შინაგანი გაზაფხულის ყვავილობა ნიჰილიზმის დროს

25.02.2025

ბერლინალეზე და სხვა საერთაშორისო ფორუმებზე ქართული ფილმების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. ეს არ ნიშნავს, რომ ე.წ. საფესტივალო ფილმების ნაცვლად ეროვნული კინოწარმოება ქართულ აუდიტორიას საინტერესო ნამუშევრებით ანებივრებს. ქვეყანაში კინოპროცესი ჩიხშია შესული. რეჟისორთა უმრავლესობა ბოიკოტშია, ხელისუფლება კი კინოს დაფინანსების კონკურსებს აღარ აცხადებს. გაფიცული კინემატოგრაფისტები ასევე ძალიან აქტიურობენ ევროაქციებზეც. ბერლინის 75-ე კინოფესტივალზე ნაჩვენები ერთადერთი ქართული ფილმი სწორედ 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო მოვლენებს ეხება – მოვლენებს, რომლებიც ხელისუფლების ევროპული კურსის ცვლილებამ გამოიწვია.

თიკუ კობიაშვილის „შინაგანი გაზაფხულის ყვავილობა“ დოკუმენტური ფილმია ახალგაზრდებზე, რომლებიც დემონსტრაციების მთავარი გმირები იყვნენ. სლავოი ჟიჟეკმა სერბეთში მიმდინარე გამოსვლების ანალიზისას ახალი ტიპის პროტესტის გაჩენაზე ისაუბრა – მიტინგებზე ლიდერების გარეშე. შარშან დაწყებული დემონსტრაციების სათავეში ჩადგომა არც ერთ ძალას გამოუვიდა, რის გამოც შემოდგომის აქციებზე სცენისა და მიკროფონის დადგმა უკვე აზრადაც აღარავის მოსვლია.

მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის პოლიტიკური ელიტები ერთნაირად მიუღებელია (როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციური). ახალგაზრდებს სურთ სოციალურ სახელმწიფოში ცხოვრება და არა კლანების დაპირისპირების რეჟიმში ყოფნა. საქართველოსა და სერბეთში ხალხი ითხოვს არა უბრალოდ პარტიების შეცვლას, არამედ პოლიტიკის თვისობრივ გამოცვლას. ეს აქციები ყველას წინააღმდეგაა.

ფილმის მთავარი გმირები თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მსახიობები არიან. მათი პროფესია სცენაზე სხვადასხვა როლის მორგებას ნიშნავს და სწორედ მსახიობებისგანაა მოულოდნელი ის გულწრფელობა, რისი დაფიქსირებაც რეჟისორმა შეძლო. კამერა ამ თაობისთვის უცხო არაა, ისინი ფიცრული სამყაროს მკვიდრები არიან. მედიურობამ ამ თაობას გულწრფელობა ასწავლა, რადგან მობილურის ეკრანებზე ტყუილი და სიყალბე არამხოლოდ ჩანს, არამედ სამუდამოდ რჩება.

მთავარი გმირი თინა მაჭავარიანი საგრიმიოროში ყოფნისას კამერას უახლოვდება და უჩურჩულებს, რომ ერთ-ერთმა იმ მყოფმა ლექტორმა წინა წელს გამოცდაზე ჩაჭრა. მნიშვნელოვანია არა შინაარსი, არამედ დამოკიდებულება. ახალგაზრდებს კამერასთან არ აქვთ ბარიერი, რის გამოც მათი საუბრები, ხანდახან ხელოვნურ თემებზეც კი, ძალიან გულწრფელია.

ძირითადად ისინი განიხილავენ სასიყვარულო ურთიერთობებს, საკუთარ გარეგნობას, სამომავლო გეგმებს. თანდათან მათ რეალობაში პროტესტი შემოდის, ყოველდღიურ თემებს პოლიტიკური დისკუსიები ცვლის. საუბრებს ქმედება მოსდევს, თუმცა სანამ აქციებზე წავლენ, გმირები პარკში პოლიციის მიერ დაკავების ინსცენირებას დგამენ. პოლიტიკის რეპეტიცია თამაშია და სისტემის გაშაყირება. ხელისუფლების ხელთ ძალადობის რეალური საშუალებებია, ახალგაზრდების მხარეს კი მომავალი. ისინი თითქოს კანით გრძნობენ ამ გარდაუვალ უპირატესობას, არიან მშვიდად და ყველაფერს იუმორით უდგებიან.

ახალი თაობა დარწმუნებულია, რომ სიკეთე ადრე თუ გვიან გაიმარჯვებს. მათ საყვარელ ფილმებსა და სერიალებში ბოროტება ყოველთვის მარცხდება. კვლავ სლავოი ჟიჟეკს რომ დავუბრუნდეთ, ბოლო სტატიაში, რომელშიც უკრაინის მოლაპარაკებების გარშემო განვითარებულ მოვლენები შეაფასა, თქვა, რომ ევროპას „ბედი აღარ სწყალობს“, მაგრამ რჩება სასწაულის იმედი.

სასწაული მხატვრულ ნაწარმოებებში მაშინ ხდება, როდესაც პროტაგონისტები განწირულები არიან უფრო ძლიერ ძალასთან დაპირისპირებაში. აქციებზე გამოყენებული ფეიერვერკი გვაფიქრებინებს ახალგაზრდების გულწრფელ ოცნებაზე, რომ უსამართლობა ჯადოსნურად დამარცხდეს; მაგრამ სანამ სასწაული მოხდება, ისინი რეალური წინააღმდეგობისთვისაც არიან მზად.

ტრამპის მიერ სიმართლე განისაზღვრა არა ეთიკური ღირებულებებით, არამედ ეკონომიკური სარგებლით. ეს დავინახეთ რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს. ასეთ ნიჰილისტურ სამყაროში უწევთ ფილმის გმირებს მომავლისთვის ბრძოლა. საუკუნეთა განმავლობაში ხელოვნება გვასწავლიდა, რომ ცივილიზაციის მიზანი არა ძალის მორჩილება, არამედ ძალადობისგან გათავისუფლებაა. ახალგაზრდები უღირებულო რეალობაში მთავარ ჭეშმარიტებას აბრუნებენ. ისინი დღეს ერთადერთნი არიან, რომლებსაც კულტურისა და პროგრესის სჯერათ. ძალაუფლების ვერტიკალზე დაფუძნებული ერთობა ცხოველურია. ასეთი სისტემა პუტინმა და მისმა ოლიგარქიულმა კლასმა შექმნა, ახლა კი ტრამპი-მასკის დუეტი შეეცდება მსგავსი მოდელის მთელ მსოფლიოზე გავრცელებას. ცხოველურ-ფეოდალური წესრიგის ალტერნატივა სოლიდარული საზოგადოებაა, რომელიც საერთო კეთილდღეობისთვის იბრძოლებს.

„შინაგანი გაზაფხულის ყვავილობის“ გმირებმა იციან რის წინააღმდეგ გამოდიან, მაგრამ არ იციან ზუსტად რა სურთ. თინა მაჭავარიანი ერთ-ერთ ეპიზოდში ამბობს, რომ არ იცის როგორ გრძნობს თავს. ეს პრობლემა გამოწვეულია პოლიტიკით, რომელიც უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში ახალგაზრდებს ართმევდა სასურველი მომავლის ფორმულირების საშუალებას.

თითქმის ნებისმიერ რიგით ქართველს სურთ ევროპულ კეთილდღეობის სახელმწიფოში ცხოვრება, თუმცა უჭირს ამ მისწრაფების არტიკულირება. ქართული მედია, პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტები არ ხსნიან ევროკავშირის რეალურ არსს (რომელიც იდეალურისგან ძალიან შორსაა, თუმცა მოცემულ მომენტში სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს საუკეთესო მოდელს წარმოადგენს). პირიქით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსახლეობის სურვილი ნაკლებად იყოს დაკავშირებული რეალურ ცვლილებებსა თუ გაუმჯობესებებთან.

„შინაგანი გაზაფხულის ყვავილობა“ არაა ფილმი აქციებზე. კამერა ძირითადად მხოლოდ გმირებს იღებს, რომლებიც ინტერიერსა თუ ექსტერიერში უფროს თაობას უხსნიან, რომ ეს ქვეყანა მათიცაა და ადრე თუ გვიან შეცვლიან 35 წლის განმავლობაში არსებულ პოლიტიკას, რომელმაც საქართველო failed state-ად აქცია. დემონსტრაციების შემდეგ ფილმის გმირები ქალაქგარეთ მიდიან, რაც შეიძლება წავიკითხოთ როგორც შინაგან ან რეალურ ემიგრაციაში წასვლად. თუმცა ზემოთ უკვე ავღნიშნეთ ახალგაზრდების მთავარი უპირატესობა, რომ დრო და კულტურა მათ მხარესაა. გმირების „პესიმიზმი” პესიმიზმი არაა. ეს არის ბავშვობის სტადიიდან გამოსვლის მტკივნეული პროცესი. დასანანია, რომ მათი ყვავილობის ჟამი ასეთ ნიჰილისტურ დროს დაემთხვა. მეორე მხრივ, დამახინჯებული სამყარო დააჩქარებს გამორკვევის პროცესს, რომ ახალგაზრდებმა ზუსტად იცოდნენ რას გრძნობენ, რა იწვევს ამ გრძნობებს, რა სურთ და რას შეცვლიდნენ.

გიორგი რაზმაძე

Scroll To Top