Metropolitan Museum–ის ახალი ეპოქა მოდაში

ხელოვნების, ისტორიისა და სხეულის ზეიმი

20.11.2025

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი სამხატვრო გალერეა, 17 კურატორულ განყოფილებაში გამოფენილი 1.5 მილიონზე მეტი ექსპონატით, კაცობრიობის ისტორიის უზარმაზარ საგანძურს წარმოადგენს. მაგრამ რა არის ის საერთო ძაფი, რომელიც ყველა ამ განყოფილებას ერთმანეთთან აკავშირებს? მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის კურატორის, ენდრიუ ბოლტონის (Andrew Bolton) თქმით, ეს არის მოდა — ან, უფრო კონკრეტულად, „შემოსილი სხეული“.

სწორედ ეს ცენტრალური თეზისი უდევს საფუძვლად 2026 წლის გამოფენას, სახელწოდებით „კოსტიუმების ხელოვნება“ (Costume Art). გამოფენის მთავარი კონცეფცია ადამიანის სხეულის კვლევას წარმოადგენს, სადაც სამოსს მუზეუმის სხვა განყოფილებების არტეფაქტებთან და ობიექტებთან ერთად გამოფენენ.

„კოსტიუმების ხელოვნება, ეს არის სხეულის ზეიმი მთელი მისი სიძლიერითა და სისუსტეებით; მისი მდგრადობითა და უწყვეტობით; მისი სრულყოფილებით, ნაკლოვანებით, თავისებურებებითა და საერთო მახასიათებლებით; და, უპირველეს ყოვლისა, მისი ამაღლებული სილამაზით, საოცარი კომპლექსურობითა და ბრწყინვალე, სასწაულებრივი მრავალფეროვნებით“, — აღნიშნავს ბოლტონი.

გამოფენა რამდენიმე სექციად გაიშლება: შიშველი სხეული (the Naked Body), აბსტრაქტული სხეული (the Abstract Body), დაბერებული სხეული (the Aging Body) და ორსული სხეული (the Pregnant Body). როგორც გამოფენის პრესრელიზშია აღნიშნული, ამ სტრუქტურის მიზანია, ხაზი გაესვას „ტრადიციულად უგულებელყოფილ სხეულებს“.

მეტროპოლიტენის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაქს ჰოლეინმა (Max Hollein), აღნიშნა: „ვაფართოებთ ჩვენს მრავალწლიან ვალდებულებას, შევაგროვოთ და წარმოვადგინოთ მოდა ჩვენი უზარმაზარი გლობალური კოლექციის კონტექსტში“.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top