1969 წელს პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტი, ჟორჟ პომპიდუს იდეის საფუძველზე, მრავალფუნქციონალური საგამოფენო სივრცის კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც 49 ქვეყნის წარმომადგენლის 680 პროექტმა მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო კომისიამ პირველი ადგილი რიჩარდ როჯერსის, ჯანფრანკო ფრანჩინისა და რენცო პიანოს გუნდს მიანიჭა.
1977 წელს ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა, მაგრამ ამ მოვლენას პარიზელების, ქალაქის სტუმრების და პრესის აღშფოთება მოყვა. ერთმა ასაკოვანმა პარიზელმა ქალბატონმა კი, რიჩარდ როჯერსს, ქოლგა გადაუჭირა ბეჭებზე, როცა მისი ავტორობის შესახებ შეიტყო. ქალბატონის საქციელი კონსერვატორი პარიზელებისათვის სრულიად გასაგები აღმოჩნდა, რადგან დედაქალაქის ცენტრში, მათივე თქმით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მსგავსმა შენობამ დაიდო ადგილი. მისმა ავტორებმა შიგა სივრცის გამოთავისუფლების მიზნით, მთელი საინჟინრო კომუნიკაცია hi-tech-ის სტილში შექმნილი ოთხკუთხა, 10 დონიანი შენობის ფასადზე, ლითონის კარკასები, სავენტილაციო შახტები, წყლისა და ელექტროგაყვანილობის სხვადასხვა ფერად შეღებილი მილები, ლიფტის კაბინები და ესკალატორები გამოიტანეს. ამის შემხედვარე ბევრი პარიზელი, გი დე მოპასანის მსგავსად, რომელიც მზერას არიდებდა მისთვის აუტანელ ეიფელის კოშკს, თვალებს ხუჭავდნენ პომპიდუს ცენტრის დანახვისას.
სკანდალური ისტორია რიჩარდ როჯერსისათვის 1986 წელს, ლონდონში, Lloyd–ის სადაზღვევო კომპანიის შტაბ-ბინის გახსნისას განმეორდა. ნისლიანი ალბიონის ბინადრებმაც მწვავე კრიტიკით მიიღეს სიახლე. მათ რიცხვს პრინც ჩარლზიც მიეკუთვნებოდა და გეგმარების მთელი პერიოდის მანძილზე ავტორს სასტიკ ოპონირებას უწევდა, მაგრამ გავიდა ცოტაოდენი ხანი და ეიფელის კოშკის მსგავსად, პომპიდუს ცენტრი პარიზის ახალ სიმბოლოდ იქცა, ლითონის კონსტრუქციებისა და მინის ელემენტების, ტექნოგენის ესთეტიკით შექმნილი Lloyd–ის შენობა კი ლონდონის განუყრელ ნაწილად. 2007 წელს როჯერსის ამ ნაგებობამ პრიტცკერის პრემია, არქიტექტურის დარგის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. მისმა ავტორმა, რიჩარდ როჯერსმა კი თანამედროვე მსოფლიო არქიტექტურის ისტორიაში, რენცო პიანოსთან და ნორმან ფოსტერთან ერთად hi-tech-ის სტილის ფუძემდებლის სახელი დაიმკვიდრა.
რიჩარდ როჯერსი 1933 წელს ფლორენციაში, ექიმის ოჯახში დაიბადა; თუმცა მუსოლინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ებრაული ფესვების გამო, როჯერსებმა ლონდონში გადაინაცვლეს საცხოვრებლად. პატარა რიჩარდი სკოლაში მიაბარეს, სადაც მისი მხიარული ბავშვობა დამთავრდა, რადგან დისლექსიის გამო მას წერა-კითხვა უჭირდა და აბუჩად ამგდებ, მჩაგვრელ თანაკლასელებს ხშირად ცემა–ტყეპით აშოშმინებდა. რიჩარდმა მხოლოდ თერთმეტი წლისამ შეძლო ამ სენის დაძლევა, თუმცა მისი თავგადასავლების ნუსხა სკოლის პერიოდის შემდეგაც არ დამთავრდა და ბევრ არასახარბიელო ისტორიაშიც გაეხვა. ევროპაში დამოუკიდებლად მოგზაური, ბედის მაძიებელი 17 წლის რიჩარდი ხან ხარებს გაურბოდა პამპლონაში, ხან უბილეთო მგზავრებზე მონადირე კონდუქტორებს. ხულიგნობის გამო მან ერთხელ სან-სებასტიანის და მეორედ ვენეციის ციხეში ამოყო თავი, საიდანაც ის მამამ მხოლოდ ფულადი შენატანის წყალობით დაიხსნა.
1951 წლიდან რიჩარდ როჯერსის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ბრიტანეთის ფესტივალზე (Festival of Britain) მოხვედრამ, მეცნიერებისა და ტექნიკის, სამრეწველო დიზაინის, არქიტექტურისა და ხელოვნების დარგში მიღწეული სიახლეების ხილვამ ახალგაზრდა კაცზე იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა, რომ მან ეპსომის ხელოვნების სკოლაში ჩააბარა არქიტექტურის ფაკულტეტზე და ბრწყინვალე სწავლით ისახელა თავი. ბაკალავრის წოდება მან ლონდონის არქიტექტურის სკოლაში, მაგისტრისა კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იელის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ის ფულბრაიტის სტიპენდიით მოხვდა. რიჩარდ როჯერსი აქ თანამედროვეობის დიდ არქიტექტორს, ნორმან ფოსტერს დაუმეგობრდა და 1963 წელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მათ არქიტექტორ მეუღლეებთან ერთად ბიურო TEAM 4 დააარსეს.
მოგვიანებით გამოცემულ საავტორო წიგნში – A Place For All People – რიჩარდ როჯერსი იხსენებდა, რომ კლიენტების მოსვლის დროისათვის, მეგობრებს იწვევდა ბიუროში, რათა მეტი სოლიდურობა მიენიჭებინათ სამუშაო სიტუაციისათვის და შთაბეჭდილება მოეხდინათ დამკვეთებზე, მაგრამ ცოტაოდენ ხანში მათ მსგავსი ხრიკებისათვის აღარ მიუმართავთ. ამ სახელოსნოში დაპროექტებულმა, კორნუოლში მდებარე საცხოვრებელმა სახლმა ახლგაზრდების ჯგუფს პირველი წარმატება მოუტანა. მათი შემდგომი წინსვლა სუინდონში, Reliance Controls factory-ის კომპანიისათვის შექმნილი ელექტრონიკის ფაბრიკის პროექტს მოყვა, სადაც ჯგუფმა hi-tech-ის სტილის ხორცშესხმის გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგა . TEAM 4-მა ოთხი წელი იარსება, ვიდრე რიჩარდ როჯერსმა და ნორმან ფოსტერმა, რენცო პიანოსთან – თანამედროვეობის კიდევ ერთ ბუმბერაზ არქიტექტორთან ერთად, პომპიდუს ცენტრის პროექტზე დაიწყეს მუშაობა, რაც მშენებლობის დამთავრებამდე გაგრძელდა.
რიჩარდ როჯერსის ცხოვრების ახალი ეტაპი 1977 წელს კომპანია Richard Rogers Partnership-ის დაარსებით დაიწყო. დღეს მას შეცვლილი სახელით – Rogers Stirk Harbour + Partners, მთელი მსოფლიო იცნობს. მისი ოფისები მდებარეობს ლონდონში, ბარსელონაში, მადრიდში, ნიუ–იორკსა და ტოკიოში. ყველაზე ცნობილ ნამუშევართა შორის, პომპიდუს ცენტრისა და Lloyd–ის შტაბ-ბინის გვერდით, აღსანიშნავია ადამიანთა უფლებების სასამართლო სტრასბურგში (1984), საგამოფენო დარბაზი Millenium Dome ლონდონში (1999), Barajas აეროპორტის მეოთხე ტერმინალი მადრიდში (2004), Hesperia Tower ბარსელონაში (2005), Heathrow აეროპორტის მეხუთე ტერმინალი ლონდონში 2008, ნიუ–იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობა WWTC (2018), Parc 1 Tower სეულში(2018) და კიდევ უამრავი შენობა, რომელთა ავტორობა ალბათ ნებისმიერი არქიტექტორისათვის იქნებოდა სანატრელი.
რიჩარდ როჯერსმა მოღვაწეობის მანძილზე ბევრი აღიარება დაიმსახურა, მათ შორის ბრიტანეთის არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის, ამერიკის ხელოვნების აკადემიის, თომას ჯეფერსონის, იაპონიის ხელოვნების ასოციაციის, ვენეციის არქიტექტურული ბიენალეს, სტერლინგის და რა თქმა უნდა პრიტცკერის ჯილდოები. 1986 წელს რიჩარდ როჯერსს საფრანგეთის მთავრობამ საპატიო ლეგიონის ორდენი გადასცა, 1991 წელს კი ბრიტანეთის დედოფალმა მას რივერსაიდის ბარონის და პერის წოდება უბოძა. რიჩარდ როჯერსი დღეს თანამედროვეობის უდიდეს არქიტექტორადაა აღიარებული. ის 2021 წლის 18 დეკემბერს, 88 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა.
რუსუდან საბანაძე