აქცენტები
27.04.2022
მარჯანიშვილის ქუჩის 7 ნომერში მდებარე ისტორიულ შენობაში წელიწადზე მეტია თიბისი კონცეპტის Flagship-ის ტიპის სივრცემ დაიდო ბინა. ქვესივრცეებად დაყოფილი მულტიფუნქციური დაწესებულება სტუმარს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს ერთ სივრცეში და მისი მთავარი ამოცანა მომხმარებელზე მორგებულ საბანკო მომსახურებას ცდება. თიბისი კონცეპტის მიზანია თავი მოუყაროს აქტიური ადამიანის ცხოვრების აუცილებელ ელემენტებს, და მათი საქმიანობისთვის, შემეცნებისთვის, სოციალიზაციისა და განტვირთვისთვის შთამაგონებელი გარემო შექმნას. შენობის ოთხ სართულზე, თერთმეტ ზონაში ნაწილდება სიმბიოტური ფუნქციური ერთეულები, როგორიცაა საერთო სამუშაო სივრცე, საპრეზენტაციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, საგამოფენო სივრცე, კაფე, თვითმომსახურების და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები. თიბისი კონცეპტის პირველ სართულზე ასევე წარმოდგენილია ქართული და საერთაშორისო სხვადასხვა გამორჩეული ბრენდების მიერ წარმოებული საგნებისგან დაკომპლექტებული კოლექცია, რომელთაგან ნაწილს ამ სტატიაში გაიცნობთ. თიბისი კონცეპტის ბარათით სარგებლობისას კი გადახდილი თანხის 15% უკან დაგიბრუნდებათ.
VITRA – EAMES ELEPHANT
შვეიცარიული ბრენდი VITRA-ს მიერ წარმოებული სახელგანთქმული „სათამაშო სპილო“, ჩარლზ და რეი ეიმესების (Charles and Ray Eames) მიერ 1946 წელს შექმნილ პროტოტიპს ეყრდნობა. ერთი შეხედვით მარტივი კონსტრუქციის საბავშვო სკამი დიზაინერების 1940-იან წლებში დაწყებული ექსპერიმენტის შედეგია, მიეღოთ სამგანზომილებიანი ფორმები პლაივუდში. თავდაპირველ დიზაინებს შორის, ორნაწილიანი სპილო ტექნიკურად ყველაზე რთული შესასრულებელი აღმოჩნდა და შრეებიან ფიცარში მისი მხოლოდ ერთი პროტოტიპი შესრულდა, რომელიც 1946 წელს მუზეუმ MoMA-ში, ნიუ-იორკში გამოიფინა; მსხვილ წარმოებაში პლაივუდი მაღალი ხარისხის ფერადი პლასტმასით ჩანაცვლდა, რამაც გაზარდა ხელმისაწვდომობა და შეცვალა საწყისი კონცეპტუალური გეზი. თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, სკულპტურული ობიექტი სახლის დეკორად განიხილებოდა, თუმცა მასალის ცვლილებასთან ერთად ფუნქციურად საბავშვო მოხმარების საგანს დაუახლოვდა – გახდა მეტად უტილიტარული; დღესდღეობით გამოიყენება, როგორც საბავშვო სკამი ან/და სათამაშო, არის როგორც გარე ასევე შიდა მოხმარების, კვლავ ინარჩუნებს დეკორატიულ ხიბლს. მქრქალი დამუშავების გლუვ ზედაპირს VITRA რამდენიმე მუდმივად აქტუალურ ფერში გვთავაზობს, მათგან თიბისი კონცეპტის სივრცეში მოხვდა მწვანე, ყვითელი, ფერმკრთალი ვარდისფერი და ‘ყაყაჩოსებრი’ წითელი. ხელმისაწვდომი და მსუბუქი ფაქტურის, მეგობრული იერსახის სპილო, სასურველი ობიექტია როგორც ბავშვებისთვის, ასევე თანამედროვე დეკორის მოყვარული ადამიანებისთვის, ვინც საცხოვრებელ გარემოში დახვეწილი ფორმით ფერის შემოტანას ცდილობს.
STORIES OF ITALY
STORIES OF ITALY – მილანში დაფუძნებული ბრენდი და დიზაინ სტუდიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე სახელს იმკვიდრებს ჩინებული დეკორატიული პროდუქტებით, რომლებიც შესრულებულია მურანოს კუნძულზე დამზადებული მინით, ტრადიციული იტალიური მოტივებით, ამავე კულტურისთვის სანიმუშო ხელნაკეთობით, თუმცა სრულიად გადააზრებული მურანოს ტექნიკით. თანამედროვე მიდგომით წარმოებული დეკორატიული ჭურჭელი, მინიმალისტური ფორმით და მაქსიმალისტური ფერით, შთაგონებას იღებს იტალიის ძვირფასი არქეოლოგიური და ისტორიული მემკვიდრეობისგან. ყოველდღიურობაში სამუზეუმო ესთეტიკის შემომტანი საგნები თავის თავში აერთიანებს დიზაინს, ხელობას და ხელოვნებას, რომელიც ტრადიციულ ესთეტიკურ წესებს ეთამაშება. Stories of Italy პრიალა ლაქიანი მინის სინონიმი გახდა, რომლის გადახალისებული მინის დამუშავების ტექნოლოგიაც ბრენდის დამფუძნებელმა დარიო ბურატომ შეიმუშავა. კოლექციის სახელწერო ქრომატული მოტივები იქმნება ფერადი პიგმენტებისა და ფანტელების მრავალჯერადი გამოყენების გზით – შუშის ფანტელები დნება ერთმანეთზე, რაც ბადებს უნიკალურ, არაპროგნოზირებად ვარიაციებს. თიბისი კონცეპტის სივრცეში იხილავთ ექვს-ერთეულიან მრავალფეროვან ჭიქის ნაკრებს – MACCHIA და ინდივიდუალურ ვაზებს.
CDG – WALLET & BAGS
COMME DES GARÇONS-ის ლეიბლის პოპ ესთეტიკის ნაზავი იაპონურ მინიმალიზმსა და ფრანგულ სამკერვალო კულტურასთან, არის ის ეკლექტური ფორმულა, რომელიც ნებისმიერი გემოვნების ადამიანის გარდერობამდე მიაღწევს. საფულის, როგორც ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტის დიზაინი, შეიძლება თვითგამოხატვის გამორჩეულ საშუალებად იქცეს; CDG-ის პრაქტიკა ამ მიმართულებით იდეალურად ითვალისწინებს ხშირი მოხმარების საგნის, როგორც სტრუქტურულ მდგრადობას, ასევე დახვეწილ მხატვრულ იდენტობას. თიბისი კონცეპტში განთავსებული Comme des Garçons 5100 Super Fluo ხაზი არის ელვა-ჩანთის საკულტო დიზაინი, შესრულებული უმაღლესი ხარისხის ნატურალურ ტყავში და გამბედავ ფლურესცენციულ ტონებში გადაწყვეტილი. ორ-პანელიან აქსესუარს კონტრასტში მოჰყავს ისეთი ფერები, როგორიცაა ელვარე ვარდისფერი, ფოსფორისფერი, კაშკაშა მწვანე, ელექტრული ლურჯი და წითელი. კლასიკურ მარტივ დიზაინში ჩაღვრილი პანკ ელფერი, ასხივებს ლეიბლის პრაქტიკისთვის სახასიათო დამოკიდებულებას. მისი ტარება შესანიშნავად ეხამება, როგორც ყველაზე ექსპერიმენტალურ სტილს, ასევე სადა ჩაცმულობას.
VINTAGE MINIS
VINTAGE MINIS მკითხველს გამორჩეული თანამედროვე და კლასიკური ნაწარმოებებიდან ფრაგმენტებს მცირე მოცულობაში, 100 გვერდამდე ფორმატში სთავაზობს, ისეთ ვრცელ თემებზე, როგორიცაა მეგობრობა, ქორწინება, სამართალი თუ მძვინვარება. სერიის მიზანია ადამიანებამდე მსოფლიოს რამდენიმე უდიდესი მწერლისგან ამოკრებილი „საარსებო საკითხავი“ მიიტანოს, და ესეის სახით სრული სამკითხველო გამოცდილება შექმნას. თიბისი კონცეპტში სერიიდან წარმოდგენილ წიგნებს შორისაა, ჯეინ ოსტინის „ქორწინება”, როუზ ტრემეინის „მეგობრობა”, რიჩარდ რაიტის „უსამართლობა” და ირვინ უელსის „მძვინვარება”. არატენდენციური ენით და კუსტარული დიალექტით გადმოცემული „მძვინვარება” ამონარიდი ტექსტია, ფართოდ გახმაურებული ბესტსელერის, „ჩხერკეთელაობის” შოტლანდიელი ავტორის ნოველიდან „ექსტაზი: ქიმიური რომანტიკის 3 ამბავი”, რომელიც ბიბლიოთეკის თაროებიდან როკ-ჯგუფ My Chemical Romance-ის ინსპირაციის წყარო გახდა. კონცეპტის სივრცეში განთავსებული არჩევანი ავთენტურად ერგება ნებისმიერი ასაკის და ინტერესის მკითხველს, ვინაიდან ყოველი მათგანი სხვადასხვა ინტენსივობით და ლინგვისტური მანერით ეხება საკაცობრიოდ ფუნდამენტალურ თემებს.
LEXON – MINO + SPEAKER BT
ხელის გულზე თავსებადი მინიატურული მოცულობის პორტატული Bluetooth დინამიკი შთამბეჭდავი 3-ვატიანი სიმძლავრის ჟღერადობით, სწორედ იმ შოკის ეფექტს იწვევს, რაც პარიზში დაფუძნებული იტალიური კრეატიული სტუდიის Quaglio Simonelli-ს დიზაინერთა დუოს მოტოს ემყარება – „არასოდეს დაინახონ საგნები ისეთებად, როგორებიც არიან”. ხმის გამაძლიერებელი კომპაქტური მოწყობილობა არტ დეკოს სტილისტური მახასიათებლებით შთაგონებული ხაზის, Miami-ს ქვეშ გამოიცა და ელეგანტურობის ნოსტალგიურ ნოტებს მისდევს, თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციების კვალდაკვალ. შესანიშნავი აკუსტიკური დიაპაზონის გარდა, უკაბელო კავშირის მეშვეობით, „MINO+“ ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას უკონტაქტო ზარების განსახორციელებლად და დისტანციური სელფის ტრიგერის სახით. ერთჯერადი დატენვით LEXON-ის ამ უნიკალური პროდუქტის გამოყენება სამი საათის მანძილზეა შესაძლებელი. დინამიკი, რომელიც ჯიბეშიც კი ეტევა, შეამსუბუქებს და სასიამოვნო ენერგიებით აავსებს ქალაქგარეთ მოგზაურობას, სპონტანურ პიკნიკს თუ შეკრებას მეგობრებთან. თიბისის კოლექციაში „MINO+“-ის ორი ვარიაციაა მოცემული, თეთრი და მალინისფერი ვიზუალით.
MOULE – TEARDROP COLLECTION
ადგილობრივი საიუველერო ხელნაკეთი ნაწარმი, წარმოშობით გერმანელი ედრიენ მონკედიკისა და ქართველი არქიტექტორის ნიკო კეჟერაშვილის საერთო ხედვებითა და დიზაინით იქმნება – MOULE-ის სახელწოდების ქვეშ. ქართულ-ფრანგული ბრენდის პირველი კოლექცია Teardrop Collection, 2021 წელს შეიქმნა და მინიმალისტურ სამკაულს აერთიანებს, რომელსაც დრომოუჭმელ კლასიკურობასთან ერთად გამბედავი მონასმები და ხელნაკეთობის ანაბეჭდი სძენს ავთენტურ ხასიათს. ჰაეროვანი სიმსუბუქით და ორგანული დინამიკით დამუშავებული ძვირფასი მეტალი, ვიზუალურად და შინაარსობრივად ფლუიდურია. დაკაფსულებული წვიმის წვეთი მოცემულია სამკაულის რამდენიმე სახით: საყურე, ბეჭედი და ყელსაბამი. „მიული“ თავისუფლად ერგება, როგორც ყოველდღიურ ასევე სადღესასწაულო განწყობას.
გვანცა ჯგუშია