მწვანე საღამოები / Serate Verdi 2025

04.06.2025

Serate Verdi ანუ „მწვანე საღამოები“ – ხელოვნების და ბუნების ფესტივალია, რომელიც რეჟისორმა და სცენარისტმა მიშა მრევლიშვილმა 2021 წელს დააარსა. ადამიანის და ბუნების ჰოლისტური ერთობა თანამედროვე სამყაროს უმთავრეს გამოწვევად რჩება. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ფესტივალის დამფუძნებლები – მიშა მრევლიშვილი (რეჟისორი, ტონინო გუერას სახელობის ფონდის დამფუძნებელი) და ნინო ჭუმბურიძე (მედიცინის საპატიო დოქტორი, ტონინო გუერას სახელობის ფონდის პრეზიდენტი) – სწორედ ამ იდეის, ადამიანის და ბუნების დღესასწაულის ირგვლივ აგებენ მხატვრულ კონცეფციას.

ხელოვნებისა და ბუნების ფესტივალის მთავარი მასპინძელი, თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღია, ამიტომ „მწვანე საღამოების“ ძირითადი პროგრამაც სწორედ აქ იქნება წარმოდგენილი. იტალიელი დრამატურგის და მწერლის ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხილის ხეივანი“, ღია ცის ქვეშ მოწყობილი საკონცერტო/სადღესასწაულო სცენა, შთამბეჭდავი ხედები ნარიყალას ციხესიმაგრეზე – ორგანულად ერწყმის ფესტივალის მხატვრულ ნაწილს. ფორმისა და შინაარსის თანხვედრა ფესტივალის თითოეულ ღონისძიებასა თუ წარმოდგენაში ჩანს. „მწვანე საღამოების“ საფესტივალო კონცეფციას კულტურული ღონისძიებების ერთგვარი ჯაჭვი შეადგენს, რომელიც აერთიანებს ხელოვნების „ეკოლოგიურად წმინდა“ ნიმუშებს, მაგ: ფოლკლორული და კლასიკური მუსიკა, თეატრი, ლიტერატურა, მხატვრობა, დოკუმენტური ან მხატვრული ფილმი, რომელიც მინიმალური რესურსებითაა შექმნილი. ფესტივალის პროგრამაში ჩართული ფილმი, სკულპტურა, მუსიკალური საღამო თუ პერფორმანსი ამ კრიტერიუმით ფასდება: ნაწარმოების მაღალმხატვრული ღირებულება და შინაარსი, რომელიც ჰუმანურ იდეას ეხმიანება.

წლევანდელი ფესტივალი 4 ივნისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში  გაიხსნა და 7 ივნისს თბილისის ბოტანიკურ ბაღში იტალიელი და ქართველი მუსიკოსების ერთობლივი კონცერტით დაიხურება. ფესტივალის გახსნის დღე ემოციური და შთამბეჭდავი იყო. ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიულ დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას, რომელთა შორის კულტურის, ხელოვნების, მწერლობისა თუ ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ჭარბობდნენ, უნიკალური გამოცემის აღმოჩენის შესაძლებლობა მიეცათ.

 „თბილი წვიმა“ ტონინო გუერას რომანის სახელწოდებაა.  იტალიელი დრამატურგისა და მწერლის უნიკალური, კინემატოგრაფიული სახე-ხატებითა და ალუზიებით დახუნძლული ლიტერატურული ტექსტის შესანიშნავი თარგმანი ქეთევან ტომარაძეს ეკუთვნის.  წიგნი ტონინო გუერას ფონდის (Fondazione Italo Georgiana Tonino Guerra) მხარდაჭერით გამოიცა, რომელიც „მწვანე საღამოების“ ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელია. ქართულ გამოცემაში რომანთან ერთად იტალიელ მკვლევართა თანდართული წერილებია წარმოდგენილი: ლუკა ჩეზარი, მარია კორტი, ატილიო ბერტოლუჩი თავიანთ ემოციურ და ამავდროულად გულწრფელ შეფასებას გვთავაზობენ დიდი იტალიელი დრამატურგის „კამერულ შედევრზე“. ქართული თარგმანის ყდის დიზაინი ფესტივალის დამფუძნებელს მიშა მრევლიშვილს ეკუთვნის, ხოლო ყდაზე  თავად ტონინო გუერას გრაფიკაა გამოყენებული. იტალიური კინოდრამატურგიის პატრიარქის და მსოფლიო კინემატოგრაფის უმნიშვნელოვანესი ფიგურის ტონინო გუერას რომანი კავკასიის გეოგრაფიულ არეალს ფარავს. მწერლის მიერ რომანში რეკონსტრუირებული ეროვნებით სომეხ პერსონაჟ სურენ აღაჯანიანში, მკითხველი მარტივად ამოიცნობს თბილისელ რეჟისორ სერგო ფარაჯანოვს. 1960-იანი წლების თბილისი, ძველი კინოსტუდია, ფარაჯანოვის ქარიზმა და კარნავალურობა რომანის პირველივე გვერდებიდანვე ატყვევებს მკითხველს. შემთხვევითი არ არის, რომ პირველი საფესტივალო დღე სწორედ ტონინო გუერას წიგნის პრეზენტაციით დაიწყო, რადგან მისი და ქართველი კინემატოგრაფისტების მეგობრობის ისტორიები დღეს უკვე ლეგენდებად არის შემორჩენილი.

ტონინო გუერას რომანის ქართული თარგმანი სოციოლოგმა ემზარ ჯგერენაიამ წარუდგინა აუდიტორიას. ტონინო გუერა ამ ლიტერატურულ თავგადასავალში შლის ტრადიციული რომანის სინთეზური ჟანრის საზღვრებს, უგულებელყოფს ცხოვრების ფართო, მასშტაბური ასახვის ფორმას, ის ორგანზომილებიან დოკუმენტურ და მოდერნისტულ ტექსტს გვთავაზობს, რომელსაც რეპრესირებული პოეტის ოსიპ მანდელშტამის ასოციაციით „თბილ წვიმას“ უწოდებს, ხოლო ჟანრობრივად განსაზღვრავს როგორც რომანს. ახალი ლიტერატურული თავგადასავალი ტონინო გუერასთვის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ეხმიანება. იტალიელი დრამატურგი ხმაურიანი და მარადიული რომიდან, გაცილებით კამერულ, ჩუმ, მოკრძალებულ მშობლიურ პენაბილიში (Pennabilli) გადადის. მეგაპოლისიდან ფიზიკური წასვლით, იტალიელი დრამატურგი  პოსტმოდერნისტულ სტილსაც ეთხოვება. „თბილი წვიმა“ ერთგვარად სწორედ ამ ახალი ლიტერატურული ფორმის/სტილის ძიების სივრცეა. მთარგმნელ ქეთევან ტომარაძის თქმით, რომელიც პირადად იცნობდა ტონინო გუერას: „ტონინო გუერას „თბილი წვიმა“ მცირე მოცულობის, ურთულესი ტექსტია. ავტორი ძალიან საინტერესო იდეებს  ძალზედ სხარტად, ოსტატურად ათავსებს ძალიან მოკლე ფრაზებში. ამის ქართულად გადმოტანა ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ბევრი ვიფიქრე,  ვიწვალე ვიდრე ტექსტის ტონალობას არ მივაგენი. ეს ის ტონალობაა, რომელიც ყურში გესმის სახიერად.  ტონინო  გუერა სცენარისტია და მისი პროზაც, ვიზუალური პროზაა. ეს არის ტექსტი, რომლისგანაც კარგი ფილმი გამოვიდოდა!“

„მწვანე საღამოების“, პირველი საფესტივალო დღის ემოციური კულმინაცია ტონინო გუერას მეუღლის, ლორა გუერას  ვიდეო მიმართვა იყო, სადაც მან ისაუბრა ქართულ-იტალიურ მრავალწლიან თანამშრომლობასა და მეგობრობაზე, ფესტივალის წლევანდელ გამოშვებას კი წარმატებები უსურვა.

პირველი საფესტივალო დღე ეროვნული ბიბლიოთეკის კინოდარბაზში მიხეილ მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დასრულდა. „სიხარულის ოდა“ რეჟისორის 2010 წელს შექმნილი ფილმია. ფილმის იდეა რეჟისორს გადაღებამდე 8 წლით ადრე დაებადა, ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით კი ფილმი მოგვიანებით შექმნა. ევროპის 25 ქვეყნის ქუჩის მუსიკოსები  ქართველი კინოდოკუმენტალისტის ობიექტივში ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიიდან „სიხარულის ოდას“ ასრულებენ.  ფილმის გადაღებები რომიდან დაიწყო და ევროპის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი მოიცვა: პარიზი, კოპენჰაგენი, ამსტერდამი, პრაღა… 1970 წელს „სიხარულის ოდა“ ევროპის საბჭოს ჰიმნად იქცა, მანამდეც და მას  შემდეგ „თავისუფლების, თანასწორობის და ძმობის“ იდეა ევროპის ღირებულებების ქვაკუთხედია. ეს უკანასკნელი დოკუმენტური ფილმის მაგისტრალური ხაზია, მოტივი, რომლის ირგვლივაც ევროპა ერთიანდება. ორიგინალური ხელწერით შექმნილი დოკუმენტური ფილმის გადაღებებში თავის მნიშვნელოვანი წვლილი  ტონინო გუერამ შეიტანა. აღსანიშნავია, რომ  რეჟისორმა ევროპის 25 ქალაქში გადაღება რეკორდულად მცირე დროში, ორ თვეში შეძლო.

მიხეილ მრევლიშვილი ფილმის გადაღებებს დღევანდელი პერსპექტივიდან იხსენებს: „ თავდაპირველად ფილმის გადაღება ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა; მეუბნებოდნენ, რომ 25 ქვეყანას ერთად ვერ დავფარავდი, ქუჩაში კამერის დაყენება გამიჭირდებოდა და ა.შ….  ჩემთვის ეს არის ფილმი იმ ატმოსფეროზე, რომელიც მაშინდელ ევროპაში სუფევდა. ფილმში თხრობა გამიზნულად არც დოკუმენტურია და არც შემეცნებითი. აქ უპირველესი ის ატმოსფერო და მხატვრული ხედვაა, რომლის მიღმაც შეფარულია ის მნიშვნელოვანი სახეები, რომლებიც ევროპული ქვეყნების თანადროულობას გვიჩვენებს. ყველა ამ იდეას, ატმოსფეროს და სათქმელს კი აერთიანებენ ევროპელი ქუჩის მუსიკოსები, რომლებიც ყველა ქალაქში ბინადრობენ. ამ ფილმით ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინე, რაც ცხადია ფილმშიც ავსახე და გაწაფული თვალი ყურების პროცესში ადვილად მიაგნებს ამ ყოველივეს.”

    ნენო ქავთარაძე
ფოტო: შოთა წერეთელი

Scroll To Top