07.02.2022

ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს ალბათ დიდი სიყვარული ამოძრავებდა მეუღლის მიმართ, როცა მის პატივსაცემად შუამდინარეთის ხრიოკ დედაქალაქში, დაკიდული ბაღების შექმნა გადაწყვიტა  და ოთხიარუსიანი, პირამიდის ფორმის მქონე ნაგებობა   ნაირნაირი მცენარით გაამწვანა. ულამაზესმა წალკოტმა რამდენიმე საუკუნეს გაუძლო, მისი სახელი კი დღესაც   საოცარი არქიტექტურის სიმბოლოდ დარჩა. ალბათ გავა დრო და შანჰაის დაკიდული ბაღებიც მომდევნო თაობებს იმ არქიტექტორს გაახსენებს, რომლის გონებაში  ასეთი ფანტასმაგორია – ხეებით შემკული ცხრასართულიანი შენობა დაიბადა. ის უზრმაზარი კომპლექსის პირველ ნაწილს წარმოადგენს,  სადაც სავაჭრო ცენტრი, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები განთავსდება. მთელი ტერიტორია 300 კვადრატულ მეტრს მოიცავს  და ორი, ერთმანეთთან ხმელეთის ზოლით დაკავშირებული სივრცისგან შედგება. „უზარმაზარი, ყუთის ფორმის მქონე შენობა აუცილებლად მოითხოვდა დაქუცმაცებას, გარემოსთან ორგანულად შერწყმას“, განაცხადა მშენებლობის პროცესში ავტორმა და შენობის საყრდენი სვეტების დამაგვირგვინებელ,  უზარმაზარ მოცულობებში   70 სახეობის 1000 ხე განათავსა. 2022 წლის 12 იანვარს  კომპლექსის პირველი, დასრულებული ნაწილი  საზეიმოდ გაიხსნა.  

ამ კომპლექსის ავტორი თომას ჰიზერვიკი (Thomas Heatherwick) 1970 წელს,  ლონდონში დაიბადა. თომასის  ბაბუა ტანსაცმლის მწარმოებელ  ფირმა Jager-ს  ფლობდა, ბებია  Marks&Spencer-ისთვის  ქსოვილის  დიზაინს ქმნიდა, დედა – საიუველირო  ნაკეთობებს, ამიტომაც 16 წლის  ბიჭის არჩევანი  ბუნებრივად ჩაეწერა ოჯახურ ტრადიციაში.  თომასმა   გაერთიანებული სამეფოს სახელოვნებო კოლეჯს მიაშურა და ის ავეჯის დიზაინის  მაგისტრის წოდებით დაამთავრა. აქ თომას ჰიზერვიკი  დიზაინერ ტერენს კონრანს (Terence Conran),  მოდერნისტული ავეჯის  პოპულარიზატორს და Habitat-ის  ქსელის დამფუძნებელს გაეცნო, რომელმაც გეზი მისცა დამწყებ ხელოვანს. კოლეჯის დასრულების  შემდეგ, 1994 წელს, თომას ჰიზერვიკმა საკუთარი ბიურო ლონდონში დააარსა და ინტერიერის გაფორმების  პირველ დაკვეთებსაც წარმატებით გაუმკლავდა.

2002 წელს კი ახალგაზრდა კაცის  სახელი, მთელ  ლონდონს, პადინგტონის უბანში განთავსებულმა, ერთობ უცნაურმა, მექანიკურად კეცვადმა ხიდმა გააცნო. თომასის დიზაინერული გადაწყვეტილებით,  მოგვიანებით  ლონდონის მაშინდელი მერი –  ბორის ჯონსონი დაინტერესდა და თომას ჰიზერვიკს ,   ცნობილი   წითელი  ავტობუსების  „გათანამედროვეობა“  დააკისრა.  ასე რომ, ლონდონის ქუჩებში  უკვე  ოცი წელია,  თავს იწონებენ  თომას ჰიზერვიკის  იდეის მიხედვით სახეცვლილი  ავტობუსები.  ამ დაკვეთის შემდეგ,  თომას ჰიზერვიკს  ჰკითხეს, არქიტექტორად უფრო მოიაზრებდა თავს თუ დიაზინერად…„ჩემთვის არქიტექტორი იგივე დიზაინერია. მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი სივრცეს აგეგმარებს თუ მის მორთულობაზე ზრუნავს. უცნაურ პროექტს ყოველთვის შეიძლება ხელოვნება უწოდო, მაგრამ იარო და ყველას უმტკიცო, რომ მხატვარი ხარ, დიდი უტიფრობაა. ეს იგივეა, საკუთარი  ნამუშევრები შედევრებად მოიხსენო, მეც მხოლოდ მოკრძალებულად ვერთობი დიზაინით“, პასუხობდა ის. 

თომას ჰიზერვიკის ასეთი მიდგომა შანჰაიში გამართულ გამოფენაზე EXPO 2010, დიდი ბრიტანეთის პავილიონის პროექტში    საუკეთესოდ წარმოჩინდა.  „მარცვლეულის დიადი  ტაძრის“ სახელწოდების მქონე სივრცე ოპტიკური ბოჭკოსაგან დამზადებული,  სამოციათასი  გამჭვირვალე შვიდმეტრიანი ღეროსგან  იყო აგებული,  ყოველ მათგანში კი ლონდონის  ბოტანიკური ბაღის ჰერბარიუმის ექსპონატი იყო განთავსებული. ათასნაირად  გარდატეხილი მზის შუქი    ტაძარს უჩვეულო იერს  და ელვარებას სძენდა და მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა. გარდა ამისა, საუკეთესოდ პასუხობდა მისთვის დაკისრებულ დავალებას – ის ყველა მსურველს აცნობდა მარცვლეულების სახეობებს. ამ ნაგებობის ყოვლად უჩვეულო არქიტექტურულმა გადაწყვეტამ,  თომას ჰიზერვიკის  ნამუშევრების ნუსხას კიდევ ერთი  წარმატებული ობიექტი შემატა, რომელიც  მალევე   2012 წელს, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის თასის დაპროექტებით  მოპოვებული საერთაშორისო აღიარებით დაგვირგვინდა.   

2016 წელმა თომას ჰიზერვიკს მორიგი  უცნაური დაკვეთა მოუტანა. მან   ნიუ-იორკის ელიტარულ კვარტალში Hudson Yards, 154 კიბისგან შემდგარი, 80 გადასახედი მოედნის მქონე კონსტრუქცია შექმნა. ინდოეთის უძველესი დროის საფეხურებიანი ჭებით შთაგონებული  Vessel  (ასე ჰქვია ამ კონსტრუქციას)  არამარტო ეფექტურ  უზარმაზარ ქანდაკებად აღიქმება, არამედ მჭიდროდ დასახლებული ქალაქების  საზოგადოებრივი სივრცის ვერტიკალური ათვისების საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს . 

თომას ჰიზერვიკის  შემოქმედებაში საპატიო ადგილი, უდიდეს არქიტექტორ  ნორმან ფოსტერთან (Norman Foster) ერთად  შემუშავებულმა, სამსართულიანი კულტურის  ცენტრის პროექტმა დაიკავა. შანჰაის  ფინანსური კვარტლისა და  ძველი უბნების მიჯნაზე მდებარე ეს შენობა, ქალაქის ორი რაიონის ერთგვარ  შემკვრელ ფუნქციას ასრულებს, რადგან ის ერთდროულად ტრადიციულ, ჩინურ არქიტექტურას  და თანამედროვეობის უახლეს მიღწევებს ითავსებს.  2017 წელს დასრულებული  ნაგებობის  ფასადი, დანიშნულების მიხედვით, პერიოდულად იფარება და იხსნება  ბამბუკის ფორმის მქონე, ერთნამეთზე ფენებად დადებული ბრინჯაოს მილების საშუალებით.

„როდესაც აპროექტებ – გარეგნულ მხარეზე, მასალაზე, გარემოსთან შეხამებაზე, ადამიანების კომფორტზე ერთდროულად  გიწევს ფიქრი  და ამ ჩამონათვალიდან ვერ თმობ ვერცერთს“, ამბობს თომას ჰიზერვიკმა ერთ ინტერვიუში და ყველა ეს პუნქტი ვანკუვერში მშენებარე, 34 და 30  სართულიანი ორი საცხოვრებელი სახლის პროექტში გაითვალისწინა, სადაც  ამჯერადაც  დაამსხვრია მშენებლობაში გაბატონებული,  ბეტონისა და მინისაგან შექმნილი კუბების ტრადიცია და წელში გამოყვანილ შენობებს ცაში აზიდული ხეების იერი მიანიჭა. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად მან ბუნებრივი  გამწვანებაც არ დაივიწყა.   

თომას ჰიზერვიკს მთელი შემოქმედების მანძილზე არასოდეს გადაუხვევია არჩეული პრინციპებიდან. ის არაორდინალურად  უდგება  კიბის, ხიდის, სახურავების, მოედნების, ერკერების, საგაზეთო ჯიხურისა თუ ელექტროსადგურის დაპროექტებას. მას შეუძლია წარსულიდან, აწმყოდან და მომავლიდან სიახლის შექმნა, ფუნქციონალურ დატვირთვასთან ერთად ნამუშევრისათვის  მომნუსხველი ვიზუალური მხარის მიცემა და ამავე დროს ერთი ნაბიჯით თანამედროვე არქიტექტურის წინსწრება. 

  რუსუდან საბანაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top