ახლახანს  Kunsthal Rotterdam-მა  ფრანგი დიზაინერისა და  ფოტოგრაფის ტერი მიუგლერის (Thierry Mugler) ნამუშევრების რეტროსპექტივას უმასპინძლა, რომელმაც თავისივე სახელობის ბრენდი  1974 წელს შექმნა. მიუგლერი დიზაინერთა იმ თაობის წარმომადგენელია, რომლებმაც  რადიკალური ნაბიჯებით რევოლუციური ცვლილებები შეიტანეს მოდის სამყაროში. მიუგლერის ნატიფმა, თამამმა, სექსუალურმა და ოდნავ  ფუტურისტულმა სტილმა ის 80-90-იანი წლების ყველაზე წარმატებულ და პოპულარულ დიზაინერად აქცია. ამას ხელი შეუწყო 1992 წელს მის მიერ შექმნილი სუნამო „Angel“-ის კომერციულმა  წარმატებამაც. 

Thierry Mugler: Couturissime .  მისი შემოქმედების ამ შემაჯამებელი გამოფენის კურატორია ტერი მაქსიმ ლორიო (Thierry-Maxime Loriot), რომელიც „ამარტა“-ს 2018 წლის ზაფხულის ნომრის სტუმარი იყო. გამომცემლობა „Phaidon“-მა კი გამოსცა მისი საიუბილეო წიგნი, რომელშიც მთელი მისი კარიერა გამოუქვეყნებელი  ფოტოებით, მოგონებებითა და სიმბოლოებად ქცეული სილუეტებითაა ასახული. წიგნს რედაქტირება გაუკეთეს ლორიომ და ნატალი ბონდილმა, რომელიც მონრეალის სახვითი ხელოვნების მუზეუმის გენერალურმა დირექტორია. მიუგლერის მიდგომაში ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ იგი მუდამ მუზებით იყო გარშემორტყმული და სწორედ ძლიერი ქალები შთააგონებდნენ და ასაზრდოებდნენ მის  შემოქმედებით ხედვას.

ICONIC ZULEIKA PONSEN

მის მცირერიცხოვან რჩეულთაგან ერთ-ერთი ზულეიკა პონსენი (Zuleika Ponsen) იყო.  სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში მცხოვრები  ჰოლანდიელი მოდელი. 70-იან წლებსა და 80-იანი წლების დასაწყისში ზულეიკა პონსენი  მის ბრწყინვალე ჩვენებებზე  გამოდიოდა.   ეს ის სახეა, რომელიც მისი ყველაზე ხმაურიანი ჩვენების მოსაწვევზე იყო დატანილი, რომელიც ცნობილმა ორმა ფრანგმა არტისტმა – Pierre et Gilles-მა (Pierre Commoy და Gilles Blanchard) შექმნა. პონსენი მიეკუთვნებოდა მოდელების იმ წრეს, რომელიც ფრანგული მოდის უნიკალური მომენტების ეპიცენტრში აღმოჩნდა და ამ ტკბობის ქალაქის ყველანაირ ექსტრემალურ სიამეს გემო გაუსინჯა.  ჩვენ შევხვდით მას, რათა გვესაუბრა მიუგლერის მუშაობის პრინციპებზე და ეთიკაზე. იმაზე, თუ რა ასწავლა ზულეიკა პონსენს ტერი მიუგლერის გვერდით გატარებულმა წლებმა და როგორ იქცა ის სხვა ხელოვანებისა და გამოჩენილი დიზაინერების შთაგონების წყაროდ.   

როტერდამში გამოფენის გახსნაზე მიგიწვიეს?

დიახ, მაგრამ სამწუხაროდ წასვლა ვერ მოვახერხე. მოგეწონათ?

დიახ. უცნაურია, მაგრამ 90-იანი წლების ნამუშევრებზე მეტად , მისი ადრეული პერიოდის ქმნილებები უფრო საინტერესოდ მეჩვენა. 

ვიცი, რასაც გულისხმობთ. მაშინ სამოსი არა მარტო ორიგინალური,  არამედ პრაქტიკული იყო. ასე ვთქვათ, ნაკლებად „თეატრალური“. 

ზუსტად ამას ვგულისხმობ. გარდა ამისა, იგი დრაპირების ექსპერტიც იყო, მაგრამ ეს გამოფენაზე დიდად არ ჩანდა. გახსოვთ, როდის გაიცანით იგი? 

იმ დროს პარიზში მოდელად ვმუშაობდი. დიორისა და მოდის სხვა სახლებთან ვთანამშრომლობდი. შანტალ ტომასის (Chantal Thomass) მიერ მოწყობილი ჩვენების შემდეგ ტერი კულისებში შემხვდა. ძალიან გრძელი თმა მქონდა, რომელიც იმ დღეს გრძელ ნაწნავებად მქონდა დაწნული. ეს ახალგაზრდა მამაკაცი მომიახლოვდა და სახელი მკითხა, თავად კი ტიერი მიუგლერად გამეცნო და მითხრა, რომ საკუთარ ბიზნესს იწყებდა. მკითხა, მასთან მუშაობას თუ ვისურვებდი.       

საკმაოდ პირდაპირი ნათქვამია.

ის ჩემი კაბით დაინტერესდა და იკითხა, ვინ იყო ავტორი. იმ კაბის დიზაინი თავად შევქმენი და შევკერე კიდეც. შესაძლოა, სწორედ ამან გადაწყვიტა ჩემი ბედი. სტუდიაში ტიერი ყველაფერს მე მარგებდა. შემდეგ დიზაინერის ასისტენტად დამაწინაურა და ჩვენებებზე გამოსაყენებელი აქსესუარები – ფეხსაცმელი, ქუდები, სამკაული და ჩანთები  ჩამაბარა. მათ შექმნასაც  მე ვხელმძღვანელობდი.  

ბოლოს მხოლოდ მისთვის მუშაობდით?

ტიერისთან ისეთი დაკავებული ვიყავი, რომ სხვასთან მუშაობას არც აზრი ჰქონდა და ეს უხერხულიც იქნებოდა.   

როგორ დაახასიათებდით მას მუშაობისას?

ტიერი სტრასბურგელია და გერმანული გავლენა მასში აშკარად იგრძნობა. მუშაობისას იგი ძალიან მკაცრი იყო და ზუსტად იცოდა, რა უნდოდა. სტუდიის თანამშრომლები მუდამ ეუბნებოდნენ, რომ ის, რაც მას სურდა, ტექნიკურად შეუძლებელი იყო, მაგრამ მისთვის „არა“ არ არსებობდა. მას ახალი გამოწვევები და სიძნელეების გადალახვა უყვარდა.  

©PIERRE ET GILLES: ZULEIKA, ZULEIKA PONSEN, 1978

როგორ აღმოჩნდით მოდის ინდუსტრიაში?

ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. მოდის დიდ სახლში ვიტრინის დიზაინერად ვმუშაობდი ჩემს მეგობარ პაკ ქრუნთან (Puck Kroon) ერთად. მაღაზიის მფლობელი ჩვენი საერთო მეგობარი იყო. მე და პაკს ჩვენი მაღაზიის გახსნა გვსურდა, მაგრამ მე პარიზში გადავედი საცხოვრებლად და ჩვენი ჩანაფიქრის  განხორციელება ვერ შევძელით. შემდეგ იგი ჰანს კემიმკზე (Hans Kemmink) დაქორწინდა და ასე გაჩნდა Puck en Hans. სულ რამდენიმე წელიწადში მაღაზიამ სახელი გაითქვა. საქმე ის გახლავთ, რომ მოდის სფეროში პროფესიული განათლება არ მიმიღია.  ბიზნესის აწყობაში ფრანგული ენის ცოდნა დამეხმარა. 

რას იტყვით იმდროინდელ ჩვენებებზე? ისინი მეტისმეტად ხანგრძლივი და  ცოტა არ იყოს, გადაპრანჭული იყო. 

მიუგლერთან უპრობლემოდ ვმუშაობდი. მაშინ პოდიუმზე სამსახიობო ჟესტიკულაციით და ქორეოგრაფიული ილეთებით პეტ კლივლენდი (Pat Cleveland – იმდროინდელი ცნობილი ამერიკელი მოდელი) გამოირჩეოდა. ეს ჩემი სტილი არ იყო. რასაკვირველია, მთელ ჯგუფს გარკვეულ მითითებებს გვაძლევდნენ, მაგრამ თითოეულ გოგონას პიროვნული იერსახის შენარჩუნების საშუალება ჰქონდა.    

თქვენ ყველაზე მაღალი იყავით?

სულაც არა. მხოლოდ 1.72 სმ, მაგრამ ძალიან გამხდარი ვიყავი. წვრილი წელი მქონდა და ტიერის მიერ ჩემზე მორგებული კაბების ჩაცმა სხვა მოდელებს არც თუ ეადვილებოდათ. 

გამოფენაზე გამოტანილი  ზოგიერთი პიჯაკი ძალიან ვიწრო წელით გამოირჩევა. 

დიახ, ტიერის ვიწრო წელი მოსწონდა. 

თქვენ ხომ აზედინ ალაიასთანაც (Azzedine Alaia) თანამშრომლობდით?

1982 წელს მიუგლერთან ვითარება შეიცვალა, რამაც გუნდის შეცვლაც გამოიწვია. აზედინმა, რომელსაც წლების განმავლობაში ვიცნობდი, დაუყოვნებლივ დამიქირავა.  

მისი მოდელიც იყავით?

დიახ, მოდელიც და ასისტენტიც. მან მკითხა,  ხომ არ ვიცნობდი ვინმეს, ვისი დაქირავებაც სტუდიაში შეეძლო. ის ჩემს აზრს ენდობოდა და ითვალისწინებდა. 

როგორი იყო ალაია მუშაობისას?

აზედინი პერფექციონისტი იყო და ხშირად ღამით მუშაობდა. მახსოვს, როგორ გვირეკავდა ხოლმე სტუდიიდან და ტელეფონით გვაშაყირებდა. ბევრს ვიცინოდით. ხშირად ღამის 10 საათიდან  დილის 4 საათამდე გვიწევდა მუშაობა.  ხანდახან შაბათ-კვირასაც ვმუშაობდით, მაგრამ მასთან თავს კარგად ვგრძნობდით. 

გამოდის, რომ სტუდიიდან პირდაპირ კლუბებში მიდიოდით ხოლმე?

დიახ. მახსოვს, ტერისთან ერთად როგორ მივდიოდი ხოლმე პარიზის კლუბ Le Palace-ში და თან ვფიქრობდი, რას მერჩის ასეთი დამქანცველი დღის შემდეგ-მეთქი? გამოწყობილებს მთელი ღამე უნდა გვეცეკვა. ახლა, როდესაც იმ დროს ვიხსენებ, ვფიქრობ, რომ ის განსაკუთრებული იყო. კენზო (Kenzo) იქნებოდა თუ კარლ ლაგერფელდი (Karl Lagerfeld), ყველა ექსტრავაგანტულ წვეულებებს აწყობდა. კენზო ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ადამიანი იყო და ყველასთან საერთო ენას პოულობდა.    

როგორ გაიცანით პიერი და ჟილი (Pierre et Gilles)?

თავიდან პიერთან ერთად ვმუშაობდი გადაღებებზე. შემდეგ პიერმა  კენზოსთან ჟილი გაიცნო, რომლის სტუდიაც Place des Victoires-ზე იყო. ისინი დამეგობრდნენ, გახდნენ პარტნიორები, როგორც პირად ცხოვრებაში,  ისე საქმეშიც. მათთან ერთად, მგონი, 18 ფოტო შევქმენი, ხოლო თმის ფერს მუდმივად მიცვლიდნენ,  ხან ქერა ვიყავი, ხან  წითური, ხან  შავთმიანი. ისინი ტერის გავაცანი და მას მოსაწვევებს უფორმებდნენ.

როგორ ახსნით იმას, რომ ამდენი ცნობილი ადამიანი დღესაც მიუგლერის ვინტაჟურ ან საგანგებოდ მისთვის შექმნილ ტანისამოსს ატარებს?

არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მისი სამოსის არატრადიციულობითაა გამოწვეული. ტიერის მიერ შექმნილი ტანსაცმელი მუდამ პროვოკაციული იყო, ამავე დროს უნივერსალური, რომელსაც საზღვრები არ გააჩნდა. ამიტომაცაა, რომ ამ სამოსით დღესაც ყველა აღფრთოვანებულია.  მას ყოველთვის პერფორმანსი და  თეატრალურობა იზიდავდა,  ვიდრე მხოლოდ მოდა. ხანდახან ვფიქრობ, რომ მოდა მას ზღუდავდა. მისი ხედვა სამყაროს ცდებოდა.

ფილიპ პურჰაშემი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap