სამი დესერტის საიდუმლო კაფე „პარნასი“-სგან

05.11.2021

თითქმის 20 წელია, რაც თბილისის ცენტრალურ გამზირზე მდებარე „პარნას“-ის კაფე, რომელიც სასტუმრო „მარიოტი“-ის განუყოფელი ნაწილია, თავისი მდებარეობით, ელეგანტური ინტერიერით, ქართულ-ევროპული სამზარეულოს სინთეზითა და ცნობილი დესერტებით, თბილისის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა. მისი კონცეპტუალური შთაგონების წყაროდ სწორედ რუსთაველის გამზირია, როგორც საზოგადო მოღვაწეთა შეკრების ტრადიციული ადგილი. 

განახლებული კაფე „პარნასი“

განახლებული დიზაინის კონცეფციამ, რომელიც 2019-2020 წლებში ლონდონში მდებარე კომპანიამ RPW Design სისრულეში მოიყვანა, სასტუმრო თავისი ნომრებით, რესტორნებით და საკონფერენციო დარბაზებით მთლიანად შეცვალა და გადაახალისა მისი იერსახე. სრულად განახლდა ასევე ღია ეზო, რომელიც სეზონის ნებისმიერ დროს მასპინძლობს სტუმრებს სასიამოვნო გარემოში.

სასტუმრო „მარიოტის“ ღია ეზო

კაფე „პარნასი“ განახლებული ინტერიერითა და მენიუთი სტუმრებს უამრავ საინტერესო და გემრიელ სიახლეს სთავაზობს. მისი ერთ-ერთი მიმართულება კი სწორედ ყველასაგან გამორჩეული და უგემრიელესი დესერტებია. „მარიოტი“-ს მთავარი  შეფ-კონდიტერი ყველასათვის საყვარელი დავით ყურაშვილია. მიუხედავად მისი მოსაზრებისა, რომ კლასიკა არასდროს ძველდება, საქვეყნოდ ცნობილი დესერტებისთვის ახალი სულის შთაბერვა და ტრენდად ქცევა მისი უცვლელი გატაცებაა. 

 „ამარტა“-ს მკითხველების ყურადღებას ამჯერად სამ ყველაზე პოპულარულ დესერტზე შევაჩერებთ – ჰაეროვანი და ნაზი პავლოვა, განსაკუთრებული ტირამისუ და ყველასათვის საყვარელი ჩიზქეიქი, რომელიც „პარნასი“-ს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.

კითხვაზე არომატთა რომელი კომბინაციაა მისთვის ყველაზე სასიამოვნო ამდენი დესერტის ორომტრიალში, გვპასუხობს: „განსაკუთრებით გამოვყოფდი სამ კომბინაციას – ტროპიკული ხილისა და კრემ-ყველის, შავი შოკოლადისა და თხილეულის, კენკრის ვანილისა  და მასკარპონეს“. 

ცნობილი შეფ-კონდიტერი ხაზგასმით სამ დესერტს წარმოგვიდგენს, რომლებსაც კაფე „პარნას“-ის სადესერტო მენიუში ნახავთ. მათი დაგემოვნებისას კი, აუცილებლად შეიგრძნობთ იმ საიდუმლოებებს, რომლებსაც ის „ამარტა“-ს მკითხველებს დღეს გაანდობს. 

შეფ -კონდიტერი დავით ყურაშვილი

„პავლოვას მომზადების მთავარი საიდუმლო მერინგის (ბეზეს) სწორი ტექნოლოგიით მომზადებაშია. ის უნდა იყოს ნაზი და ზომიერად მსხვრევადი. მე მას კენკრით და მასკარპონეს მსუბუქი კრემით ვამზადებ“.

ისტორია: საკმაოდ პოპულარული დესერტი, სახელწოდებით „პავლოვა“ პირველად 1926 წელს მომზადდა, ველინგტონში ახალ ზელანდიაში, სადაც  გასტროლებზე  მყოფი რუსი ბალერინას, ანა პავლოვას ცეკვით მოხიბლულმა ერთ-ერთმა კულინარმა ჰაეროვანი და მსუბუქი დესერტი სწორედ მისი შთაგონებით პირველად მოამზადა. თუმცა სახელწოდება „პავლოვა“ მან 40-იანი წლების გამოცემებში მიიღო.

„ჩიზქეიქის საიდუმლო გამოცხობაშია. რა თქმა უნდა, კრემ-ყველი როგორც ამ დესერტის მთავარი ინგრედიენტი, მაღალი ხარისხის უნდა იყოს. ასევე მნიშვნელოვანია დანარჩენი ინგრედიენტების ერთმანეთში სწორი თანმიმდევრობით შერევა“.

ისტორია:  „ჩიზქეიქი“  უძველესი დროიდან მოდის, მას ჩვენს წელთაღრიცხვამდეც კი ამზადებედნენ! ძველ საბერძნეთში ამ დესერტით ოლიმპიადებსა და ქორწილებში უმასპინძლდებოდნენ ხალხს. „ყველის ღვეზელი“, როგორც მას სიტყვა სიტყვით ეწოდება რომში იულიუს ცეზარის მაგიდაზე მოხვდა, რის შემდეგაც ის მდიდარი ადამიანების დესერტად იქცა. ბრიტანეთის რომაელების მიერ დაპყრობის შემდეგ რეცეპტი ინგლისში გავრცელდა, ინგლისი ერთი პერიოდი „ჩიზქეიქი“-ს სამშობლოდ ითვლებოდა, სახელწოდებაც „ჩიზქეიქი“ ინგლისში  XV  საუკუნეში გაჩნდა.

„ტირამისუ საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია, თუმცა მისი მომზადებისას ხარისხიანი ინგრედიენტების გამოყენება მთავარ როლს ასრულებს. მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ მაღალი ხარისხის მასკარპონეს ყველი, კარგი ხარისხის ყავა და ამარეტო“.

ისტორია: XVII საუკუნეში ეს დესერტი პირველად ტოსკანის დიდი ჰერცოგის – კოზიმო დე მედიჩის პატივსაცემად ქალაქ სიენაში მომზადდა. დესერტით მოხიბლული ჰერცოგის საპატივსაცემოდ მას სასწრაფოდ zuppa del duca (ჰერცოგის სუპი) დაარქვეს. ფლორენციის ელიტარული წრეების ყურამდე მისული „ტირამისუ“ მეფის კარის საყვარელ ჩაროზად იქცა და ვინაიდან მას აფროდიზიაკად (აღმგზნები საშუალება) თვლიდნენ, მისი კარისკაცები სასიყვარული პაემნის წინ სორედ ამ დესერტს მიირთმევდნენ. ფლორენციიდან ვენეციაში ჩაღწევის შემდეგ, მას „ტირამისუ“ შეერქვა, რაც იტალიურიდან  „ამიტაცე”-ს ნიშნავს. სწორედ ამიტომ ითვლება „ტირამისუ“ შეყვარებულთა დესერტად.

ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს დავით ყურაშვილის შემოქმედება, ის მუდამ მისი ერთგული რჩება. კაფე „პარნას“-ში გემრიელი დესერტების ფონზე თქვენი საქმიანი, რომანტიკული თუ ყოველდღიური შეხვედრების შეუცვლელ ადგილს განსაკუთრებული არომატი ემატება. 

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top