სილამაზე, რომელიც მსხვერპლს არ მოითხოვს

სოფი ახვლედიანი ნიუ იორკიდან, ესთეტიკურ მედიცინაში
AI-ს რევოლუციურ პროცესებზე გვიყვება

29.01.2024

პედრო ალმოდოვარმა, ესპანელმა რეჟისორმა 2011 წელს გადაიღო ფილმი „კანი,რომელშიც ვცხოვრობ“. ევროპული კინოს ცოცხალი კლასიკოსის ნამუშევარი პროვოკაციული, მოულოდნელი და ბევრისთვის „მიუღებელიც“ კი აღმოჩნდა. სქესის პერფორმატიულობის, იდენტობის და გენდერის საკითხები ამ ფილმის მაგისტრალური ხაზია, რაც ზოგადად ალმოდოვარის მთელ შემოქმედებას გასდევს წითელ ხაზად, მაგრამ ფილმი „კანი, რომელშიც ვცხოვრობ“ კიდევ ერთხელ, მთელი სიმძაფრით და ახლო ხედით გვაფიქრებს მაყურებელს თუ რა არის სხეული, რა არის ადამიანის იდენტობა, მისი სულიერი სამყარო და მეცნიერული, სამედიცინო მანიპულაციების შედეგად რამდენად იცვლება ამ ყოველივეს ონტოლოგიური არსი.

დღეს, ესთეტიკური მედიცინა გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება; თუმცა  ხშირად კამათობენ თუ სად გადის ეთიკური ზღვარი, ბუნებრივ სილამაზესა და სამედიცინო მანიპულაციებით მიღებულ შედეგს შორის. რამდენად აქვს „უფლება“ ადამიანს შეცვალოს საკუთარი სახე და სხეული… რამდენად აქვს ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალს იმის კეთილი ნება და კომპეტენცია, რომ ეს ცხოვრებისეული და კარდინალური ცვლილება განახორციელოს. საბოლოოდ ესთეტიკურ მედიცინაში, ისევე როგორც ზოგადად ყველა სფეროში, ყველაფერი ისევ ცალკეული ინდივიდების პროფესიონალიზმზე დგას. ადამიან(ებ)ზე, რომელმაც ზუსტად იცის, რომ „მომხმარებელი ყოველთვის მართალი არ არის“ და, რომ კაპიტალისტური სამყაროს ეს ლოზუნგი ხშირად ადამიანებს გამოუსწორებელ შედეგად უჯდებათ. დღეს თანამედროვე დასავლურ სამყაროში, სადაც AI ლამის ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი ხდება, სილამაზე მსხვერპლს აღარ მოითხოვს, ის გაცილებით უმტკივნეულო, უსაფრთხო და კომფორტული გზებით მიდის ინდივიდამდე.

Photo @chalo.photography
Mua @chanchikamakeup

სწორედ ეს გზა იქცა, სოფი ახვლედიანის პროფესიული  საქმიანობის განუყოფელ ნაწილად, რომელიც სამი დიპლომის მიუხედავად რამდენიმე წელია ნიუ იორკში სწორედ ესთეტიკურ მედიცინაში აგრძელებს მოღვაწეობას.

თქვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ადამიანთა გარეგნობაში, სახესა თუ სხეულზე გარკვეული ცვლილებების შეტანაა. ზოგს ეს წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით სჭირდება, ზოგისთვის ასაკთან ბრძოლის ანუ „დროის შეჩერების“ უალტერნატივო ხერხია, ზოგისთვის კი უბრალო „ახირება”. რა იყო ის მთავარი მიზეზ(ებ)ი რის გამოც თქვენი პროფესიული საქმიანობა  ესთეტიკური მედიცინის სივრცეს დაუკავშირეთ?

ესთეტიკური მედიცინა იმიტომ ავირჩიე, რომ ის სილამაზეს  ემსახურება. მსურს,  ამ სფეროში ჩემი წვლილი  შევიტანო. ამერიკისა და ევროპის საერთაშორისო ესთეტიკური მედიცინის ასოციაციების და აკადემიების  საპატიო წევრი ვარ. ესთეტიკურ მედიცინაში  დიდი ხნის პრაქტიკული გამოცდილება მაქვს. ჩემი მიზანია, ჩემი პაციენტების ცხოვრებაზე დადებითი ზემოქმედება მოვახდინო და მათი ბუნებრივი სილამაზე მაქსიმალურად წინ წამოვწიო. მსურს დავეხმარო მათ,  რათა თავი იგრძნონ თავდაჯერებულად და ლამაზად. 

დასავლურ სამყაროში ნიუ იორკი წარმოუდგენლად დიდი ბაზარია, სადაც თავის დამკვიდრება საკმაოდ რთულია. ამ ქალაქს თავის ტემპო-რიტმი აქვს, თამაშის თავისი წესები. როგორია ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით დამკვიდრებული ამერიკული მაღალი სტანდარტი და ყოველდღიურ საქმიანობაში რა ფორმ(ებ)ით ნერგავთ მას?

წლებია ნიუ იორკში სხვადასხვა ეროვნების პაციენტებთან ვმუშაობ. ამ უზარმაზარი გამოცდილების მიღებით ზუსტად შემიძლია მორფო-ტიპის და სხვადასხვა ასაკობრივად დაწყებული პროცესების  განსაზღვრა, დიაგნოზის დასმა.   მე მჯერა, რომ ეფექტური კომუნიკაცია არის სასურველი შედეგის მიღების  ქვაკუთხედი. ჩემს პაციენტებთან მაქვს პერსონალური მიდგომა, რის შემდეგაც ინდივიდუალურად  შერჩეული მიმართულებებით ვიწყებ მუშაობას.  ვმუშაობ Full Face Rejuvenation-ის მეთოდით, რომელიც არც ისე ხშირად გვხვდება და არის მაღალი სტანდარტი! რადგან საქმე ეხება სახის სხვადასხვა ზონებს, რაც ითვალისწინებს სწორ დიაგნოზს, სწორად შერჩეულ პროდუქციას, სწორ მიმართულებებს, კომბინირებულ თერაპიას და სხვადასხვა ტექნიკების შესრულებას მთელ სახეზე.

რა არის თქვენთვის ესთეტიკური მედიცინა? ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნება, შეჩერებული „გადავადებული“ სიბერე, ასაკობრივი ნიშნების ფილიგრანული დამუშავება თუ ყველაფერი ერთად?

ესთეტიკურ მედიცინაში მოღვაწეობა ჩემთვის მხოლოდ კარიერა არ არის. ეს არის გატაცება, ადრენალინი, რომელიც საშუალებას მაძლევს გავაერთიანო კრეატიულობა მეცნიერებასთან, რათა შევიტანო რეალური ცვლილება ადამიანების გარეგნობაში. საბოლოო ჯამში, ესთეტიკური პროცედურები უფრო მეტს გვთავაზობს, ვიდრე უბრალოდ გარეგნობის გაუმჯობესებას. ეს ბიოჰაკინგი და კეთილდღეობის ინტეგრაციაა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჯანმრთელობას. ეს მკურნალობაა, რაც დადებითად მოქმედებს პაციენტის ფსიქიკურ, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ეს არის მეცნიერების, ხელოვნებისა და ადამიანური კავშირის ნაზავი, რაც ამ სფეროს განსაკუთრებულს ხდის. ესთეტიკური მედიცინის ფუნდამენტური მიზანია შეისწავლოს სილამაზის ხელოვნება და ხელოვნების ნიმუშების ღირებულება.

დღეს, როცა ხელოვნური ინტელექტი (AI) ყველასთვის ხელმისაწვდომია და  ალტერნატიულ სოციალურ მედია პლატფორმებზე ადამიანები საკუთარ ვიზუალს სურვილისამებრ ცვლიან და ახალ „იდენტობებს აგენერირებენ“, ამ ეტაპზე რა დოზით არის წარმოდგენილი AI ესთეტიკური მედიცინის სფეროში?

ისეთი ტექნოლოგიური ინოვაციების დახმარებით, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი (AI), ესთეტიკური ინიექციების მომავალი უფრო მოწინავე, ზუსტი და პერსონალიზირებული გახდება. აი, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს მკურნალობა: ხელოვნური ინტელექტით შესაძლებელი ხდება მართვადი საინიექციო სისტემები, პერსონალიზებული მკურნალობა, რობოტული დახმარება, ვიზუალიზაციისა და დიაგნოსტიკის გაფართოებული შესაძლებლობები. შემუშავდა უფრო ხანგრძლივი და ჭკვიანი ფორმულები, არაინვაზიური ალტერნატივები, მონაცემებზე ორიენტირებული შედეგები და უკუკავშირის მარყუჟები. შესაძლებელია ვირტუალური კონსულტაციების და დამატებითი რეალობის (AR) წინასწარი გადახედვა. პაციენტებმა შეიძლება გაიარონ ყოვლისმომცველი კონსულტაციები AI და AR-ის საშუალებით.

უფრო კონკრეტულად, რომ გვიამბოთ, როგორია ხელოვნური ინტელექტით მართვადი საინიექციო სისტემები, რობოტული დახმარებით კი პერსონალიზებული მკურნალობა და ინდივიდუალური მიდგომა?

სამომავლოდ, ინიექციის პროცედურები შეიძლება განხორციელდეს ხელოვნური ინტელექტის მქონე სისტემების დახმარებით, რომლებიც ხელმძღვანელობენ პრაქტიკოსებს რეალურ დროში. ამ სისტემებს შეუძლიათ გამოიყენონ სახის 3D რუკები და მანქანური სწავლების ალგორითმები – ინიექციის ოპტიმალური წერტილების, სიღრმისა და მოცულობის დასადგენად. ეს უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ სიზუსტეს და მინიმუმამდე დაიყვანს ზედმეტი ან არასრულფასოვანი მოპყრობის რისკს.  AI-ს შეუძლია გააანალიზოს პაციენტის მონაცემები, როგორიცაა – სამედიცინო ისტორია, კანის ტიპი, კუნთების სტრუქტურა და გენეტიკური მიდრეკილება, რათა შექმნას პერსონალიზებული მკურნალობის გეგმა. ეს საშუალებას მისცემს პრაქტიკოსებს, უფრო ეფექტურად მოარგონ მკურნალობა თითოეულ პაციენტს, რომელიც შეესაბამება უნიკალურ სახის თავისებურებებსა და მიზნებს. რობოტულმა ტექნოლოგიამ AI-თან ერთად შეიძლება შექმნას ნახევრად ან სრულად ავტომატიზებული სისტემები ინიექციების ადმინისტრირებისთვის. ამ სისტემებს შეეძლებათ პროცედურების შესრულება უმაღლესი სიზუსტით, თანმიმდევრული და საიმედო შედეგების უზრუნველსაყოფად. ისინი შეიძლება იყოს განსაკუთრებით ღირებული უფრო რთული ინიექციებისთვის, ისეთი მგრძნობიარე ადგილების გარშემო, როგორიცაა თვალი ან ტუჩი.

თქვენ ახსენეთ, რომ დღესდღეობით თქვენს სფეროში AI-ის დახმარებით უფრო ხანგრძლივი და ჭკვიანი ფორმულები შემუშავდა. რამდენად იკვეთება ხელოვნური ინტელექტისა და ესთეტიკური მედიცინის კოლაბორაცია, მდგრადობის კონცეფციასთან, რაც რეალურად პლანეტის მომავალია?

AI უპირველესად გულისხმობს ვიზუალიზაციისა და დიაგნოსტიკის გაფართოებულ შესაძლებლობებს. ესთეტიკური ინიექციების მომავალი სავარაუდოდ მოიცავს გაძლიერებულ სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტებს, რომლებსაც იყენებენ კანის ელასტიურობისა და მოცულობის შემცირებისა და კანის ზოგადი ჯანმრთელობის დეტალური შეფასების უზრუნველსაყოფად. ეს ტექნოლოგია საშუალებას მისცემს სპეციალისტებს, უკეთ გააცნობიერონ დაბერებაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები და შესაბამისად მოარგონ მათ თავიანთი ტექნიკა. მომავალმა მიღწევებმა შეიძლება არა მხოლოდ შეცვალოს ინიექციების ადმინისტრირება, არამედ თავად გააუმჯობესოს ფორმულები. ბიოინჟინერიული შემავსებლები და ნეირომოდულატორები, რომლებიც დროთა განმავლობაში ადაპტირდებიან ქსოვილის ცვლილებებთან, შესაძლოა უფრო გავრცელებული გახდეს. ამ ფორმულებს შეიძლება ჰქონდეთ გამოთავისუფლების მექანიზმები, რომლებიც რეგულირდება კუნთების მოძრაობის ან კანის მდგომარეობის მიხედვით, რაც  შედეგებს გახდის პოტენციურად უფრო ხანგრძლივს და დროთა განმავლობაში უფრო ბუნებრივს.

დღეს ესთეტიკური მედიცინა ინიექციის გარეშე  ვერ იარსებებს. ყველა პროცედურა სწორედ ნემსით კეთდება. რამდენად შესაძლებელია AI-ის ეპოქაში ესთეტიკური მედიცინის სფერო სრულად  არაინვაზიურმა ალტერნატივებმა ჩაანაცვლოს?

შეიძლება გაიზარდოს არაინვაზიური ტექნიკისა და საინიექციო საშუალებების შემუშავება, რომლებიც მოგვცემს ტრადიციული მკურნალობის ეფექტს ნემსის საჭიროების გარეშე. ეს შეიძლება მოიცავდეს სპეციალურად შემუშავებულ აქტიურ აპლიკაციებს, რომლებიც შეაღწევენ კანის ღრმა შრეებში და გააქტიურებულნი იქნებიან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე მომუშავე მიწოდების მოწყობილობებით, რომლებიც აძლიერებენ შეწოვას და ეფექტურობას. აქვე დავამატებდი, რომ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მონაცემებზე ორიენტირებული შედეგები და უკუკავშირის მარყუჟები. ესთეტიკური მედიცინის პრაქტიკამ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ასობით ან ათასობით შემთხვევის შედეგების გასაანალიზებლად  გამოიყენოს, ამას გარდა უკუკავშირის ციკლების შესაქმნელად, რომელიც აუმჯობესებს ტექნიკას და მკურნალობის დაგეგმვას. ეს შეიძლება დაეხმაროს პრაქტიკოსებს ტენდენციების იდენტიფიცირებაში, გართულებების პროგნოზირებასა და საუკეთესო შედეგის უფრო სწრაფად მიღებაში. 

ინდივიდუალურ დონეზე როგორ ეუფლებით ესთეტიკური მედიცინის სფეროში დამკვიდრებულ ტენდენციებს და რა გზებით ნერგავთ მათ პრაქტიკაში?

ვცდილობ უწყვეტ სწავლას და განვითარებას უახლესი ტექნიკისა და პროდუქციის სფეროში. ყოველი ახალი ტექნიკა, პროდუქტი ან ტექნოლოგია, რომელსაც მე ვსწავლობ და ვიკვლევ, მეხმარება გავზარდო ჩემი პროფესიონალიზმი. ხელოვნური ინტელექტის AI – ინტეგრაცია ესთეტიკურ მედიცინაში უკვე საპატიო ადგილს იკავებს, ამიტომ ვცდილობ ამასთან დაკავშირებით ვიყო მაქსიმალურად ინფორმირებული. ვესწრები სხვადასხვა  შეხვედრებს, ვისმენ და ვეცნობი სიახლეებს, კვლევებს და პროგნოზებს. პროგნოზით და დღევანდელი მიმართულებებით AI-მ მოსალოდნელია მნიშვნელოვნად გარდაქმნას ეს სფერო, ის გააუმჯობესებს როგორც მკურნალობის შედეგებს, ასევე პაციენტის მოვლას. 

instagram

ნენო ქავთარაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top