თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის (TAF) სტუმრები პრეზიდენტის სასახლეში

17.04.2024

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის (TAF) სტუმრებს უმასპინძლა. მან,  ქართულ თანამედროვე ხელოვნებასა და არტისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ხაზი გაუსვა ერის სოციალურ-პოლიტიკური განვითარების პროცესში ქართული კულტურის მნიშვნელობას.

პრეზიდენტმა სტუმრებს, პირველ რიგში, „დედაენის დღე“ მიულოცა: „ჩვენი არაჩვეულებრივი ენა არის ის, რაც საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება და კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი ძალა და ენერგია.“

შეგახსენებთ, რომ თბილისის ხელოვნების ბაზრობა (TAF) უკვე მეოთხე წელია ტარდება. პირველად ის 2018 წელს ჩატარდა, შემდეგ 2019 და 2022 წლებში. აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე საქართველოს ისტორიული მდებარეობის გათვალისწინებით, TAF-ის მიზანია, საერთაშორისოდ წარმოადგინოს კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის დამწყები სახელოვნებო სცენები, ასევე ის ხელოვანები, რომლებიც ნაკლებად ჩანან ან ხელმისაწვდომნი არიან, რაც სტიმულს აძლევს სხვა პარტნიორ გალერეებსაც და ხელს უწყობს კავშირების დამყარებას ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო დაწესებულებებს შორის. TAF-ი შესანიშნავი შესაძლებლობაა სტუდენტებისა და ახალგაზრდა ხელოვანებისთვისაც, ნახონ ხელოვნების ფართო სპექტრი ძვირადღირებული და ხანგრძლივი მოგზაურობის გარეშე. პრეზიდენტის თქმით,  ეს გაერთიანება, სიახლის გაცვლა და ხელოვანების ნაფიქრალის გააზრება საქართველოს თავის ისტორიულ დანიშნულებასა და სიცოცხლეს აძლევს. თბილისი კავკასიაში ხომ ყოველთვის იყო კულტურის დედაქალაქი და ეს მისი მთავარი დანიშნულებაა. პრეზიდენტმა საქართველოს ევროპულ მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  TAF-ი სწორედ ის ადგილი და მომენტია, როცა ევროპა ჩვენთანაა. „ჩვენ მალე ერთი დიდი ოჯახი ვიქნებით ევროპის მთავარი ნიშნით: ყველა თავისი იდენტობით, ყველა თავისი ენით, ყველა თავისი კულტურით და ყველა თავისი თავისუფლებით“,  თქვა მან.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში მათი ძალისხმევა აღნიშნა. მან თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების მედლით თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრის დამფუძნებელი კახა გველესიანი და თბილისის თანამედროვე ხელოვნების არტ დირექტორი ერიკ შლოსერი დააჯილდოვა.

მოწვეული სტუმრებისათვის სასახლეში ქართველი დიზაინერის, ირაკლი ნასიძისა და სუხიშვილების ქართული ნაციონალური ბალეტის ერთობლივი პერფორმანსი „ხელოვნება – კულტურის მეხსიერება და მომავლის ჭვრეტა“ გაიმართა.  სტუმრების წინაშე წარდგნენ გორის ქალთა კამერული გუნდი და ანსამბლი ,,შავნაბადა“, რომელმაც ქართული ხალხური მუსიკის მოტივებზე შექმნილი კომპოზიცია ,,ევროკავშირის ჰიმნი“ შეასრულა.

უცხოელი გალერისტების, ჟურნალისტების და არტისტების აზრით, ქართულ თანამედროვე ხელოვნებასა თამამად შეუძლია საკუთარი განსხვავებული სიტყვა თქვას და მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნებაში გამორჩეული ადგილი დაიკავოს. საგულისხმოა, პოლ დუჟარდენის (ხელოვნების ისტორიკოსი და BOZAR-ის გენერალური დირექტორი 2020-2021 წლებში) სიტყვები: ,,თქვენ ძალიან კარგად გრძნობთ ურთიერთკავშირს ევროპულ სივრცესთან. მე დიდი ხნის განმავლობაში, რაც ბელგიის მთავარ ხელოვნების ცენტრს ვხელმძღვანელობ, ყოველთვის ყურადღებას ვაქცევ იმას, რაც ხდება საქართველოს თეატრში, ცეკვაში, ლიტერატურაში, კინოში.“ პოლ დუჟარდენის აზრით, არტ ბაზრობაზე ახალგაზრდა მხატვრებს ციფრულ სამყაროში პოტენციალი აქვთ, იციან რასთან აქვთ კავშირი…და ერთადერთი, რაც მათ სჭირდებათ, არის ევროპულ სივრცესთან პარტნიორობა და სხვადასხვა ქვეყნის არტისტებთან ერთად მუშაობა.

,,ის ახალი თაობა, რომელიც არტ ბაზრობაზე გავიცანი, საქართველოს ნამდვილად გახდის ევროპული სივრცის ნაწილად, რომელთანაც ის მემკვიდრეობით, წარსულითა და ისტორიით იყო დაკავშირებული. ჩვენ საერთო ოჯახი ვართ და შეგვიძლია ამ ყველაფრის გაკეთება. ასე რომ, მე მჯერა საქართველოსთან ერთობლივი ევროპული პროექტის“, აღნიშნა პოლ დუჟარდენმა.

ანნა სომერს კოქსმა (The Art Newspaper-ის დამფუძნებელი და რედაქტორი) ხაზი გაუსვა საქართველოს ადგილმდებარეობას – თქვა, რომ ის ქრისტიანული ევროპის აღმოსავლეთ კიდეშია, რაც უცხოელებისთვის ამაღელვებელი და რომანტიკულია. მისი თქმით, საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი იცის, ამიტომ სწორედ ხელოვნებაა მისი  გაცნობის სწრაფი გზა. მან აღნიშნა, რომ თანამედროვე ხელოვნებაში ყველა ქვეყანა თავის კულტურულ ფონს ასახვას და ასეა საქართველოშიც. ,,როცა ნამუშევარს უყურებ, ფიქრობ, რომ კარგია, შემდეგ, აღმოაჩენ მის უკან არსებულის მნიშვნელობას – იმას, რაც ჩვენთვის ევროპის დასავლეთ ნაწილში საინტერესოა. ვფიქრობ, რომ ქართულ თანამედროვე ხელოვნებას დიდი მომავალი აქვს“,  ანნა სომერს კოქსი.

პრეზიდენტის ენთუზიაზმი საქართველოს ევროპული მომავლისადმი, TAF-ში გამოფენილ შემოქმედებასთან ერთად, ქვეყნის თანამედროვე ხელოვნების სცენისთვის პერსპექტიული მომავლის სურათს გვიხატავს. TAF-ი კულტურის გაცვლის პლატფორმაა, რომელიც საქართველოსა და ევროპას შორის კარიბჭის ფუნქციასაც ასრულებს. ეს ხელს უწყობს ქართული ხელოვნების უნიკალურობის აღნიშვნას და მის უფრო ფართო აუდიტორიასთან გატანას.

ნინი ვანიშვილი

Scroll To Top