ფონდი „ნანტიუსი“

მკაფიო გზავნილი

11.12.2023

ტოლერანტობის საერთაშორისო ქომაგი დედა სიდონია ის მთავარი საწყისია, რომლის ირგვლივაც ახლად შექმნილი სოლიდარობის ფონდი „ნანტიუსი“ და მისი ყველა წევრი ერთიანდება. ეს ერთიანობა ჯაჭვური რეაქციის პროცესს ჰგავს, რომელიც წლების წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება. ის, რასაც დედა სიდონია წლების განმავლობაში საზოგადოებრივი, კულტურული, სოციალური თუ სახელოვნებო გზით ახორციელებდა, ახლა სოლიდარობის ფრთის ქვეშ გაერთიანდა. დედაოს, რომელიც  სხვადასხვა დროსა და სივრცეში ევროპული ღირებულებების, ტოლერანტობის, მშვიდობის ნამდვილი დესპანია,  კარგად ესმის თუ რა არის ქართული კულტურული იდენტობა, ტრადიცია, ინოვაცია, აწმყო და წარსული…  წარსული, რომელიც აუცილებლად უნდა იქცეს ევროპულ  მომავლად.

დედა სიდონიას პერსონა ქართულ  საზოგადოებაში ყველასთვის კარგად ნაცნობია. „საქმემან შენმან გამოგაჩინოს“ – მის მიმართ ცოდნა და დამოკიდებულება, მისივე განხორციელებული პროექტების და ქმნილებების მიხედვით ჩამოყალიბდა. დიდი ხანია, მის ირგვლივ სხვადასხვა ინტერესის, პროფესიის, მისწრაფების, ეროვნების, ეთნოსის ადამიანს იკრებს და აერთიანებს. სწორედ ამ ერთიანობით შეიქმნა სოლიდარობის ფონდი „ნანტიუსი“, რომლის პრეზენტაციაც 8 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა.

ფონდის შექმნის იდეა 2022 წელს  წინანდალში დაიბადა, როდესაც ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებაზე, დედა სიდონიას ისტორიის მცველის ჯილდო გადასცეს. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მომხსენებელი  მარიკა გერსამია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, „მედიახმის“ დამფუძნებელი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მედია პროგრამების მენეჯერი, „ნანტიუსის“ შექმნის თანაავტორად გვევლინება დედა სიდონიასთან ერთად. „ეს ფონდი გააგრძელებს ყველა იმ საქმის კეთებას, რასაც აქამდეც ვაკეთებდი, თუმცა ამიერიდან მას უფრო სისტემური ხასიათი ექნება“ – განმარტავს დედა სიდონია.

ფონდ „ნანტიუსის“ საქმიანობის მიზნები და არეალი მრავალმხრივი და მრავალფეროვანია: ინკლუზიური საზოგადოების და ტოლერანტული გარემოს მხარდაჭერა, კულტურული, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობების ორგანიზება, საერთაშორისო მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა, სოციალური თანასწორობის განმტკიცება, ხალხთა შორის  მშვიდობის, სოლიდარობის, თანასწორობის, ტოლერანტობის, მრავალფეროვნების მიმღებლობის მხარდაჭერა და ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ისტორიული სინამდვილის შენარჩუნება, ისტორიული, საკულტო, კულტურული მნიშვნელობის მქონე ფასეულობების დაცვა.

სწორედ ამ უკანასკნელის მკაფიო გამოხატულება,  დედა სიდონიასა და  უკრაინელი ტელე-წამყვანის რომან დრიბნოის ერთობლივი ახალი კონცეპტუალური ნამუშევარია – სამაჯური „ხიდი“, რომლის კონცეფციაც ერთი მხრივ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესების ვიზუალიზაციაა და მეორე მხრივ ანტიკურ ქართულ ცვარას  ტრადიციას აცოცხლებს უკრაინულ ორნამენტთან შეთავსების გზით.

ფონდ „ნანტიუსის“ პრეზენტაცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მიეძღვნა, იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და ქართული უძველესი კულტურისთვის დასავლურ ცივილიზაციაში დაბრუნება. დიახ, სწორედაც რომ დაბრუნება და არა  შესვლა, მიახლოება… რადგან საქართველო ანტიკური დროიდან ამ დიდი ევროპული ცივილიზაციის სრულუფლებიანი და ღირსეული წევრი იყო.

ახალი სამაჯურით – „ხიდი“, დედა სიდონიას სწორედ დამოკიდებულების და იდეის ხორცშესხმა სურდა, ამ ყოველივეს მატერიალური სახე და ფორმა კი დავით ქუთათელაძემ (კომპანია „ცვარა“) მისცა. უნდა ითქვას, რომ ჩვენი წინაპრები ამ ტექნიკას მხოლოდ ოქროზე იყენებდნენ, ცვარათი დამუშავებული ვერცხლი დიდი იშვიათობაა. აუცილებელია იმის ხაზგასმა, რომ ქართველებს ტიხრული მინანქრის გარდა, რომელიც ესოდენ პოპულარულია, გაცილებით ძველი და რთული ტექნიკა გაგვაჩნია სამკაულის დამუშავების. სამაჯური „ხიდი“ ერთ მხარეს გახსნილია, ორი ნაწილი მჭიდროდ კი არ არის შეკავშირებული, კი არ ერთდებიან, არამედ ერთმანეთს ხვდებიან. ჩვენ ახლა კი არ გვიღებენ ევროპაში, ჩვენ ახლა ვბრუნდებით ევროპულ ცივილიზაციაში, სამშობლოში ვბრუნდებით და ის წყვეტა რაც გვქონდა, ამ ხიდებმა უნდა გააერთიანოს“.

დღეს როცა  ჩვენი ქვეყანა ისტორიის ამ რთულ გზაჯვარედინზე აღმოჩნდა, ისევ და ისევ ისტორიის „სწორ“ მხარეს დგომა გადარჩენის უპირობო ალტერნატივაა. ხელოვნება და კულტურა, ამ ცივილიზაციასთან შეხვედრისა და დაბრუნების საუკეთესო საშუალებაა.  ნამუშევრის კონცეფცია შორეული წარსულის გააზრებას და მომავლის ხედვას ეყრდნობა. შორეულ წარსულში კაცობრიობის პირველი მოგზაურები-არგონავტები, საბერძნეთიდან კოლხეთში ოქროს მოპოვებისა და დამუშავების ცოდნის საძიებლად ჩამოვიდნენ. ეს მოგზაურობა იყო პირველი ხიდი ევროპის ორ ქვეყანას შორის. ეს სამაჯურიც „ხიდი“ ყოველივე ზემოთქმულის ვიზუალური იკონოგრაფიაა: ორი ნაწილი, ორი სამყარო… საქართველო, რომელიც  კვლავ ხვდება ევროპას! კავშირების მარადიული სიმბოლო – „ხიდი“, ოდესღაც დაშორებული სამყაროების საქართველოსა და ევროპის თავიდან გაერთიანებას განასახიერებს.

„ხიდი“ ქართულ-უკრაინულ მეგობრობასაც გამოხატავს და ამ ორი ქვეყნის კულტურული იდენტობების „კვეთას“. სამაჯურის ორივე ნაწილზე ქართული ცვარას ტექნიკით შესრულებული უკრაინული ორნამენტია წარმოდგენილი. დედა სიდონიასა და მისი უკრაინელი მეგობრის ჟურნალისტ რომან დრიბნოის  პერსონები,  ვერცხლის სამკაულის შიდა ნაწილზე დატანილი მათი ინიციალებითაა  გამოხატული – S.N. (Sidonia Nun)  R.D.

ისტორიის მცველი და  ფონდ „ნანტიუსის“ ბორდის წევრი რომან დრიბნოი, ღონისძიების მსვლელობაში კიევიდან იღებდა მონაწილეობას და დედა სიდონიასთან ერთად დაჯილდოების ცერემონიალს უძღვებოდა. „ჩემი და დედა სიდონიას კოლაბორაციაში ქართულ ხელოვნებასთან ერთად, უკრაინული ორნამენტიც გამოჩნდა, ნიშნად ჩვენი ერების მეგობრობისა და სიყვარულისა“, აღნიშნა მან.

დროა პირველი „ნანტიუსების“ სახელები გამცნოთ: ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, სოფო ხერხეულიძე (კომპანია სარაჯიშვილი), რია ქებურია – ფონდი „რიაბიდ“,  ივანე ფრუიძე – ფონდის პირველი და უკრაინაში მყოფი ქართველების აქტიური მხარდამჭერი, საერთაშორისო ჟურნალი „ამარტა“ და იაპონელი ფოტოგრაფი იურიკო ტაკაგი (კოლაბორაცია „ორი სამყაროს შეხვედრა“), მამუკა ხაზარაძე, ეკა კიკნაძე, მარიამ გერსამია, მარიამ ხუროშვილი, ნინო ქათამაძე, სვიატოსლავ ვაკარჩუკი („ოკეან ელზი“-ს სოლისტი),  კახა შენგელია (კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიტენდი), ევია კოტანი (ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი).

ფონდ „ნანტიუსის“ პრეზენტაციას კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა, რომლის პრეზიდენტი კახა შენგელია დედა სიდონიას ამ ახალი წამოწყების პარტნიორი და მხარდამჭერია: „დედაომ ეს ფონდი შექმნა საქართველოსთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფერში მონაწილეობა, რადგან ეხება უკრაინას, ევროკავშირს და დედა სიდონიას, რომელიც უნიკალური ადამიანია“.

დედა სიდონიას ახალი სამკაული „ხიდი“  და მისი კონცეფცია ევროპული იდეის და ღირებულებების ვიზუალიზაციაა. ფონდ „ნანტიუსის“ პრეზენტაციაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მიეძღვნა. ევროკავშირის წარმომადგენელმა ევია კოტონმა (პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე) ისაუბრა დედა სიდონიას როლზე, სულიერებასა და  მის გამბედაობაზე, დედაოს უდიდეს სოლიდარობაზე უკრაინელი ხალხის მიმართ. სწორედ ევია კოტონს გადაეცა საღამოს ერთადერთი კონცეპტუალური ექსპონატი სამაჯური „ხიდი“.

8 დეკემბრის საღამო არა მხოლოდ სოლიდარობის ფონდ „ნანტიუსის“  და „ხიდის“ დაბადება, არამედ  დედა სიდონიას კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო და დროული ახალი კონცეპტუალური ხაზის პრეზენტაციაც იყო.

„ვარდისფერი თმა, ტატუ, სვირინგები და სრულიად მოულოდნელი ქართული ნაქარგობა – მე ვირჩევ ევროპას საქართველოსთვის. ეს თაობა Gen Z-ია, რომელთანაც თავსებადია ქართული ორნამენტი, ძველის ახლებური სიცოცხლე. ახალგაზრდას, რომელიც ამ მოცემულობას ირჩევს, უყვარს ქართული კულტურა და ამგვარი პოზიციონირებით მას იდენტობის დაკარგვის არ ეშინია. ეს ყოველივე თავსებადია“ – დედა სიდონიას ამ სიტყვების ვიზუალური გამოხატულებაა თაობა Gen Z-ის ფერადი და კაშკაშა წარმომადგენელი – ფანი (სტეფანია მღებრიშვილი).

თაობა Gen Z,  რომელიც თავსებადია ევროპულ ღირებულებებთან, ქართული ნაქარგობით გაფორმებულ აქსესუარებს ატარებს და არ ეშინია. არ ეშინია საკუთარი იდენტობის დაკარგვის. მკაფიო გზავნილი სტერეოტიპულად მოაზროვნე ადამიანებს და ჩაკეტილ წრეში მყოფ საზოგადოებას:  ახალგაზრდობა იმ კლიშეებზე იმარჯვებს,  რაც ევროპას ხელოვნურად გვაშორებს. თანამედროვეობა ამ ფორმით ტრადიციასთან ასოცირდება, ახალგაზრდებს კი ამის გამოხატვის არ ეშინიათ. ფანის გარდა, ქართული ორნამენტების ინსპირაციით შექმნილი სამკაულები სხვა ქართველმა ხელოვანებმაც მოირგეს ნინო სუხიშვილმა, ანიტა რაჭველიშვილმა, ნინო ქათამაძემ, ლიკა ევგენიძემ, თინა დალაქიშვილმა…

ნენო ქავთარაძე

Scroll To Top