Viktor&Rolf: მოდის ხელოვნების 25 წელი

©Max Abadian

კანადელმა კურატორმა ტიერი-მაქსიმ ლორიომ კარიერა მოდელად მუშაობით დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით ხელოვნების სამყარო ჟან-პოლ გოტიესა (Jean Paul Gaultier) და საკულტო ფოტოგრაფ პიტერ ლინდბერგის (Peter Lindbergh) წარმატებული გამოფენების კურატორობით გააოცა. მისი ამჟამინდელი გამოფენა ჰოლანდიური მოდის სახლის Viktor & Rolf-ის ოცდახუთი წლის იუბილეს ეძღვნება. მისი ნახვა როტერდამის საგამოფენო სივრცეშია (Kunsthal Rotterdam) შესაძლებელი. ახლა ის ტიერი მუგლერთან (Thierry Mugler) ერთად ახალ გამოფენაზე მუშაობს. 

„როტერდამის კუნსტჰალეში Viktor & Rolf-ის გამოფენაზე შესვლა დიზაინერის გონებაში მოხვედრის ტოლფასია“, – ამბობს ტიერი. „მათი მუშაობის სტილი უნიკალურია. მათსავით მომუშავეს სხვა დიზაინერს არავის ვიცნობ, რადგან ისინი მუშაობას საბოლოო ჩვენების იდეიდან იწყებენ და კოლექციას შემდეგ ავითარებენ.“ გამოფენაზე ნაჩვენებია საოცრად ლამაზი შპალერი, რომელზეც მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების ჩანახატებია წარმოდგენილი. მათი ყიდვა მუზეუმის მაღაზიაშიცაა შესაძლებელი.  „ეს ოცდახუთი წლის განმავლობაში დახატული ერთად შეგროვილი ჩანახატებია. შესაბამისად შპალერი უზარმაზარი გამოვიდა. მომწონს, რომ ჩანახატებსა და საბოლოო პროდუქტს გვერდი-გვერდ გამოვფენთ, რადგან ის, რასაც Viktor & Rolf-ი აკეთებს მაღალი მოდის ახალი ტიპია. ისინი კლასიკური ტიპის ნაქარგობებს იყენებენ, მაგრამ ამავე დროს საზღვრებსაც არღვევენ. გამოფენის სახელია მოდის ხელოვანები რადგან ეს დიზაინერები ხელოვნებასა და მოდას ქმნიან. ისინი არ არიან ტიპური დიზაინერები, რომლებიც ყვავილების ან თავდაცვითი ნახატის მქონე ქსოვილის დიზაინის ტენდენციებს გვიჩვენებენ. გამოფენაზე ხედავთ, რომ მათი ნამუშევრები დროის მიღმა არსებობენ. ისინი ტენდენციებს კი არ მისდევენ, არამედ თავად ქმნიან მათ. Balenciaga-ს ბოლო კოლექცია რომ ნახოთ, აღმოაჩენთ, რომ ეს თითქმის იგივეა რასაც Viktor & Rolf-ი თოთხმეტი წლის წინ აკეთებდნენ ერთი ჩვენების დროს წარმოდგენილი შრეების საშუალებით. მათ ძლიერი გავლენა აქვს ახალგაზრდა თაობის მოდის დიზაინერებზე.“  

კუნსტჰალეში ნაჩვენები გამოფენა ძალიან გნსხვავდება თავდაპირველი გამოფენისგან, რომელიც 2016 წელს მელბურნის ვიქტორიას ეროვნულ გალერეაში წარადგინეთ? 

კუნსტჰალეს გამოფენა Viktor & Rolf-ის შემოქმედების ოცდახუთ წლისთავს ეძღვნება და ის დიზაინერების სამშობლოში, ჰოლანდიაში იმართება. ცოტა დიზაინერმა თუ შეძლო ოცდახუთი წლის მანძილზე კოკო შანელისა (Coco Chanel) და ივ სენ ლორანის (Yves Saint Lauren) მსგავსად მოდის ისტორიაში თავისი ადგილის დამკვიდრება. Viktor & Rolf-ი ახლა ჩვენი ისტორიის ნაწილია. ამ გამოფენაზე მეტი ნამუშევარია ნაჩვენები, ვიდრე მელბურნში. მისთვის სპეციალურად გვათხოვეს კაბა, რომელიც მადონას თავისი გამოსვლების დროს ეცვა. გამოიფინა სხვა ნამუშევრებიც, რომლებიც მანამდე არასდროს ყოფილა ნაჩვენები. 

VIKTOR & ROLF 25 YEARS AT KUNSTHAL ROTTERDAM

ძნელი იყო ამ ნამუშევრების ერთად თავმოყრა? 

დიახ, რადგან როცა საქმე ტანსაცმელს ეხება, იქვე წარმოიშობა კონსერვაციის საკითხიც. როცა ნამუშევარი სამი თვის განმავლობაშია გამოფენილი, მან უნდა დაისვენოს, რადგან ზოგიერთი ქსოვილი ძალიან ფაქიზია. მარმარილოს სკულპტურისა და მოდის დიზაინის ნიმუშევრების ჩვენებას სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ. სკულპტურის ჩვენება ასეულობით წლის განმავლობაში ყოველგვარი პრობლემის გარეშეა შესაძლებელი. ვფიქრობ, მომავალში ვეღარ ნახავთ ასე დამცავი შუშის ან დაცვის გარეშე გამოფენილ კოსტიუმებს. ეს მართლაც Viktor & Rolf-ის ნამუშევრების ერთად ნახვის უნიკალური პირველი შანსია. 

როგორი იყო Viktor & Rolf-თან ერთად მუშაობა? 

ძალიან სასიამოვნო. უცნაურია, მაგრამ პირველი შეხვედრისას (ვიცი, რომ არ მოეწონებათ ახლა რასაც ვიტყვი) ისინი ძალიან სერიოზული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. სინამდვილეში არაჩვეულებრივი ხალხია. იშვიათად ხდება, რომ გამოფენის შემდეგ ხალხს, ვისთანაც ვმუშაობდი, მეგობრებად ვთვლი, მაგრამ მათ შესახებ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დავახლოვდით. სულმოუთქმელად ველი მათთან ერთად სხვა ქალაქებსა და სხვა სივრცეებში მუშაობას. ეს არ არის ბრენდის მიერ დაფინანსებული გამოფენა, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და მხოლოდ სუნამოებისა და ხელჩანთების გაყიდვას ისახავს მიზნად. ეს გამოფენა ჯან პოლ გოტიეს (Jean Paul Gaultier) გამოფენის მსგავსად მუზეუმებმა თავად დააფინასეს რაც ძალიან მეამაყება, რადგან დღეს ცოცხალ მოდის დიზაინერთაგან მუზეუმებში პერსონალური გამოფენის მოსაწყობად ცოტას თუ იწვევენ. 

Viktor&Rolf. Performance of sculptures, haute couture collection, SS 2016. ©Team Peter Stigter

რითი განსხვდებიან ერთმანეთისგან ვიქტორი და როლფი?

როცა მათთან ერთად მუშაობთ, ეს ერთ ადამიანთან მუშაობას ჰგავს. ისინი უკვე ოცდახუთი წელია თანამშრომლობენ და ერთნაირად ფიქრობენ, თუმცა რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან განსხვავდებიან კიდევაც. ისინი სხვადასხვა პიროვნული თვისების მქონე ადამიანები არიან და განსხვავებული პირადი ცხოვრება აქვთ. როცა ხალხი ეკითხება იმის შესახებ, კამათობენ თუ არა ერთმანეთში, მათი თქმით ერთადერთი რამ, რაზეც ვერ თანხმდებიან ტეპერატურაა: ვიქტორს სიგრილე უყვარს, როლფი კი სითბოს ანიჭებს უპირატესობას. 

გამოფენაზე მუშაობას რითი იწყებთ და ეს პროცესი რამდენ ხანს გრძელდება? 

ჩვეულებრივ მომზადების პროცესი ორ წლამდე გრძელდება და ის ყოვლისმომცველი კვლევით იწყება. Viktor & Rolf-მა და მე ცალ-ცალკე ჩამოვწერეთ იმ 50 ნამუშევრის სია, რომელთა გამოფენასაც ვისურვებდით. როცა ეს სიები ერთმანეთს ვაჩვნეთ, 49 ნამუშევარი ერთმანეთს დაემთხვა. ასე რომ, მათთან მუშაობა საკმაოდ ადვილი იყო და საბოლოოდ მე გავიმარჯვე, რადგან ყველა ის 50 ნამუშევარი გამოვფინე, რომელთა ჩვენებაც გამოფენაზე მინდოდა. 

გამოფენაზე ყველაზე მეტად რომელი კოლექცია მოგწონთ? 

ვიტყოდი, რომ რუსული თოჯინების კოლექცია, რადგან მან სრულიად შეცვალა მოდის ჩვენების სტილი. სრულიად ახალი იყო იდეა, რომ კოლექცია ერთი ობიექტისგანაც შეიძლებოდა ყოფილიყო შექმნილი. მათ ტანსაცმლის ცხრა ფენა ერთ ქალს შემოახვიეს. ვიფიქრე, რომ ეს რევოლუციური იდეა იყო. ამ ჩვენებას ტილდა სვინტონი დაესწრო (Tilda Swinton) და მანაც კი თქვა: “დაუჯერებელია, რომ ამის მოწმე გავხდი. თხუთმეტი წუთის წინ ეს არც კი არსებობდა.” ზუსტად ასეა. ფანტასტიკურია.

თქვენი კარიერა მოდელის რანგში დაიწყო. როგორი იყო ისეთ დიდ სახელებთან მუშაობა როგორებიც არიან ქეით მოსი (Kate Moss) და მარიო ტესტინო (Mario Testino)?

ჩემთვის ეს ძალიან დადებითი გამოცდილება იყო, რადგან ამ სამყაროში სრულიად შემთხვევით მოვხვდი ისე, რომ მსგავსი არაფერი დამიგეგმავს. მაშინ არქიტექტურას ვსწავლობდი და ეს ყველაფერი მართლაც ერთ წამში მოხდა. სამ დღეში სტუდენტიდან ქეით მოსთან (Kate Moss) ერთად მომუშავე მოდელად ვიქეცი. კარგი იყო, რადან შევხვდი ფოტოგრაფებსა და რეჟისორებს, რომლებთან ერთადაც დღესაც ვაგრძელებ მუშაობას. ბევრი მოდისა და ხელოვნების სპეციალისტი ისე სწავლობს მოდის ისტორიას, რომ ამ ინდუსტრიაში არასდროს უმუშავია. ამ სფეროს შიგნით მოხვედრა არც თუ ისე ადვილია. მე ამ მხრივ გამიმართლა. მოდელად მუშაობამ ინდუსტრია შიგნიდან დამანახა და მისი მუშაობის პრინციპებში გამარკვია. 

Viktor&Rolf. Hyeres dress, Hyeres collection, 1993. ©Team Peter Stigter. Collection Centraal Museum, Utrecht

მოდელად მუშაობაში ყველაზე მეტად რა მოგწონდათ? 

ყოველ კვირას მოგზაურობთ მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქებში. შეიძლება, ორშაბათს ნიუ იორკში იყო, სამშაბათს ლონდონში, ოთხშაბათს კი პარიზში. ეს მართლაც ძალიან მომწონდა, რადგან ყოველთვის მიყვარდა ხელოვნება, პოპ კულტურა და მუსიკა. მოდელად მუშაობის ათი წლის განმავლობაში შემეძლო, ყველა დიდი გამოფენა მენახა და ყველა კონცერტს დავსწრებოდი. ეს დიდ შთაგონებას მაძლევდა, მაგრამ იმ წლებზე ბევრს აღარ ვფიქრობ. უკან მიხედვა დიდად არ მიყვარს, ახალ პრექტებზე მუშაობა უფო მიტაცებს. Viktor & Rolf-ის ახლად გახსნილი გამოფენით ძალიან კმაყოფილი ვარ.  მას ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ნახულობს, მე კი უკვე ტიერი მუგლერის გამოფენისთვის ვემზადები, რომელიც თებერვალში მონრეალში გაიხსნება. 

არაჩვეულებრივი ახალი ამბავია! შეგიძლიათ, გამოფენის შესახებ ცოტა უფრო მეტი მოგვიყვეთ? 

მიყვარს ცოცხალ დიზაინერებთან მუშაობა. ჩემი, როგორც კურატორის სამუშაო ამბის თხრობასაც შეიცავს. მინდა, ხალხს იმ დიზაინერების სამყარო დავანახო ვისთან ერთადაც ვმუშაობ და მათ ამბავს მოვყვე. გამოფენებს მოდის მოყვარულთათვის არ ვაწყობ. ისინი ისედაც მოვლენ, მაგრამ მე მინდა, ისინი ჩემი ძმისშვილების მსგავსი თინეიჯერების ან იურისტი მამაჩემის გულებამდე მივიტანო; გამოფენაზე ისეთი  ხალხი მოვიყვანო, რომელსაც მოდა მაინცდამაინც არ აინტერესებს. მინდა, რომ საგნებს სხვანაირად შეხედონ და დააფასონ ისინი. საინტერესო ისაა, რომ პირველი ვარ, ვინც მუგლერის გამოფენას გააკეთებს, რადგან მანამდე ყველა სხვას უარი უთხრა. დამირეკა და მთხოვა. 

თქვენი აზრით, თქვენი, როგორც კურატორის სიძლიერე რაში მდგომარეობს? 

ვიტყოდი, რომ სიახლეების მიმართ საკმაოდ ღია ადამიანი ვარ და განსხვავებულად ვმუშაობ. ჩვეულებრივ გამოფენებს არ ვაწყობ. ამ მხრივ ცხოვრებას ძალიან ვირთულებ ხოლმე. არასდროს ვეძებ მარტივ გამოსავალს და ბევრ დროსა და ენერგიას  ვახმარ იმაზე ფიქრს, გამოფენას როგორ წარვადგენ. ბევრს ვმუშაობ პერსპექტივაზე. ამიტომაც მიყვარს შთაგონებისთვის სპექტაკლების, საოპერო დადგმებისა და მაღაზიების დიზაინის ნახვა. ახლა სამყაროს უმეტესად ტელეფონის ან კომპიუტერის ეკრანზე ვუყურებთ. პიკასო, ჯაკომეტი და იმპრესიონისტების ნახატები ყველას უნახავს, მაგრამ Viktor & Rolf-ის ან იმ სხვა დიზაინერების ლამაზი ნამუშევრების ნახვა, ვისთანაც კი რეალურ ცხოვრებაში მიმუშავია, განსაკუთრებული რამაა, რადგან ჩვეულებრივ ამ ნამუშევრებს პირისპირ ვერ ხედავთ ხოლმე. მაშინაც კი, თუ ჩვენებას ესწრებით, დიზაინერები სცენაზე ჩვეულებრივ ერთ წუთსაც კი არ ჩერდებიან ხოლმე. ჩვენების შემდეგ მათ ნამუშევრებს ან მუზეუმები ყიდულობენ ან ისინი თავად მათთან ინახება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლესი მოდის ნიმუშების მუზეუმებში გამოფენა. 

ვისთანაც გიმუშავიათ იმ ხალხს რა აქვს საერთო? 

ყველა, ვისთანაც კი მიმუშავია, ძალიან გახსნილი ადამიანია. ისინი ისმენენ იდეებს და მენდობიან. გოტიესთან მუშაობა 2009 წელს დავიწყე და ჩვენი მეორე გამოფენა სიყვარული სიყვარულია (Love is Love), რომელიც ჟან პოლ გოტიეს (Jean Paul Gaultier) ულამაზეს საქორწინო კაბების კოლექციას ეძღვნება დღეს ჯერ კიდევ გამოფენილია. ამ წუთას მისი ნახვა ბუენოს აირესშია შესაძლებელი. სადღაც წავიკითხე, რომ მსოფლიოს ყველაზე აქტიურ კურატორად მთვლიან, რადგან ჩემი გამოფენები პარალელურად ბევრ ადგილასაა ნაჩვენები. ახლა იმაზე უფრო მეტს ვმოგზაურობ, ვიდრე ამას მოდელად მუშაობის წლებში ვაკეთებდი.

კურატორი შემთხვევით გახდით, თუ ეს დაგეგმილი გქონდათ? 

ვფიქრობ, ეს შემთხვევით მოხდა, მაგრამ ყველაფერი მონრეალის ხელოვნების მუზეუმის დირექტორის ნატალი ბონდილის (Nathalie Bondil) დამსახურებაა. მან იცოდა ჩემი წარსული და ჩემი ისტორია და მასთან მუშაობა მთხოვა. მისი დამსახურებაა, რომ ამ საქმეს ვაკეთებ რადგან თავიდან არქიტექტურის სფეროში დაბრუნებაზე ვფიქრობდი. მაგრამ მონრეალში რომ გადავედი საცხოვრებლად, უნივერსიტეტი, სადაც ხელოვნების ისტორიის შესახებ ლექციებს კითხულობდნენ ჩემგან ხუთი წუთის სავალზე იყო. ბაკალავრიატში ხელოვნებათმცოდნეობის სწავლა დავიწყე. მოგვიანებით პრაქტიკა გავიარე კურატორთან, რომელმაც სერიოზული კვლევის ჩატარება მასწავლა და მიჩვენა, რომ გამოფენაზე მთავარ კომპონენტად ნებისმიერი დეტალი შეძლება იქცეს. 

რა გაძლევთ შთაგონებას? 

მოდის ბევრ სხვა გამოფენაზე არ დავდივარ. ვცდილობ, მეტროპოლიტენის მუზეუმის გამოფენები ვნახო, მაგრამ ახლა სცენოგრაფია უფრო შთამაგონებს. ძალიან მომწონს ერთი ბერლინელი ხელოვანი. ის დაახლოებით ოცდაათამდე წლისაა და ფილიპ ფიურჰოფერი ქვია (Philip Fürhofer). მან ბევრი თეატრალური და საოპერო დადგმის დიზაინი გააკეთა. საოცარი ხელოვანია. მის ნამუშევრებს რომ ვხედავ, შთაგონება მეძლევა. ახლა ერთობლივ პროექტს ვგეგმავთ. პირდაპირ შთაგონებას მოდის სამყარო არ მაძლევს, მაგრამ მიყვარს ტოკიოში მაღაზიების თვალიერება. ტოკიოს მაღაზიებში საყიდლებზე სიარული საოცარი რამაა. 

©Anton Corbijn

არსებობენ სხვა დიზაინერებიც ვისთან მუშაობასაც ისურვებდით? 

არსებობს რამდენიმე დიზაინერი, ვისთანაც სიამოვნებით ვიმუშავებდი. მაგალითად, ჯონ გალიანო (John Galliano). თუმცა არაა აუცილებელი, საქმე ერთ ადამიანს ეხებოდეს. ვფიქრობ, მომავალ პროექტს პოპულარულ  კულტურას ან პანკის და გრანჟის მსგავს რომელიმე მიმართულებას მივუძღვნი. მიყვარს ვიდეოსა და მუსიკის, ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის ერთმანეთთან დაკავშირება. არ არის საჭირო, საქმე მხოლოდ მოდას ეხებოდეს. იოკო ონოსა (Yoko Ono) და სხვა ხელოვანების პროექტებზეც მიმუშავია. ჩემთვის მთავარი ამბავია. თუკი ის საინტერესოა და ნამუშევრებიც ფანტასტიკური, გამოფენა აუცილებლად გამოვა. მინდა, გახსნილი დავრჩე. ზოგ ადამიანს ხელოვნებაზე ძალიან ვიწრო წარმოდგენა აქვს. მოდის ყველა სახეობა ხელოვნება არაა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, მას როგორ კონტექსტში წარადგენთ. მაგალითად, ვიდეო ხელოვნების გამოჩენისას ბევრი მას ხელოვნებად არ თვლიდა, მაგრამ ვფიქრობ, ახალი მედიისა და ხელოვნების აღქმის მიმართ გახსნილები უნდა ვიყოთ. 

მოდის მიმართაც ასეთი გახსნილი ხართ? დღევანდელ მოდის სამყაროზე რას ფიქრობთ? 

რა თქმა უნდა, თვალს ყველაფერს ვადევნებ, მაგრამ სამწუხაროდ ახლა საქმე ნაკლებად ეხება ნიჭსა და შემოქმედებითობას. ხალხს პოპულარობა უფრო აინტერესებს. თითქოს საქმე პოპულარობის შეჯიბრთან გვქონდეს. ოსკარ ვაილდმა (Oscar Wilde) თქვა: “ადამიანებმა ყველაფრის ფასი იციან, მაგრამ ღირებულება არა.” ვფიქრობ, მოდის სამყაროში ახლა სწორედ ასეთი რამ ხდება. ადამიანები არ აფასებენ ოსტატობას და ჩვენი ცხოვრება ძალიან სტანდარტიზებული გახდა. ამსტერდამში, მონრეალში, სინგაპურში ან მსოფლიოს რომელიმე ქალაქში რომ ჩახვალთ ნახავთ, რომ კომერციული საყიდლების ქუჩები ყველგან ერთნაირია. საბედნიეროდ ჯერ კიდევ არსებობენ დიზაინერები, რომლებიც ყველაფერს სხვანაირად აკეთებენ და მე სწორედ მათთან მომწონს მუშაობა. ვფიქრობ, ამ მხრივ გოტიე (Gaultier), გალიანო (Galliano), რიკ ოუენსი (Rick Owens) და რეი კავაკუბო (Rei Kawakubo) Comme des Garçons-დან ძალიან განსხვავებულები არიან. პიერპიოლო პიჩიოლი (Pierpaolo Piccioli) Valentino-დან ასევე ძალიან ნიჭიერია. ის მაღალი მოდის სფეროში ყველაზე უკეთ დახელოვნდა და Valentino-ს ძალიან თანამედროვედ წარადგენს. Viktor & Rolf-ის მსგავსად ყველა ეს დიზაინერი თავის ხედვას გვთავაზობს და საქმეს სხვადასხვაგვარი შემოქმედებითობით აკეთებს. მსოფლიოს მუზეუმებში სწორედ ეს მინდა ვაჩვენო. 

კაროლინ ბრეკელი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap