თბილისში Hilton Garden Inn Tbilisi Riverview იხსნება

26.06.2023

ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება ქართულ ბაზარზე შემოსული საერთაშორისო მსხვილი კომპანიების რიცხვი. ერთ-ერთი მათგანი – სასტუმროებისა და კურორტების გლობალური ქსელის მმართველი კორპორაცია Hilton-ი საქართველოში უკვე მესამე ობიექტს ხსნის. Hilton Garden Inn Tbilisi Riverview პირველ სტუმრებს მომავალი თვიდან უმასპინძლებს.

ხარისხის უმაღლესი სტანდარტებით ცნობილი ბრენდის თანამედროვე ტიპის 160-ნომრიანი სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში მდებარეობს. მისი ფანჯრებიდან მდინარე მტკვრისა და ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.

Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ს გენერალური მენეჯერი კაროლი ლაკატოსი აცხადებს, რომ მისი გუნდის წევრები მოუთმენლად ელიან სტუმრებთან შეხვედრას უახლოეს მომავალში, Hilton-ის განთქმული მზრუნველი სერვისით: „სასტუმრო სტუმრებს კომფორტულ და მყუდრო ნომრებს სთავაზობს, მიუხედავად იმისა, საქმიანი მოგზაურობაა ეს მათთვის თუ, უბრალოდ, დასვენება“.

Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ში გაჩერებულ სტუმარს დედაქალაქის მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილები თითქმის ხელის გაწვდენაზე აქვს. სამების საკათედრო ტაძარი, ნარიყალას უძველესი ციხესიმაგრე, უნიკალური გოგირდის აბანოები, ულამაზესი ლეღვთახევის ჩანჩქერი და ეროვნული ბოტანიკური ბაღი  სამიოდე კილომეტრშია.

რთულია, მხოლოდ კვების ობიექტი უწოდო სასტუმროში განთავსებულ რესტორანს Together & Co. აქ სტუმრებს საუზმით, სადილითა და ვახშმით გაუმასპინძლდებიან, ბარში კი მრავალფეროვან, უგემრიელეს, სპეციალურად Hilton-ის ობიექტებისთვის შექმნილ კოქტეილებს შესთავაზებენ. გარდა ამისა, რესტორნის დახვეწილი დიზაინით მოწყობილი მყუდრო, თბილი გარემო საუკეთესო ადგილია მეგობრული თუ საქმიანი შეხვედრებისთვის, განტვირთვისა და დასვენებისთვის; თანაც, გემრიელი საკვებისა და სასმელების თანხლებით.

სხვათა შორის, სწორედ Hilton-ის ქსელში,  კარიბის კუნძულებზე, ჯერ კიდევ 1950 წელს შეიქმნა პირველი პინა კოლადა. ამ კოქტეილის ორიგინალურ გემოს ლეგენდარულ ბარმენ რამონ მონჩიტო მარეროს უნდა ვუმადლოდეთ. რესტორნის მრავალფეროვან მენიუში ნებისმიერი გემოვნების მქონე გურმანი იპოვის მისთვის საინტერესო და მოსაწონ კერძსა თუ სასმელს. პროფესიონალი მზარეულები დიდ ყურადღებას უთმობენ მომზადების მეთოდებს, მზა პროდუქტის ვიზუალურ იერსა და ფორმას.

Together & Co.-ს გუნდის წარმატებული საქმიანობის საიდუმლო კულინარიისა და სტუმარმასპინძლობის ჭეშმარიტ სიყვარულშია. მათთან შეხვედრის შემდეგ თითოეული სტუმარი თავს განსაკუთრებულად იგრძნობს. აქაური უმაღლესი დონის მომსახურება და სასიამოვნო გარემო სოციალიზაციისთვის არაერთხელ მოგენატრებათ და კვლავაც  მიგიზიდავთ.

Hilton-ის ინოვაციურობას ადასტურებს ის ფაქტებიც რომ სასტუმრო ბიზნესის ისტორიაში პირველად, სწორედ ამ ქსელის ნომრებში შემოიტანეს ტელევიზორები, კონდიციონერები, შემოიღეს ონლაინ დაჯავშნის სისტემა. სასტუმრო კეთილგანწყობილია შინაური ცხოველების მიმართ და სიამოვნებით გიმასპინძლებთ თქვენს საყვარელ ოთხფეხა თანამგზავრებთან ერთად.

თანამედროვე დანადგარებით მოწყობილი ფიტნეს-ცენტრის წყალობით, Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ს  სტუმრებს დასვენების პერიოდში ჯანმრთელობასა და სხეულის ფორმებზე ზრუნვის შეწყვეტა არ მოუწევთ. 24-საათიანი  სასტუმროს მაღაზია უმაღლესი ხარისხის ჯანსაღ, გემრიელ და ახალ პროდუქტებს შესთავაზებს მათ. სასტუმროში არის უფასო Wi-Fi, მოქმედებს სამრეცხაო. 

საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების მოწყობით დაინტერესებულ პირებს ელით ყველანაირი საჭირო ტექნიკით აღჭურვილი  სამი საკონფერენციო სივრცე, რომელთა მაქსიმალური ტევადობა 100 კაცამდეა.

Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ში სუფევს განსაკუთრებული სტუმართმოყვარე, დაუვიწყარი ატმოსფერო, რომელსაც თითოეული სტუმარი იგრძნობს, ამაზე კი სასტუმროს პროფესიონალი გუნდი იზრუნებს – It Matters Where You Stay!

Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ს მისამართია: თბილისი, იალბუზის ქ. N17.

Scroll To Top