კანის კინოფესტივალის ფარგლებში
24.05.2023
ქართული კინო კანის კინოფესტივალზე პირველად 1956 წელს გამოჩნდა, როდესაც „რეჟისორთა ორკვირეულის“ სექციაში ჩხეიძისა და აბულაძის „მაგდანას ლურჯა“ აჩვენეს. ამ მომენტიდან მოყოლებული, ხშირად არა, მაგრამ ქართული კინო ახერხებდა მსოფლიოს ნომერ პირველ კინოფორუმზე გამოჩენას. უკანასკნელ წლებში აქ დეა კულუმბეგაშვილის ფილმები უჩვენეს. წელს კი კანის რიგით 76-ე ფესტივალზე ქართული კინო მორიგ ჯერზე გამოჩნდა.
„შაშვი შაშვი მაყვალი“ ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელიც სწორედ „რეჟისორთა ორკვირეულის“ პროგრამაში ჩართეს. ფილმი თამთა მელაშვილის გახმაურებული ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. კანში გამართული პრემიერა ორმაგ დატვირთვას ატარებს და ხაზს უსვამს როგორც თანამედროვე ქართულ კინოს, ასევე ლიტერატურის წარმატებას.
„ამარტა“ გთავაზობთ ინტერვიუს ელენე ნავერიანთან, რომელიც კანში, კრუაზეტის სანაპიროზე ჩაიწერა. ჩვენი საუბარი სწორედ პრემიერის სიმბოლურ დატვირთვაზე საუბრით დაიწყო.
ელენე, პირველ რიგში, გილოცავთ პრემიერას, რომელიც ქვეყნისთვის და ქართული კინოსთვის მნიშვნელოვან კინოფორუმზე მოეწყო. მაგრამ რას ნიშნავს კანის კინოფესტივალზე მოხვედრა პირადად თქვენთვის?
ფილმს მნიშვნელოვანი გზავნილი ჰქონდა, რომელიც ითქვა. სასიხარულოა, რომ ეს გზავნილი სწორად გაიგეს და მიიღეს აქ. გეთანხმებით, რომ ეს პრემიერა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვისაც. პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, ეს მოვლენა აჩვენებს, რომ საქართველოში ნეგატიური მოვლენების გარდა რაღაც ნათელიც ხდება.
რას წარმოადგენს თქვენთვის ის სივრცე, რომელშიც ფილმებს იღებთ?
საქართველო ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია. საქართველოში ჩამოსვლა და ფილმების აქ გაკეთება ნიშნავს, რომ ეს სივრცე ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ეს სივრცე ჩემი ყოველდღიური პრობლემა და საფიქრალია.
საქართველოში დიდი ხანია არ ცხოვრობთ, რატომ დატოვეთ ქვეყანა?
ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება 2008 წელს მივიღე, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებისთანავე. სამხატვრო აკადემიაში ფერწერას ვსწავლობდი და მივხვდი, რომ აღარ მსურდა ქვეყანაში დარჩენა და შვეიცარიაში წავედი სასწავლებლად. პირველი წლები მხოლოდ აუცილებლობით თუ ჩამოვდიოდი და დღეს უკვე, მინიმუმ, 6 თვეს საქართველოში ვატარებ.
ჟენევაში თავდაპირველად კრიტიკულ თეორიას და ანთროპოლოგიას ვსწავლობდი და შემდგომ უკვე პრაქტიკული სწავლებაც დაიწყო. ჟენევის კინოსკოლაში არ იყო კინოს კლასიკური დეპარტამენტი, ისინი არ მიჯნავდნენ დოკუმენტურ და მხატვრულ კინოს, ძალიან ბევრ თავისუფლებას მაძლევდნენ და ამრიგად, სწავლების პერიოდი ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოდგა.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ ქართულ კინოში სხვა გამოცდილება მოიტანეთ?
ვერაფერს გეტყვით, რადგან რეალურად კინო იმ ფილმებით ვისწავლე, რასაც მთელი ცხოვრება ვუყურებდი. მეორე მხრივ კი სხვა ქვეყანაში ცხოვრებამ ქართულ გარემოსთან დისტანცია გამიჩინა. რაც საქართველოში დავტოვე იმას სრულიად ახლებურად შევხედე, რადგან ახალი გამოცდილება შევიძინე. საქართველოსა და ევროპას შორის ბევრი განსხვავება დავინახე, მაგრამ ამავდროულად ბევრი კავშირიც გავავლე. ამიტომ ამ დისტანციამ უფრო დამაახლოვა იმასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ამ შემთხვევაში, საქართველოსთან.
ფილმის გადაღების დროს ხელს ხომ არ გიშლის ეს დისტანცია?
ფილმის მოსამზადებელ კვლევაზე ყოველთვის დიდი ხანი ვმუშაობ. რაც ამბასა და ფილმის ვიზუალური მხარისთვის მნიშვნელოვანია იმას ვტოვებ, რაღაცაზე კი უარს ვამბობ.
თქვენს წინა ფილმში „სველი ქვიშა“ და ამ ნამუშევარშიც ხელოვნურ ანტურაჟს ვხედავ. მაგალითად, სოფელში გახსნილი კაფე… „შაშვი შაშვი მაყვლის“ შემთხვევაში კი ეთერის მაღაზიის მსგავს დაწესებულებებს საქართველოში ან ძალიან იშვიათად, ან საერთოდ ვერ ვხედავთ. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სათქმელს არგებთ რეალობას და არა პირიქით, რომ რეალობას მოარგოთ სათქმელი?
არ გეთანხმებით ხელოვნურ ანტურაჟზე. ესაა მხატვრული ფორმა. ასევე არ გეთანხმებით კაფეებსა და მაღაზიებზე, ძალიან ბევრი ასეთი მაღაზიაა საქართველოში. მე არასოდეს ვიღებ იმას რაც უკვე არსებობს, ყველაფრის მხატვრულ ადაპტაციას ვეწევი. არ მაინტერესებს ის რაც ჩემ სათქმელში არ ჯდება და ამიტომ არასოდეს ვიღებ იმას რასაც პირდაპირ ვხედავ. ნებისმიერ შემთხვევაში ესაა მხატვრული ნამუშევარი, რომელშიც ჩემთვის მნიშვნელოვან სათქმელს შესაბამის გარემოს ვუქმნი.
მაგრამ ამ დროს ობიექტური რეალობის უგულებელყოფა ხომ არ ხდება?
რეალობას ჩვენ ვქმნით. რაც ფილმშია მოცემული, იმ მომენტში ესაა რეალობა. ის რომ ფილმი უტრირებულია და სადღაც თეატრალური, ეს ჩემი სურვილია, რადგან ასე ვხედავ ფილმს.
რაც შეეხება ფილმის პირველსაწყისს, როგორ მოვიდა თამთა მელაშვილის ტექსტი თქვენამდე?
ალბათ ისე როგორც ყველასთან. ერთ-ერთი მგზავრობის დროს წავიკითხე ეს რომანი და მესამე გვერდზე მივხვდი, რომ ეთერო ის პერსონაჟია, რომელიც მაკლდა როგორც ჩემ პირად რეალობაში, ცხოვრებაში, ასევე კინოშიც. ეთეროს პერსონაჟმა ისე იმოქმედა ჩემზე, რომ მისი კინოში გაცოცხლება გადავწყვიტე, რათა უფრო ბევრზე მოეხდინა იგივე შთაბეჭდილება.
საქართველოში ქალებს დაბადებიდანვე განესაზღვრებათ სცენარი, თუ როგორ უნდა იცხოვრონ მთელი ცხოვრება. ეთერო ამას უჯანყდება. ფილმში ეს პერსონაჟი ცდილობს გაგებას თუ რა არის მისი პირადი და რა – საზოგადოების ნორმა. შთამბეჭდავია ამ ქალის ბრძოლა, რომელიც მის სურვილებსა და საზოგადოებრივ წესებს შორის მიმდინარეობს.
როგორც ერთგან ამბობთ, ფილმის/რომანის მთავარი გმირი ინტუიციური ფემინისტია. როგორც ცხოვრობენ ასეთი ადამიანები საქართველოში?
ფილმში იმ სისტემასთანაა ბრძოლა, რასაც პატრიარქატი ჰქვია. ამ ბრძოლის მონაწილე აბსოლუტურად ყველა ადამიანია. ჩვენებებზეც გამოჩნდა, რომ არის რაღაც უნივერსალური პრობლემები, რომლებიც ყველას გვაერთიანებს. ასევე არის გარკვეული ლოკალური პრობლემები, რომლებიც მხოლოდ ჩვენთვისაა გასაგები. მაგრამ მგონია, რომ ეთერო ზოგადი ბრძოლის ნაწილია და არა მხოლოდ ქართულის. ეთეროს მაღაზია აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის დამოუკიდებელი ადამიანია. ამიტომ ის იწყებს ბრძოლას იმასთან, რაც მას ჩაგრავდა და რამაც ის შეცვალა. ეთერომ ვერ იცხოვრა ისე როგორც სურდა. ამიტომაა ფინანსური დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი, რადგან რაც არ უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში, აქვს შემოსავალი და აქვს სახლი. ეს აძლევს რეალურ დამოუკიდებლობას, რადგან ის თავად წყვეტს სურთ თუ არა ვინმესთან ერთად ცხოვრება.
ვინც არაა ფინანსურად დამოუკიდებელი, რა მოსდით მათ?
სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეთეროს პერსონაჟი მაგალითია, რომელიც ბრძოლის სტიმულს და ენერგიას გვაძლევს. ეთერომ დამოუკიდებლობისთვის იბრძოლა და მოიპოვა ის. ეს პერსონაჟი მაყურებელს გააძლიერებს სხვა კუთხითაც. ეთერო 50 წლამდე ქალია, რომელიც საკუთარი სხეულის მიღებას სწავლობს და ამისკენ მაყურებელსაც უბიძგებს. ეთერო კონვენციურ ნორმებს არღვევს და საკუთარ ცხოვრებას ცვლის. ეთეროს მსგავსად ყველა ადამიანს შეუძლია ცხოვრება ჯერ საკუთარ ოთახში შეცვალოს, რაც აუცილებლად დიდ ცვლილებებშიც გადაიზრდება.
გიორგი რაზმაძე