YOHJI YAMAMOTO-ს კოლექციისთვის
საინტერესო სანახავია პოდიუმი, რომელზეც მამაკაცები ერთიდაიგივე ქალის სხვადასხვანაირი ფერადი პორტრეტებით დაპრინტული გრძელი პერანგებით დადიან. ეს Yohji Yamamoto-ს 2018 წლის მამაკაცის კოლექციის ახალი მიგნებაა. იაპონელი მხატვარი Suzume Uchida კი მისი აღმოჩენა. თუ როგორ შედგა ეს საინტერესო ტანდემი, „ამარტა“-მ თვით სუზუმე უჩიდა-სგან შეიტყო.
რა როლს ასრულებს მოდა თქვენს ცხოვრებაში?
მოდა ადამიანის ნამდვილი მეს სარკისებური ანარეკლია. ის ადამიანებს მათი შინაგანი სამყაროს გამოხატვის საშუალებას აძლევს. ხანდახან მოდა საკუთარი თავის აღმოჩენაში მეხმარება. როცა ფერად ტანსაცმელს ვირჩევ, თავს კარგად ვგრძნობ. მეორე მხრივ, როცა ძალიან ვიღლები, მირჩევნია, კომფორტული ტანსაცმელი ჩავიცვა.
და კიდევ ერთი რამ, მოდა დადებით ენერგიასთანაა დაკავშირებული. შავი სამოსი ძალას მანიჭებს და მომავალ ხელოვნების გამოფენებზე აღარ ვღელავ. როცა იოჯი იამამოტოს (Yohji Yamamoto) ტანსაცმელს ვიცვამ, ვგრძნობ იმ ძალასა და ენერგიას, რომელიც ჩემს გარემომცველ ატმოსფეროს ცვლის.
იოჯი იამამოტოსთან თქვენი თანამშრომლობა როგორ დაიწყო?
იოძი იამამოტოს კომპანიიდან მოულოდნელად დამირეკეს. ამ ზარს საერთოდ არ ველოდი. 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციისთვის ლამაზი ქალების პორტრეტების გამოყენებას აპირებდნენ და მათი ყურადღება ჩემმა ნახატმა ღამე მხოლოდ ახლა იწყება მიიპყრო.
იოჯი იამამოტოს კოლექციისთვის ახალი ნამუშევრები შექმენით თუ მან უკვე არსებული ნამუშევრები აარჩია?
საღამოს კამელია და მზის ბავშვები სპეციალურად მისი კოლექციისთვის შევქმენი. საღამოს კამელია ნამუშევრის ღამე მხოლოდ ახლა იწყება მოტივებზე შევქმენი.
თავიდან აპირებდნენ ეთხოვათ, რომ რამე სრულიად ახალი გამეკეთებინა, მაგრამ თვალში yurei-ს (აჩრდილი) უკვე არსებული ნახატები მოხვდათ. კოლექციის თემა ბუდიზმი და რეინკარნაცია იყო.
თქვენი ქალები მისტიკურები არიან? ეს მისტიკა საიდან მოდის?
ჩემს თავს კარგად ვიცნობ. ამიტომაც არ ვფიქრობ, რომ მისტიკური ქალი ვარ. მაგრამ ადამიანები ხშირად მნეუბნებიან: “შენ ბევრი სახე გაქვს”. რატომ მეძახის ხალხი ხშირად მრავალსახიანს? ალბათ იმიტომ, რომ მხატვარი ვარ.
როცა გარკვეულ ასაკს აღწევ, ხვდები როგორ დააღწიო თავი მარტოობასა და ტკივილს. ჩემს ნამუშევრებში მათ ყოველთვის ავსახავ ხოლმე. ერთი ნახატით ხალხი მხედავს და გამიცნობს ხოლმე. ალბათ ამიტომაც ვგონივარ მათ იდუმალი ქალი.
როგორ ფიქრობთ, რატომ აარჩია იოძი იამამოტომ თქვენი ნახატი ქალთა სახეები კაცების კოლექციისთვის? თქვენთვის ეს რისი მთქმელია?
ჩემი ნამუშევრების თემაა „კარმა და ქალები“. მაგალითად, ვარდისფერი ფიცის კონცეფცია საშინელ დაპირებასთანაა დაკავშირებული. თუ მიღალატებ, მოგკლავ და ამის შემდეგ მეც მოვკვდები. “ძვირფასო, საყვარელო, ისე ძალიან გიყვარვარ, რომ ჯოჯოხეთშიც წამომყვები?” იაპონელი ბავშვები პირობის მიცემის დროს ერთმანეთს თითებს ჩასჭიდებენ ხოლმე. იაპონიაში ამას Yubikiri-genman-ს ვეძახით.
კაცები, რომლებსაც ჩემი ნახატები, ქალთა სახეები მოსავთ, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებლები არიან. როცა კაცს ქალის სახე აცვია ქიმიური რეაქცია ხდება, რომელიც ახალ ამბავს ქმნის.
მოდასთან მომავალში თანამშრომლობის ახალი იდეები თუ გაქვთ? სხვა რომელ მოდის დიზაინერთან ითანამშრომლებდით? ან იქნებ თავად შექმნათ კოლექცია?
ძალიან გამეხარდებოდა, იოძი იამამოტოს გუნდმა რომ ჩემთან მუშაობა გააგრძელოს. თავად მე მოდის კოლექციის შექმნას არ ვაპირებ. მე დიდი-დიდი ხატვა შემიძლია. ვფიქრობ, სჯობს ამ საქმეს ისევ სპეციალისტებმა მიხედონ. ექსპერტმა თავისი საქმე უკეთ იცის.
იოძი იამამოტოს კოლექციამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი ნამუშევრები ჩემს ნახატებს სიცოცხლეს შთაბერავენ. როცა მოდელები პოდიუმს მოუყვებიან, ჩემი ნახატი ფრიალებს და მას ნაოჭები უჩნდება. ეს ხელოვნების ნიმუშია, რომლის ჩაცმაც შეგიძლიათ.
მისი გუნდის ერთ-ერთმა დიზაინერმა მითხრა: “თქვენს ნახატებს აბრეშუმზე მარუიამა ოკიოს (Maruyama Okyo) ოიკის აჩრდილის* მსგავსად დავბეჭდავთ“. როგორც გავიგე, ძალიან თხელ აბრეშუმზე ბეჭდვა ძალიან რთული პროცესია.
იმედი მაქვს, იოძი იამამოტოს კოლექციასა და ჩემს ნამუშევრებს შორის ქიმიური რეაქცია შედგება. აჩრდილის ნახატი, რომელსაც ანორექსია და დესტრუქცია ქვია, ჩემს საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებით შეიქმნა. ახალგაზრდობაში ანორექსია მქონდა. როცა ჭამასთან დაკავშირებული დაავადება გჭირთ, ვერ ჭამთ იმის შიშით, რომ წონაში არ მოიმატოთ. ამას მაშინაც კი ვერ აკეთებთ, როცა შიმშილით კვდებით. ვფიქრობდი, რომ ჩემი ნაწლავების ჭამა გამომკვებავდა და ამავე დროს წონასაც დამაკლებინებდა. ასე დავხატე ანორექსია და დესტრუქცია. ჩემს ნახატებს შორის ეს ნამუშევარი ყველაზე მეტად ეხმაურება სიკვდილის თემას.
კაცმა, რომელმაც ანორექსია და დესტრუქცია-ს გამოყენებით შექმნილი ტანსაცმელი იყიდა, თქვა: “ყოველთვის მინდოდა, მოვმკვდარიყავი. ახლა ეს სამოსი მაძლევს საშუალებას, ისე ვიცხოვრო, რომ თან სიკვდილს ვუყურო. შემიძლია, ამ ტანსაცმელში გამოწყობილმა თავაწეულმა ვიარო და სიკვდილის შიშს გავუმკლავდე.”
მოდას ნახატებისთვის ახალი შესაძლებლობები მოაქვს.
ახლო მომავალში გამოფენის მოწყობას ხომ არ გეგმავთ?
წლის ბოლოს იაპონიაში ვაპირებ გამოფენის მოწყობას.
* მარუიამა ოკიო (Maruyama Okyo, 1733-1795) შუა ედოს პერიოდის მხატვარი იყო, რომელიც სოფელ ტამბა ანოში, დღევანდელი კიოტოს პრეფექტურის ქალაქ კამეოკას გარეუბანში მდებარე სოფელში დაიბადა. მან იაპონური მხატვრობის ისტორიაში ბუნების რეალისტურ ჩანახატებზე დაფუძნებული ახალი სტილის შემოტანით რევოლუცია მოახდინა. რეალისტურ ნახატებს საფუძვლად ტრანსცენდენტური და უაღრესად განსხვავებული ტექნიკური ოსტატობის დონე უდევს.
იაოი მიო