აღმოაჩინეთ თიბისი კონცეპტის კოლექცია Vol.4

აქცენტები

15.06.2022

თიბისი ბანკის Flagship-ის ტიპის მულტიფუნქციური სივრცე – თიბისი კონცეპტი, უკვე რამდენიმე წელია მარჯანიშვილის ქუჩის 7 ნომერში მდებარე ისტორიულ შენობაში იდებს ბინას. დაწესებულება სტუმარს ერთბაშად მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს და შენობის ოთხ სართულზე თავს უყრის თერთმეტ ზონას, როგორიცაა საერთო სამუშაო სივრცე, საპრეზენტაციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, საგამოფენო სივრცე, კაფე, თვითმომსახურების და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები, და კონცეპტ მაღაზია. თიბისი კონცეპტის პირველ სართულზე მოწყობილ სადემონსტრაციო კუთხეში ქართული და უცხოური გამორჩეული ბრენდების ნაწარმია შემოთავაზებული, რომელებსაც სერიულად მიმოვიხილავთ. შეგახსენებთ, რომ თიბისი კონცეპტის ბარათის მომხმარებლებზე მაღაზიაში არსებულ სრულ ასორტიმენტზე სტაბილურად 15%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.

KASHKASH

KÁSHKASH ქართული თავის მოვლის და სილამაზის საშუალებების ბრენდია, შთაგონებული სამოცდაათწლოვანი ოჯახის ფორმულების რვეულით, რომელიც უშუალოდ ბრენდის დამფუძნებლის ქეთო გიორგობიანის დიდ ბებიას ეკუთვნოდა. მისი ორიგინალი ჩანაწერები აღწერს იმ უნიკალურ სამკურნალო ცოდნას და გამოცდილებას, რაც დღესდღეობით ძალიან აქტუალური ხდება სილამაზის ინდუსტრიაში. თბილისში დაფუძნებული კოსმეტიკური ფორმულატორების გუნდი, რომელთა მთავარი იდეაც საქართველოს ფლორის საოცრებებისა და წიაღში დამალული საგანძურის რევიტალიზაციაა, ქმნის ინოვაციურ კანის გამაჯანსაღებელ და გასაფორმებელ ფორმულებს საერთაშორისოდ სერტიფიცირებული, ვეგანური და ვეგეტარიანული ინგრედიენტებისგან. გუნდის მისიაც სწორედ ესაა, საქართველოს მსოფლიო ბაზარზე სრულიად ახლებური კუთხით წარმოჩინება. დამოუკიდებელი, ოჯახის მიერ მართული, მცირე ბიზნესი კიდევ ერთ დიდ მიზანს ისახავს – მათმა ხელთქმნილმა ნაწარმმა კაშკაში შემატოს მომხმარებლების ცხოვრებას მსოფლიოს გარშემო, მიუხედავად მათი ასაკისა თუ სქესისა, მზის ქვეშ გაზრდილი, ბუნებრივი ინგრედიენტების მეშვეობით. წარმოებული გლობალური სუფთა სილამაზის ტენდენციების მიხედვით,  „კაშკაშ“-ის ლაბორატორია არედაქტირებს მემკვიდრეობით კოსმეტიკურ ფორმულებს და საქართველოს ბუნების სასწაულმოქმედ რესურსებს უახლესი მეთოდებით ამუშავებს. KÁSHKASH-ის პრაქტიკა ბოლომდე ეყრდნობა კლინიკურ კვლევებს და ბუნებრივი კოსმეტიკის წარმოების გლობალურ მოთხოვნებს. ბრენდის სახელწოდება პირდაპირ გადმოსცემს თუ რას ემსახურება მათი საქმიანობა, მათი პროდუქცია ორიენტირებულია მომხმარებლის გარეგან და შინაგან სიკაშკაშეზე, აქ თავის მოვლის პროცესიც ისეთივე მნიშნელობას იძენს, როგორსაც ფორმულის კოსმეტიკური შედეგი. მათი ყოველი პროდუქტის ტექსტურა, თერაპიული და არომათერაპიული თვისებები იდეალურ თანხვედრაშია, რომ მომხმარებლის სხეულსა და გონება-განწყობას ერთნაირი კაშკაშა ელფერი შესძინოს. თიბისი კონცეპტის შოურუმში მათი სილამაზის კოსმეტიკური საშუალებების გარდა წარმოდგენილია სპა ნაკრები, რომელიც მორგებულია უნივსერსალურად აუცილებელ კანის მოვლის რუტინაზე და ამ რიტუალის იოლ და ხალისიან დანერგვაზე ადამიანის ყოველდღიურობაში.

 DASEIN

Dasein Publishing არის ლოკალური გამოცემა, რომელიც წიგნებით, ტრეინინგ აქტივობებითა და სხვადასხვა ტიპის სათამაშო ბარათებით ქართულენოვანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს. თიბისი კონცეპტის თაროებზე წააწყდებით მათ ორ, გამორჩეული მნიშვნელობის მქონე, ბარათების დასტას –  „აღზრდის ოქროს წესები“ და „შეიცანით ბავშვი“, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე მშობლებისთვის და მათთვის ვინც ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპისთვის მზადების პროცესშია. ისინი მშობელსა და ბავშვს შორის ურთიერთობის უკეთ მოწყობის პრობლემის გადაწყვეტას ინტერაქციული მეთოდიკით გვთავაზობენ. „აღზრდის ოქროს წესებში“  ხაზგასმულია 37 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა აღმზრდელის მხრიდან და მათი უპრიანი ალტერნატივა, რომელიც მშობელს მცირეწლოვან შვილთან კომუნიკაციის გამარტივებასა და სწორი ღირებულებების დანერგვაში მიეხმარება. თუმცა, სანამ ბავშვის ფსიქიკას ფუნდამენტური მორალისტური ცნებებით დავტვირთავთ, ანდაც უნივერსალურად რეკომენდირებულ წესრიგში მოვაქცევთ, პირველ რიგში, საჭიროა მის პიროვნულ შეცნობასაც იგივე ენერგია დავუთმოთ და ინდივიდუალისტური მიდგომები შევიმუშავოთ, რისთვისაც Dasein-ის სათამაშო ბარათები „შეიცანით ბავშვი“ დაგვეხმარება. მოზარდის შინაგანი სამყაროს შეცნობა TAT პროექციული ტესტის იდეაზეა დაფუძნებული, რაც საკუთარი დამოკიდებულების, გრძნობის სურათზე გამოსახულ ობიექტებზე გადატანას გულისხმობს. სხარტი ბარათები, რომლებიც ბავშვისთვის მიმზიდველი მულტიპლიკაციური ილუსტრაციებითაა გაფორმებული, პროცესს საგრძნობლად აიოლებს და სახალისოს ხდის.  ბარათების საშუალებით წარმართული ფისქოლოგიური დაკვირვებისას მშობელი ხვდება ბავშვის მისწრაფებებს, დამოკიდებულებებს, რომლებიც ხშირად დამალულია ან გაუცნობიერებელი.

THE LOOP

ქეთა ლომიძის მიერ დაფუძნებული დეკორატიული პროდუქციის ბრენდი, THE LOOP, როგორც ბრენდის სახელწოდება მიგვანიშნებს, არის ქსოვით გართული ენთუზიასტის წამოწყება გაეერთიანებინა ინტერიერის დეკორაცია და სახლის ფუნქციური ელემენტები. შოურუმში წარმოდგენილია THE LOOP-ის ხელნაკეთი სანათები, რომლებიც ხის კონსტრუქციაზე უწყვეტად მოჭიმული სხვადასხვა ფაქტურისა და ფერის საქსოვი ძაფებითაა შესრულებული, მინიმალისტურ გარეგნობას ინარჩუნებს და ქართული ტრადიციული ოსტატობის ხელოვნების – ქსოვის მასალას თანამედროვე ვიზუალში წარმოაჩენს. ინტერიერის გაფორმების საკვანძო ობიექტის – განათების დიზაინი შთაგონებულია ავეჯის დიზაინერ და ხელოვან ანა კრასის შემოქმედებით, გამოყენებული ფერებიც ასეთივე ბუნებრივი, ბაცი და მშვიდია. სანათების გამოყენება შეიძლება მათი პირველადი დატვირთვით, როგორც საწოლის გვერდზე დასადგამი თუ მაგიდის სანათი საშუალება, ანდაც დასაკიდი ჭაღი, თუმცა ასევე შესაძლებელია მათი სინათლისგან დამოუკიდებლად გამოტანა სივრცეში, უბრალოდ დეკორაციად.

TREULEBEN

გერმანული ბრენდი TREULEBEN საუკუნოვანი აიკონია, როდესაც საქმე ეხება ელეგანტურ საკანცელარიო ნივთებსა და პერსონალურ აქსესუარებს, განსაკუთრებით ბლოკნოტებსა და დღიურებს, ვინაიდან 1917 წლიდან მოყოლებული მათი მთავარი ღირებულება დროის დაფასება და მისი სწორი მენეჯმენტია. მაღალი ხარისხის და გასაოცარი ელეგანტურობის ტყავისგან დამზადებული ინვენტარი, ასწლიანი კინძვის ხელოვნებას და გამოცდილებას ეფუძნება. მათთვის დიზაინის დღის წესრიგში დგას ეს სამი მთავარი ელემენტი: გამოსადეგობა, სილამაზე და ხარისხი. ინოვაციური ხელობა, რომელიც ეყრდნობა გერმანული წიგნის აკინძვისა და ტყავის დამუშავების ოსტატობას, გამოხატულია ბუნებრივი ტყავის ბლოკნოტის ზედმიწევნით მოპირკეთებაში, ქაღალდის უმაღლეს ხარისხში და მის მოოქროვილ კიდეებში. დახვეწილი დიზაინი, გაჯერებული თანამედროვე მომენტებით, დამზადებულია ფუნქციონალიზმის პრინციპით, რის მიხედვითაც ყოველი დეტალი, თუნდაც ესთეტიურად მომნუსხველი, კონკრეტულ დანიშნულებას ემსახურება. TREULEBEN-ის პროდუქცია ცხოვრების თანამგზავრია, აქედან გამომდინარე, მათი ბლოკნოტების მოსახერხებელი ფორმატი შესანიშნავია ყოველდღიური გამოყენებისთვის; კომპაქტური S ზომის (8,5 x 14,5 სმ) დღიურები, რომლებიც თიბისის სივრცეშია წარმოდგენილი, სამოსის ჯიბის განყოფილებისთვისაც თავსებადია. ადგილზე დაგხვდებათ ფერის მიხედვით სამი ვარიაცია: წითელი, შავი და ღია პიტნისფერი.

PANTONE

ამერიკული კომპანია Pantone, ინოვაციური დაპატენტებული ტექნოლოგიით 1963 წლიდან აწესრიგებს ფერებს მიკუთვნებული ნუმერაციის სისტემაში და მათ აღსანუსხად სახელწერო ჩიპის ფორმატით სარგებლობს, რაც ბრენდისთვის საავტორო ვიზუალური სახე გახდა. Pantone ინოვაციური ტექნოლოგიის გარდა, მომხმარებლის წინაშე Pantone Lifestyle კოლექციითაც წარსდგა, რაც სხვადასხვა ყოველდღიური საჭიროების პრაქტიკულ საგნებს მოიცავს. ბრენდის იკონური მიმართება ფერებთან საყოფაცხოვრებო ნივთების დიზაინშიც შენარჩუნდა. Pantone Lifestyle დანიური დიზაინის კომპანია Copenhagen Design-თან შემდგარი კოლაბორაციის შედეგია. დანიური სტუდიისა და Pantone-ის გაზიარებული ფერთა სიყვარული აისახა კოლექციაზეც, მოტოთი: „დაიწყეთ ყოველი დღე თქვენი საყვარელი ფერით!“. თიბისი კონცეპტში შესაძლებელია სახელგანთქმული ბრენდის მოზღვავებულად ფერადი ენერგეტიკის მატარებელი თერმოსებისა და ტრიტანის სასმელი ბოთლების ოთხ ფერში (ლურჯი, წითელი, მწვანე, შავი) შეძენა.

SOFIO GONGLI

ტიხრული მინანქარი, ქართული კულტურისთვის და რელიგიური მხატვრობისთვის მნიშვნელოვანი ხელობაა, თუმცა, დიზაინერ სოფო გონგლიაშვილის მხრიდან მისი საშუალებით არატრადიციული და საერთაშორისო მოდისთვის აქტუალური ესთეტიკის მქონე სამკაულების წარმოება, უნიკალური გადაწყვეტა აღმოჩნდა ამ ხელობის თანამედროვე მედიუმად ქცევაში. თიბისი კონცეპტის დისპლეიზე მოთავსებულია ხელოვანის ხელნაკეთი ბეჭდებისა და სამაჯურების კოლექცია, რომლებიც შესრულებულია ვერცხლსა და მინანქარში. წარმოდგენილი კოლექცია სოფო გონგლიაშვილის პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მინიმალისტურია, გამოყენებული ფორმისა და ფერის გათვალისწინებით. უბრალო და უნივერსალური სიმბოლო – მანიშნებელი ისრისა, თავის სიმარტივეში უსაზღვრო აბსტრაგირებას ჰპოვებს და აქსესუარის პატრონისთვის ინდივიდუალური და მეტად ინტიმური ინტერპრეტაციისთვის ფართო არეალს ტოვებს. დიზაინერი ამ კონკრეტულ კოლექციაში, თითოეულ სამკაულში ერთი ინტენსიური ფერის კონცეტრაციას ახდენს, რითიც ფერისა და ტექსტურის თვითკმარ ამომწურავობასა და სილამაზეს უსვამს ხაზს. გონგლიაშვილის სამკაული მეტია ვიდრე უბრალოდ აქსესუარი, მათი გადაკვეთა აშკარაა ხელოვნების დარგთან. ეს არტისტული მინი ობიექტები მრავალჯერ მოექცნენ საერთაშორისო ინტერესის ფოკუსში, მოდის კვირეულებსა, კონცეპტუალურ მაღაზიებსა და მოდის ჟურნალებში.

გვანცა ჯგუშია

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top