Through the mirror: „არომატეკა“ Esxence-ის სამყაროში

02.08.2022

ნიშ პარფიუმერიის სამყაროში რთულია წარმოიდგინო უფრო ამაღელვებელი და ჯადოსნური მოვლენა, ვიდრე Esxence-ია. საერთაშორისო გამოფენა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო პარფიუმერებსა და ბრენდებს (და მათთან ერთად, უამრავ ენთუზიასტს) მასპინძლობს, ყოველ წელს უფრო საინტერესო და მასშტაბური ხდება. ახალმა კონცეფციამ „Through The Mirror“, რომელიც ინოვაციების ისტორიასა და ტრადიციასთან შერწყმას წარმოადგენდა, წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხასიათი შესძინა.

საქართველოში ასეთი არაჩვეულებრივი ღონისძიებები ჯერჯერობით არ ტარდება. სამაგიეროდ, უკვე მრავალი წელია, შავთელის ქუჩაზე მდებარე ბუტიკი „არომატეკა“ პარფიუმერიის თაყვანისმცემელთა თავშეყრის წმინდა ადგილად იქცა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან აქ თავს იყრის ყველაფერი საუკეთესო, რასაც თანამედროვე ნიშ პარფიუმერია გვთავაზობს.

ბუნებრივია, რომ მაღაზიის მენეჯმენტი ბოლომდე ჩართულია გლობალურ მოვლენებში და გამუდმებით ცდილობს გამორჩეულად საინტერესო ბრენდების აღმოჩენას. ინდუსტრიის მექას, Esxence-საც ყოველწლიურად სტუმრობს, რომ ნიშ პარფიუმერიის წარმომადგენლებს შეხვდეს და საუკეთესო ნიმუშებს გაეცნოს.

„არომატეკის“ დირექტორის, ქეთი კერესელიძესთვის, წლევანდელი გამოფენა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. „ამარტა“ მას გამოფენაზე მიღებულ შთაბეჭდილებებსა და მოსალოდნელ სიახლეებზე ესაუბრა:

Esxence-ზე წელს 300-მდე პარფიუმერული ბრენდი გახლდათ წარმოდგენილი, თითოეული მათგანი რამდენიმე ახალი პროდუქტის პრეზენტაციას გვთავაზობდა. ასეთი დატვირთული პროგრამის გათვალისწინებით, როგორ ახერხებთ გამოარჩიოთ ყველაზე საინტერესო მონაწილეები, ისე, რომ არ გამოგრჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი?

გამოფენა 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მას პარფიუმერიის 9000-ზე მეტი  მოყვარული, ექსპერტი და ინდუსტრიის პროფესიონალი ესწრებოდა. ნამდვილად რთულია, ამდენ ახალ ბრენდს შორის ყველაზე საინტერესო გამოჰყო და თითოეულ მათგანს სათანადო დრო დაუთმო. ინფორმაცია მონაწილეების შესახებ გამგზავრებამდე მივიღეთ, გავეცანით მათ პორტფელს, ბრენდს და მხოლოდ იმათთან ჩავნიშნეთ შეხვედრა, ვინც ჩვენთვის საინტერესო ჩანდა. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან დატვირთული რეჟიმი გამოგვივიდა, რადგან გვინდოდა, ჩვენი მონაწილეობა მაქსიმალურად შედეგიანი გამოსულიყო. ეს ასეც მოხდა და ძალიან საინტერესო სიახლეებით დავბრუნდით.

ცნობილია, რომ Esxence მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პარფიუმერულ ტრენდებს მომავალი წლისთვის. რომელს გამოარჩევდით უახლესი ტენდენციებიდან? თქვენი აზრით, ქართველი მომხმარებელი რამდენად არის მზად ამ ტრენდების მისაღებად?

Esxence-ის წლევანდელი ტრენდი სახის მოვლის niche საშუალებები იყო. ამ მხრივ არომატეკამ უკვე წარმოადგინა სიახლე – ჩვენს ბუტიკში ხელმისაწვდომი გახდა Perris Swiss Laboratory-ის სახის მოვლის უნიკალური ფორმულა, სხვა სიახლეები კი უახლოეს მომავალში დაანონსდება.

გამოფენაზე ასევე დიდი ყურადღება დაეთმო home fragrance-ს. პანდემიამ აჩვენა, რომ ადამიანისთვის, რომელიც შინ დიდ დროს ატარებს, მნიშვნელოვანია სახლში მყუდრო ატმოსფეროს შექმნა. ამის გამო, სახლის არომატიზატორები თითქმის ყველა ბრენდმა წარმოადგინა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის მზად ქართველი მომხმარებელი თანამედროვე ტრენდებისთვის, შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ის ძალიან გემოვნებიანია, უფრო მეტიც, მათი ნაწილი იმდენად გათვითცნობიერებულია ნიშ პარფიუმერიაში, რომ ექსპერტადაც კი გამოდგება. ინფორმაციის ნაწილს ჩვენგან იღებენ, ნაწილს კი ინტერნეტსა და ჟურნალებში მოიძიებენ ხოლმე და ყოველთვის საოცარი ცოდნით გამოირჩევიან. ეს ჩვენ გვავალდებულებს, მუდმივად გვქონდეს უახლესი ინფორმაცია ინდუსტრიის შესახებ და ჩართული ვიყოთ მიმდინარე პროცესებში.

წელს ცხადი გახდა, რომ ნიშ პარფიუმერია სწრაფი განვითარების ფაზაში შევიდა და სახელიც კი შეიცვალა – მას ახლა ტერმინი „არტისტული“ უკეთ განსაზღვრავს. თქვენი შეხედულებით, რა გავლენას მოახდენს ეს ინდუსტრიაზე და შესაბამისად, ქართულ ბაზარზე?

ზოგადად, ნიშ პარფიუმერია თავისთავად დაკავშირებულია ხელოვნებასთან. ამასთან, მისი „არტისტულად“ მოხსენიება უფრო მეტად უსვამს ხაზს იმ გარემოებას, თუ რატომ შეიძლება ნიშ ბრენდების სუნამოებს გააჩნდეთ გაცილებით მაღალი ღირებულება, ვიდრე ცნობილი დიზაინერების ასევე ხარისხიან და სასიამოვნო არომატებს.

ქართველებს გვიყვარს ხელოვნება და შესაბამისად, ჩვენი მომხმარებლებიც სუნამოს შეძენისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პარფიუმერის შემოქმედებით ნიჭს, ასევე იმას, თუ რა შინაარსობრივი კავშირია კონკრეტულ არომატსა და მისი შექმნის ისტორიას შორის.

ამჯერად რომელმა პარფიუმერულმა ბრენდებმა მოახდინეს ყველაზე დიდი შთაბეჭდილება არომატეკას გუნდზე?

როდესაც გამოფენაზე ამდენი მონაწილეა წარმოდგენილი, არც ისე ადვილია, აღმოაჩინო ის განსხვავებული და განსაკუთრებული რამ, რაც მომხმარებელს გააკვირვებს. მოგეხსენებათ, არომატეკაში ექსკლუზიურად გვაქვს წარმოდგენილი ისეთი სახელები, როგორებიცაა: By Kilian, Maison Francis Kurkdjian, Memo Paris, Clive Christian, Creed, Perris Monte Carlo, Diptyque… როდესაც მრავალი წლის განმავლობაში ასეთ სახელებთან მუშაობ, რთულია, რაიმე ახალმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინოს. ამის მიუხედავად, არიან ბრენდები, რომლებიც განსაკუთრებულ ხასიათს ატარებენ და თავისთავად იმკვიდრებენ ადგილს შენს გონებაში, მაგალითად Atelier Materi, House of oud…

ცნობილია, რომ Esxence-ზე წარმოდგენილნი იყვნენ სრულიად ახალი ბრენდებიც. ხომ არ გაქვთ ამ კუთხით ახალი აღმოჩენები?

სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, რადგან ბევრი ახალი ნიშ ბრენდი შეიქმნა. თუ ამ დრომდე ევროპის წამყვანი ქვეყნები ლიდერობდნენ, წელს თვალშისაცემი გახდა, რომ ნიშ პარფიუმერიაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება სურთ ავსტრალიას, იაპონიას, ჩინეთს, ხორვატიას. რაც შეეხება რომელიმე კონკრეტულ ბრენდს, განსაკუთრებით გამოვარჩევდი Goldfield &Bank-ს. ესაა ავსტრალიური ბრენდი, რომლის დამფუძნებელია ფრანგი წარმოშობის პარფიუმერი Dimitri Weber. სუნამები დამზადებულია ავსტრალიისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ადგილობრივი მცენარეებისგან და გამორჩეულად ახალ არომატებს გვთავაზობს.

დასასრულისთვის, მინდა გკითხოთ ის, რაც არომატეკას ერთგულ მომხმარებლებს უზომოდ აინტერესებთ – Esxence-ზე წარმოდგენილი სიახლეებიდან, თქვენს ბუტიკში რის ნახვა იქნება შესაძლებელი ახლო მომავალში?

პირველ რიგში, მინდა გითხრათ ერთი განსაკუთრებული სიახლის შესახებ – „არომატეკა“ უახლოეს მომავალში გაფართოებას გეგმავს და წლის ბოლომდე ერთი ახალი ბუტიკი დაგვემატება. ამის პარალელურად, გვინდა ბაზარზე რამდენიმე ისეთი ბრენდის შემოყვანა, რომელსაც ქართული აუდიტორია მოუთმენლად ელოდება. დარწმუნებული ვარ, ადგილობრივ მომხმარებელს მათი ნახვა „არომატეკა“-ში ძალიან გაუხარდება. მოლაპარაკებები ყველა ამ ბრენდთან, შეიძლება ითქვას, დასრულებულია და ამჟამად ტექნიკური საკითხების გარკვევა მიმდინარეობს. არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო იმ ახალ თავგადასავალზე, რაც ჩვენს მომხმარებელს წინ ელის, თუმცა თქვენს მკითხველს ვურჩევ, თვალი ადევნონ „არომატეკა“-ს გვერდებს სოციალურ ქსელებში, რადგან ინფორმაციას სიახლეებზე უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ.

ნინა გორეცკი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top