BULGARI -ს ისტორიაში ყველაზე გრანდიოზული კოლექცია Magnifica

01.12.2021

ცნობილი იტალიური საიუველირო სახლი BULGARI, მის ისტორიაში ყველაზე  გრანდიოზული კოლექციით Magnifica,  რომელიც 350 სამკაულისგან შედგება, საზოგადოების წინაშე ახლახანს მილანში წარსდგა.

კოლექცია Magnifica  არა მხოლოდ მასში წარმოდგენილი სამკაულების რაოდენობით განსხვავდება აქამდე შექმნილი კოლექციებისგან, არამედ სამკაულების ზომებით და მასში გამოყენებული ქვების ხარისხითაც. სწორედ ამიტომ კოლექციის 60-მდე სამკაულის ფასი მილიონ ევროს აღემატება. სამკაულებში გამოყენებულია ის იშვიათი ხარისხის  ძვირფასი ქვები, რომლებსაც კომპანიასთან მომუშავე ექსპერტები წლების მანძილზე ეძებდნენ მთელი მსოფლიოს მაშტაბით. სხვათაშორის, ზოგი ქვა ტაჯიკეთშია ნაპოვნი.

საიუველირო სახლის კრეატიული დირექტორის ლუჩია სილვესტრის თქმით, რომლის საყვარელი ქვა საფირია, კოლექცია Magnifica „ბულგარის მუზებით“ – სხვადასხვა დროის ყველაზე საინტერესო ქალბატონებითაა შთაგონებული,  არტემიზია ჯენტილესკით და თამარა დე ლემპიცკათი  დაწყებული ზაჰა ჰადიდამდე დამთავრებული. „ეს ქალბატონები, სამაგალითო ქალის სახედ დღესაც გამოდგებიან. ეს კოლექცია პასუხია დღევანდელობაზე, ახალი აღმავლობის დასაწყისი. ის ეძღვნება ქალებს, რომელთა დამოუკიდებელმა ხედვამ, იქ სადაც მამაკაცები დომინირებდნენ, გაარღვია საზღვრები და ჩვეული ნორმები წაშალა სხვადასხვა სფეროში, რამაც გზა გაუხსნა თანამედროვე თავისუფალ საზოგადოებას. მათ თავიანთი გამძლეობით და ნიჭით ხელი შეუწყეს ქალურობის ახალ აღქმას“, ასე განმარტავს სახლის კრეატიული ხელმძღვანელი კოლექციის ჩანაფიქრს.

სპინელის ქვა, რომლითაც ყელსაბამია დამზადებული,  ტაჯიკეთშია ნაპოვნი. ამ სამკაულს ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კოლექციაში. იყო დრო, როდესაც სპინელი ნახევრად ძვირფას ქვად ითვლებოდა და მას არც ძვირად აფასებდნენ, თუმცა ახლა იუველირებმა მისი გამოყენება ინტენსიურად დაიწყეს. „ბულგარი“ კი ამ ქვას ყოველთვის იყენებდა ტრადიციულ ოთხეულთან (ბრილიანტი, ლალი, საფირონი და ზურმუხტი) ერთად კომბინაციაში. ის სავარაუდოდ ძვირფასი ქვების ჯგუფს მალე შეუერთდება.

„ბულგარი“ ყოველთვის სიმკაცრით გამოირჩეოდა ქვების არჩევასა და გამოყენებაში, რაც  სახლის უზადო რეპუტაციის ერთერთი მიზეზია. მასთან მომუშავე ექსპერტები მთელ მსოფლიოში იღებენ საუკეთესო ხარისხის ქვებს მისი ნებისმიერი კოლექციისთვის. ქვეყნების „კლასიკური სიის“ გარდა, მათ ლალი მოზამბიკიდან მოაქვთ, საფირონი – შრი-ლანკადან, ხოლო ზურმუხტი – ზამბიიდან. ისინი განსაკუთრებული სოლამაზითა და ფერით გამოირჩევა. ქვების შერჩევის სხვადასხვა კრიტერიუმი არსებობს. მათი პირველი და უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი ფერია., ამის შემდეგ, ყურადღება ექცევა სიწმინდეს (განსაკუთრებით ბრილიანტის შემთხვევაში), მერე ზომას და ჭრა. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორი ჭრა, ქვას დამატებით მიმზიდველობას და ელეგანტურობას ანიჭებს. „ბულგარი“ ქვების ძიებას და მათ შეგროვებას, კოლექციის გამოშვებამდე 2-3 წლით ადრე იწყებს.

ლუჩია სილვესტრი, ამ კოლექციაზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს სამკაულზე Ruby Metamorphosis, რომლის ტარება ცხრა სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი – ყელსაბამი, გულსაბნები, საათი, ჩოკერი და ა.შ. ის ამ კოლექციის ერთერთი დომინანტია, მისი ტრანსფორმირებადი სტრუქტურის გამო. ეს სამკაული 2500 საათის განმავლობაში მზადდებოდა.

პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა ჩოკერი, რომლის მონეტაზეც რომაელი იმპერატორი ნერონია გამოსახული, ხოლო ორნამენტები წარმოშობით ერაყელი, ბრიტანელი დეკონსტრუქტივისტი არქიტექტორის ზაჰა ჰადიდის ნამუშევრებითაა შთაგონებული.

მიუხედავად ყველაფრისა, თანამედროვე მსოფლიოში მაღალი მოდისა და უძვირფასესი სამკაულებისადმი ხშირი მოთხოვნა იკლებს, რაც მყიდველების რაოდენობაზე აისახება. მეტიც, რეალურ ცხოვრებაში ტრადიციული ფუფუნება თითქოს მისასალმებელიც აღარ არის.

კითხვაზე, ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ ამ კოლექციის დიდი ნაწილი ისევ  „ბულგარის“ საკუთრებაში დარჩეს იმის გამო, რომ ის მთლიანად არ გაიყიდება..ლუჩია სილვესტრი გასაოცარი ოპტიმიზმით პასუხობს, რომ „ბოლო თვეებშიც კი (როცა პანდემია ჯერ კიდევ ძვინვარებს) „ბულგარი“-ს კოლექციებისადმი მოთხოვნა არ შემცირებულა. ამ კოლექციაში კი თვითოეული ნამუშევარი ხელოვნების შედევრი და ისტორიის ნაწილია, ამიტომ ისინი ინვესტირების კარგ საშუალებადაც უნდა აღიქვან; ასეთი იშვიათი სამკაულები ოჯახში მემკვიდრეობით გადასაცემ სამკაულადაც გამოდგება“.

გაიყიდება თუ დარჩება ცნობილი საიუველირო სახლის საკუთრებაში ეს იშვიათი კოლექცია, რთული სათქმელია, თუმცა მათი დათვალიერებით სიამოვნების მიღება ნამდვილად ღირს.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top