სიურრეალისტი ქალები მოდაში

23.01.2023

ჯერ კიდევ 1924 წელს, სიურრეალისტურმა მოძრაობამ ხელოვნება, ფილოსოფია და ლიტერატურა გონების, არაცნობიერის, რეალობისა და წარმოსახვის ზღვართან და ირაციონალურ იდეებთან დააკავშირა. როგორც წესი, სიურრეალისტური ხელოვნება ადვილად ამოცნობადი საგნების მოტივებს – ცხოველები, ადამიანის ანატომია, ინსტრუმენტები და ფორმები, სიზმრის მსგავსი მდგომარეობის გამოსახატავად იყენებს. „უცნაურობა“ სწორედ ის თვისებაა, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს სიურრეალიზმს და რომელმაც მოდის დიზაინერებს უბიძგა აღნიშნული მოძრაობა შეესწავლათ 1930-იან წლებში.

სიურრეალიზმი და სიურრეალისტი ქალი არტისტები დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს. 2022 წლის ვენეციის ბიენალეს სახელწოდება „რძე სიზმრებისა“, რომლის კონცეფციაც სიზმარსა და ცხადს შორის არსებული სამყაროების ნაზავს წარმოადგენს, ცნობილი სიურრეალისტი მხატვრის, ლეონორა ქერინგტონის (Leonora Carrington) იგივე სახელწოდების წიგნიდან იყო აღებული. ფერწერასთან ერთად, მხატვარი კოსტუმის დიზაინს, სცენის დიზაინს და ეზოთერულ ნივთებს ქმნიდა, როგორიცაა მისი სახელგანთქმული დეკორატიული ნიღბები.

სიურრეალიზმის მხატვრულ და კულტურულ მოძრაობას მჭიდრო კავშირი აქვს მოდის სამყაროსთან. სიურრეალისტი ქალი არტისტები მოდის ინდუსტრიაზე გავლენას პატრიარქალური ნორმების დარღვევით და გენდერულ იერარარქიასთან ბრძოლით ახდენდნენ. ელზა სკიაპარელი (Elsa Schiaparelli) ყველაზე ცნობილი დიზაინერია, რომელიც სიურრეალიზმთან არის ასოცირებული. მან უამრავი შემოქმედებითი თანამშრომლობა წამოიწყო ისეთ სიურრეალისტ არტისტებთან, როგორებიც იყვნენ სალვადორ დალი (Salvador Dali) და ჟან კოქტო (Jean Cocteau); კერძოდ ლობსტერის კაბა, ფეხსაცმელი ქუდი – სიურრეალისტური ნარატივის კლასიკური მაგალითი, სადაც ობიექტი მოსალოდნელი კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილია.

ნამუშევარში – ჩონჩხის კაბა, დიზაინერი ამობურცულ ფორმებს სკილეტის მსგავსი სტრუქტურის შესაქმნელად იყენებს, რითიც სხეული და ქსოვილი ერთმანეთს ეფექტურად ერწყმის. ამ ტექნიკის კლასიური მაგალითია Comme des Garcons-ის 1997 წლის კოლექცია Dress Meets Body – Body Meets Dress, რომელშიც რეი კავაკუბო (Rei Kawakubo) აღნიშნული ამობურცული ფორმებით ქალის სხეულის უტრირებულ ვერსიას წარმოაჩენს.

სკიაპარელის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი 1936 წელს შექმნილი წითელი ფერის ფრჩხილებით გაფორმებული შავი ხელთათმანებია, რომლის დიზაინიც თითქოს მეორე კანს წააგავს. მსგავსი ვიზუალური მოდელი, დელიკატურად გაფორმებული ხაზებით, რომელიც ხელის შიდა ვენების ილუზიას იძლევა, მხატვარ მერეტ ოპენჰაიმს (Méret Oppenheim) ეკუთვნის, რომელიც სწორედ სკიაპარელისთან თანამშრომლობის შედეგია.

 მერეტ ოპენჰაიმი იმ მცირერიცხოვან ქალთა შორის იყო, რომელმაც 1920-30-იან წლებში სიურრეალისტური მოძრაობის რიგებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. გერმანული წარმოშობის შვეიცარიელმა მხატვარმა სიურრეალიზმს სრულიად ახალი და განსხვავებული მიმართულება მისცა. 1932 წელს, ოპენჰაიმი 18 წლის ასაკში პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ისეთი ხელოვანების გარემოში აღმოჩნდა, როგორებიც იყვნენ: მან რეი, მარსელ დიუშანი, მაქს ერნსტი, ალბერტო ჯაკომეტი და ჰანს არპი. „მე არ ვეძებდი სიურრეალისტებს, მათ თავად მიპოვეს“ – ამბობდა ის. მომდევნო წელს, მან რეიმ მას შიშველი ფოტოსერიისთვის მოდელირება სთხოვა და სწორედ ამ მომენტიდან მოყოლებული ოპენჰაიმი იქაური ხელოვნების სცენის ცენტრალურ ფიგურად იქცა.

მას შემდეგ, რაც პიკასო და დორა მაარი ხელოვანის ბეწვით დაფარული სამაჯურით მოიხიბლნენ პარიზის ერთ-ერთ კაფეში, ოპენჰაიმი შთაგონებული იყო აეღო ჩაის ფინჯანი და ანალოგიურად დაემშვენებინა ის, შედეგად კი მივიღეთ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი Breakfast in Fur (1936), რომელიც უმალვე მოექცა ყურადღების ცენტრში და მხატვარს ექსკლუზიურ სიურრეალისტთა კლუბში წვდომა მისცა. ყოველდღიური საგნების „დამახინჯება“ ოპენჰაიმის ხელწერა გახდა, მაგალითად Das Paar (1956) – წყვილი ყავისფერი ჩექმა, რომელიც ფეხის თითების ადგილას მიწეპებულია.

არტისტის შემოქმედება ჟანრების აღრევით გამოირჩეოდა და ის ფერწერას, ქანდაკებას, ლიტერატურას, ავეჯის, ტანსაცმლის და სამკაულების დიზაინს აერთიანებდა.

ლეონორ ფინი (Leonor Fini), რომელიც 1907 წელს, ბუენოს აირესში დაიბადა, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში პარიზული სიურრეალისტური სცენის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ფინი იტალიაში, ტრიესტიში გაიზარდა და ბავშვობაში მისი ჰობი ადრიატიკის სანაპიროზე ძვლებისა და თავის ქალების გაწმენდა იყო. ის სამი სკოლიდან გარიცხეს, სანამ 1930-იან წლებში პარიზში ბოჰემური არტისტის ცხოვრების წესს აირჩევდა.

ჟან კოკტო აღფთოვანებული იყო ფინის Réalisme Irréel-ით. პოლ ელუარი, ჟან ჟენე, ჯორჯო დე კირიკო და მაქს ერნსტი მის პირველ სპონსორებს შორის იყვნენ. ხელოვანმა იმდენად მოხიბლა ხელოვნებისა და მოდის საზოგადოება, რომ სპეციალურად მისთვის ტანსაცმელს კოკო შანელი და ელზა სკიაპარელი ქმნიდნენ. მისი პირველი პარიზული გამოფენა კი გაიმართა გალერიაში, რომელსაც  კრისტიან დიორი მართავდა, სანამ მოდის დიზაინში გადაინაცვლებდა.

ფინიმ შენიღბვის ძალის შესახებ ადრეული ასაკიდან შეიტყო, მას შემდეგ რაც მისი მშობლები დაშორდნენ და დედამ იტალიაში წაიყვანა საცხოვრებლად. ის მამის მიერ გატაცების მცდელობას ბიჭურად ჩაცმით არიდებდა თავს. ამ ექსპერიმენტს ფინი ზრდასრულობაშიც განაგრძობდა. ისევე როგორც მის ნახატებზე გამოსახულ ნახევრად ცხოველ და ნახევრად ქალ ჰიბრიდებს, ფინისაც უყვარდა საკუთარი თავის გარდასახვა. მოგვიანებით, ის საბალეტო კოსტიუმებს ქმნიდა, თუმცა პოპულარობის პიკში, არტისტი მისი ფანტასტიკური სამოსით გამოირჩეოდა, რომლებიც ბუმბულების, ბეწვების, უცნაური ნიღბების და თავსაბურავებისგან შედგებოდა. როგორც იტალიელი აკადემიკოსი, ერნესტინა პელეგრინი ამბობდა, „ზოგს ის ექსცენტრიულად ჩაცმული ახსოვს, კატისა ან ლომის ნიღბით და ბუმბულის პარიკით. მხატვარი, რომელიც მეტამორფული ქალის ფიგურებს ხატავდა – ნახევრად ანგელოზი, ნახევრად ჩონჩხი, ნახევრად მცენარე, ნახევრად ცხოველი, ნახევრად ამაზონი, ნახევრად ქანდაკება – ის დამოუკიდებლობისა და თვითგამოგონების რევოლუციური იდეალი იყო. უსასრულო რეალური შესაძლებლობების განსახიერება.“

ილინოისში დაბადებული დოროთეა ტენინგი (Dorothea Tanning) თვითნასწავლი მხატვარი იყო, რომლის კარიერაც შვიდ ათწლეულს მოიცავდა. 1935 წელს, ის ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად და სწორედ იქ აღმოაჩინა და შთაგონებული იყო თანამედროვე ხელოვნების მიუზეუმის სიურრეალისტური მოძრაობის 1936 წლის გამოფენით Fantastic Art, Dada and Surrealism. პეგი გუგენჰაიმის 31 ქალის გამოფენაში მოხვედრის შემდეგ, ტენინგმა გერმანელი მხატვარი მაქს ერნსტი გაიცნო და ემიგრირებული სიურრეალისტების წრეში მოხვდა. შედეგად, მან ინტენსიური ურთიერთობა არა მხოლოდ ერნსტთან (რომელზეც დაქორწინდა), არამედ სიურრეალისტურ ხელოვნებასთანაც დაიწყო.

გარდა ფერწერისა, ტენინგი ცეკვით, მუსიკით და პერფორმანსით იყო გატაცებული, რომელიც განსაკუთრებულად თავს იჩენს მის 1950-იანი წლების შუა პერიოდის აბსტრაქტულ ნახატებში. ტენინგის ცეკვისადმი ინტერესი ლუთერანული აღზრდით იყო მოტივირებული, რომელიც ბევრ საქმიანობას, მათ შორის ცეკვასაც ზღუდავდა. 1940-იანი წლების ბოლოს, ხელოვანმა ჯორჯ ბალანჩინის რამდენიმე ბალეტისთვის, კერძოდ The Night Shadow (1945) დეკორაციები და კოსტიუმები შექმნა მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში. მოგვიანებით, მათ ნიუ-იორკის ბალეტისთვის კიდევ სამ პიესაზე ითანამშრომლეს, მათ შორის The Witch, ქორეოგრაფ ჯონ კრაკნოსთან ერთად (1950); Bayou და Will o’ the Wisp. The Witch-მა იმხელა გავლენა იქონია მხატვრის შემოქმედებაზე, რომ ტენინგმა ის საკუთარ ნამუშევრებშიც ჩართო. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლს უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, ტენინგის კოსტიუმებმა აღბრთოვანება გამოიწვია, რომლებიც სამეჯლოსო კაბებისა და ლამაზი თავსაბურავების ერთობლიობას წარმოადგენდა და არარეალისტურ სცენებს რეალისტურად ასახავდა. ადამინის ფორმის ესკიზის დახატვა არტისტისთვის ძალიან ბუნებრივი იყო, რადგან მისი ერთ-ერთი პირველი სამუშაო ამერიკული ცნობილი სავაჭრო ცენტრის – Macy’s, გრაფიკული დიზაინერობა იყო. 1980-იანი წლების შთაგონებით, ტენინგმა ფართომასშტაბიანი ქანდაკებების წარმოება დაიწყო, რომლებიც მან საკერავი მანქანის გამოყენებით სხვადასხვა ქსოვილისგან შექმნა.

ნინკა მამულაშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top