23.05.2022

საფრანგეთის ისტორიაში მეთვრამეტე საუკუნემ განსაკუთრებული  ადგილი თავისი რევოლუციებით დაიკავა, მაგრამ ეს ვნებათა ღელვა საუკუნის მიწურულს  დაიწყო. მის გარიჟრაჟზე კი ქვეყნის სადავეები ხუთი წლის ლუი XV-ს ერგო, რომელსაც სრულწლოვანების შემდეგაც დიდად არ აინტერესებდა ქვეყნის ბედ-იღბალი და მემკვიდრეობით მინიჭებულ ძალაუფლებას საკუთარი თავის გასართობად და საფრანგეთის საზიანოდ იყენებდა. დროს იგი ძირითადად ნადირობაში,  მანდილოსნებთან ქეიფსა და ბანქოს თამაშში ატარებდა, თუმცა ერთი სასიკეთო საქმის გაკეთება მაინც მოახერხა და გარკვეულწილად ხელი შეუწყო დღეს კარგად ცნობილი ბრენდის, Rémy Martin-ის სახლის ფორმირებას. ლუი XV-ის მმართველობის პერიოდში, ომებით გაუბედურებულ ქვეყანაში, უამრავი აზრს მოკლებული კანონი გამოიცა და ვენახების გაშენებაც სპეციალურ ნებართვას საჭიროებდა. სპირტიანი სასმელების მოყვარული მეფის კარზე ღვინის ერთ-ერთი   მიმწოდებელი ვინმე რემი მარტენი იყო; ასე რომ, როცა ყურძნის ახალი ძირების დარგვაზე მიდგა საქმე, მან 1738 წელს ადვილად მოიპოვა ეს უფლება და მამის დანატოვარ ოჯახურ  ბიზნესს  შემდგომი წინსვლის საშუალება მისცა.

რემი მარტენი 1695 წელს რუიაკში, მეღვინის ოჯახში დაიბადა და პატარაობიდანვე შეისწავლა მუხის კასრების თავისებურება, სპირტის თუ ღვინის წარმოების და მათი დაძველების საიდუმლო. 19 წლის რემიმ მეზობელი ქალაქის ნოტარიუსის ქალიშვილი შეირთო ცოლად და სიმამრისგან არა მარტო მეღვინეობასთან, არამედ კომერციასთან, ფასების ვარდნა-აწევასთან დაკავშირებული რჩევები მიიღო; ხოლო 1724 წელს ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე წარმატებით მოთამაშე ოჯახურ  მეურნეობას საკუთარი სახელი მიანიჭა. რამოდენიმე წელში ლუი XV-ისგან აღებული ნებართვის წყალობით, ის უზარმაზარი ვენახების მფლობელად იქცა და არა ღვინის, არამედ კონიაკის შექმნაზე გადაერთო. ამ უღრუბლო არსებობით რემი მარტენი კარგა ხანი ტკბებოდა, მაგრამ სამოცდამესამე წელს მიტანებულს, ბედმა დიდი განსაცდელი მოუმზადა. მან ერთადერთი შვილი და მემკვიდრე დაკარგა. დასვენებაზე მოფიქრალი მოხუცი ისევ დაუბრუნდა ჩვეულ საქმიანობას და ექვსი წლის შვილიშვილისათვის წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის გაზიარება დაიწყო.  რემის  მოსახელე  ბიჭუნა თავგამოდებით შეეჭიდა ოჯახურ ბიზნესს და ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, თავის თავზე აიღო მეურნეობის პატრონობა.  ამასობაში  მას  საფრანგეთის რევოლუციის პერიოდის ქარცეცხლიანი დღეებიც წამოეწია, თუმცა  მან ამ აყალ-მაყალში, რუიაკის მუნიციპალური კრების წევრობით, შემდგომ კი გადასახადების ამკრების პოზიციით, ოჯახური ბიზნესის გადარჩენა და მისი გაფართოებაც მოახერხა.

1789 წლის ყინვებმა კი, რომელმაც ბოლო მოუღო  საფრანგეთის ღვინის მარაგებს, რემი მარტენის ყინვაგამძლე ნაწარმს ვერაფერი დააკლო და დიდი შემოსავალი მოუტანა. ასე რომ, რემის მოსახელე შვილსაც  წარმატებული ბიზნესი ერგო, თუმცა განსაკუთრებული ადგილი  Rémy Martin-ის   სახლის ისტორიაში პოლ-ემილ რემი მარტენმა (Paul-Emile Rémy Martin), რიგით მეოთხე რემიმ დაიკავა. ფალსიფიცირების თავიდან აცილების მიზნით, მან ერთ-ერთმა პირველთაგანმა წამოიწყო კონიაკის ბოთლების გაყიდვა. 1850 წელს კი მან სრულიად შემთხვევით, ძველი ნივთებით მოვაჭრესთან, დახვეწილი ფორმის სამეფო შროშანებით შემკული საველე მათარა აღმოაჩინა, რომელიც ყველა ვარაუდით გასული საუკუნის დიდგვაროვანს ეკუთვნოდა. 1874 წელს სწორედ ეს ნაპოვნი ნივთი გახდა რემი მარტენის ცნობილი ბროლის ბოთლის და მასში ჩასხმული საუცხოო კონიაკის (Louis XIII-ის სახელის მქონე ) შთაგონების წყარო.

Remy Martin-ის სახლი ყოველწლიურად უფრო მეტად იმკვიდრებდა ადგილს  საფრანგეთის კონიაკის ბაზარზე, სანამ ფირმას  რიგით მეხუთე  რემი არ ჩაუდგა სათავეში.  ფულის არამიზნობრივმა ხარჯვამ და არასწორმა ინვესტიციამ, რომელიც მან  ქალაქ ლინიერში, უზარმაზარი სასახლის მშენებლობაში ჩადო  და მეოცე საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში გავრცელებულმა ვაზის ფილოქსერამ, ერთობ შეანელა სახლის წინსვლა და გაკოტრების საფრთხე შეუქმნა. მაშველად Rémy Martin-ს ანდრე რენო (André Renaud), შამპანელი იურისტი მოევლინა, რომელმაც წარმატებულ კარიერას, ვენახების მიხედვა და საქმის  ფეხზე დაყენება ამჯობინა. მოგვიანებით ანდრე რენოს მარტენების ოჯახის ძველი მეგობარი, ჟორჟ ობუანი შეუერთდა. მათ წარმატებას თავდაპირველად ახალმა  კანონმა  შეუწყო ხელი,  რომლის თანახმადაც მხოლოდ ქალაქ კონიაკში და მის ახლომდებარე ტერიტორიებზე  მოყვანილი ყურძნიდან წარმოებულ ბრენდს  ეძლეოდა Cognac-ის სახელის ტარების უფლება. Rémy Martin სახლის მამულები  საბედნიეროდ  ბევრისთვის საოცნებო რეესტრის ფარგლებში აღმოჩნდა და  მართალია ნელი სვლით,  მაგრამ მტიცედ,  ფირმის შემოსავლებიც გაიზარდა.  

1924 წელს  უკანასკნელი რემი მარტენი გარდაიცვალა. მისმა მეუღლემ თავისი წილი ანდრე რენოს დაუთმო, რომელიც ორმოცი წლის მანძილზე წარმატებით გაუძღვა  ორსაუკუნოვანი ტრადიციის მქონე სახლს,  თუმცა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისას, Rémy Martin-ის სახლს შედარებით მოკრძალებული ადგილი ეკავა Hennessy-ს, Martell-ის Courvoisier-ის ფირმებთან შედარებით; თუმცა 1948 წელს დაწყებული   ელიტარული კონიაკის VSOP Fine Champagne წარმოებამ,  მის შენახვა-გასაღებასთან  დაკავშირებული ყველა გაწეული რისკი გაამართლა და ორი წლის შემდეგ, კომპანიამ 60 ათასი ბოთლის გაყიდვა მოახერხა. შემდგომში კი რაოდენობამ ასეულ ათას ბოთლს გადააჭარბა და  Rémy Martin-ის  სახლმა  მეორე სიცოცხლე დაიწყო.  ასე რომ გასაკვირი არ არის, რომ რემი მარტენის კონიაკს სიამოვნებით აგემოვნებდნენ   ბრიტანეთის დედოფალი  ელისაბედ მეორე, უინსტონ ჩერჩილი, შარლ დე გოლი, კრისტიან დიორი და ელიტის ბევრი სხვა წარმომადგენელი.  

ანდრე რენო 1965 წელს გარდაიცვალა. Rémy Martin-ის სახლი მის ორ ქალიშვილს, ენ მარი ერიარ დიუბრეის (Anne-Marie Hériard-Dubreuil) და ჟენევიევ კუანტროს (Geneviève Cointreau) შეხვდათ მემკვიდრეობით. 1991 წელს კი მათი წილების გაერთიანებით, დღევანდელი კომპანია Rémy Cointreau გაჩნდა, რომელიც  Rémy Martin-ის  საფირმო სხვადასხვა მარკის კონიაკის გარდა (20 მილიონი ბოთლი წელიწადში ) შამპანურს, ღვინოს და ლიქიორს აწარმოებს, რომელიც სახლის ტრადიციას დღესაც არ ღალატობს და სიყვარულით და უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება  პროდუქციას; სწორედ ამიტომ ზამთრის თვეების განმავლობაში სადეგუსტაციო კომისია იკრიბება კვირაში რამდენჯერმე  და 20-დან 30-მდე  სახეობის კონიაკის სპირტს აფასებს. ერთი სეზონის განმავლობაში სომელიეები  დაახლოებით 2000-მდე ნიმუშს უსინჯავენ  ხარისხს და საუკეთესოს არჩევენ. დაძველების დიდი პოტენციალით გამორჩეულ, Cognac-ის რეგიონში წარმოებულ სპირტებს,  Rémy Martin-ის ფირმაში სხვადასხვა კონიაკის მისაღებად  დაშვებულ მინიმალურ ვადას  უფრო მეტად ზრდიან.  ასე მაგალითად, VS Superior-ი 3-10 წლის  განმავლობაში  ფორებიანი სტრუქტურის მქონე ლიმუზენის მუხის კასრებში  ძველდება, როცა მისი კანონით გათვალისწინებული დაძველების ნიშნული 2 წელია,  VSOP 4-დან 14 წელს ატარებს მუხის კასრში, ხოლო XO-ს  შეყოვნება კი შეიძლება 9-დან  37 წლამდე გაგრძელდეს. ამჟამად Rémy Martin-ის პროდუქციის ყიდვა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში არის შესაძლებელი. ის Hennessy-ს, Martell-ის, Courvoisier-ის  გვერდით ლიდერი კომპანიაა მსოფლიო ბაზარზე.  გასულ 2020–2021 წლებში მისმა  ბრუნვამ  1,01 მილიარდი ევრო შეადგინა.

საქართველოს სამმა ცნობილმა ბარმენმა ანდრეი გონჩარენკომ, ალექსი ჯავახიშვილმა და სანდრო ცისკაძემ  Rémy Martin-ის პროდუქციის გამოყენებით მათი საავტორო კოქტეილები თქვენთვის შექმნეს  და მათზე ისაუბრეს. ამ სანახაობის ამსახველ ვიდეო რგოლებს შემდგომ დღეებში შემოგთავაზებთ.

რუსუდან საბანაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top