ომი უკრაინაში და ომი „ოსკარებზე“

28.03.2022

ეს წერილი ამერიკის კინოაკადემიის ყოველწლიურ დაჯილდოებასა და ბევრისთვის კინოში მთავარ მოვლენაზე „ოსკარებზე“ უნდა დავიწყო ისე, რომ ნომინირებული ფილმების გარკვეული ნაწილი ნანახი არ მქონდეს. ამერიკული კინოსადმი ინტერესის კლება მრავალი ფაქტორითაა განპირობებული, რასაც, დარწმუნებული ვარ, ჩემთან ერთად ბევრი სხვაც ამჩნევს. „ოსკარების“ რეიტინი წლიდან წლამდე ეცემა, თუმცა არც ისე, რომ ჰოლივუდში კარდინალურ ცვლილებებზე დაიწყონ ფიქრი. ამერიკული კინოს ზეიმი წითელ ხალიჩაზე მოსიარულე  ვარკსვლავებამდე დაიყვანება, რომლებსაც წამყვანი მოდის სახლების მიერ შექმნილი კაბები აცვიათ, მაყურებელს კი რჩება შთაბეჭდილება, რომ შოუს ეს ხანგრძლივი ნაწილი ამ კაბებისა და სმოკინგების ერთგვარი პოდიუმია. ნოამ ჩომსკი ტელევიზიაზე ამბობს, რომ მისი რეალური ფუნქცია რეკლამებს შორის დროის შევსებაა და არა პირიქით, როგორც ეს ხშირად გვგონია ხოლმე. „ოსკარებიც“ არა კინოს დღესასწაული, არამედ მსხვილი ბრენდების „შოურუმია“, რომლის ფარგლებშიც დაჯილდოება მიმდინარეობს (რაც ყველაზე სამწუხაროა, არც თუ ისე კარგი ფილმების).

ჰოლივუდი ფორდის კონვეირის პრინციპზეა დაფუძნებული, რომელიც მანქანების ნაცვლად იმიჯებსა და ოცნებებს აწარმოებს. განგებ მალფუჭებადი პროდუქცია წარმოების მუდმივობას განაპირობებს, თუმცა თუნდაც 10 წლის წინანდელ ჰოლივუდში, რომ არაფერი ვთქვათ უფრო ღრმა წარსულზე, ვარსკვლავებს ჰქონდათ უნიკალური ენერგეტიკული ველი, რომელიც დღესაც კი შეიგრძნობა როდესაც მაგალითად „იეზაველში“ ბედი დევისს ვუყურებთ, ან თუნდაც ჯულია რობერტს „ერინ ბროკოვიჩში“. დღევანდელი ჰოლივუდი კი მთლიანად განმეორებებზეა დაფუძნებული, იმის წარმოებაზე, რაც კარგად საღდება და რაც სტუდიებისთვის/პროდიუსერებისთვის დაბალ რისკებს შეიცავს;

ამიტომ ვიხილეთ ამდენი უსახური ვარსკვლავი უღიმღამო ფილმებიდან. „ოსკარებზე“  წარდგენილ ნამუშევრებში მთავარი დატვირთვა არა სახიერებასა და მაგიურობაზეა, არამედ სიუჟეტზე (მაგალითად, წლის საუკეთესო ფილმის ლაურეატი „კოდა“, რეჟისორი შან ჰეიდერი). ეს უკანასკნელი ტელევიზიის „ოქროს ხანითაა“ განპირობებული. ამ მედიუმს არ შესწევს მუდმივად მძლავრი იმიჯების წარმოქმნის უნარი, რის გამოც, ტელევიზიაში ოდითგანვე მთავარი ხაზი „სთორითელინგზე“ გადიოდა.

წლის საუკეთესო ფილმი „კოდა“

მაშასადამე, ჰოლივუდი ამჟამად არა მორიგ შემოქმედებით კრიზისს, არამედ ღირებულებათა კრახს განიცდის. თუკი ადრე ოცნებების ინდუსტრიაში კომუნისტ ალქაჯებზე ნადირობდნენ (თუმცა შემდეგ ამერიკულ იმპერიალიზმს და კორპორაციების სიხარბეს ებრძოდნენ), ამჟამად ღირებულებათა ომიდან აჩრდილებიღა შემორჩა. ტრამპის პრეზიდენტობის დროს ჰოლივუდმა ყველა გააცურა, როდესაც შექმნა პოლიტიკური მხარის სიმულაცია, რომელიც კონსერვატორ პრეზიდენტს უპირისპირდება. როგორც ჩანს, დიდი კორპორაციების მესვეურებს ლიბერალური ღირებულებები პროდუქციის გასასაღებლად სჭირდებათ მხოლოდ. როდესაც მოიხმარ „კოკა-კოლას“ ანდა „ამაზონის“ სერვისებს, შენ აღარ გაწუხებს სინდისი იმის გამო, თუ რა პირობებში შრომობენ „ამაზონის“ ქარხნებში დასაქმებული მუშები (რომლებსაც სამყაროს უმსხვილესი კომპანია საათში 15 დოლარსაც არ უხდის), ანდა როგორ აბინძურებს Big Soda ოკეანეებს. მომხმარებელს დიდი კორპორაციები აწვდიან ინფორმაციას, რომ მათ ტოპ მენეჯმენტში ორი ფერადკანიანი ლესბოსელი ქალით მეტი დასაქმდა, ამრიგად მათი სერვისების მოხმარება პროგრესის მხარდაჭერას ნიშნავს. ამგვარ სიმულაკრებშია ჩაფლული დღევანდელი ლიბერალიზმი. ზუსტად იგივე სიმულაციებზე დგას ჰოლივუდიც, რომელიც ტრამპს არასათანადო პოლიტკორექტულობის და არა რეალური პრობლემების გამო უპირისპირდებოდა  − მაგალითად, 50 მილიონამდე ამერიკელს რომ არ აქვს ჯანდაცვასთან წვდომა. 

ჰოლივუდის ახლომხედველობა კიდევ ერთხელ ვიხილეთ „ოსკარების“ უკანაკსნელ ცერემონიალზე, რომელზეც ბევრს ჰქონდა იმედი, რომ კინოაკადემია პლანეტის ყურადღებას რუსული ფაშისტური სახელმწიფოს იმპერიალიზმით გამოწვეულ უსასტიკეს ომზე შეაჩერებდა. უკრაინის ცის არჩაკეტვის რეჟიმში ყველაზე მცირე რაც დასავლეთს შეუძლია ესაა საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია უკრაინელი ხალხის გარშემო, რომლებმაც კაცობრიობის თანამედროვე ისტორიაში ანტიკოლონიალიზმისა და სიმამაცის წარმოუდგენელი მაგალითი გვაჩვენეს. მაგრამ ჰოლივუდმა მორიგ ჯერზე გამოავლინა პოლიტიკური და სოციალური დალტონიზმი. ჩემი აზრით, აქ პრობლემა მარკეტინგულ დღის წესრგში იყო, რომელიც მომხმარებლის რეალური პრობლემებიდან გათიშვაზეა დაფუძნებული. მაყურებელმა კინოს/ტელევიზიის პრიზმაში ზომბების აპოკალიპსი ანდა უცხოპლანეტელების შემოჭრა შეიძლება იხილოს, მაგრამ მის მზერაში რეალური ომი მაქსიმალურად ნაკლებად უნდა ხვდებოდეს. ჰოლივუდის მიზანია უპირველეს ყოვლისა ამერიკულ საზოგადოებაში ომის გამართლების განწყობის შექმნა, თუმცა ზოგადად კონფლიქტების ახლოდან ჩვენება მომხმარებლის დასევდიანებას იწვევს; ეს კი მის მყიდველუნარიანობაზე მოქმედებს. კულტურის გამაყუჩებლებზე შემჯდარი აუდიტორიისთვის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა პარალელური სამყაროდან გამოფხიზლების საბაბი იქნებოდა. ამ რისკზე ოცნებების ფაბრიკა არ წავიდა. 

ჰოლივუდის მერკანტილიზმი ვერ დაამარცხა შონ პენმაც, რომელიც რამდენიმე დღით ადრე იმუქრებოდა, რომ თუკი „ოსკარების“ ცერემონიალზე ზელენსკის არ მიეცემოდა სიტყვით მიმართვის საშუალება, გაანადგურებდა 2008 წელს მინიჭებულ ოსკარს. მას სხვა მსახიობებმაც დაუჭირეს მხარი, თუმცა უშედეგოდ. ომის მსხვერპლი საზოგადოების ლიდერის პაციფისტურ სიტყვას ამერიკის კინოაკადემიამ ამჯობინა უილ სმიტის სრულიად წარმოუდგენელი გამოხტომა.

ცერემონიალზე უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ვნახეთ არა კონფლიქტის დაგმობა, არამედ უილ სმიტის აგრესიული თავდასხმა დოკუმენტური ფილმების კატეგორიის წარმდგენ მსახიობსა და კომიკოსზე კრის როკზე, რომელმაც საკუთარ სიტყვაში სმიტის მეუღლეზე იხუმრა. აწ უკვე ოსკაროსანმა სმიტმა მაჩოიზმის ყველა არქაული კანონის დაცვით „ღირსება დაიცვა“ ღია ეთერში გვანახა, სცენაზე ავარდნითა და როკისთვის მუშტის შეთავაზებით. უკრაინაში დაცემულთა საპატივცემულოდ შოუს მიმდიანრეობისას წუთიერი დუმილი ანტიმილიტარისტულ შინაარს ნაკლებად ატარებს, თუმცა ორი კაცის ანგარიშსწორება და გინება ნამდვილად ჯდება ომის ლოგიკაში, რომელსაც მაჩოიზმის კომპლექსების შეპყრობილი კაცები იწყებენ (მაგალითად, ცხენზე შემჯდარი გულმკერდმოშიშვლებული, მაგრამ მაინც მხცოვანი პუტინი). უილ სმიტი, რომელიც, ლიბერალური ფარისევლობის წესების დაცვით ალბათ გეი ქორწინებას უჭერს მხარს, ცოლზე უკბილო ხუმრობას არავის პატიობს და მუშტიკრივით იცავს „ღირსებას“. 

სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ზემოთ, რომ ჰოლივუდი ყველაფრის მიუხედავად, დღემდე ომის გამამართლებელ კულტურულ კონსტრუქტებს აწარმოებს, თუმცა ზედაპირზე თითქოს პროგრესულ ცვლილებებს უჭერს მხარს. ამიტომ, არც ღირს ამერიკის კინოაკადემიისგან იმაზე მეტის მოლოდინი, ვიდრე მასში ჩადებული პოტენციალი გულისხმობს. წელს წარმოდგენილი ფილმები მართლაც ყველაზე სუსტი გამოდგა, მაგრამ ეს „ოსკარები“ ისტორიაში შევა როგორც ყველაზე უხამსი ცერემონია, შონ პენის შეფასებას თუ დავეთანხმებით. „ოსკარები“ ლამაზ კაბებში გამოწყობილი ვარსკვლავებისა და კუნთებზე მომზირალი მაჩოების შოუ იყო, თუმცა ამიერიდან მუდამ ამ ეფიტეტის მატარებელ ღონისძიებად დარჩება.

გიორგი რაზმაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap