06.03.2022

იტალიური კინოს  მოყვარულებს კარგად ახსოვთ ნეორეალიზმის პერიოდის რეჟისორების  მხატვრულ ფილმებში განვითარებული მსვლელობის მიზანსცენებად გამოყენებული სოციალური სახლების ინტერიერებისა თუ ექსტერიერების პირქუში მდუმარება.   საბედნიეროდ, ზუსტად ამ რეალობამ და თემატიკამ დაიკავა ბევრი არქიტექტორის შემოქმედებაში წამყვანი ადგილი. თანდათანობით, მათი ძალისხმევით, დასავლეთის ქალაქებს  ბევრი საცხოვრებელი   კომპლექსი შეემატა, რომელთა განსხვავებული, ზოგჯერ უცნაური  იერი   დღესაც იპყრობს  ჩვენი საუკუნის კინოს წარმომადგენლების ყურადღებას.  ასე  იქცა  Netflix-ის დაკვეთით გადაღებულ სერიალ  Squid Game-ში, ალიკანტეში მდებარე  Muralla Roja მოქმედების არეალად; ხოლო   პარიზის გარეუბანში განთავსებული Les Espaces d’Abraxas , არაორდინალურობის გამო,  სერიალ The Hunger Games და ფილმ Brazil– ში  უტოპიური გარემოს განსახიერებად. ორივეს ნაგებობის ავტორი   ესპანელი არქიტექტორი  რიკარდო ბოფილია. 

მას საფრანგეთის პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დ’ესტენი თანამედროვეობის უდიდეს არქიტექტორად იხსენიებდა,  ჟაკ შირაკი კი მას გიგანტომანიით შეპყრობილს  უწოდებდა. მისი შემოქმედების შემყურე, ზოგი  აღტაცებაში მოდიოდა, პოსტმოდერნისტად და გენიალურ ქალაქმშენებლად თვლიდა, ზოგი კი უგემოვნობაში  ადანაშაულებდა. ერთ ინტერვიუში რიკარდო ბოფილმა  განაცხადა: „ჩემი შემოქმედების  49%  წარუმატებელია, დანარჩენი კი წარმატებულიო.“  ერთმანეთის გამომრიცხველი აზრების მიუხედავად, ის დღევანდელობის უდიდეს არქიტექტორად  რჩება და პაბლო პიკასოს მსგავსად, მოყვარული და მაძაგებელი ბევრი გააჩნია.  მათი შედარება ნამდვილად შეიძლება, რადგან რიკარდო ბოფილმა , თანამემამულის მსგავსად, ცხოვრების  ეტაპებზე, ბევრჯერ შეცვალა შემოქმედებითი გეზი. „სხვადასხვა ადგილები, ჩემი შემოქმედების სხვადასხვა პერიოდები,  ერთმანეთისგან განსხვავებულ პასუხებს მაძლევდა და ერთმანეთისგან დიამეტრალურად აცდენილ პროექტებს ბადებდა. პუებლოები და სასახლეები ჩემი ინსპირაციის წყაროა,  ჩემი სტილის ნაირფეროვნება კი მოგზაურობების შედეგი“,  თქვა მან ერთ–ერთ ინტერვიუში.  

რიკარდო ბოფილი ალბათ თავისი თაობის  ყველაზე „ევროპელი“  არქიტექტორი იყო, რასაც მისმა წარმომავლობამ შეუწყო ხელი. ის 1939 წელს, ბარსელონაში, კატალონელი მშენებლის და დეველოპერის ოჯახში დაიბადა.  დედა ვენეციელი ებრაელი ჰყავდა, რომელმაც ფრანგულ გიმნაზიაში მიაბარა პატარა ბიჭი სასწავლებლად.  ის არა მარტო სამ ენაზე აღიზარდა, არამედ ხმელთაშუა ზღვისპირა სამ განსხვავებულ კულტურას ერთდროულად ეზიარა და განათლებაც ჯერ ესპანეთში,   ბარსელონას არქიტექტურულ  სკოლაში და შემდგომ  შვეიცარიაში,   ჟენევის  ხელოვნების სკოლაში მიიღო.   

1963 წელს რიკარდო ბოფილმა  რამდენიმე ახლო  მეგობართან   ერთად არქიტექტურული სახელოსნო დააარსა და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ინჟინრებთან ერთად მწერლები და მხატვრები მოიწვია სამუშაოდ. ექსპერიმენტული ჯგუფის მოღვაწეობის შედეგად გაჩნდა საცხოვრებელი სახლები: El Castillo de Kafka (1964-70)  ქალაქ   სანტ-პერე-დე -რიბესში (Sant Pere de Ribes), La Muralla Roja (1968-70)  ქალაქ კალპში (Calpe).  

მოგვიანებით, 1975 წელს კი Walden 7 ბარსელონაში. ამ სახლების არქიტექტურა  სამგანზომილებიან მოდულურ გეომეტრიაზე იყო დაფუძნებული, 30 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე მოცულობები, სივრცეების არამარტო ჰორიზონტალური, არამედ  ვერტიკალური დაკავშირების საშუალებას იძლეოდა. Walden 7-ის  ავტორისათვის შთაგონების წყაროდ ამერიკელი მწერლის, ბერრეს ფრედერიკ სკინერის  ექსპერიმენტულ, თვითმმართველ საზოგადოებაზე დამყარებული, სამეცნიერო-ფანტასტიკური  ნაშრომი  Walden Two გახდა. რიკარდო ბოფილის სტუდიის არქიტექტორები კი ფრანგულ ანტიკაპიტალისტურ მოძრაობას  თანაუგრძნობდნენ. ასე რომ, ლოგიკურად გაუჩნდათ  სახლის იდეა, სადაც მათ პოლიტიკური აზრების გამოხატვის საშუალება ექნებოდათ. Walden 7 ერთი ეზოს გარშემო  შეკრულ, უამრავი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის მქონე, 16 სართულიანი კორპუსებისაგან  შემდგარ საცხოვრებელ  კომპლექსს  წარმოადგენდა, სადაც მსურველებს ერთად  ცხოვრების, სტუმრად სიარულის, შემოქმედებითი თუ პოლიტიკური დებატების  ჩატარების იდეა უნდა გაეზიარებინათ.  დაბალი ღირებულების გამო, ბინები  მალე გაიყიდა, მაგრამ Walden 7-მა გასული საუკუნის 90-იან წლებში, პირვანდელი იდეა დაკარგა და  მეპატრონეებმა ის მიატოვეს.   კორპუსების დამაკავშირებელი გადასასვლელების რთულმა სისტემამ  და ღია გალერეებმა ვერ შეძლეს ადამიანების დაახლოება, პირიქით გადაადგილების დამატებითი სირთულეები მოუტანეს მხოლოდ. დღეს ამ შენობაში   ჩვეულებრივი, გასაქირავებელი  ბინებია. 

1973 წელს, მსოფლიო ყურადღება რიკარდო  ბოფილმა, ბარსელონასთან მდებარე ცემენტის ქარხნის La Fabrica-ს რეკონსტრუქციის პროექტით მიიპყო. აქ მან საკუთარი სახელოსნო განათავსა და ნაწილი  საცხოვრებელს დაუთმო. ქარხანა ცემენტის შესანახ 30 ბუნკერს, მიწისქვეშა გვირაბებს, სამანქანე განყოფილებებს, საკვამურებს, ადმინისტრაციულ შენობას და უზარმაზარ ბაღს მოიცავდა.  რეკონსტრუქციის შემდეგ ქარხნის ცენტრალურმა ნაწილმა, სადაც მსხვილი საქმიანი შეხვედრები იმართება,  „ტაძრის“  სახელი მიიღო, 500 კვადრატული მეტრის ფართზე კი სახელოსნოები განთავსდა. ყველაფერ ამას ახლად დარგული პალმების,  ლიანებისა და კიპარისების სიმწვანე  დაემატა. შეიქმნა შეგრძნება, თითქოს ბუნებამ  დაკარგული ტერიტორია დაიბრუნა. La Fabrica სამრეწველო და სამოქალაქო არქიტექტურის შერწყმის საუკეთესო მაგალითს და ამჟამად ბარსელონას ერთერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, რის მონახულებასაც ქალაქის ბევრი სტუმარი სპეციალურად გეგმავს. „საგრადა ფამილიას“  მსგავსად, დღესაც მიმდინარეობს ოფისად ქცეული ქარხნის ცალკეული ნაწილების რეკონსტრუქცია.   

რიკარდო ბოფილის  შემოქმედების შემდგომი პერიოდიც საცხოვრებელი სახლების პროექტირებას დაუკავშირდა. 90-იან წლებში, უსახურ  არქიტექტურას ბევრი ცხოვრების ხარისხის დონის განმსაზღვრელად მიიჩნევდა და გარკვეულწილად ვანდალიზმსა და დანაშაულის ზრდას  მიაწერდა. ამ შეხედულებას რიკარდო ბოფილიც იზიარებდა და გამოსავალს მის გაჯანსაღებაში ხედავდა. ის ტრადიციულად, არასტანდარტულად მიუდგა საფრანგეთის მთავრობის მიერ დასახული ბინათმშენებლობის გეგმას. მის კონცეფციას მუხტი ამჯერად  ფრანგულმა სასახლეებმა მისცა. რიკარდო ბოფილის პროექტებით აშენდა უზარმაზარი,  კოლონადით  და თაღებით შემკული  საცხოვრებელი კომპლექსი Les Arcades du Lac-Le Viaduc (1982) პარიზის გარეუბანში, Le Palais d’Abraxas(1982)  მარნე-ლა-ვალეში, Les Echelles du Baroque (1986) პარიზში.  „მე ყოველთვის მინდოდა პატარა, ჩაკეტილი სივრცეების დაჯაბნა, მათზე ბატონობა, ხალხისთვის რაიმე სასარგებლოსა და ღირებულის გაკეთება“, განაცხადა რიკარდო ბოფილმა მშენებლობების დამთავრების შემდეგ.  მან ეს მოახერხა კიდევაც, თუმცა არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა კოლეგების მხრიდან. 

დღეს, ბარსელონაში, Las Ramblas ქუჩის ბოლოში მოხვედრილი ადამიანის მზერას, სანაპიროზე მდებარე, ხომალდის აფრის სილუეტის მქონე W Barcelona სასტუმრო იტაცებს. შეიძლება ითქვას, რომ გაუდის შენობებთან ერთად, ისიც ბარსელონას სიმბოლოდ აღიქმება.  კატალონიის ნაციონალური მუზეუმის, ჩიკაგოს ცათამბჯენის  – 77 West Wacker Drive, ბარსელონას აეროპორტის პირველი ტერმინალის და   რიკარდო ბოფილის  1000-ზე მეტ, მსოფლიოს სვადასხვა კუთხეში განხორციელებულ პროექტებთან ერთად, სასტუმრო W Barcelona   ესპანელი არქიტექტორის  არაორდინალური აზროვნების, ხასიათის, წარმომავლობის, სიცოცხლის წყურვილის  პირდაპირი ანარეკლი და მტკიცებულებაა . 

რიკარდო ბოფილი 2022 წლის იანვარში, ბარსელონაში, კოვიდით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

რუსუდან საბანაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top