TERMINAL

თანასწორი სივრცე ახალი სოციუმისთვის

23.06.2022

„ტერმინალი“ პირველი საერთო სამუშაო სივრცეა საქართველოში, რომელიც ექვსი წლის წინ დაარსდა. ის ექვს მოქმედ ფილიალს, 3000-მდე წევრს და 90 თანამშრომელს აერთიანებს. განსხვავებული დიზაინის და ერთი კონცეფციის მქონე საერთო სამუშაო (co-working) სივრცეები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა უბნებშია გადანაწილებული, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთ დიდ კომუნას ქმნიან. მათი სოციალიზაციისთვის: ჯანსაღი კომუნიკაცია, კომფორტული სამუშაო გარემო და თანასწორობა მთავარი პრინციპები ხდება. უფრო დეტალურად „ტერმინალის“ შექმნის იდეასა და ქართული რეალობისთვის ინოვაციური ბიზნესის განვითარების დრამატურგიაზე მმართველი დირექტორი ჯინო დოლლინი გვესაუბრა.

Co-working space ოფისური საქმიანობის ანტიპოდია. როგორია „ტერმინალის“, როგორც საერთო სამუშაო სივრცის მთავარი კონცეფცია? როგორ გახდა ის თანამედროვე ინდივიდზე მორგებული და რატომ ირჩევენ ადამიანები სამუშაოდ ამგვარი ტიპის სივრცეს?

წლების წინ ევროპაში და ამერიკაში ადამიანების გარკვეული ჯგუფი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოქნილობა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო პროდუქტიულობისთვის. მსგავსი ტიპის სამუშაო სივრცე გაიხსნა იმისთვის, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ერთობლიობით გამოსულიყო რაიმე უკეთესი, ვიდრე იქამდე ყოფილა. ცხადია, ეს იყო სტარტაპ იდეა და საცდელი საქმიანობა, მაგრამ პირველმა ნაბიჯებმა აჩვენა, (არაერთი კვლევა არსებობს) რომ ადამიანი საერთო სამუშაო სივრცეში გაცილებით პროდუქტიული ხდება. აქ სხვადასხვა ფაქტორი მუშაობს, მათ შორის: კომფორტი და გარემო. ტერმინალში სხვადასხვა პროფესიის თუ ეროვნების ადამიანები ახორციელებენ საკუთარ საქმიანობას და გუნდი, რომელიც ქმნის „ტერმინალს“ მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს მომხმარებელს ამ საერთო სამუშაო სივრცეებში. მთავარია გადაწყვიტოს ადამიანმა: როდის, როგორ და სად იმუშავებს და არ იქნება ეს ერთი კონკრეტული ადგილი, ერთი მაგიდა…. საერთო სამუშაო სივრცეებში არის უამრავი გაზიარებული, საერთო სივრცე – სადაც ადამიანები ამ ყველაფერს სხვებთან ერთად იყოფენ. შესაბამისად იცვლება ქცევა, მუშაობის კულტურაც და ბევრად უფრო მშვიდი და ხალისიანი ხდება პროცესი, რომელიც პირდაპირ პროპორციულად განსაზღვრავს ინდივიდის პროდუქტიულობას.

თქვენ თავად თქვით, რომ „ტერმინალში“ ადამიანები საერთო სივრცეს იყოფენ. რამდენად შეგვიძლია ტოლობის ნიშანი დავსვათ, მსგავსი ტიპის სამუშაო სივრცეებსა და თანასწორობის იდეას შორის? თანამედროვე კონსუმერულ საზოგადოებაში მკაცრად არის გავლებული სოციალური და კლასობრივი ზღვრები. „ტერმინალში“, თითქოს ეს ზღვარი იშლება….

თანასწორობა, ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის არის ამომავალი წერტილი. ტერმინალი ეს არის სივრცე სადაც ყველა თანასწორია და ყველასთვის ხელმისაწვდომია… ადამიანების ერთობლიობაში, სოციუმში პირველი არის თანასწორობა და შემდეგ სხვა დანარჩენი. ამიტომ, სადაც თანასწორობა არ არის ის სამუშაო სივრცე ფუნქციონირებას ვერ შეძლებს, იარსებებს ერთი-ორი წელი და შემდეგ აუცილებლად ჩამოიშლება. თანასწორობის პრინციპები ტერმინალში არ ირღვევა. ეს სივრცე ასეულობით ადამიანის გადაკვეთის წერტილია, ცხადია იქნება მცდელობებიც ამ თანასწორობის იდეის დარღვევის. სწორედ ამისთვის არსებობენ თანამშრომლები, რომლებიც მსგავს პრობლემას აღმოფხვრიან. თანამშრომელთა გუნდი 90 ადამიანს ითვლის, თანასწორობის შესანარჩუნებლად ბალანსი ჩვენთვისაც აუცილებელია. ახლა, ამერიკაში ვარ – ქვეყანაში, სადაც დემოკრატიის და თანასწორობის პრინციპები ამოსავალი წერტილია, თუმცა ყოველდღიურ რეალობაში სულ სხვაგვარად სრულდება ეს ცნებები. ცხადია, საქართველოს ძალიან დიდი და რთული გზის გავლა სჭირდება ამერიკამდე. მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენ „ტერმინალში“, ამ მიკრო სივრცეში თანასწორობის პრინციპების დაცვას ვახერხებთ.

„ტერმინალის„ მმართველობის ფორმა: ჰორიზონტალური მენეჯმენტის პრინციპებს ეფუძნება, ამავდროულად გადაწყვეტილებების მიმღები გუნდის ყველა წევრი ქალია. გენდერული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი განაცხადია !

ცხადია, ეს არ იყო წინასწარ გამიზნული. თანასწორობა, განვმეორდები, არის უმთავრესი და ამიტომ რომელიმე გენდერზე სწორება არ გვქონია. „ტერმინალის“ მმართველობა იურიდიულად ვერტიკალურია, მაგრამ მმართველობის სტილი, რაც მე მაქვს ჩემს გუნდთან არის ჰორიზონტალური. გენდერული ბალანსი ჩვენთან 2022 წლამდე მეტად დაბალანსებული იყო, მაგრამ ქალები მაინც ჭარბობდნენ. წელს უკვე, თანამშრომელთა 68 პროცენტი არის ქალი, მენეჯმენტში კი ყველა ქალია. ეს ძალიან საინტერესო სტატისტიკაა და ლოგიკურიცაა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდის საქართველოში ქალი გაძლიერდა. ეს მზარდი ტენდენციაა და არ გაჩერდება.

საერთო სამუშაო სივრცის კონცეფცია როგორ ვლინდება ინტერიერში? ვგულისხმობ დიზაინის მიმართულებას, იმას თუ როგორ იყოფა ფუნქციურად სივრცეები.

წლების წინ „ტერმინალის“ ამჟამინდელი მფლობელები საქართველოში დაბრუნდნენ და ნახეს, რომ საერთო სამუშაო ტიპის სივრცეები, რომლებსაც ევროპასა თუ ამერიკაში იყენებდნენ ჩვენთან არ არსებობდა. გაჩნდა „ტერმინალის“ გახსნის იდეა. ცხადია, პირველი ნაბიჯები საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით დავიწყეთ. საწყის ეტაპზე ჩვენმა მთავარმა დიზაინერმა სხვადასხვა co-working სივრცეების გამოცდილება გამოიყენა. ცხადია, ჩვენ კულტურულად ძალიან განვსხვავდებით ევროპისა და ამერიკისგან, ამიტომ მთავარი ამოცანა გახდა, ტერმინალის სივრცე მორგებოდა ადგილობრივ ადამიანს. პირველი ფილიალის გახსნის შემდეგ მივხვდით, თუ სად რა ცვლილებები უნდა შეგვეტანა. ახლა უკვე, ტერმინალის ყოველი ახალი ფილიალის გახსნის წინ, დიზაინერი თავის გუნდთან და ჩვენთან ერთად თვლის სივრცის ყველა დეტალს: განათებას, ფერს, ტიხარს, მოძრაობის ტრაექტორიას, მოსასვენებელ ადგილს… მთავარია, ტერმინალი, სრულად მოვარგოთ მის ახალ წევრს. ცხადია, შეცდომებსაც ვუშვებთ და ჩვენივე შეცდომებზე ვსწავლობთ, ვვითარდებით. როგორიც იყო პირველი ფილიალი, ისეთი ვერ იქნება მეექვსე.

დღეს ურბანული საკითხი ძალიან მწვავედ დგას თბილისში. რა პრინციპით შეირჩა ლოკაციები, სადაც ტერმინალის ფილიალებია განთავსებული? ეს შენობები კონკრეტული მეხსიერების მატარებელია (ვგულისხმობ საბჭოთა წარსულს) რომლის გარდაქმნაც გსურდათ?

თავდაპირველად ჩვენი მიზანი ცენტრალური უბნების ათვისება იყო, სადაც საქმიანი ხალხი გადაადგილდებოდა. მიხარია, რომ ეს პროცესი ახლა მთელ ქალაქშია გადანაწილებული. შენობებს რაც შეეხება, საწყის ეტაპზე მათი მოძიება ცენტრალურ უბნებში დავიწყეთ, მთავარი იყო სტრუქტურულად სწორი და უსაფრთხო შენობა ყოფილიყო. ახლა უკვე, როცა სხვადასხვა ფილიალებს ვხსნით, ვითვალისწინებთ ტერიტორიის მოქნილობას. როგორ დადის ტრანსპორტი, როგორია შენობა. ვარდების ბაღის ფილიალში ამფითეატრი იყო, რომელიც გარდავქმენით საერთო სამუშაო სივრცედ. 9 მეტრის ჭერი დავტოვეთ და ამფითეატრი დავტოვეთ კინოჩვენებებისთვის. ამჟამად გვაქვს საბურთალოს, ჩუღურეთის, ვერის და ვაკის ფილიალები. ახლა უკვე ვფიქრობთ, რომ გარეუბნები მოვიცვათ. გლდანი, მუხიანი, დიღომი – აქ ძალიან დიდი დასახლებაა, შესაძლებელია უდიდესი ეკოსისტემა შეიქმნას „ტერმინალის“ მსგავსი ტიპის სივრცეების. გარდა იმისა, რომ პერიფერიული რეალობა ჩვენთვის პრიორიტეტული ხდება, დადგა, დრო, რომ უკვე სხვა ქალაქებიც მოვიცვათ. ორი წლის წინ მივხვდი, რომ ბათუმი იყო მზად და წელს სექტემბერში გაიხსნება ბათუმში ტერმინალის ახალი ფილიალი. ასევე ქუთაისშიც „ტერმინალის“ საჭიროება ნამდვილად დგას. მნიშვნელოვანია, რომ თავდაპირველად ქართულ რეალობაში საერთო სამუშაო სივრცეებზე არ იყო მოთხოვნა, რეალურად არავინ იცოდა, რა ტიპის სივრცე იყო ეს. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ „ტერმინალის“ შექმნით, ჩვენ მოთხოვნა გავაჩინეთ ბაზარზე. მართალია, თავიდან არავინ მოდიოდა, შემდეგ ნელ-ნელა ადამიანები მიხვდნენ, რომ სადღაც კაფეში შეხვედრას, აქ ყოფნა ჯობდა.

პოლიტიკური მმართველობის სხვადასხვა ფორმამ აჩვენა, რომ სოციუმი, ხალხი თუ საზოგადოება ზუსტად ისე იცვლის ქცევას, როგორ ეპოქაშიც უწევს ცხოვრება. კაპიტალიზმმა სოციალური ურთიერთობები შეცვალასაერთო სამუშაო სივრცეტერმინალი, გარკვეულწილად თავის თავში მოიაზრებს პოსტმოდერნისტულ იდეასაც, ვგულისხმობ დეკონსტრუქციას, პრივატული სივრცეების რღვევას და საერთო სივრცის შექმნას ინდივიდის ირგვლივ….

აბსოლუტურად სწორი ხართ! რღვევა მოხდა პრივატული სივრცეების, ეს ხომ კაპიტალიზმმა და დიდმა კორპორაციებმა გამოიწვია: გადაბმულად უამრავი საათით მუშაობა, დილიდან ღამემდე. შაბათ-კვირა. ასეთმა სივრცეებმა გარღვევა მოახდინა ამ სოციუმში. ეს დიდი კორპორაციები დაიშალა და მიხვდნენ (Axis Towers-ის „ტერმინალის“ ფილიალი ყველაზე დიდია, სადაც 20-მდე პერსონალური ოფისია და ისეთი დიდი კორპორაციები, როგორებიცაა Mastercard და Microsoft Georgia უკვე გადავიდნენ), რომ უნდა გავიდნენ იზოლირებული ოთახებიდან, გაარღვიონ დიდი, დახურული, კაბინეტური სისტემა. ევროპაში მალევე მიხვდნენ, ადამიანები რომ ეს სივრცე სხვა სოციუმს აყალიბებს და ეს აუცილებელია! რადგან აქ, ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ეს ეხმარება მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში. „ტერმინალის“ მუშაობის საწყის ეტაპზე ჩვენს თვალწინ იქმნებოდა ახალი სტარტაპები, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულები არიან ქართულ ბაზარზე. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანია თქვენთან ერთად ამ სივრცეში, თქვენ უზიარებთ თქვენს გამოცდილებას, მარცხს, წარმატებას, როგორ მიაღწიეთ კონკრეტულ შედეგს, მოდის ახალი იდეები, გონება იხსნება. ცხადია ეს გაცილებით დიდი შესაძლებლობების კარს აღებს, ვიდრე ერთ „პრივატულ კვადრატში“ ჯდომა და მუშაობა.

როგორ მოერგო „ტერმინალი“ ქართულ მენტალობას? სამწუხაროდ, საბჭოთა გამოცდილება და პოსტსაბჭოთა ადამიანი მისი უნიკალური თუ ისტორიული გამოცდილებით, წარსულით და ტრავმებით ჩვენი სოციუმის წევრია. როგორ მოერგო „ტერმინალს თანამედროვე ქართველი, რომელიც ამ სოციუმს ქმნის?

ეს არ იყო მარტივი პროცესი, დაახლოებით ერთ წელზე მეტი დაჭირდა ხალხს იმისთვის რომ გაეგო – რა ტიპის სივრცე იყო ტერმინალი. ზოგს რესტორანი ეგონა, ზოგს კაფე, ზოგს სპა ცენტრი. შესაბამისად ძალიან რთული იყო ეს გზა. მოდიოდა ხალხი და ითხოვდა კაბინეტს,ზოგიერთს სკამი არ მოსწონდა და ოფისურ ტყავის სკამს ითხოვდა დიდი ზურგით. იყო შემთხვევები, როცა საკუთარი მაგიდის მოტანასაც გვთავაზობდნენ. მათ უნდოდათ ცვლილებების განხორციელება და ისევ თავისი კაბინეტური სისტემის დაბრუნება. ჩვენ მკაცრად ვიცავდით სივრცეში არსებულ პრინციპებს და წესებს. ტერმინალის პირველი მომხმარებლები უცხოელები და  ის ქართველები იყვნენ, რომელთაც ევროპაში მსგავსი ტიპის სივრცეებში მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ. გვინდა, რომ ადამიანი, რომელიც შემოდის „ტერმინალში“ გარკვეული თვალსაზრისით იგრძნოს თავი ევროპაში. არ მინდა აქ ჩამოსულმა უცხოელმა თქვას, რომ მოხვდა პოსტ-საბჭოთა სივრცეში და შესაბამისად ქვეყანაში, ამაზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ. „ტერმინალის“ 3000 წევრიდან 80% ქართველია. ვფიქრობთ, რომ რაღაც სტერეოტიპები უკვე დავანგრიეთ, მენტალურ გარდატეხას მაინც ვახდენთ.

ახლა, როგორია co-working ინდუსტრია მსოფლიოში, ან უფრო კონკრეტულად აღმოსავლეთ ევროპაში და განვითარების რა ნიშნულზეა ამ მხრივ საქართველო?

გააჩნია ქვეყნებს, ჩვენ ესტონეთს ვერ შევედრებით, რადგან იქ სტარტაპ ეკოსისტემა არის ძალიან მყარი. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ხელშეწყობა მსგავსი ტიპის წამოწყებებში. მიუხედავად „ტერმინალის“ რამდენიმე ფილიალისა და ზოგადად საქართველოში საერთო სამუშაო სივრცეების მზარდი განვითარებისა, ჩვენ კიდევ გვჭირდება ძალიან დიდი მუშაობა, რომ აღმოსავლეთ ევროპას მაინც მივუახლოვდეთ, აღარაფერს ვამბობ დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილზე. მინდა, რომ დასავლეთ ევროპასა და ამერიკაშიც გაიხსნას „ტერმინალი“. ფილიალების რაოდენობის მატება, თავისთავად ამ სერვისზე მოთხოვნას ზრდის საქართველოში.

როგორია უშუალოდ მომხმარებლის, თქვენი წევრების შეფასება და უკუკავშირი? რამდენად ითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს?

„ტერმინალის“ ყველა ფილიალს ჰყავს „ქომიუნითი“ მენეჯერი. მისი ვალდებულებაა, რომ ამ ადამიანებთან დაამყაროს კომუნიკაცია, გაითვალისწინოს მათი სურვილები, მოისმინოს რჩევები, შეკრას კომუნა და ის იყოს მთავარი საყრდენი. ზოგადად ყველანაირ უკუკავშირს ვიღებ, ღია ვარ კრიტიკისთვის, მადლიერი ვარ ადამიანების გულწრფელობისთვის, მაგრამ როგორც კომპანიის განვითარებისთვის იქნება სწორი და პრიორიტეტული, გადაწყვეტილებას აქედან გამომდინარე ვიღებ. „ტერმინალში“ 100-დან 3 მაინც გამოჩნდება ისეთი, ვისაც მოუნდება სხვანაირი განათება, ავეჯი… ვცდილობ სტანდარტებიდან არ გადავუხვიო.

„ტერმინალი“  EuroAsian Startup Awards-ის გამარჯვებული გახდა. ნომინაციაშიწლის საუკეთესო საერთო სამუშაო სივრცე. შემდეგ უკვე, Global Startup Awards-ის ფინალისტებად დასახელდით

Global Startup Awards-ის ფინალში ყოფნა, ჩვენთვის უდიდესი პატივი და გამოცდილება იყო. ჩვენთან ერთად ფინალში ნორვეგია, რუმინეთი, ესპანეთი, შრი-ლანკა და ტაილანდი იღებდა მონაწილეობას. მოიგო შრი-ლანკამ იმიტომ, რომ საერთო სამუშაო გარემო უკიდურესად სოციალურ სივრცედ ჰქონდათ ქცეული. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სტარტაპ დაჯილდოება. ის, რომ ფინალში ვიყავით ასეთი დიდი ქვეყნების გვერდით, უკვე გამარჯვებაა. წელსაც ტარდება და მიხარია, რომ ძალიან ბევრი ახალი ქართული სტარტაპ ბიზნესი მონაწილეობს. ჩვენ პირველები ვიყავით და სხვებს პოზიტიური მაგალითიც მივეცით, რომ ეს რეალურია და შესაძლოა გახდე ამ უმნიშვნელოვანესი კონკურსის მონაწილე/გამარჯვებული.

წლების წინ შენ საქართველოს პირველი ნომერი ჩოგბურთელი იყავი. ამ სპორტის სპეციფიკა და გამოცდილება, რამდენად გადგება შენს დღევანდელ საქმიანობაში?

ძალიან მადგება! მიუხედავად იმისა, რომ დედაზე ხშირად ვბრაზობდი, რადგან დღის განმავლობაში 6-8 საათი ვარჯიშს მთხოვდა, საოცარი უნარები გამომიმუშავდა. ახლა ყველას ვეუბნები: დაკავდით სპორტით! სპორტი იძლევა ამ უნარების განვითარების, გამძლეობის პროგრესირების საშუალებას. მართალია, ჩოგბურთი ინდივიდუალური სპორტია და მეც ჩემს პროფესიაში მყარად ვარ ჩამოყალიბებული, მაინც გარკვეული მუშაობა დამჭირდა, რომ ერთპიროვნული არ ყოფილიყო ჩემი მუშაობის სტილი და გუნდური მუშაობის პრინციპები განმევითარებინა. ცხადია, ამერიკაში ცხოვრებამ თავისი კვალი დატოვა ჩემში. ახლაც ყოველ დილით 6 საათზე ვდგები და ჩოგბურთის თამაშს 3 საათს ვუთმობ.

ნენო ქავთარაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top