ეშმაკს აცვია „მოძველებული“ Valentino?

19.11.25

ახლახან გავრცელებულმა The Devil Wears Prada 2-ის თიზერმა მოდის სამყაროს ყურადღება მიიპყრო. თუმცა ამჯერად არავინ საუბრობდა ენდის ახალ კარიერაზე ან ნაიჯელის პოზიციაზე. სანაცვლოდ, მთავარ ეპიცენტრში მირანდა პრისტლის (მერილ სტრიპის) ფეხსაცმელი მოექცა.

20 წლის შემდეგ, რაც ეკრანზე Runway Magazine-ის ყველაზე „დაუნდობელი“ რედაქტორი გამოჩნდა, მირანდა პრისტლის ფიგურა კვლავ თამაშის წესებს ადგენს, ოღონდ ამჯერად, სკანდალური წესებით. თიზერში მირანდა სახასიათო, მომნუსხველი ნაბიჯით მიუყვება ოფისის დერეფანს და მას Valentino Rockstud-ის წითელი ფეხსაცმელი აცვია.

ტრენდი, რომელიც არ უნდა დაბრუნებულიყო?

სწორედ ამ ფეხსაცმელმა გამოიწვია მოდის კრიტიკოსებსა და მიმდევრებს შორის დაპირისპირება. ეს კონკრეტული მოდელი პოპულარობის პიკზე 2010-იანი წლების დასაწყისში იყო. თქვენ კი მოგეხსენებათ, რომ მოდაში ტრენდები ისევე სწრაფად ქრება, როგორც ჩნდება. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: როგორ შეიძლება, მოდის ისეთმა უზენაესმა არბიტრმა, როგორიც მირანდა პრისტლია, ჩაიცვას ის, რაც უკვე „გაცვეთილ“ ან ძველმოდურ სტილად ითვლება?

სოციალური ქსელები მყისიერად აფეთქდა. ზოგი იმედგაცრუებას ვერ მალავდა და ამ არჩევანს „ეშმაკეულ ნაბიჯს“ უწოდებდა, ოღონდ ამჯერად, არა აღფრთოვანების, არამედ გაკვირვების ნიშნად. თუმცა, მოდის ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არჩევანი, როგორც მირანდას შემთხვევაში ყოველთვის, უზადო სტრატეგიის ნაწილია. ფრაზის — „ყვავილები გაზაფხულზე? რევოლუციური!“ — ავტორს ხომ ტრენდების მიყოლა არასდროს დასჭირვებია; ის ტრენდებს ქმნის.

ზოგიერთი კრიტიკოსი ამბობს, რომ Rockstud-ის წითელი ფეხსაცმელი მეტაფორული განცხადებაა: მირანდა შესაძლოა ებრძვის მოდის სწრაფ ციფრულ რიტმს და მიზანმიმართულად უსვამს ხაზს გამძლე სტილის ღირებულებას. თუ ვინმეს შეუძლია 2010-იანი წლების დიზაინი ისევ აქტუალური გახადოს, ეს მხოლოდ პრისტლია. 

ბოლოს და ბოლოს, Valentino Rockstud-ის დიზაინი რომაული სახლის კავშირს კლასიკურ ისტორიასთან უსვამს ხაზს. შესაბამისად, მირანდასთვის ეს არის მარადიული სტილის ერთგულების ნიშანი და არა დრომოჭმული მოდის აკვიატება.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top