სამი ფილმი კანის ფესტივალის მთავარ კონკურსში
27.05.2024
კანის რიგით 77-ე ფესტივალზე ოქროს პალმის რტო ამერიკულ ფილმს შონ ბეიკერის „ანორას“ (Sean Baker – Anora)გადაეცა. ჟიურის თავმჯდომარე ასევე ამერიკელი რეჟისორი გრეტა გერვიგი (Greta Gerwig) იყო – „ბარბი“-ს შემქმნელი. კანში წელს შარშანდელთან შედარებით უფრო ცოტა ამერიკული ფილმი იყო, თუმცა საპატიო პალმის რტო ვარსკვლავური ომების ეპოპეის შემქმნელ ჯორჯ ლუკასს (George Lucas) მიენიჭა. ფესტივალზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ კლასიკოსი ფრენსის ფორდ კოპოლაც (Francis Ford Coppola) გამოჩნდა უკანასკნელი ფილმით, რომლის სათაურიცაა „მეგალოპოლისი“ (Megalopolis). მასთან ერთად კანში სხვა კლასიკოსებმაც აჩვენეს ფილმები.
მთავარ კონკურსში კანადელი დევიდ კრონენბერგის (David Cronenberg) უკანასკნელი ნამუშევარი იყო ჩართული. „სუდარა“ (The Shrouds), 81 წლის რეჟისორის სიტყვებით, ავტობიოგრაფიული ელემენტებით გაჯერებული ფილმია. მთავარ გმირს ბიზნესმენს, რომელსაც ვენსან კასელი (Vincent Cassel) თამაშობს, მეუღლე დაეღუპება. ცოლის საფლავს უცნობები წაბილწავენ, კასელის პერსონაჟი კი ვანდალების ვინაობისა და მოტივაციის დადგენას შეეცდება. შემთხვევის შემდეგ კასელის გმირი საკუთარ საქმიანობასა და განვლილ ცხოვრებას გადახედავს. კრონენბერგის ფილმში მეუღლის როლი ლეა სედუს (Lea Seydoux) უნდა ეთამაშა, თუმცა საბოლოოდ მან მონაწილეობაზე უარი თქვა, კანადელმა რეჟისორმა კი ევროპული კინოს სხვა ვარსკვლავთან დიანე კრუგერთან (Diane Kruger) ითანამშრომლა. ამ უცნაურ და საინტერესო ტრილერს მაყურებელი შემოდგომით იხილავს. კრონენბერგს ფილმის შექმნაში Saint Laurent-ის საპროდიუსერო კომპანია დაეხმარა.
როგორც ცნობილია, მოდის სახლის კრეატიული დირექტორი ენტონი ვაკარელო (Anthony Vaccarello) სინეფილია. ბოლო წლებში Saint Laurent-ის სახლი ცნობილ რეჟისორებთან თანამშრომლობდა, რაც საბოლოოდ კინოკომპანიის დაფუძნებით დაგვირგვინდა. Saint Laurent Productions ორგანიზაციაა, რომელიც რეჟისორებთან არა ტანსაცმლის შექმნის ხაზით, არამედ უშუალოდ დაფინანსების მოძიების კუთხით თანამშრომლობს. გასულ წელს, როდესაც „ამარტა“ კანში კინოკომპანიის პრეზენტაციას დაესწრო, ხაზი გავუსვით ფაქტს, რომ Saint Laurent-ის კინოში შემოსვლა საავტორო კინოს გაძლიერებას ნიშნავდა. ვაკარელო ამბობდა, რომ კომპანიას ბევრი გეგმა ჰქონდა დასახული, თუმცა არავინ ელოდა, რომ ერთ წელში კანში Saint Laurent Production-ის სამ ფილმს ვიხილავდით და სამივე მთავარ კონკურსში იქნებოდა ჩართული.
მთავარი პროგრამის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმის, ფრანგი რეჟისორის ჟაკ ოდიარის (Jacques Audiard) „ემილია პერესის“ (Emilia Perez) ერთ-ერთი შემქმნელიც Saint Laurent-ის საპროდიუსერო კომპანიაა. ფილმი პრესის გამოკითხვებში ლიდერობდა და მას მთავარი ჯილდოს ერთ-ერთ პრეტენდენტად განიხილავდნენ. საბოლოოდ „ემილია პერესის“ ქალის როლის ოთხ შემსრულებელს ოქროს პალმის რტო გადაეცა. კანში ეს იშვიათობაა. ასევე პირველად მოხდა, რომ კინოს ეს უმაღლესი პრემია ტრანს მსახიობ კარლა სოფია გასკონს (Karla Sofia Gascon) გადაეცა ჰოლივუდის ვარსკვლავებთან – ზოი სალდანასთან (Zoe Saldana) და სელენა გომესთან (Selena Gomez), ასევე ესპანელ მსახიობ ადრიანა მასთან (Adriana Mass) ერთად.
ფილმი მრავალ სოციალურ და კულტურულ პრობლემებს ეხება, თუმცა მისი კლასიფიკაცია ტრაგიკომედიად შეიძლება ჩაითვალოს. უკანასკნელ წლებში, ოდიარი სწორედ ამ ჟანრში მუშაობდა. ემილია პერესი მექსიკელი ნარკოკარტელის ლიდერია, რომელიც პოლიციისგან თავის დასახსნელად სქესის შეცვლას გადაწყვეტს. როგორც ვთქვით, ფილმმა საკმაოდ კარგი გამოხმაურება მიიღო და მას ქალ მსახიობთა კოლექტივის ჯილდოსთან ერთად ჟიურის პრიზიც გადაეცა.
სენ ლორანის კინოკომპანიისთვის ოდიარის ფილმი მართლაც გამარჯვება გახდა. ასეთი ხანმოკლე ისტორიის მქონე საპროდიუსერო ორგანიზაციამ წლის ერთ-ერთი მთავარი ფილმის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. თუმცა არანაკლები ინტერესი მოჰყვება ევროპული კინოს ასევე გამორჩეული რეჟისორის იტალიელი პაოლო სორენტიონოს (Paolo Sorrentino) „პართენოპას“ (Parthenope). ეს ფილმიც მთავარ კონკურსში აჩვენეს, რომელშიც მსოფლიო კინოს ლეგენდარული მსახიობები სტეფანია სანდრელი (Stefania Sandrelli) და გარი ოლდმანი (Gary Oldman) თამაშობენ.
ფილმში სორენტინომ არ უღალატა ხელწერას – დიალოგთან წარსულის ტექნიკას. რეჟისორი საქართველოში ბევრს უყვარს. მსოფლიოშიც სორენტინოს მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავს სწორედ იტალიური კინოტრადიციის გაგრძელების, მასთან მუდმივად კონტაქტში ყოფნის გამო. ფილმის მთავარი პერსონაჟი 1950 წელს დაბადებული ნეაპოლელი ქალია, რომელიც წარსულს იხსენებს. პერსონაჟს ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი სირინოზის სახელი ჰქვია – პართენოპა. სწორედ პართენოპას გარდაცვალებას მოჰყვა ქალაქ ნეაპოლის დაარსება. მთავარი გმირი საკუთარ თავში ატარებს როგორც პერსონალურ, ასევე მითოლოგიურ ისტორიას.
Saint Laurent Production-ს ამ დროისთვის 7 ფილმი აქვს წარმოებული. ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომლითაც კომპანიამ საქმიანობა დააანონსა ჟან ლუკ გოდარის უკანასკნელი ფილმი იყო. ვაკარელოს ანსამბლებითა და Saint Laurent-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა პედრო ალმოდოვარის ამ დროისთვის უკანასკნელი მოკლემეტრაჟიანი ფილმიც. კომპანიასთან ასევე თანამშრომლობდნენ მსოფლიო კინოს ისეთი გრანდ რეჟისორები, როგორებიც არიან: ვონგ კარ-ვაი (Wong Kar-wai) და გასპარ ნოე (Gaspar Noé). უკვე გამოიკვეთა ტრადიციაც, რომ Saint Laurent-ის ფილმების პრემიერა კინოს მთავარ ფორუმზე – კანის კინოფესტივალზე იმართება.
ახლად დაფუძნებული კინოკომპანიისთვის ასეთი დასაწყისი ფანტასტიკურია. Saint Laurent-ი იმკვიდრებს იმ ადგილს, რაც მოდის სახლს დიზაინში აქვს. მაყურებელსა და პრესაში გაჩნდა კითხვა, ვისთან ითანამშრომლებს მომავალში ვაკარელო. მაგალითად შარშან, კომპანიის პრეზენტაციას ამერიკული „ინდი კინოს“ წარმომადგენელი ჯიმ ჯარმუშიც (Jim Jarmusch) ესწრებოდა და სავარაუდოდ, მის მომდევნო ფილმსაც სწორედ Saint Laurent-ი წარმოგვიდგენს, სავარაუდოდ ასევე კანის კინოფესტივალზე.
დამოუკიდებელი კინოსთვის Saint Laurent-ის სახლი მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა. კინოკომპანია ჯერ-ჯერობით მხარს უჭერს ისეთ პროექტებს, რომლებიც მოგებაზე გათვლილი არაა. იმედია, ეს მოცემულობა მუდმივად შენარჩუნდება და Saint Laurent-ის ფილმოთეკაში შევა თანამედროვე კინოს მართლაც მნიშვნელოვანი ნამუშევრები.
გიორგი რაზმაძე