ტატო ახალკაციშვილის სააზროვნო დღიური

RIA KEBURIA FOUNDATION

05.12.2022

რია ქებურიას საგალერეო სივრცე, მხატვარ ტატო ახალკაციშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს, რომელიც 4 დეკემბერს გაიხსნა. კაჭრეთში, ფონდის სახელოსნო დროებით სწორედ ამ ხელოვანს დაეთმო, რომელმაც რეზიდენციის ფარგლებში ლანდშაფტის კვლევა განაგრძო, როგორც ეს ჭეშმარიტ „ექსცენტრულ მოგზაურს“  შეეფერება. ეს უკანასკნელი ახალკაციშვილის ბოლო მასშტაბური პერსონალური გამოფენის სახელწოდება გახლდათ  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, რომელიც თვალს გადაავლებდა მულტიმედია არტისტის შემოქმედებით მოგზაურობას; თუმცა, ამჟამად გამოფენაზე მისულთ მონუმენტური ფერწერების ნაცვლად, მხატვრის მიერ მცირე ზომის ქაღალდზე შესრულებული ჩანახატები დახვდებათ. სარეზიდენციო პროექტები ყოველთვის შედარებით ექსპერიმენტალური, ახალი რაკურსით წარმოაჩენენ ხოლმე მოწვეულ ხელოვანებს და ჩვენც ვეცადეთ ტატო ახალკაციშვილი, გამოფენისთვის მზადების ამ ორომტრიალში მეტად უშუალო საუბარში გამოგვეჭირა.

არტისტის ფოტო-პორტრეტი

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი შემოქმედებითი პრაქტიკა სხვადასხვა ტექნიკებში ექსპერიმნტებს მოიცავს, საბოლოოდ ხშირად ისევ ფერწერას უბრუნდებით. რა ხდის ამ ტრადიციულ მედიუმს თქვენთვის გამორჩეულად საინტერესოს და ამოუწურავს?

ყველაზე საინტერესო სწორედ ამ მედიუმის ტრადიციულობაა ჩემთვის. ერთგვარი გამოწვევაა თუ როგორ მოვახერხებ მაქსიმალურად გამოვიყენო ის ტექნიკური საშუალებები და გამოცდილებები, რასაც ტრადიციული მედიუმები და ზოგადად აკადემიურობა იძლევა, და ახალი მიდგომები ვეძებო. იმდენად ამოუწურავია მისი ტექნიკური საშუალებები, რომ არ მაძლევს მოსვენებას ინტერესი დავკარგო და მუდმივად მინდება ახალი აღმოვაჩინო, რათა მაქსიმალურად მოვახერხო სათქმელი ზუსტად ვთარგმნო ტილოზე თუ ქაღალდზე ამ მასალებით.  ეს მედიუმები რაღა თქმა უნდა საშუალებებია ვიზუალიზაცია გავუკეთო იმ იდეებს, თემებსა თუ ფიქრებს რის გარშემოც ტრიალებს და იგება ჩემი ხელოვნება.

ტატო ახალკაციშვილი, უსათაურო, 2022, გუაში ქაღალდზე

მიმდინარე გამოფენაზე, გუაშით ქაღალდზე შესრულებული ფერწერული ნახატები გაქვთ წარმოდგენილი. მხატვრისთვის მცირე მასშტაბზე, თან ქაღალდზე გადასვლა, ვთვლი ბევრად ინტიმური ქმედებაა, და ალბათ საფრთხილოც. როგორც მნახველი, ყოველთვის მეტი ცნობისმოყვარეობით ვეკიდები ამ ფორმატის ნამუშევრებს, თითქოს ავტორის პირადი დღიურის ფრაგმენტებთან მაქვს შეხება. თქვენ თუ იზიარებთ ამ უშუალობის განცდას, ან ატყობთ მიდგომაში სხვაობას?

რა თქმა უნდა! ზუსტად შენიშნეთ და მიხარია ასეთი აქცენტი.

ქაღალდზე მუშაობა ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია, ძალიან ინტიმური და განყენებული.  ქაღალდზე გაკეთებულ ნამუშევრებს სულ რაღაც ორი წელია რაც ვაქვეყნებ, ისიც იშვიათად, არადა ბოლო თერთმეტი წელია ინტენსიურად ვმუშაობ ამ მედიუმში. არასოდეს ვხდიდი საჯაროს ჩემს გრაფიკულ ნამუშევრებს. ქაღალდზე მუშაობა იმდენად განსაკუთრებული გამოცდილებაა ჩემთვის, რომ ბოლომდე ვერც ვხსნი რა არის ეს, რატომაა და რისთვისაა. თუმცაღა, ჩემი ნახატები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არასოდეს წარმოადგენენ დამხმარე სკეტჩებს, ისინი დამოუკიდებელი ნამუშევრებია და განსხვავებულად წარმოაჩენენ იმ სააზროვნო სივრცეს რა სივრცეშიც მე ვარსებობ თუ ვამყოფებ თავს. თითქოს, ეს მასალა და ტექნიკა თვითონ საუბრობს, თვითონ ამბობს სათქმელს, და უფრო გულახდილს, უფრო ინტიმურს, უფრო მგრძნობიარეს ხდის ჩემს ხელოვნებას. აქ უფრო მეტად ქვეცნობიერი მუშაობს, სრული თავისუფლება მაქვს, ასევე  მასალის სპეციფიკიდან გამომდინარეც, და ბოლომდე ვენდობი სპონტანურობას, რაც ამ ტექნიკას ხშირად ახლავს თან. ჩემთვის განსაკუთრებულად სანდო, პროფესიონალ ადამიანებს აქვთ ნათქვამი ჩემს ქაღალდზე შესრულებულ ნამუშევრებზე დაკვირვების შემდეგ, რომ ეს ნახატები (drawings) ერთი დიდი ტექსტია და „სააზროვნო დღიურს გავს“, რაც ძალიან დიდი კომპლიმენტია ჩემთვის.

ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა მასალების მოძიება, შერჩევა რადგან გრაფიკულ ნამუშევარს აქვს განსაკუთრებული სპეციფიკა და ნებისმიერი ტიპის მასალით ხატვა არ ტოვებს სახარბიელო შედეგს. ეს აქტი  ჩემთვის მოგზაურობას ჰგავს, თუმცაღა პირდაპირი მნიშვნელობითაც მოგზაურობაა – შტატებში და ევროპაში მაქვს რამოდენიმე მაღაზია არჩეული, რომლის კლიენტიც ვარ. იქ ქაღალდების, ტუშების, გუაშების, მელნების და პიგმენტების თითქმის სრულ სპექტრს ვპოულობ, რასაც ვიყენებ სახატავად.

როდესაც ამის დრო მოდის, ყოველთვის მაქვს შეგრძნება რომ ახალი ისტორიისთვის ვემზადები და დიდი სიფრთხილით ვარჩევ ამ მასალებს, რაც ორ ან სამდღიან შრომას მოითხოვს. ეს განსაკუთრებული აქტია ჩემთვის. ამას იმითაც ვხვდები, როდესაც შერჩევის პროცესში შესვენებისას ყავას ვსვამ. ამ დროს ყავას ყოველთვის განსაკუთრებული გემო აქვს.

ტატო ახალკაციშვილი, უსათაურო, 2022, გუაში ქაღალდზე

ლანდშაფტის კვლევა ის თემაა, რაც გასდევს თქვენს შემოქმედებას, თუმცა მრჩება განცდა, რომ ეს არაა ნანახის ბოლომდე ობიექტური გადმოცემის მცდელობა, არამედ თქვენი თხრობა ხშირად სურეალისტურ ამბიანსს ატარებს. რეზიდენციის ფარგლებში შესრულებული ეს სერია უშუალოდ ბუნებაზე დაკვირვებით შეიქმნა, თუ ის მხოლოდ ემოციური მკვებავის როლს ასრულებს ფანტასმაგორიული პეიზაჟებისთვის?

პეიზაჟს, როგორც ჟანრს, იმდენად თავისებური და დიდი ისტორია აქვს ხელოვნების ისტორიაში, რომ ხანდახან შიშიც მაქვს – რამდენად მეყოფა უნარი თუ გამბედაობა ჩემს სასაუბრო ენად ვაქციო პეიზაჟი და ამავე დროს დავუკარგო პეიზაჟურობა, რაც ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს ჩემს ხელოვნებაში. იმის მიუხედავად, რომ მთელი ჩემი ბავშვობა თუ  შეგნებული ახალგაზრდობის ასაკი ვიკვლევდი და ვსწავლობდი პეიზაჟს, როგორ ჟანრს და ფიზიკურად ვსწავლობდი მის ხატვას (პლენერზე სიარულით თუ სხვა მხატვრების გამოცდილებებზე დაყრდნობით), ის არასოდეს წარმოადგენს მიზანს, არამედ დამხმარე საშუალებაა. პეიზაჟი ყველაზე მოსახერხებელი და ემოციური სასაუბრო ენაა ჩემთვის, ამიტომაც ვცდილობ დაჟინებით ჩემს პეიზაჟებს წავართვა პეიზაჟურობა, რაც ძალიან რთულია.

არასოდეს ვიღებ ‘ლენდსქეიფისგან’ ინსპირაციას. პირიქით, როდესაც უკვე დამუშავებული და გააზრებული იდეა მაქვს, მხოლოდ ამის შემდეგ მივმართავ პეიზაჟს, როგორც დოკუმენტურ, დამხმარე მასალას უკვე განცდილი თემის/იდეის ვიზუალიზაციისთვის. მე ვაკეთებ ვიზუალურ ხელოვნებას, რომლისთვისაც ვიყენებ რეალისტური მხატვრობის ენას და ბუნებრივია, მჭირდება ელემენტალური ფოტო თუ ‘ვიზუალური მასალა’,  ამიტომ მიწევს ხოლმე მოგზაურობა უდაბნოსა თუ მთაში. როდესაც დამუშავდება, განიცდება იდეა თუ თემა, საჭიროების შემთხვევაში, ამის შემდეგ იწყება მოგზაურობა. ეს ერთგვარი მეთოდია: კონკრეტულ იდეასთან ემოციურად ახლო მასალის ძიებას ვიწყებ, რომელი ობიექტებიც ან სიუჟეტებიც ახლოსაა ამ ‘განცდილთან თუ ნააზრევთან’  ვიმახსოვრებ, ან ფოტოს ვუღებ. ხანდახან სპეციალურად ვაკეთებ ექსტრემალურ ‘ოფროუდს’, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რათა ადრენალინის განცდითაც მივაგნო ამა თუ იმ დაფარულ ემოციებს, რომლებიც ველურ ბუნებაში იჩენს ხოლმე თავს. სულ ესაა! ამიტომაა, რომ არასოდეს ვაკეთებ კონკრეტულ პორტრეტებს კონკრეტული ადგილმდებარეობების, ანუ გადმოხატულ ლანდშაფტებს არ ვქმნი – ეს უბრალოდ არ მაინტერესებს, არაფერ შუაშია ჩემს ხელოვნებასთან.

რია ქებურიას ფონდის რეზიდენციაში მუშაობის დროსაც, იგივე მეთოდს მივმართე. მქონდა კონკრეტული ნამუშევრების სერია თავში, ერთგვარი ცდა მინდოდა ქაღალდზე იმისა, რასაც ვფიქრობდი ბოლო სამი თვე. ამისათვის მჭირდებოდა ორგანიზებული ლანდშაფტის გამოყენება. „კაჭრეთი ამბასადორ“-ში ზუსტად ასეთი საოცრად ორგანიზებული ლანდშაფტია, ამიტომ სიხარულით დავთანხმდი შემოთავაზებას და ინტენსიურად ვიმუშავე ორი კვირა, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ ამ ფონდის.

ტატო ახალკაციშვილი, უსათაურო, 2022, გუაში ქაღალდზე

მეჩვენება, რომ თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში თავიდან აღიძრა სენტიმენტალური განწყობა თავდაპირველი ჟანრების მიმართ, როგორიცაა პეიზაჟი და პორტრეტი, რისთვისაც მხატვრებს ზურგი, თითქოს, არც არასდროს უქცევიათ. გრძნობთ აქტუალურ შინაგან მოტივს, რაც გიბიძგებთ სამყაროსთან ამ ენით ურთიერთობა არ გაწყვიტოთ და განიცადეს თუ არა თქვენმა ლანდშაპტებმა დროთა განმავლობაში აზრობრივი მეტამორფოზა?

ვფიქრობ ამ ჟანრების მიმართ არასოდეს გაწყვეტილა ინტერესი და კავშირი, უბრალოდ პარალელურად ბევრი ახალი ტენდეცია, მიმართულება იბადებოდა ხელოვნების სამყაროში და პერიოდულად ეს ჟანრები თითქოს აქტუალურობას კარგავდა. რაღაც მომენტში,  ვფიქრობ იყო პერიოდი როდესაც „ფერწერა გადაარჩინეს” ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან  პაულა რეგო, გერჰარდ რიხტერი, მარლენ დიუმა,  ლუკ ტუიმანსი, მამმა ანდერსონი, პიტერ დუიგი, მიშელ ბორემანსი, ნეო რაუხი, მარკუს ლუპერცი, ანსელმ კიფერი. ყოველთვის დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი ამ ხელოვანებს რომლებიც საბაზისო მედიუმებით და ჟანრებით, ძველ გამოცდილებებზე დაყრდნობით, წარმოაჩენდნენ სრულიად ახალ ხელოვნებას.

სახვითი ხელოვნების ეს საბაზისო ჟანრები და მედიუმები ყოველთვის საინტერესო იყო ჩემთვის და იმდენად დიდ აღფრთოვანებას იწვევდნენ, რომ ყოველთვის დიდ მოტივაციას მაძლევდნენ გამომეყენებინა ჩემს სასაუბრო ენად და ხელსაწყოდ. ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა რომ, სრულიად შეგნებულად ვცდილობ წავართვა ჟანრულობა ‘ლენდსქეიფს’ ან ყოფით ჟანრს, ჩემს სამეტყველო ენად მაინც რჩება ფიგურატიული ხელოვნება, რისი მუდმივად განვითარების სურვილიც მოსვენებას არ მაძლევს.

თქვენი აღქმის რაკურსი ყოველთვის დისტანცირებულია, და მეტწილად ფიქსირებული, ცენტრში მყოფ, ეულ საგანზე (ან საგანთა ჯგუფზე). სივრცის მოწყობის ამგვარი მიდგომა იმდენად დრამატურგიულია, რომ განცდა მაქვს  ფილმის ჩანახატს ვუყურებ. ეკრანისებრი შრის შემოტანა ნახატს, თქვენს თავსა და შემდგომ უკვე მნახველს შორის, დამკვირვებლური აგენტურის გადანაცვლების მცდელობაა?

ზუსტად აღნიშნეთ! ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მეთოდია მნახველის დამკვირვებლად ქცევა, ფილმის კადრულობის შემოტანით ჩემს ნამუშევრებში. სრულიად შეგნებულად მივმართავ ამ ხერხს. სიბრტყეზე პირველ რიგში კადრისთვის დამახასიათებელ შავ მინდვრებს , „კაშეებს“ ვაკეთებ, კომპოზიციასაც ‘რასკადროვკის’ მიდგომით ვშლი. ფერიც ოდნავ უტრირებულია – მონოქრომულია თითქოს. იმის გარდა რომ დამკვირვებლად მინდა ვაქციო მნახველი, ერთ ჯაჭვს მინდა წარმოადგენდეს ის, რომ ფილმი ჩემთვის უკვე მომხდარი ამბის, თუ  მოვლენის სიმბოლოცაა,  მისი ფიქსაცია, რომლის დაკვირვება და გადააზრება იწყება მაშინ, როდესაც უკვე ჩავლილია ეს მნიშვნელოვანი მომენტები თუ ამბები. ეს ჩემეული მიდგომაა სამყაროს  ხედვის და ბუნებრივად მიმაჩნია ხელოვნების მეშვეობითაც იგივე მიდგომა გამოვხატო. პეიზაჟი ერთგვარი მიზანსცენაა, სადაც ადამიანის ადამიანად ყოფნის მთავარი დრამა თამაშდება, რომელიც მუდმივად „ჰოს” და „არას” შორისაა განვრცობილი. ცენტრში მყოფ საგანზე ან ობიექტზე აქცენტი, რომელსაც ხშირად ვაკეთებ, მხატვრული ჩანართისა გარდა, ფოკუსირების საშუალებაცაა, რომელზე ფოკუსის გაკეთებაც მომენტალურად გკარნახობს ‘უკანა ფონით’ დაინტერესდე, რომელიც  ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი შრეა ვიდრე ფოკუსის ობიექტი. 

ტატო ახალკაციშვილი, Untitled Pictures of Indefinite Future, (Red Room), 2020, ზეთი ტილოზე

განმეორებითი სიმბოლიკა ახასიათებს თქვენს ნამუშევრებს, განსაკუთრებით კი ფრთოსანთა გუნდი და მათი ბუმბული, რომლებიც თითქოს კვალის აბნევას ცდილობენ ან რაიმეზე გადაფარებას. ვცდები, თუ მართლაც ატარებენ ისინი გარემოს შემამსუბუქებელი მატერიის თვისებებს?

ჩიტები ერთგვარი ამბივალენტური განცდით და სიმბოლური მნიშვნელობით იხატება. ისინი საიდუმლოს, თავისუფლების და ამავე დროს, სიკვდილის სიმბოლოებიც არიან. ცხოველები და ფრინველები ერთადერთი ცოცხალი არსებები არიან ჩემს ნამუშევრებში და კონკრეტული სიმბოლური კონტენტის მატარებლები არიან. ადამიანები არასოდეს ფიგურირებენ იქ, განცდა რჩება, რომ ადამიანიც არის იქ, მაგრამ არასოდეს ჩანს. იმდენად ზედმეტია ჩემს სიუჟეტებში ადამიანის ფიგურის ყოფნა, რომ ვერც წარმომიდგენია ესეთი შეცდომა დავუშვა, რომ ისინი ჩემს ნამუშევრებში გამოჩნდნენ.

ტატო ახალკაციშვილი, უსათაურო, 2022, გუაში ქაღალდზე

ხელოვანის საშინაო-სახელოსნო პრაქტიკა ერთგვარ კომფორტის ზონას წარმოადგენს, როცა რეზიდენციაში მუშაობა დროებით ადაპტაციას მოითხოვს. თვლით, რომ ეს აისახა ამ პერიოდში შექმნილ ნამუშევრებზე ან ახალი კითხვები წარმოშო?

დიახ, განსაკუთრებით ადაპტაციას მოითხოვს სახვით ხელოვნებას ვინც აკეთებს ის ხელოვანი. სპეციფიურად განსხვავებული სამუშაო გარემო სჭირდება სახვითი ხელოვნების კეთებას. ის ადამიანივითაა, რა აუცილებელი პირობებიც სჭირდება ადამიანს საცხოვრებლად, ზუსტად იდენტური სჭირდება სახვით ხელოვნებასაც:  სითბო, სიგრილე, სიმშრალე, ცხელი და ცივი წყალი, მაცივარი, გაზი, ელექტრობა, სამზარეულო, საპონი, და აბაზანა. ამის გამო მხატვარს დიდი კომფორტის ზონა ექმნება და ფსიქოლოგიურად რთულია, როდესაც იცვლის სამუშაო გარემოს. ადაპტაცია აუცილებლად სჭირდება ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, როგორი კარგი პირობებიც არ უნდა დახვდეს რეზიდენციაში. რია ქებურიას ფონდის რეზიდენცია კარგი პირობებით გამოირჩევა, მიუხედავად ამისა ადაპტაცია დამჭირდა რა თქმა უნდა, რის შემდეგადაც 16 ნამუშევარი გავაკეთე ქაღალდზე, რაც ვფიქრობ 14 დღისთვის ცოტა არაა. განსაკუთრებით სახასიათოა რიას რეზიდენცია, რადგან ის მდებარეობს ბუნებაში, ვაშლის ბაღში, რის გარშემოც მინდორი და საკმაოდ უცნაური ‘ლენდსქეიფია’.  ასევე საჯინიბოა რეზიდენციის სახელოსნოს გვერდით და შესვენების დროს ცხენებთან ურთოერთობა და თავლაში გასეირნება განსაკუთრებულ მდგომარეობებს გიქმნის.

გვანცა ჯგუშია

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top