James De Givenchy-ის მემკვიდრეობა

14.02.2022

გენიალური დიზაინერის, Hubert de Givenchy-ს ძმისშვილი James de Givenchy საფრანგეთის ჩრდილოეთით, პარიზის მახლობლად, პატარა ქალაქ ბუვეში დაიბადა, იქ სადაც მისი მამა, ჟან-კლოდი და ბიძა ჰუბერტი ცხოვრობდნენ.

პასტორალურ ცხოვრებას და მცირე მასშტაბებს მიჩვეულს, მას ნიუ-იორკის მრავალფეროვანი, ხალხმრავალი და დინამიური ცხოვრება იზიდავდა; სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თავისი საყვარელი საქმე სწორედ ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში წამოეწყო. 

1980-იანი წლების დასაწყისში იგი ამერიკაში გადადის საცხოვრებლად, ასრულებს სახვითი ხელოვნების კურსს და სწავლას გრაფიკული დიზაინის მიმართულებით Manhattan’s Fashion Institute of Technology – ში აგრძელებს.

ბიძის შემოქმედებით შთაგონებულმა ჯეიმსმა მუშაობა ლოს ანჯელესში კრისტის აუქციონის საიუველირო ნაკეთობათა განყოფილებაში დაიწყო. მან მალევე დააგროვა ნამუშევრების გარკვეული რაოდენობა და მისი ბიძა, ჰუბერტი ამერიკაში მიიწვია. სამწუხაროდ ჰუბერტს დიდი ყურადღება არ გამოუჩენია ჯეიმსის ნამუშევრების მიმართ, თუმცა  მაგალითისთვის  იტალიელი დიზაინერის Fulco di Verdura-ს ბროში აჩვენა და უთხრა: „ეს არის ნამდვილი საიუველირო ნიმუში,  კაშკაშა და უნიკალური“. მოგვიანებით ჯეიმსი იხსენებს, რომ სწორედ იმ მომენტში მიხვდა თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი მომავალი შემოქმედება. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ხშირად ჯეიმსის ნამუშევრებს სტილისტურად სწორედ ფულკოს ადარებენ. 

დიზაინერი მალევე შეუდგა ექსპერიმენტული მუშაობის სტილს მასალებით, რომლებიც მაღალ საიუველირო ნიმუშებში იმ დრომდე არ გვხვდებოდა. საბოლოოდ კი, ეს  ნამუშევრები მან Taffin საიუველირო სახლის სახელის ქვეშ გააერთიანა. 

სახლი 1996 წელს ნიუ-იორკში დაარსდა. მან სულ მალე მოიპოვა აღიარება, ამიტომ პატარა სალონების შემდეგ  მანჰეტენზე დაიდო ბინა.

Taffin-ის სამკაულების კონტრასტულობა მუდმივი გამოწვევაა. ნაკლოვანებებში სილამაზის დანახვის უნარმა და მათში სიახლის ძიებამ დიზაინერი უჩვეულო ფაქტურის გამოყენებამდე მიიყვანა. სკულპტურულ, მკაფიოდ გამოხატულ, ინდივიდუალურ ფორმებს კი რეზინა და ფოლადი, ექსპერიმენტული  მასალები შეუსაბამა.

ჟივანში წერს: „მე ვეძებ მაგიას, სწორ პროპორციებსა და ფორმებს. ჩემთვის არ არის საინტერესო არაფერი უნაკლო; როგორც სამკაულში, ასევე ადამიანებში მე ვეძებ შარმს; იმას, რაც დაფარულია. სამკაული ხომ იმისთვისაა, რომ  სწორედ ისეთად წარმოგაჩინოს, როგორიც რეალურად ხარ?! ამისთვის საჭიროა შემოქმედებითობა, ინტელექტი და ლოგიკა.“

ჟივანშის სამკაულის სახლს ღრმა კულტურული თუ ისტორიული ნარატივი გასდევს, მისი მამოძრავებელი ძალა კი კლასიკური ფრანგული  და ამერიკული სამკაულის შექმნის მდიდარი ტრადიციაა.

როგორც საიუველირო ნაწარმის შემქმნელებისგან ვიგებთ, პროდუქციის 80%  შეკვეთით მზადდება. ისინი საკუთარ სამუშაოს  მაღალი მოდის კეთების  პროცესს ადარებენ. დიზაინერს უყვარს ბრილიანტების და ცირკონების გამოყენება. ის ამბობს, რომ  მისთვის სასიამოვნოა შეეხოს იმას, რაც იმ დროიდან არსებობს როცა დედამიწა ფორმირდებოდა. 

დაარსებიდან 10 წლის თავზე (2006 წელს) საიუველირო სახლმა კერამიკის და ხის მასალების გამოყენებით ასორტიმენტი გააფართოვა  და ერთგულ მომხმარებელს საინტერესო სიახლეები შესთავაზა.

2011 წელს კი Taffin -ის ბრენდმა Barneys New York-თან თანამშრომლობით  სუნამოს კაფსულა კოლექცია შექმნა. სუნამო დამზადდა საფრანგეთში, რომელიც გამოირჩეოდა თავისი შემადგენლობით, დამზადების წესითა და პრეზენტაციის ფორმით. ეს გახლდათ სურნელოვანი სანთლების ბაზაზე დამზადებული სუნამო, რომელიც პლასტმასის კონტეინერის ტიპის შეფუთვით მიეწოდებოდა მომხმარებელს. 

ჯეიმს დე ჟივანშის შემოქმედებაში აღსანიშნავი 2016 წლის შემოდგომაა. საიუველირო  სახლის დაარსებიდან 20 წლის თავზე,  Rizzoli-მ 400 გვერდიანი ნაშრომი დაწერა Taffin -ის ორ დეკადიან ისტორიაზე, გამოწვევებსა თუ სიახლეებზე. წიგნი მალევე ბესტსელერი გახდა.

როგორც დიზაინერი ამბობს, სამუშაო პროცესი ყოველთვის ქვების არჩევით იწყება, მათი ტექსტურა, ფერი და ხასიათი საშუალებას აძლევს მხატვარს ამ მოცემულობებით ითამაშოს.

Frontal view of owl with bright yellow eyes

კომპანია Tiffin-ის გუნდის წევრი ჯეიმსის ძმა ფილიპ დე ჟივანშია, რომელიც სამკაულების ასობით ფოტოს ავტორი და ბრენდის ვიზუალური ფორმირების მუდმივი მონაწილეა. ფოტოების ერთერთი სერია გვიჩვენებს სამკაულის და ბუნების პარალელებს, საიდანაც კარგად ჩანს დიზაინერის შთაგონების პირველწყარო.

მარიამ ბერძენიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top