RENAISSANCE MAN

©Ray Tarantino

სიმდიდრე, ელეგანტურობა და სიღრმე ის საკვანძო სიტყვებია, რომლებიც რომეო გილის სამყაროს განსაზღვრავს. მოგონებების ამშლელი არაჩვეულებრივი ეკლექტური სამყარო, სადაც მთავარი გმირი არაჩვეულებრივი ამბების მთხრობელი ტანსაცმელია. გილის უკვდავი და შთამბეჭდავი ნამუშევრები, რომლებიც უკვე სამი ათწლეულია იქმნება, მუზისათვის – დიზაინერის მიერ დაუფლებული მაცდური, მისტიკური და ჭკვიანი ქალისათვის მიძღვნილი სასიყვარულო ლექსებია. 

რომეო გილის პირველად ცივ და სველ დილას მის საყვარელ პარიზში წლების წინ შევხვდი. პირველივე წამიდან გამაოცა მისი ჩაცმულობის ჰარმონიამ და იმან, როგორ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული ყველაფერი, რაც კი ეცვა. წინდების ფერიც კი სხვა დანარჩენი ტანსაცმლის შესაფერისი იყო, რაც არც თუ ისე გასაკვირი ამბავია, თუ გაითვალისწინებთ მისი მხრიდან მთლიანი კოსტიუმის ერთ ნამუშევრად აღქმას. არსებობს გილის სტილი, რომელიც ერთდროულად რბილი და მაცდური, მშვიდი თანდაყოლილი თავდაჯერებულობით გამოირჩევა. მილანში მცხოვრებ დიზაინერს ეთნიკური სამოსის, ანტიკური კულტურებიდან მიღებული შთაგონებისა და იმის შესახებ სალაპარაკოდ შევხვდით, რატომაა მისი აზრით სექსუალურობა ძალიან მოსაწყენი. 

©Yuriko Takagi

როგორ ჩაიარა თებერვალში გამართულმა თქვენმა ბოლო ჩვენებამ? 

ძალიან კარგად. კოლექცია საღამოს ტანსაცმლის პატარა ნაკრებს წარმოადგენდა. მასში მხოლოდ 13 კაბა გაერთიანდა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ პრესის რეაქციამ გამაოცა. როგორც ჩანს, კოლექცია ძალიან მოეწონათ და ქალთა ყოველდღიურმა სამოსმა (Women’s Wear Daily) მას კარგი შეფასება მიუძღვნა. ის სიუზი მინკისსაც მოეწონა და სასიამოვნო სტატია დაწერა. 

ანუ დიზაინი მათთვის შექმენით. 

დიახ. არ ვიცი, ჩემს ამბავს რამდენად იცნობთ, მაგრამ ჩემი საკუთარი სახელის გამოყენების უფლება აღარ მაქვს. ძალიან რთული ისტორიაა და ახლა დეტალების მოყოლას არ დავიწყებ, თუმცა ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრების მთელი ეს ნაწილი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. 

მაგრამ თქვენს ნამუშევარს ჯერ კიდევ ეხმაურება ხალხი და ადამიანები უნდა გეუბნებოდნენ კომპლიმენტებს იმასთან დაკავშირებით, რასაც მიაღწიეთ

ხანდახან ასეც ხდება. ჩემი ცოლი და მე ბევრს ვმოგზაურობთ და ხშირად ხდება ისე, რომ რომელიმე ქალი მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ ადრე ჩემი ტანსაცმელი უყიდია. უნდა, რომ ისევ დავბრუნდე და მიყვება, როგორ სათუთად ინახავს ჩემს სამოსს გარდერობში. უდავოა, რომ არსებობს ემოციური კავშირი ასეთ ხალხსა და ჩემს სამუშაოს შორის. რა თქმა უნდა, ჩემთვის სასიამოვნოა ამის მოსმენა. 

თქვენ ძალიან სწრაფად მიაღწიეთ წარმატებას და ადრეულ 1980-იანებში თქვენს ტანსაცმელს პრესტიჟული მაღაზიები ყიდულობდნენ

რომეო გილის ბრენდი 1981 წელს შევქმენი, პირველი ჩვენება კი ერთი წლის შემდეგ მოვაწყვე. გამიმართლა, რომ მილანის მოდის სცენამ თითქმის მაშინვე დამიჭირა მხარი, რაც იმას ნიშნავდა, რომ Joyce-სა და Linda Dresner-ის მსგავსმა მნიშვნელოვანმა მაღაზიებმა ტანსაცმელი შემიკვეთეს. მაშინ სადემონსტრაციო სივრცე არ მქონდა და ტანსაცმელს პირდაპირ ჩემი ბინიდან ვყიდდი. მოდელებს ჩემი ნაცნობი სტუდენტი ქმნიდა. უბრალოდ არ მეგონა, თუ ასეთი მაღაზიები სარიოზულად აღმიქვამდნენ. 

1980-იანი წლების მოდა თავხედური და აგრესიული იყო, მაგრამ თქვენი ნამუშევრები ამგვარი არასდროს ყოფილა. როგორ იპოვეთ თქვენი ადგილი მოდის სამყაროში

როცა ტანსაცმლის დიზაინის შექმნა დავიწყე, არ ვაქცევდი ყურადღებას იმას, მოდის სამყაროში რა ხდებოდა, რადგან ამის ატანის თავი არ მქონდა. ყოველთვის შთამაგონებდნენ ის ქალები, ვისაც ვხვდებოდი, მაგრამ არ მინდოდა, რომ ისინი სექსუალურები ყოფილიყვნენ. მინდოდა, მათი მგრძნობიარე ხასიათი ტანსაცმლის საშუალებით გამომეხატა. და სწორედ მაშინ გაცოცხლდა წარმოსახვითი ქალი – მუზა და ადამიანი, რომელიც მიყვარდა და რომელთანაც კავშირს ვგრძნობდი.

მას როგორ აღწერდით?

მე გამორჩეული კულტურის წარმომადგენელი ვარ. ჩემს ოჯახში მთელი თაობები ანტიკვარული წიგნების გამყიდველები იყვნენ. მათ მასწავლეს, როგორ უნდა გადამებარებინა საოჯახო ბიზნესი, რაც იმას ნიშნავს, რომ კლასიკური აღზრდა მივიღე: ლათინური და ბერძნული ენები და ისტორია შემასწავლეს. სწავლას რომ მოვრჩი, ფლორენციაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა მალევე ჩემოდნების ჩალაგება და სამოგზაუროდ წასვლა გადავწყვიტე. ჩემი ცხოვრების ეს ეპიზოდი 10 წელიწადს გაგრძელდა. 

1970-იანი წლების ბოლოს ნიუ იორკში ცხოვრობდით, არა

იქ 1977 წელს ჩავედი. 

რა მაგარია თქვენი მხრიდან ამის გაკეთება…

(იცინის) მკერავთან ვმუშაობდი, რომელიც ქალაქის გავლენიან პირებსა და ცნობილ ხალხს აცმევდა. ბრენდს Dimitri Couture ერქვა და ყველაფერი კონკრეტულ ადამიანზე მორგებით იკერებოდა. ყველა, ვისაც კი უნაკლოდ ჩაცმა და მეგობრებზე შთაბეჭდილების მოხდენა სურდა, დიმიტრისთან მიდიოდა. ერთგული კლიენტები ჰყავდა. 

როგორი იყო მაშინ ნიუ იორკში ცხოვრება

ფანტასტიკური. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოცდილება. ხელოვნებისა და მოდის სამყაროები ერთმანეთში ირეოდა, მსახიობები, მწერლები, უცნობი ადამიანები – ყველა ერთად იყო. ყველაფერი მარტივი ჩანდა და ერთი სოციალური წრიდან მეორეში გადასვლა შეგეძლო. ასევე მუდმივად ხვდებოდი სხვადასხვა ადამიანებს, რადგან მაშინ არანაირი წესი არ არსებობდა. ყველას ცნობისმოყვარეობა სძლევდა და ყველა მზად იყო, შენი ამბავი მოესმინა. 

იტყოდით, რომ ვასკვლავი დიზაინერის მითი 1980-იან წლებში შეიქმნა

გულახდილად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ეს გაცილებით უფრო გვიან მოხდა. იმ პერიოდს შემოქმედებითი თავისუფლება და თითოეული დიზაინერის ინდივიდუალობა განსაზღვრავდა. ამ ელემენტებმა უდავოდ გაუკვალეს გზა მოგვიანებით უფრო ძლიერი დიზაინერების კულტურის გაჩენას, მაგრამ ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესი იყო. დღევანდელ მოდაში მსგავს რამეს ვეღარ აღმოაჩენთ. 

ყველაფერს პროდუქტი განსაზღვრავს

ვფიქრობ, ახლა ბევრი დიზაინერია ცუდ დღეში, რადგან პირობები ძალიან გართულდა. ახლა ბევრ შემოქმედებითობასაც ვეღარ შეხვდებით, რადგან მოგებაზე ორიენტირებული და ბაზრის დაკმაყოფილების მოსურნე დიდი კომპანიები დიზაინერებს თავს თავიანთ აზრებს ახვევენ. ბოლოს და ბოლოს, ახლა ხალხს მხოლოდ სუნამოები, ჩანთები, ფეხსაცმელები და მზის სათვალეები ადარდებს (იცინის).

თქვენ კი თქვენი ტანსაცმლის გამო იყავით ცნობილი

ბევრ რამეს ვაკეთებდი სათვალეების ჩათვლით, მაგრამ კითხვა იმაში მდგომარეობს, დღეს ჯერ კიდევ ვინ ყიდის ტანსაცმელს? ყველაფერი მხოლოდ ციფრებამდე დავიდა და საკმაოდ ბანალური გახდა.

მახსოვს ლე მარეში, სავინის ქუჩაზე მდებარე თქვენი მაღაზია პარიზში. მაშინ ის მოდური რაიონი არ იყო

ნამდვილად არა. ასევე ორი მაღაზია გვქონდა მილანში, ერთი მაღაზია ლონდონში, რომელიც Browns-სთან ერთად ყიდდა ჩვენს ტანსაცმელს და სხვა მაღაზიები აზიაში იაპონიისა და სამხრეთ კორეის ჩათვლით. როცა მარეში მაღაზია გავხსენით, იმ სამეზობლოში მოდის ხსენებაც კი არ იყო. ტანსაცმლის მხოლოდ ერთი მაღაზია მახსოვს ვოსგის მოედანზე. სულ ეს იყო და ეს. 

1990-იან წლებში მოდის სამყაროში მნიშვნელოვანი ძვრა მოხდა. გამოჩნდნენ ისეთი დიზაინერები, როგორებიც არიან ჰელმუტ ლანგი (Helmut Lang), მარტინ მარჯელა (Martin Margiela) და ანა დემიულმისტერი (Ann Demeulemeester). მათ პარიზი შეძრეს. ადამიანთა ამ ჯგუფთან ერთად თავს როგორ გრძნობდით

სასაცილოა, რადგან როცა მილანში ჩვენებების მოწყობა დავიწყე, ხალხი ხშირად მიწოდებდა „მინიმალისტს“. ჩემი მაშინდელი ნამუშევრები მართლაც ძალიან იყო ფოკუსირებული ფორმებზე და არა გაფორმებაზე. გვიან 1980-იანებში ნამუშევრების საჩვენებლად პარიზში რომ გადავედი, ჩემი დამოკიდებულებაც შეიცვალა. სიწმინდისკენ ლტოლვა შევინარჩუნე, მაგრამ ტანსაცმლისთვის მეტი ეფექტის მინიჭება და მისი მეტად შემკობა მსურდა. ყველაფერი გაცილებით უფრო ჩახლართული გახდა, რადგან ვგრძნობდი, რომ სილუეტის თვალსაზრისით ყველაფერს მივაღწიე, რაც კი მინდოდა. ჰელმუტს საკმაოდ კარგად ვიცნობ და Zamasport-ს, მისი ტანსაცმლის პირველ მწარმოებელს ის პირველად მე გავაცანი. მისი პირველი კოლექციები რომ ვნახე, შევამჩნიე, რომ მათში დიდი პოტენციალი იმალებოდა. 

ალექსანდრე მაკქვინი თქვენთან პრაქტიკას გადიოდა. მაშინაც ასეთი მეამბოხე იყო

დიახ. ბევრ დიზაინერს შევხვედრივარ ან ვიცნობდი. შუა 1980-იანებში კარლა სოძანი (Carla Sozzani) და მე შეყვარებულები ვიყავით და კორსო კომის #10 ახალი ტალანტების აღმოჩენის ადგილად იქცა. იქ ჩემი რამდენიმე კოლექცია იყიდებოდა და მახსოვს, როგორ ვიყიდეთ მაღაზიისთვის მარტინის ერთ-ერთი პირველი კოლექცია. ძალიან ექსტრემალური, მაგრამ ლამაზი იყო. 

ამ მაღაზიას განსაკუთრებული ახალი ხედვის მქონე კონცეფცია ჰქონდა

იმ იდეას ვეყრდნობოდი, რომ ტანსაცმლის, წიგნების, ყვავილებისა და ხალიჩების აღრევა იყო შესაძლებელი. იქვე ნახავდით სიბილას (Sybilla) და ჯონ გალიანოს (John Galliano). არაჩვეულერივი შემოქმედებითი ნარევი იყო. 

თქვენთან დაკავშირებული ჩემი პირველი მოგონება პარიზის ვოგის ფურცლებზე ნანახი თქვენს ტანსაცმელში ჩაცმული, მუქი ტყის ფონზე გადაღებული ლინდა ევანჯელისტაა. სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რამდენად შთამბეჭდავი იყო თქვენი ტანსაცმელი

ის კოლექცია ჩემთვის ათვლის წერტილად იქცა. მინიმალისტური ფორმებიდან მაქსიმალისტური სახეების შექმნაზე გადავერთე, თუმცა ჩემი სტილი არ შეცვლილა. ეს უფრო ევოლუცია იყო. მქრალი ფერები ხასხასათი ჩავანაცვლე, ზოგადი განწყობა ბაროკოს ეპოქის მსგავსი გახდა. მაშინ ეს კარგ იდეად მიმაჩნდა. ვფიქრობ, მინდოდა ქალები უფრო ნათელები ყოფილიყვნენ და მზეს უფრო მეტად დამსგავსებოდნენ. ეს კი ნიშნავდა ნაქარგობის, ძვირფასი დეტალებისა და სამკაულების გამოყენებას. ნამუშევრებში მეტი სიმდიდრე გაჩნდა. 

ეთნიკური და ტრადიციული სამოსი ყოველთვის შთაგაგონებდათ

დიახ. წლების განმავლობაში ვმოგზაურობდი და სადაც კი მომიწია ყოფნა, ყველა ქვეყნიდან რაღაც ჩამოვიტანე. ზოგიერთი კოლექციის შთაგონება აფრიკამ, ინდოეთმა ან სპარსეთმა, საოცარი მემკვიდრეობისა და ისტორიის მქონე ანტიკურმა ქვეყნებმა მომცეს. მაგალითად, სპარსული მინიატურების მოტივები გამოვიყენე და ისინი ტანსაცმელზე დატანილ დიდმასშტაბიან პრინტებად ვაქციე. ეს მორთულობის ახალი ფორმა იყო და ის ქსოვილები და აქსესუარები გამოვიყენე, რომლებიც ასევე იყო კულტურის ნაწილი (მაგ. ხავერდი, ჩალმა). 

ჩემთვის ეს არქეოლოგიურ კვლევას ჰგავს

ყველა ჯერზე ახალი ნარატივია. მოდას, როგორც ამბის მოყოლის საშუალებას ისე ვუყურებ. არ მესმის, რატომ უნდა აჩვენო დიზაინერმა ერთი რაღაც და მაღაზიაში სულ სხვა რამ გაყიდო. ჩემს კოლექციებში თქვენ ყოველთვის ნახავდით სეზონის გზავნილის მატარებელ სრულ სილუეტებს, მაგრამ ადვილი იყო მათი დაშლა პიჯაკის, პერანგის ან შარვლის ელემენტებად, რომელთა ტარება ქალს ყოველდღიურად შეეძლო. ჩემთვის ამოსავალი წერტილი სწორედ ამგვარი წონასწორობის პოვნა იყო. როგორც კი კოლექციების ამბებად ჩაფიქრება დავიწყე, მათ იმ მარადიულობას მიაღწიეს, რომელსაც ახლა უფრო კარგად ვაცნობიერებ. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ამ ტანსაცმელში გამოწყობილ ხალხს ვხედავ. წარსულს რომ გადავხედავ ხოლმე, ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ისაა, რასაც მივაღწიე. 

თქვენ ძლიერი ხედვა გქონდათ

საქმე იმაშია, რომ არასდროს მინდოდა, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე ჩემს ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი მენახა. ისეთ კოლექციებს ვქმნიდი, რომელთა შემადგენელ ნაწილებსაც ქალები თავად შეარჩევდნენ და მათ თავისად აქცევდნენ ხოლმე. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო ისაა, დავინახო, ქალი სხვადასხვა ელემენტს ერთმანეთს როგორ შეურევს. ამას „ინფიცირებას“ ვუწოდებ. მიყვარს, როცა საგნები ერთმანეთს ხვდებიან და სხვა რამედ იქცევიან ხოლმე. 

ამ ნომერში ნაჩვენები მასალის კონცეფციის არსიც სწორედ ესაა: ვაჩვენოთ მკითხველს 1990-იანი წლების თქვენი არქივისა და ტრადიციული ქართული კოსტიუმებისა და აქსესუარების შერწყმა

როგორც უკვე ვთქვი, მჯერა ამგვარი შეხვედრების. ეს კულტურული ურთიერთ დამტვერვის მსგავსი რამაა, რასაც ჩვეულებრივ არაჩვეულებრივი შედეგები მოსდევს. 

ფილიპ პურაშემი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top