RICK OWENS
LA TRIENNALE DI MILANO
მილანში, La Triennale-ს მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით Subhuman Inhuman Superhuman გაიმართა, სადაც ევროპაში მოღვაწე ამერიკელი დიზაინერის, რიკ ოუენსის ესკიზებით შესრულებული ტანსაცმელი, ავეჯი, ფილმები, გრაფიკული ნაშრომები და პუბლიკაციები იყო წარმოდგენილი. დიზაინერის აზროვნების პრიზმაში გარდატეხილი და მისეული ესთეტიკით დატვირთული შეხვდა პირველ დამთვალიელებელს მთელი საგამოფენო დარბაზი, დაწყებული შესასვლელიდან, რომლის თეთრ კედელში გაჭრილი უზარმაზარი ღიობი, სიბნელედან სინათლეში გასასვლელად მოიაზრებოდა და მნახველს რაღაც ახალ და უხეშ ხიბლს ჰპირდებოდა, დამთავრებული მინიმალისტური ინტერიერით, დახვეწილი ატმოსფეროთი და თითქოსდა მომავლიდან გადმოტანილი ექსპონატებით. დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა გიგანტური ზომის, ნაწლავის ფორმის სკულპტურა, სადაც მოდა, ტანსაცმელი და პირობითობა მეტაბოლიზირებულ და განუყოფელ ერთიანობად იყო შერწყმული. ეს ფანტასმაგორია აბსოლუტურად ესადაგებოდა რიკ ოუენსის ხედვას, რადგან მისთვის კვლევის საგანს ისევ და ისევ გაბატონებული ნორმების გადალახვა წარმოადგენს, რასაც იგი მორალური თავდაჭერილობით, სერიოზულობით ცდილობს და რამდენადაც დაუჯერებელი უნდა იყოს, ტანსაცმლის ელემენტებში გადააქვს.
რიკ ოუენსის ბრენდს განსაკუთრებული ადგილი უკავია იმ გამალებულ რბოლაში, რომელიც ფუფუნებით სავსე მოდის ბაზარზეა გაჩაღებული. მისი მსოფლმხედველობა წინააღმდეგობაში მოდის სიმდიდრესა და გადამეტებულ მანერულობასთან. დიზაინერის სტილს საიდუმლოებით მოცულს, გრანჟისა და გლამურის ერთიანობას უწოდებენ. ის ერთმანეთში ურევს ნათელს და მუქს, უხეშს და რბილს. ის ქმნის რთულ ტანსაცმელს და გიჟურ ფეხსაცმელს, უცნაურ ჩანთებს კურდღლის ბეწვისაგან, გაწელილი და გაგლეჯილი ქაშმირის სვიტრებს, დაჭყლეტილი და მოძველებული იერის მქონე შიფონის სამოსელს, რუსულ სიასამურს კი ტყავის ქურთუკების გასაწყობად იყენებს. ამ უჩვეულო მიდგომამ რიკ ოუენსს ბევრი თაყვანისმცემელი და კრიტიკოსი გაუჩინა, თუმცა საშუალება მისცა პირველი ხარისხის დიზაინერებს გატოლებოდა და მათ გვერდით საპატიო ადგილი დაეკავებინა.
რიკ ოუენსი 1962 წელს, კალიფორნიის ქალაქ პორტერვილში დაიბადა. მისი წინაპრები ინდიელი აპაჩები იყვნენ, რამაც ალბათ გარკვეული ზეგავლენა იქონია მის სტილსა და ხედვაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი ლოს ანჯელესის Otis College of Art and Design-ში ხელოვნებას სწავლობდა, თუმცა ორ წელიწადში სავაჭრო-ტექნიკურ კოლეჯში გადავიდა, სადაც ის ჭრა-კერვის ხელოვნებას დაეუფლა და შემდგომი ექვსი წელი Garment District-ში გამომჭრელად იმუშავა. 1984 წელს მან საკუთარი ბრენდი დააარსა და მცირეოდენ კოლექციებს Charles Gallay-ს ბუტიკში ყიდდა. ამ პერიოდში რიკ ოუენსს უნიკალური, ოთხმოცდაათიანი წლების პოპ-კულტურაზე დაფუძნებული სტილი ჩამოუყალიბდა. მის მიერ შექმნილ, ირიბ ხაზებზე აჭრილ, ასიმეტრიულ ტანსაცმელზე ბევრი ალაპარაკდა, თუმცა მისთვის გარდატეხის პერიოდი ათი წლის შემდეგ დადგა. ფრანგული Vogue-ის გამოცემაში, დიზაინერის სახელოსნოში შექმნილ ქურთუკში გამოწყობილი ქეით მოსი გამოჩნდა, რამაც რიკ ოუენსს საერთაშორისო აღიარება და ანნა ვინტურის, ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის მხარდაჭერა მოუტანა. 2001 წელს რიკ ოუენსმა Eo Bocci Associati-ს გაყიდვების საერთაშორისო სააგენტოსთან შეთანხმებით წარმოება იტალიაში გადაიტანა, რის შემდეგ მისი ტანსაცმელი უკვე მთელ მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდა. 2002 წლის სექტემბერში ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში მან პირველად გამოიტანა საპოდიუმო კოლექცია, 2003 წელს კი იგი ფრანგული ბეწვეულის ბრენდის Revillon-ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა და საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. 2006 წელს რიკ ოუენსმა პარიზში პირველი ბუტიკი გახსნა, ამავე პერიოდში მან დაიწყო ავეჯის დიზაინის შექმნა. ამჟამად რიკ ოუენსის მაღაზიები გახსნილია ლონდონში, ნიუ–იორკში, ტოკიოში, სეულსა და ჰონკონგში. მისი ბრენდის ტანსაცმელს ატარებენ მადონა, კორტნი ლავი, ჰელენა ბონემ-კარტერი, ფილმში ,,ეშმაკი პრადას ატარებს’’ კი ენ ჰეტეუეი და ემილი ბლანტის პერსონაჟები.
,,მე მოდაში კონვენციების წინააღმდეგი ვარ, ყოველთვის მაღიზიანებდა მხოლოდ შოუსათვის გათვლილი მოდა. დიზაინერები ქალებს ბრწყინვალე ტანსაცმლით მოსავენ, თვითონ კი შოუს დასასრულს, ჯინსებითა და მაისურებით გამოდიან და ამით ხაზს უსვამენ შექმნილის არარეალურობას. ჩემი ტანსაცმელი ყოველთვის ანტი-მოდა იყო,’’ თქვა რიკ ოუენსმა. ამ გამოფენამ მისი სიტყვები არაჩვეულებრივად დაადასტურა, მისი შემოქმედების მოყვარულები კი ხელოვანის ფანტაზიას კიდევ ერთხელ აზიარა.
რუსუდან საბანაძე