05.06.2025
„მწვანე საღამოების“ მეორე საფესტივალო დღე მონაწილეებისა თუ დამსწრე აუდიტორიისთვის დასამახსოვრებელი და განსაკუთრებით ემოციური იყო. 5 ივნისს ტონინო გუერას „დავიწყებული ხილის ხეივანში“ ახალი ნარგავების დარგვის ცერემონია შედგა.

ხელოვნებისა და ბუნების ფესტივალის მთავარი მასპინძელი, თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღია, ამიტომ „მწვანე საღამოების“ ძირითადი „დავიწყებული ხილის ხეივანი”-ს იდეა იტალიელი, ოსკაროსანი დრამატურგის ტონინო გუერას სახელს უკავშირდება. მისი ინიციატივით იტალიაში ორ წლიანი ინტერვალით დავიწყებული ხილის ფესტივალი იმართებოდა, სადაც ადგილობრივი ფერმერები იღებდნენ მონაწილეობას; ისინი გადაშენების პირას მყოფი ხე-მცენარეების ჯიშებს იძიებდნენ და ახალ სიცოცხლეს სძენდნენ მათ. ტონინო გუერამ ამ იდეას იტალიაში მასშტაბური სახე და ხასიათი მისცა, ეს რეზონანსული მოვლენა იყო, უამრავი მივიწყებული ჯიში გაცოცხლდა. საქართველოში ამ იდეის გადმოტანა ტონინო გუერას ფონდის დამფუძნებლის მიხეილ მრევლიშვილის და მისი პრეზიდენტის ნინო ჭუმბურიძის დამსახურებაა.

2019 წელს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხილის ხეივანი “ გაშენდა. თავდაპირველად იტალიური „დავიწყებული ხილის 12 ნერგი“ დაირგა, რომლებიც ფესტივალს საჩუქრად გადასცა „ტონინო გუერას იტალიურ-ქართული ფონდი“-ს საპატიო პრეზიდენტმა, საქართველოს და ქართველი ხალხის უპირობო გულშემატკივარმა, ტონინო გუერას მეუღლემ ლორა გუერამ. ტონინო გუერას ბაღიდან, იტალიიდან საქართველოში გამოგზავნილი ხის უნიკალური ჯიშები მათემატიკური სიზუსტით ორად გაიყო და ქართველი და იტალიელი საზოგადო მოღვაწეების, რეჟისორების, მსახიობების, მწერლების, დრამატურგების სახელობითად დაირგო: ნატო ვაჩნაძე, კოლხი მედეა, სოფიკო ჭიაურელი, ჭაბუა ამირეჯიბი, სანდრო მრევლიშვილი თენგიზ აბულაძე, დავით ჩუბინიშვილი, ფედერიკო ფელინი, მარჩელო მასტროიანი… დღეს ხეივანში ქართველი და იტალიელი მოღვაწის 40 მდე სახელობითი ნერგი იზრდება.


„დავიწყებული ხილის ხეივანში“ წარმოდგენილია იშვიათი მცენარეები (ხილის ჯიშები), რომლებიც დავიწყებას არის მიცემული. ყოველ მცენარეს ჰყავს თავისი მეურვე, ადამიანი ვისი სახელობისაც არის ეს მცენარე, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში, მისი მეგობარი, ნათესავი ან თაყვანისმცემელი. თითოეულ მცენარესთან დამონტაჟებულია საინფორმაციო დაფა, რომელიც მოგვითხრობს კონკრეტული მცენარის და იმ კონკრეტული მოღვაწის შესახებ ვისი სახელობისაც არის ნარგავი. ვცდილობთ ხეივანი იყოს მუდმივი განახლების პროცესში. „დავიწყებული ხილის ხეივანში“ წარმოდგენილი მცენარეები განასახიერებენ კულტურისა და ხელოვნების მარადიულობას. წარმოაჩენენ კაცობრიობის ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობას და თანამედროვე საზოგადოების წამყვან როლს, ბუნების დაცვის და მოვლა-პატრონობის საქმეში.

ტონინო გუერას ფონდის დამფუძნებლის, ნინო ჭუმბურიძე: „2023 წელს პენაბილიში (Pennabilli) ტონინო გუერას და ფედერიკო ფელინის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ვიმყოფებოდით. ქალბატონი ლორას დახმარებით ვნახეთ ტონინო გუერას გაშენებული ბაღი. ამ უნიკალური იტალიური ბაღის კონცეფცია მე და ბატონმა მიშა მრევლიშვილმა საქართველოში გადმოვიტანეთ, ცხადია ძირითადი იდეა უცვლელი დავტოვეთ, მაგრამ შევმატეთ ჩვენი ავთენტური, ქართული შტრიხები. მაგალითად იტალიის საელჩოს მხარდაჭერით სკოლის მოსწავლეებს დავამზადებინეთ ორიგინალური და სრულიად საუცხოო ჩიტის ბუდეები, რომლებიც ხეებთანაა აღმართული. ჩვენ დღესაც ტონინო გუერას სიტყვებს და იდეებს მივყვებით და ვიზიარებთ, ის ამბობდა: „მე მარტივად ვქმნი იმისთვის, რომ მნახველმა გაიფიქროს, რომ მასაც შეუძლია იმავეს კეთება“.

წლევანდელ ფესტივალზე „დავიწყებული ხილის ხეივანში“ პირველი ნერგი იტალიელმა მსახიობმა და მომღერალმა სარა კალვანელიმ (Sara Calvanelli) დარგო. იტალიელმა მომღერალმა კონსუელო ალფიერიმ (Consuelo Alfieri), რომელიც ფესტივალის ფარგლებში 6 ივნისს გამართავს კონცერტს თავის ბენდთან ერთად, ოთხი წლის წინ მან მის მიერ დარგულ ნერგთან მუსიკალური იმპროვიზაცია შესთავაზა დამსწრე აუდიტორიას. ფესტივალის ორგანიზატორებისთვის „დავიწყებული ხილის ხეივანში“ ყოველწლიურად ნერგების დარგვა არა მხოლოდ ჰოლისტურ, მწვანე იდეებს ემსახურება, არამედ თითოეული ხე, პერსონიფიცირებულ მოვლენადაც იქცევა, რადგან ის კონკრეტული ადამიანის სახელით აგრძელებს ახალ, მარადიულ სიცოცხლეს.


მნიშვნელოვანია ფესტივალში ხელოვანების და მეცნიერების, სხვადასხვა დარგების წარმომადგენლების ინდივიდუალური მონაწილეობა. მათი გამოცდილების საზოგადოებისთვის გაზიარება და ასევე მათი ღვაწლის აღნიშვნა. ასევე მნიშვნელოვანია, ფესტივალი მოიცავდეს არა მხოლოდ აწმყოსა და მომავალს, არამედ გაიხსენოს წარსულიც. სწორედ ამიტომ ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხილის ხეივანში” წელს ახალი სახელობითი ნერგები დაირგო: ექვთიმე თაყაიშვილი, იტალო კალვინი, გია მატარაძე, ნონა გაფრინდაშვილი, გომარ სიხარულიძე, მალხაზ დოლიძე, დავით თელია, ვაჟა ფანცელაძე… ეს იმ ადამიანთა არასრული სახელებია ვისი სახელობითი ხეების ნერგებიც დღეს დაირგა ბოტანიკურ ბაღის „დავიწყებული ხილის ხეივანში”. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ხის დამრგველსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს: რეჟისორ გია მატარაძის ვაჟმა ვათა მატარაძემ მამის სახელობის ხე დარგო, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის შვილმა – დედის სახელობის, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ კი უდიდეს იტალიელ მწერალს, იალო კალვინოს მიაგო პატივი.
Serate Verdi-ს წლევანდელ ფესტივალზე, „დავიწყებული ხილის ხეივანში” სკულპტორ ბადრი არეშიძის ახალი ქანდაკების „პეპელას” პრეზენტაცია შედგა. ამ უწყინარი და ჰაეროვანი სახელის მიღმა, ტონინო გუერას ბიოგრაფიის მძიმე და ტრაგიკული პასაჟი ინტერტექსტუალურ დონეზეა წარმოდგენილი. პეპლის ფორმისა და შინაარსის, იდეის ერთგვარ დისონანსს მეორე მსოფლიო ომის არქაულ სიბრტყეზე გადავყავართ. სკულპტორ ბადრი არეშიძის თქმით, პეპელა ტონინო გუერას ვიზუალურ შემოქმედებას მაგისტრალურ ხაზად გასდევს: „სულ რაღაც 18 წლის იყო იტალიელი დრამატურგი, როდესაც ტროიცდორის საკონცენტრაციო ბანაკში ოთხი წლით მოხვდა. შიმშილით სიკვდილს რომ გადარჩენილიყო სხვა პატიმრების მსგავსად პეპლებს ხოცავდა და ისე იკვებებოდა. როდესაც სამშვიდობო ძალებმა გაათავისუფლეს, ტონინო გუერა თავის მემუარებში ასე იხსენებს ამ მომენტს: თავისუფლებასთან ერთად აღარ მომინდა პეპლების შეჭმა”. პეპელა კონცეპტუალურად მთელ მის შემოქმედებას ლაიტმოტივად გასდევს.”


„დავიწყებული ხილის ბაღში” ბადრი არეშიძის კიდევ ორი შთამბეჭდავი სკულპტურაა წარმოდგენილი: პირველი „ტონინო და ლორა”- სიცოცხლის ხის კონცეფციაზე აგებული დუალისტური ბუნების ლითონის „ქმნილება”, რომელშიც იტალიელი ფემინური და მასკულინური საწყისების სახე-ხატებთან ერთად ქართული, ეროვნული იდენტობის არქაული არტეფაქტებია წარმოდგენილი: ბორჯღალი, როგორც მარადისობის სიმბოლო, ყურძნის მტევანი, მზის დისკო, ჯვარი, ანბანის პირველი ასო-ა. მეორე სკულპტურა ფოთლის ფორმის ლითონის კონსტრუქციაა, რომლის მასშტაბურ რეპრეზენტაციას დედამიწის სფეროსებრი მცირე დეტალი „არღვევს”. თუ „პეპელა” ტონინო გუერას სიცოცხლესთან დაბრუნების, გადარჩენის, მარადიული ახალგაზრდობის, შემოქმედებითი ცხოვრების და იმედის სიმბოლოა, ბადრი არეშიძის აღნიშნული სკულპტურა, ერთგვარი გაფრთხილებაც კია, რომ „დავიწყებული ხილის ბაღში” ადამიანმა საკუთარი დედა მიწა, Terra Madre არ უნდა დაივიწყოს.


თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხილის ხეივანში“ ახალი ნერგების დარგვის შემდეგ, საფესტივალო დღე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული კინოს გამორჩეული რეჟისორის გია მატარაძის 1981 წელს გადაღებული შესანიშნავი ფილმის ჩვენებით დასრულდა. „შვიდი ნოველა პირველ სიყვარულზე“ ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი, ნამდვილი და სიცოცხლით სავსე ფილმია თავისი ეპოქის ქართულ კინოში. შვიდი ნოველისგან შემდგარი ფილმი ბავშვური სიყვარულის შვიდ სხვადასხვა ისტორიას მოგვითხრობს.


ფესტივალის დამფუძნებლის რეჟისორ მიშა მრევლიშვილის თქმით: „ქართული კინემატოგრაფი მდიდარია თავისი შემოქმედებითი კოლექტივით, ბევრი მარგალიტია რომელიც იმსახურებს ყურადღებას, მათ შორის ისეთი გულწრფელი რეჟისორი, როგორიც გია მატარაძეა; სხვათაშორის, თავისი ეპოქისთვის ძალიან თანამედროვე, ორიგინალურიც და პროგრესულიც. ის სულ უნდა გვახსოვდეს ჩვენი მომავალი თაობებისთვის, თუნდაც იმ სიხალისით რომელიც მის ფილმებს მოჰყვება. გია მატარაძე და მისი შემოქმედება არის განსაკუთრებული, რომელიც დღევანდელი პერსპექტივიდან ახლებურად უნდა აღვიქვათ. ეს კონკრეტული ფილმი ფესტივალისთვის მისი გულწრფელობის გამო შევარჩიე. გულწრფელი თხრობა – ის ძირითადი პრინციპია, რაც ჩვენი ფესტივალის ზოგად კონცეფციასთან ახლოს დგას. ადამიანი, რომელიც რგავს ნერგს იწყებს პირველ სიყვარულს მასთან ერთად, ამიტომ გადავწყვიტეთ ფესტივალის ფარგლებში გვეჩვენებინა გია მატარაძის გულწრფელი და შესანიშნავი ფილმი „შვიდი ამბავი პირველ სიყვარულზე“.
ნენო ქავთარაძე
ფოტო: შოთა წერეთელი