელი.

არის თუ არა კონკრეტული ხის სახეობა, რომელსაც უპირატესობას ანიჭებს ბრენდი?

დიახ, TON-ი  ძირითადად იყენებს ევროპულ წიფელს, რომელიც ქართული წიფლისგან განსხვავდება. ის ნაკლებ კოჟრიანია.  წიფელთან ერთად, დროთა განმავლობაში დაემატა მუხა,  იფანი და ამერიკული კაკალი. ხის მასალა გადის დამუშავების საკმაოდ ხანგრძლივ პროცესს: იჭრება სათანადო ზომებზე, რამდენიმე თვის მანძილზე შრება, შემდგომ მაღალ ტემპერატურაზე იხარშება და თავსდება ყალიბში. ის რომ, ხე არის მოხარშული, განაპირობებს სკამის სიმჩატეს, რაც ავეჯის შემთხვევაში საკმაოდ დიდი პლიუსია. ასევე ხე ხდება დრეკადი, რაც თავისთავად გამძლეობის გარანტიაა. დავამატებდი, რომ ვინაიდან ტექნოლოგია მეტწილად ხელით შრომას უკავშირდება, ყოველი სკამი უნიკალურია. ამასთან, მომხმარებელს საშუალება აქვს ნებისმიერ მოდელს შეურჩიოს ხის ფერი და გადაკვრის მასალა .

რომელ მოდელებს გამოარჩევდით, როგორც ქართველი მომხმარებლის ფავორიტს?

ყველაზე გაყიდვადი მოდელი არის  „ვენური სკამი” (ნომერი 14 და 18). დროთა განმავლობაში,  კლასიკურ მოდელებთან ერთად, რომლებიც თავისუფლად ერგება სხვადასხვა სტილის ინტერიერს, TON-მა მსოფლიოში ცნობილ  დიზაინერებთან თანამშრომლობის შედეგად გამოუშვა თანამედროვე მოდელებიც. თუმცა გრეხილი ხის დეტალების გამოყენების ტრადიცია ხელუხლებლად ნარჩუნდება, პარალელურად კი ბრენდი უწყვეტად ვითარდება.

მომხმარებელში ასევე დიდ ინტერესს იწვევს TON-ის ამჟამინდელი კრეატიული დირექტორის ალექსანდრ გუფლერის (Alexander Gufler) მოდელი MERANO, ლუსი კოლდოვას (Lucie Koldova) ნამუშევარი CHIPS LOUNGE  და არიკ ლევის (Arik Levy) სერია SPLIT, შესრულებული  ხის გახლეჩის  ინოვაციური ტექნოლოგიით.

სულ მალე იგეგმება კოლექცია 822-ის  ახალი სერიის პრეზენტაცია, რომელიც სკანდინავიურ დიზაინ სტუდია Claesson Koivisto Rune-თან კოლაბორაციით შეიქმნა. რა გახდა დიზაინერების TON-თან დამაკავშირებელი რგოლი  და როგორ მოხდა ჩეხური ბრენდის სკანდინავიურ ესთეტიკასთან შერწყმა?

არქიტექტურულმა სტუდიამ  (არქიტექტორები: Mårten Claesson, Eero Koivisto და Ola Rune) ჩათვალა საჭიროდ, რომ TON-ის კლასიკური ხაზი გაეგრძელებინა. მათ აიღეს 1930 წლის იოზეფ ჰოფმანის (Josef Hoffmann) მიერ შექმნილი სკამის პროტოტიპი A811, რომელიც თავდაპირველად Thonet  Mundus-თან თანამშრომლობით შეიქმნა, შემდეგ კი TON-ის მასიურ წარმოებაში ჩაეშვა, როგორც 811.

ახლა ამ ხაზს გააგრძელებს სერია 822, როგორც თავად ამბობენ: „ეს არის ევოლუცია და არა რევოლუცია.“  Claesson Koivisto Rune-მა გაიმეორა ჩონჩხი, შეინარჩუნა გრეხილი დეტალები  და დაამატა სკანდინავიური მინიმალისტური შტრიხები; როგორც სტუდიის ერთ-ერთი დიზაინერი გვიყვება: „უმეტეს შემთხვევაში სკამს საზურგიდან ვხედავთ  და როდესაც მასზე ადამიანი ზის, პერფორირებული ზედაპირი სკამს ახალ ფერადოვან განზომილებას მატებს.“  811-სგან განსხვავებით, 822-ის კომპლექტში წარმოდგენილია რამდენიმე  ვარიაცია:  ბარის, უზურგო, სახელურიანი და ლაუნჯ სკამები.

ესაუბრა გვანცა ჯგუშია

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top