აღმოაჩინეთ თიბისი კონცეპტის კოლექცია Vol.5

აქცენტები

30.06.2022

მარჯანიშვილის ქუჩის 7 ნომერში მდებარე ისტორიულ შენობაში თიბისი კონცეპტის Flagship-ის ტიპის მულტიფუნქციური სივრცე შენობის ოთხ სართულზე, თერთმეტ ზონაში ანაწილებს ფუნქციურად განსხვავებულ ერთეულებს, როგორიცაა საერთო სამუშაო სივრცე, საპრეზენტაციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, საგამოფენო სივრცე, კაფე, თვითმომსახურების და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები და შოურუმი. თიბისი კონცეპტის პირველ სართულზე მოწყობილ სადემონსტრაციო კუთხეში ქართული და უცხოური უნიკალური ბრენდების საგნებია შემოთავაზებული, რომელთა შეძენაც თიბისი კონცეპტის ბარათის მომხმარებლებისთვის 15%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი.

VERITABLE – DEMO Exky CLASSIC

ურბანიზაციამ დღევანდელ სამყაროში მრავალი ახალი გამოწვევა გააჩინა, რომელთანაც გამკლავების გზებს ეტაპობრივად იკვლევენ მეცნიერები, ტექნიკური მუშაკები და კრიტიკულად მოაზროვნე კომპანიები. პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, თითზე ჩამოსათვლელია ის ეკოლოგიაზე მიმართული წამოწყებები, რომლებიც რეალურ გამოსავალს პოულობენ მასთან გასამკლავებლად. ერთ-ერთ ასეთ წარმატებულ მცდელობას წარმოადგენს ფრანგული კომპანია Véritable-ის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს სახლის პირობებში ორგანული მოსავლის მოყვანის ეკოლოგიურად და ეკონომიკურად მდგრად, სრულიად ჯანსაღ და იოლად-მართვად მეთოდს სთავაზობს. DEMO Exky CLASSIC არის მინიმალისტური დიზაინის ელეგანტური და კომპაქტური მოწყობილობა, კონკრეტულად გამიზნული შენობის შიდა გამოყენებისთვის, რომლებიც ადაპტირებულია ქალაქური ბინის სამზარეულოზე. სამრეწველო დიზაინერი ქლოე ვერნოის (Chloé Verneuil) და ელექტრო-ინჟინერი ნიკოლას გეჰინის (Nicolas Gehin) კოლაბორაცია, რომელიც 2015 წელს განხორციელდა, კრეატიულად პასუხობს იმ აქტუალურ გამოწვევას, რაც დიდ ქალაქებში მცხოვრებთ აწუხებთ – იპოვონ ორგანული საკვები პროდუქცია, რომლის წარმოშობა და მოყვანის პირობები იდენტიფიცირებულია; ამ შემთხვევაში Véritable გვთავაზობს ყველაზე უპრიან გამოსავალს, ავტონომიურ ურბანულ ფერმერობას, რაც სადავეების ჩვენსავე ხელში აღებას გულისხმობს. ფუნქციურად გამართული, ინფორმატიული მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს ჩვენვე მოვიყვანოთ მაღალი ხარისხის, ჯანსაღი მოსავალი, როგორიცაა კლასიკური არომატული მწვანილი, ეგზოტიკური მწვანილი, მინი ხილ-ბოსტნეული თუ საკვები ყვავილები. ბუნებრივი სინათლის გარეშე მცენარის ზრდის უზრუნველსაყოფად LED განათებით მოქმედი შიდა ბაღი პასუხს სცემს თანამედროვე მოთხოვნებს იყოს მოსახერხებელი მოცულობის, ავტომატიზირებული, სანდო, უხმაურო, ეკონომიური და ერგონომიული. ასევე ის არ საჭიროებს მორწყვას, ჩაშენებული საირიგაციო სისტემის ხარჯზე, რომელიც თავად იძლევა სიგნალს რეზერვუარის წყლით შევსების საჭიროების შემთხვევაში. მოწყობილებაში მოთავსებული ორგანული მცენარის თესლით გაჯერებული მარაგები 100% კომპოსტირებადი და ბიოდეგრადირებადია, გმო-ს და პესტიციდებისგან თავისუფალი. დაახლოებით 3-4 კვირამდე მომწიფებადი ნაყოფის მისაღებად არ არის საჭირო არც სასუქი, არც ქოთნის ნიადაგი, და არც ზედმეტი ძალისხმევა; თქვენ შეგიძლიათ მშვიდად წახვიდეთ დასასვენებლად და მაღალ-ტექნოლოგიური ბაღი თავად იზრუნებს ყველაფერზე სანამ შინ არ იქნებით.

 1st DIBS KUSAMA – Red and Yellow Pumpkin

2015 წელს „მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ მხატვრად” აღიარებულმა იაპონელმა ხელოვანმა 10 წლის ასაკიდან დაიწყო ‘პოლკა’ წერტილებით ხატვა, რაც სახელწერო გახდა მის ხანგრძლივ პრაქტიკაში. სახელოვნებო სფეროში ‘პოლკა’ წერტილები უკვე სინონიმურია იაიოი კუსამას შემოქმედებასთან, რომლის მრავალგანზომილებიანი ინსტალაციებიც სცდება ხელოვნებაში დამკვიდრებული ‘ჩამძირავი გამოცდილების’ ფენომენს. შემოქმედის პრაქტიკა იმდენად უნიკალურია, რომ ის ბოლომდე არ მიეკუთვნება არცერთ მეოცე საუკუნის ბოლოს დამკვიდრებულ მიმდინარეობას, მათ შორის პოპ-არტს. კუსამამ თავისი მკაფიო კოსმიური სტილი ნიუ-იორკში 1960-იან წლებში განავითარა. ამ პერიოდის განმავლობაში მოაწყო მან ის ავანგარდული გამოფენები და ხდომილებები, რამაც განაპირობა მისი დამკვიდრება საერთაშორისო სცენაზე. „’პოლკა’ წერტილს აქვს მზის ფორმა, რომელიც მთელი სამყაროს ენერგიისა და ჩვენი ცოცხალი ყოფის  სიმბოლოა და ასევე მთვარის ფორმა, რომელიც მშვიდია. მრგვალი, რბილი, ფერადი, შეუგრძნობი და შეუცნობელი, პოლკა-წერტილები მოძრაობად იქცევა. ის არის გზა უსასრულობისკენ.“ – წერდა მხატვარი 1978 წელს. კუსამამ პირველად წერტილებიანი გოგრის მოტივი 1993 წელს ვენეციის ბიენალეზე იაპონური პავილიონისთვის გამოიყენა და მას შემდეგ ეს ობიექტი მთელ მსოფლიოს მოედო სხვადასხვა ვარიაციით, როგორც ნამუშევრები ქაღალდზე, ხელნაკეთი ფიგურები, ერთმანეთზე დახვავებული ქანდაკებები და უსასრულო ოთახის ინსტალაციები. არტისტის მუზა ხდება გოგრები მათი „მომხიბვლელი ფორმის, გულუხვი მოკრძალებულობის და მყარი სულიერი ფუძის გამო“. თავდაპირველი გოგრის ქანდაკებები ჩამოსხმული იყო სხვადასხვა მასალისგან, მათ შორის ბრინჯაოს, პლასტმასის და უჟანგავი ფოლადისგან. კუსამას ყველაზე ცნობილი ნამუშევრის მიხედვით შექმნილი, რბილი გოგრები 1stDibs-ის კოლექციიდან, რომელიც სამუზეუმო მაღაზიებშია განთავსებული, ასევე წარმოდგენილია თიბისი კონცეპტის შოურუმში. პოპ-არტისთვის სახასიათო ცოცხალ ფერებსა და მხატვრისთვის სახელწერო ობსესიურ ‘პოლკა’ ლაქებში შესრულებული ყვითელი გოგრა შავი კოპლებით და წითელი – თეთრით, ხდება ის იკონური ობიექტები, რომლებიც ნებისმიერ დეკორში შეიტანს გემოვნებიან, ენერგიულ და ექსცენტრულ შტრიხს.

 OMY – BOX OF 16 FELT PENS WASHABLE, BOX OF 16 FELT PENS MAGIC, BOX OF 9 FELT PENS NEONS, BOX OF 16 COLORED PENCILS POP, BOX OF 9 GEL CRAYONS

სტუდია OMY ქმნის მხიარულ, გრაფიკულ და ინტელექტუალურ გასართობ პროდუქტებს. თითოეული კოლექცია ხასიათდება ნათელი ფერებით, დახვეწილი დიზაინით და პოზიტიური განწყობით. OMY-ს ყველა პროდუქტი სიყვარულით იწარმოება პარიზის სტუდიაში, სადაც განსაკუთრებული სიფრთხილით ეპყრობიან მასალის შერჩევის პროცესს და ყოველი ახალი ნივთის ორიგინალურობას. OMY-ს უკან დგას ორი პარიზელი გრაფიკული დიზაინერი: ელვირე ლორანი (Elvire Laurent) და მარი-სერიზ ლიხტლე (Marie-Cerise Lichtlé), რომლებმაც L’école des Beaux-Arts-ის დამთავრების შემდეგაც გადაწყვიტეს გაეხსნათ ერთობლივი გრაფიკული ხელოვნების სტუდია. მათი გზები ახლებურად გადაიკვეთა, როდესაც ერთდროულად გახდნენ დედები და დაინახეს საჭიროება შეეცვალათ დიზაინისადმი მიდგომა. გაზიარებული მხატვრული მგრძნობელობით და დიზაინისადმი ენთუზიაზმით განავითარეს პროდუქციის საკუთარი ხაზი, რომელიც საოჯახო რეკრეაციისთის საჭირო ატრიბუტებს მოიცავს, როგორიცაა გიგანტური გასაფერადებელი პოსტერები, ჟურნალები და სახატავი მასალები, რომლებიც შესაფერისია როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. შთაგონებული დიზაინის ახალი ტენდენციებით, მაღალი სტანდარტის სახატავი ფლომასტერების, ფანქრებისა და პასტელების ვიზუალურად და ტექნიკურად განსხვავებული ასორტიმენტი განთავსებულია თიბისის შოურუმში.

OLAFUR – EXPERIENCE

ოლაფურ ელიასონი არის ისლანდიელი დანიელი ხელოვანი, რომელიც სახელგანთქმულია მისი მულტიმედია ფართომასშტაბიანი ინსტალაციებით და ქანდაკებებით, რომლებშიც გამოყენებულია ელემენტარული მასალები, მაგალითად, შუქი, წყალი და ჰაერის ტემპერატურა. ოლაფურ ელიასონი მაყურებელს სთავაზობს უნიკალურ გამოცდილებებს, რისი მიღებაც ყოველდღიურ ცხოვრებაში თითქმის შეუძლებელია. მისი ნამუშევრები გლობალურად იფინება ისეთ ინსტიტუციებში, როგორიცაა MoMA, Tate და ვენეციის ბიენალე. ხელოვანმა 1995 წელს დააარსა სივრცითი კვლევის ლაბორატორია-სტუდია ბერლინში. 2014 წელს ელიასონმა და მისმა დიდი ხნის კოლაბორატორმა, გერმანელმა არქიტექტორმა სებასტიან ბეჰმანმა დააარსეს Studio Other Spaces, არქიტექტურისა და ხელოვნების ჰიბრიდული ოფისი. ოლაფურმა წარმოადგინა დანია ვენეციის 50-ე ბიენალეზე და მომავალ წელსვე დააინსტალირა ნამუშევარი „ამინდის პროექტი” ლონდონის Tate Modern-ის შთამბეჭდავ პოსტ-ინდუსტრიულ სივრცეში, Turbine Hall-ში. ელიასონის ეს პროექტი ხელოვნებათმცოდნეთა მიერ შეფასებულია, როგორც „საეტაპო მოვლენა თანამედროვე ხელოვნებაში”. ხელოვანის პრაქტიკამ თანდათან მოიცვა ისეთი სფეროები, როგორიცაა არქიტექტურა, ეკოლოგია, კვება, განათლება, მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილება, კოლექტიური აღქმა და აქტივობა. ოლაფურ ელიასონმა შეცვალა კონცეფცია, რას ნიშნავს იყო მხატვარი. თიბისიში წარმოდგენილი 2018 წელს Phaidon-ის მიერ გამოცემული მხატვრის კატალოგი სახელად „გამოცდილება” [EXPERIENCE], თავს უყრის ოლაფურ ელიასონის ნამუშევრების ხუთასამდე ფოტო-დოკუმენტაციას, არტისტთან ინტერვიუს და ტექსტს მიშელ კუოს ავტორობით. მწერალი და კრიტიკოსი არის ფერწერისა და ქანდაკების კურატორი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და საერთაშორისო სახელოვნებო ჟურნალ Artforum-ის მთავარი რედაქტორი გახლდათ წლების მანძილზე. წიგნი იძლევა პარალელის არმქონე, ნათელ პერსპექტივას ხელოვანის შემოქმედებაში და უბადლოდ მიმოიხილავს მის შემოქმედებით განვითარებას, რაც მოიცავს არა მხოლოდ ფართომასშტაბიან გახმაურებულ ინსტალაციებს, არამედ არტისტის დელიკატურ ნაკლებად ცნობილ ნამუშევრებს. კატალოგი არაჩვეულებრივი შენაძენია სახელოვნებო წიგნების პირად ბიბლიოთეკაში.

ტრიკოლორი, ორგმინის გეომეტრიული ობიექტები

სტუდია ტრიკოლორის ნამუშევრებთან თბილისის ნებისმიერ მაცხოვრებელს ჰქონია შეხება, თუნდაც გაუაზრებლად, ვინაიდან მათი მრავალი კრეატიული მიმართულებიდან ერთერთი – ვიტრინების დიზაინი, ნამდვილად გამორჩეულად იპყრობს ქუჩაში გამვლელის ყურადღებას. კომპანია, რომელიც თავდაპირველად ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით გამოჩნდა ასპარეზზე, შემდგომ ღონისძიებების სეტ და ფლორისტული გაფორმება გადაიბარა, რასაც უკვე სრული პროცესის ორგანიზებაც დაემატა და თითქმის მოიცვა სამომხმარებლო დიზაინის ყველა ასპექტი, ახლა უკვე პროდუქციის დიზაინის ჩათვლით. მათ რამდენიმე წლის წინ დაიწყეს ორგმინის დეკორაციული ობიექტების შექმნა, რომელიც მარტივ გეომეტრიულ ფორმებს გამჭვირვალობასა და ფერადოვნებაში შემოქმედებით განზომილებას სძენს. კონკრეტული ფუნქციური დატვირთვისგან გამოთავისუფლებული დიზაინ ელემენტები ხდებიან მინი ქანდაკებები თქვენს თაროზე, ჟურნალის მაგიდაზე თუ სხვაგან, მათი ვიზუალური სიმარტივე კი ნებას რთავს ადამიანს მოუძებნოს საკუთარი უტილიტარული დანიშნულება.

გვანცა ჯგუშია

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top