Like A Rolling Stone
10.03.2024
გარკვეულწილად ეზოთერული იყო მე-20 საუკუნის ფსიქოანალიტიკოსი კარლ იუნგი. მან პირველად გამოთქვა ვარაუდი, რომ მოგზაურობა საკუთარი თავის აღმოჩენისათვის, გულისხმობს თითოეული ადამიანის შეცნობის ერთადერთ აზრიან გზას – უბრალო ეგო იდენტობის მიღმა გასვლა და დაუფლება იმ ხელოვნებას, რომელიც გვაყალიბებს საკუთარი თავის წრფელ ვერსიად – ეს არის გმირული პროცესი, რომელიც ინდივიდუალურობის გზაზე გადის. ჩვენ შორის ცოტაა ისეთი, ვისაც შეუძლია ამ გაბედულობის, არსებობის ფენომენებთან გაიგივება; მაგრამ თუკი ასეთი ვინმე არსებობს, ერთ-ერთი მათგანი უდავოდ ბრწყინვალე სონია იჩტია.
ის 80-იანი წლების გასაოცარი მოდელი და მსახიობია, რომელიც გამოდიოდა ისეთი ოსტატების სადებიუტო ჩვენებებზე, როგორებიც არიან Martin Margiela, Haider Ackermann, Isabel Marant. ახლა კი მისი ვარსკვლავი თავიდან იწყებს აღმასვლას იმ ბრენდებთან ერთად რომელთა შორისაც არის Balenciaga. მას მიმართავენ იმისათვის, რომ შექმნან თამამი პორტრეტული კადრები, რომლებშიც მისი მოწიფული და დიდებული მზერა მეტყველებს შემდეგზე – რას ნიშნავს იყო ცოცხალი? უდავო მაგნეტიზმი იჩტის ძლიერ გამოკვეთილ სახეში, ახლა უფრო მეტად ასხივებს რაღაც პატიოსანს მისი სულის სიღრმიდან, ნებისმიერ სხვა მოდის ხატოვან სახესთან შედარებით. ან შესაძლოა რომ ეს არის მასში სამუდამოდ გამჯდარი ახალგაზრდობის კულტი. ფაქტობრივად, მისი დანაოჭებული სახე მოგვითხრობს ჭეშმარიტად განვლილ და საფუძვლიანად შესწავლილ ცხოვრებაზე – ამბავს მუსლიმი გოგონას შესახებ პარიზის გარეუბნიდან, რომელმაც სკოლა ახალგაზრდობაში მიატოვა და მთელი არსით გადაერთო ყოფის ბობოქარ რიტმში. იგი გამოდიოდა ჩვენებებზე, თამაშობდა არტჰაუს ფილმებში, როგორიც არის თუნდაც The Wanderers of The Desert, პარალელურად მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში, ხანდახან მიუდგომელ, ადგილობრივი და მკვიდრი მოსახლეობის რეზერვაციებშიც კი უწევდა ცხოვრება. იჩტი, რომელიც ახლა საცხოვრებელ ადგილს იზიარებს პარიზსა და მის საყვარელ ბრაზილიას შორის, სადაც გაიზარდა მისი ქალიშვილი, დღემდე რჩება მისტიკურ, ღრმად იზოლირებულ ფიგურად. AMARTA-სთვის ნამდვილად პატივი იყო მისი ცხოვრების განვლილ გზაზე საუბარი. ინტერვიუში ის იხსენებს თუ როგორი იყო მუშაობა ყველაზე ხატოვან დიზაინერებთან და რეჟისორებთან, გვიყვება თავისუფლებისა და სოციალური მარწუხებისგან თავის დაღწევის ამბავს,
როგორი იყო თქვენი ბავშვობა და რა ძირითადი ფასეულობები დანერგეს თქვენში მშობლებმა?
მე გავიზარდე პარიზის გარეუბანში და დიდი ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ვიყავი. უმეტესწილად დედაჩემმა გამზარდა, რადგან მამამ ჯერ კიდებ ჩემს ბავშვობაში მიგვატოვა. დედაჩემი ჩემთვის იყო ძლიერი ქალის აბსოლუტური მოდელი. ის იყო დიდი ფილოსოფოსი და ჰქონდა სწორი ღირებულებები, რომლებიც ჩემში დღემდე ღრმადაა გამჯდარი. ვფიქრობ, რომ ეს არის რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ცხოვრებაში – ის ღირებულებები, რომლებსაც გადასცემთ თქვენს შვილებს. ის, რაც დედაჩემმა ჯერ კიდევ პატარაობიდანვე ჩანერგა ჩემში, იყო საკუთარი თავის პატივისცემა. საკუთარი თავის პატივისცემა უნდა გქონდეს, თუ ოდესმე გინდა გაიგო, როგორ სცე პატივი სხვებს. მან ასევე მასწავლა, რომ ცხოვრებაში არის კარგი და ცუდი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი წარმავალია. დედაჩემი სკოლაში არ დადიოდა, მაგრამ ნიჭიერი და ინტელექტუალური ადამიანი იყო, თავისუფლების მძაფრი შეგრძნებით.
იყო თუ არა სიყვარულის და პატივისცემის ეს გრძნობა ნაკარნახები რომელიმე კონკრეტული რელიგიური სტრუქტურის მიერ?
მე გავიზარდე მუსლიმურ ოჯახში, ჩვენი სწავლება დაფუძნებული იყო რწმენაზე, ეს არის ის, რაც შენშია; ის თქვენს გულშია. ყველამ იცის, რომ მუსლიმურ რელიგიაში ღორის ხორცს არ ჭამენ, არ სვამენ და ა.შ., მაგრამ წლების განმავლობაში დედაჩემთან ერთად უამრავ ლუდს ვსვამდი. მისთვის რელიგია არ ასოცირდებოდა აკრძალვასთან – ეს იყო რაღაც პირადული – მე გავიზარდე ოჯახში, სადაც რელიგია უფრო მეტად ჭეშმარიტ რწმენაზე დაფუძნებული გახლდათ, ვიდრე ტრადიციულად რიტუალური. მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში, ღმერთთან ურთიერთობა ანარეკლია ურთიერთობისა შენ საკუთარ თავთან. ბევრი ადამიანი დადის ეკლესიაში, სინაგოგაში ან მეჩეთში, მაგრამ, სინამდვილეში, მათი რწმენა ცარიელია. ჩემს ოჯახში რელიგია იყო სიყვარული და პატივისცემა. როგორც ახლა ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში, პატივისცემის გარეშე არ არსებობს სიყვარული.
როგორ დაიწყო თქვენი სამოდელო და სამსახიობო კარიერა, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყავით? რა იყო ის ჯადოსნური მომენტი, რომელმაც დაგაყენათ ამ გზაზე?
თვითმფრინავში, ტუნისის რეისზე, შემთხვევით ფილმის კოსტიუმების დიზაინერი გავიცანი. მაშინ სულ რაღაც 17 წლის ვიყავი. შეხვედრიდან ერთ კვირაში, ფილმში მიმიწვიეს, ტუნისის უდაბნოში გადამიღეს. მაშინ იმდენად ახალგაზრდა ვიყავი, რომ საერთოდ არ მქონდა საკუთარ თავში თავდაჯერებულობა. იმ დროს ლამაზი ვიყავი, მაგრამ როდესაც ქუჩაში დავდიოდი და ხალხი მიყურებდა, ყოველთვის უხერხულად ვგრძნობდი თავს. მონაწილეობა მივიღე The Wanderers of The Desert-ში. შემდეგ მეორე ფილმში გადამიღეს, თუმცა მსახიობად თავი ნამდვილად არასდროს მიგრძვნია. მალევე კეტრინ მენიალის (რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა) დიდმა სააგენტომ მიმიღო, მოგზაურობა მსინც ყოველთვის მიწევდა. წინ და უკან დავდიოდი ბრაზილიაში. მახსოვს, ერთხელაც კეტრინმა მითხრა: სონია, შენ არჩევანი უნდა გააკეთო, შეგიძლია მოგზაურობა გააგრძელო, ან მსახიობობა აარჩი. მე მოგზაურობა ავირჩიე.
რატომ იყო მოგზაურობა თქვენთვის ასე მნიშვნელოვანი და რომელი იყო ის ადგილი, რომელმაც პირველად თქვენზე დიდი გავლენა მოახდინა?
მე შეერთებულ შტატებში, კერძოდ ოკლაჰომაში გავემგზავრე, ვცხოვრობდი Cherokee Ground-ზე. მაშინ დაახლოებით 18 წლის ვიყავი და ჯიბეში მხოლოდ ორმოცდაათი დოლარი მედო. წავედი, რადგან შემიყვარდა ერთი ბიჭი – ჩემი პირველი სიყვარული. იქ რვა თვე ვიცხოვრე. ისეთი მშვენიერი იყო, უზარმაზარ ტბებთან კარავში ვცხოვრობდით და ყველანაირ სამუშაოს ვაკეთებდით გადარჩენისთვის. როცა მოგზაურობ და სხვა ქვეყანაში ხარ, შენ ხარ დაუცველი და მე მჯერა, რომ ეს თავისმხრივ მნიშვნელოვანია. უნდა მიატოვო ოჯახი და ყველაფერი რაც იცი, იმისთვის რომ იპოვო საკუთარი თავი – ეს რთული გზაა, მაგრამ ყოველდღე თუ ასე იცხოვრებ, უფრო და უფრო გაიცნობ შენ თავს. მოგზაურობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან მე ნამდვილად მჯერა იმის, რომ უნდა იმოგზაურო და შორს წახვიდე საკუთარი თავის შესახვედრად – ეს გამოწვევა დღემდე არსებობს ჩემს ყოველდღიურობაში.
როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული ურთიერთობა Margiela-ს მოდის სახლთან?
კატრინს ჰყავდა მეგობარი, რომელიც ბრენდის კასტინგის დირექტორი იყო. ვიცოდით, რომ მარჯიელას არ სურდა პროფესიონალ მოდელებთან მუშაობა. ერთ დღეს ყავას ვსვამდით და მისმა მეგობარმა შემოგვთავაზა გადაგვეღო რამდენიმე ფოტო, რომელიც მას გაუგზავნა. ჩემი პირველი შეხვედრა მარჯიელასთან სასაცილო იყო, რადგან ზუსტად ერთი და იგივე სამოსი გვეცვა – ქამარი, ჯინსი, ბირკენსტოკი და თეთრი მაისური, რომელიც იმ დროს სულაც არ იყო მოდური. მან მთხოვა გამეარა, შემდეგ გამიღიმა და მითხრა – კარგი, ჩვენ შეგხვდებით… ეს იყო მშვენიერი სიყვარულის ისტორიის დასაწყისი. ის არის დიზაინერი, რომელიც დღემდე აღმაფრთოვანებს… პირველ რიგში, იმიტომ, რომ გენიოსია და მეორეც, იმიტომ, რომ მასში იყო სიკეთე და ლამაზი სული. ეს თვისება ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩემთვის. მე არასოდეს ვთანამშრომლობ ბრენდთან, რომლისაც არ მჯერა. არასდროს არ უნდა ჩაიცვათ ტანსაცმელი, რომ თავი სხვად წარმოაჩინოთ; ჩანთა, რომელზეც ბრენდის სახელია, არაფერ შუაშია სტილთან. ეს ხომ თქვენი პიროვნებაა, რომელიც გამოკვეთს სამოსისა თუ აქსესუარების სილამაზეს.
რატომ გიზიდავდათ ბრაზილია ახალგაზრდობაში და როგორ აღდგა თქვენი ურთიერთობა მოდასთან ამდენი წლის შემდეგ?
ყოველთვის ვცდილობდი რაც შეიძლება ხშირად ვყოფილიყავი ბრაზილიაში, რადგან მისი კულტურა და მისი აყვავებული ბუნება ყოველთვის მხიბლავდა. იქ ვმუშაობდი განათლების სისტემაში, რაც ძალიან მომწონდა. ამასთან ერთად, ჩემი ქალიშვილიც იქ დაიბადა. მიუხედავად ამისა, ცხოვრება ხშირად მაბრუნებდა პარიზში. გაყიდვების განყოფილებაში სამუშაოდ პირველად Dries Van Noten-მა მიმიღო. ვმუშაობდი მათ პირველ ბუტიკში, სადაც ცამეტი წელი გავატარე. ბუტიკში ვქმნიდი ძალიან მარტივ კაბებს, რომლებიც მათ მოწონდათ, ამიტომ მაღაზიაში მუშაობისას ინსტაგრამის გვერდი შევქმენი, ჩემი კაბების გამოქვეყნების მიზნით; მეგობრებმა მაშინვე მთხოვეს, რომ მემოდელა მათი ბრენდებისთვის. Lemaire-ის ჩვენების შემდეგ, ჩემს ირგვლივ გარემო გააქტიურდა. მე შევხვდი ჩემს აგენტებს Success Men-ში. ისინი ჩემთვის ოჯახივით იყვნენ და მათ გამაცნეს სააგენტო Models One, სადაც უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობ. ძალიან გამიმართლა, რომ აღმოვჩნდი ყველა ამ ადამიანის გარემოცვაში და სამყაროს მადლიერი ვარ, რთული მომენტებისთვისაც კი.
სიუზან სონტაგმა ერთხელ თქვა, რომ ფოტოგრაფიული გამოსახულება არის დროის დაუნდობელი დნობის მოწმე, მედიუმი რომელიც ასახავს სიკვდილს, დაუცველობას – რას წარმოადგენს თქვენთვის ფოტოგრაფიული პორტრეტი?
ეს კარგი და მნიშვნელოვანი შეკითხვაა. უპირველეს ყოვლისა, ის, რაც მე მომწონს ფოტოგრაფიაში, არის პორტრეტი – პორტრეტი ძალიან გამიჯნულია მოდისგან. ვფიქრობ, რომ ყველა კარგ პორტრეტს აქვს რაღაც მისტიკური, მაშინ როცა მოდა უფრო ქიმერას ჰგავს. მე მხოლოდ ჩემი გადმოსახედიდან შემიძლია საუბარი; თუმცა მგონია, რომ ის, რასაც ყველა ფოტოგრაფი და მაყურებელი ხედავს, სრულიად განსხვავებულია იმისგან, რაც ნამდვილად საინტერესოა. ბევრი ადამიანი, ვინც ინსტაგრამზე მნახულობს – მწერს, რომ ნამდვილად მოსწონთ ის, რომ მე არ ვმალავ ჩემ ასაკს. მინდა, ყველამ იცოდეს, მე არ მაინტერესებს ჩემი გარეგნობა – ჩემთვის მთავარი ჩემი შინაგანი სამყაროა; რომ მკითხოთ, მინდა თუ არა 30 წლით უკან დაბრუნება, გეტყვით, არავითარ შემთხვევაში. მაშინაც კი, თუ თვალებზე ნაკლები ნაოჭი მექნებოდა. ეს არის ის, ვინც ვარ მე ეხლა და სრულად ვიღებ საკუთარ თავს. ახალგაზრდებისთვის სოციალური მედია დამთრგუნველია – განსაკუთრებით კი იდეა, რომ ყველა სურათი უნდა გამოიყურებოდეს ლამაზად და სრულყოფილად. ადამიანებს უნდა შევახსენოთ, რომ სილამაზე არ არის ცხვირის ან პირის ფორმა. სწორედ ღიმილი ალამაზებს ადამიანს.
თქვენ ძალიან უფრთხილდებით პირად სივრცეს მაგრამ არ ერიდებით თქვენი პოლიტიკური პოზიციების გამოვლენას. რა გაინტერესებთ ნოამ ჩომსკიში, ვის ინსტაგრამ გვერდს მიჰყვებით?
ეს გულწრფელობია. ხშირად გვეუბნებიან, რომ ომები აუცილებელია, მაგრამ ჩომსკი აღნიშნავს, რომ ყველაფერი მართლაც მხოლოდ ძალაუფლების საკითხია. მის ნაწერში ყველაზე მეტად რაც მომწონს, ის არის, რომ ის გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ვიყოთ განპირობებული დომინანტური კლასებით; მაგალითად, როდესაც ინტელექტუალები ან პოლიტიკოსები საუბრობენ, ისინი ყოველთვის იყენებენ სიტყვებს, რომლებიც ბევრისთვის ძნელად გასაგებია და ეს იმიტომ ხდება, რომ მათ სურთ შეინარჩუნონ თავიანთი ძალაუფლება. ჩომსკი გვეუბნება, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს პირადი აზრი დომინანტური კლასებისგან დამოუკიდებლად და რომ ძალიან მნიშვნელოვანია არ ვიყოთ მიკერძოებულები. ახლა მიმდინარეობს ომი ახლო აღმოსავლეთში. დიდი ხანია რაც გვაქვს ეს პრობლემა, უფრო კი ტრაგედია, რადგან ისრაელი და პალესტინა ძმები არიან – მათ ერთი მამა ჰყავთ აბრაამის სახით. მეტირება ამაზე საუბრისას. ყოველივე ეს უბრუნდება პირველ საკითხს ღირებულებებისა და პატივისცემის, სხვისი აღიარებისა და სიყვარულის შესახებ. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო თავმდაბლები და უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველთვის არ არის სხვა ადამიანი ის, ვინც ცდება. ხანდახან შესაძლოა, ჩვენ ვართ დამნაშავე. მე ნამდვილად მჯერა, რომ საკუთარ თავთან ჭეშმარიტი გულწრფელობა ყველაზე დიდი გამოწვევაა და მას დიდი თავმდაბლობით უნდა მივუდგეთ. სიყვარული ყველაფერზე ძლიერია და ჩვენ უნდა გვჯეროდეს მისი.
ესაუბრა ჯონ-პოლ ფრაიორი
ფოტო: სოფო პაპიაშვილი