30 წლის შემდეგ

22.11.2023

ჯერ კიდევ 1970-იან წლებში იაპონელმა დიზაინერმა ისეი მიაკემ (Issey Miyake) ტექსტილის სამყარო „თავდაყირა დააყენა“. ქსოვილის დამუშავების იქამდე არსებული ტექნიკის ექსპერიმენტების ხარჯზე მატერიების ახალი სახეობები შექმნა, ტექნოლოგიურმა ნოვაციამ კი თავის მხრივ სამოსის ფორმები განსაზღვრა. ისეი მიაკეს მოდის სახლის ჰორიზონტალური მმართველობის პრინციპები მკაცრად იცავდა მოცემულობას: „ჩვენ“ – „მე“-ს ნაცვლად. შესაბამისად, წლებთან ერთად გუნდური მუშაობა მისი მსოფლიო წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი აღმოჩნდა.

უნიკალური ხელწერის მქონე ტექსტილის დიზაინერი მაკიკო მინაგავა (Makiko Minagawa) ამ გუნდის შეუცვლელი წევრი იყო. სწორედ მიაკესა და მინაგავას, ეპოქალური მნიშვნელობის ორი იაპონელი ხელოვანის კოლაბორაციით შეიქმნა 1993 წელს ისეი მიაკეს სახლის ერთ-ერთი მაგისტრალური ხაზი სახელწოდებით PLEATS PLEASE. ეს იყო ქსოვილის გლუვ ზედაპირზე შექმნილი ნაკეცის ტექნიკა, რომელიც მატერიას ახალ სიცოცხლეს სძენდა. მოდის ისტორიას თუ გადავხედავთ პლისეს ფენომენი ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იბადება. სკულპტურებზე, მხატვრობასა და ფრესკებზე მრავლად შეხვდებით ბრინჯაოს, ალებასტრისა თუ მეწამული სამოსის (ტოგა) დაბოლოების დრაპირებულ, პლისეს ტექნიკას. ანტიკური სამყაროს „საკუთრება“ ისეი მიაკეს სახლმა, ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვით 1990-იანი წლების მაღალი მოდის ერთ-ერთ მთავარ ტრენდად აქცია.

თუმცა, სანამ 1993 წელს ისეი მიაკეს სახლში Pleats Please დაიბადებოდა, „ტექსტილის ჯადოქარმა“ მაკიკო მინაგავამ ტიტანური შრომა ჩადო, რათა შედეგად აბრეშუმის მატერიაზე პლისეს ტექნიკა მიეღო. მოდის სამყაროში ინოვაციების „მუდმივი შიმშილი“ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში ისევ დადგა დღის წესრიგში. ისეი მიაკეს სახლის ტექსტილის მიმართულების ხელმძღვანელმა ქალმა, პირველი ტექნიკური ექსპერიმენტი აბრეშუმის შარფზე ჩაატარა, ეს იყო ჰაეროვანი და მსუბუქი პოლიესტერი, სადაც პოლიესტერის პოლიმერების სითბოს ზემოქმედებისას შეეძლოთ შეექმნათ მუდმივი ნაკეცები, ე.წ. პლისე. ტექნოლოგიური ექსპერიმენტის უდიდესი პოტენციალი კი ისეი მიაკემ აპრიორში განჭვრიტა: ახალი მატერიის ფუნქციურობა და კომპაქტურობა, ის რომ ადამიანის ყოფითობაში ჩემოდანსა თუ კარადაში დაკეცვისას მინიმალურ ადგილს დაიკავებდა. ისეი მიაკეს სახლის ტექსტილის მიმართულების გუნდი ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებდა მატერიის გამოცდისა და კვლევის პროცესს, სანამ პირველი კოლექცია შეიქმნებოდა 1993 წელს.

Pleats Please-ის ხაზი მატერიას მეტი მოქნილობის საშუალებას ანიჭებდა და წარმოების პროცესსაც მნიშვნელოვნად ამარტივებდა. იდეიდან სამოსამდე მატერია დამუშავების რთულ დრამატურგიას გადიოდა: ჯერ ჭრიდნენ და შემდეგ ცხელი პრესის ქვეშ ამყოფებდნენ, რაც ქაღალდის ფენებს შორის მოთავსებას გულისხმობდა. „ქსოვილის დამორჩილების“ ამგვარი რიტუალი საბოლოოდ ბრტყელ და სტატიკურ მატერიას, ქაღალდის ყალიბისგან ათავისუფლებდა და დროის კონკრეტულ ინტერვალში რიტმულად მიწყობილ ნაკეცებად აქცევდა.

პირველად ისეი მიაკემ პლისეს ახალი ტექნიკა, 1991 წელს უილიამ ფორსაიტის სპექტაკლის კოსტიუმებისთვის გამოიყენა. The loss of Small Details, ასე ერქვა საბალეტო წარმოდგენას, რომელიც ფრანკფურტში დაიდგა. პლისეს მატერიით შექმნილი თეთრი ფერის ჰაეროვანი სამოსი, მოცეკვავეებს სცენაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევდა. როგორც ამბობენ, იაპონელი დიზაინერი ამგვარი უნივერსალური ტექნიკის მატერიის შექმნაზე 1968 წლიდან ოცნებობდა, მაშინ როცა პირველად ეზიარა დასავლურ სივრცეს.

Pleats Please პლისეს ტექნიკით შექმნილი, ისეი მიაკეს სახლის უნივერსალური ხაზია. ეს იყო პროდუქტი, რომელმაც 90-იან წლებში ადამიანებისთვის ტანსაცმლის ტარება და მისი მოვლა გაამარტივა, მასთან ერთად მოგზაურობა კი ბევრად კომფორტული გახადა. პრაქტიკული, ხელმისაწვდომი და რაც მთავარია ელეგანტური. Pleats Please-ის ხაზი ზუსტად მოერგო თანამედროვე ქალის საჭიროებებსა და ცხოვრების წესს, სწორედ ამიტომ ამ მატერიით შექმნილ სამოსს თანაბარი წარმატებით შეხვდებით როგორც მაღალი მოდის დეფილეებზე, ისე მსოფლიო ვარსკვლავების პირად გარდერობში, კინოდაჯილდოვებებსა თუ შოუბიზნესის სივრცეში. Pleats Please-ის მატერიით შექმნილი სამოსი ტრენდული გახდა ყოველდღიურ ე.წ. casual სტილშიც. სწორედ ეს უკანასკნელი ტენდენცია „იწინასწარმეტყველა“ იაპონელმა დიზაინერმა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში. 1968 წელს საფრანგეთის „სტუდენტური რევოლუციის“ დროს ისეი მიაკე იტყვის: „მომავალი ტანსაცმლის მასობრივ წარმოებაში ინდივიდებზე მორგების ნაცვლად, მსურს ისეთი უნივერსალური სამოსი შევქმნა, როგორებიცაა ჯინსი და მაისური“. Pleats Please-ის ხაზის წარმოება საწყის ეტაპზე ისეი მიაკეს მოდის სახლისთვის რთულად წარიმართა. ინოვაციური მეთოდის საპირწონედ არასაკმარისი ადამიანური რესურსი და მანქანა-დანადგარები იყო წარმოდგენილი. ყველაფერი ერთ პატარა ქარხანაში, 60 ადამიანის მიერ ხორციელდებოდა. დღეს მოდის სახლს ოცდაათზე მეტი მანქანა-დანადგარი აქვს და პლისეს ნაკეცის შექმნის რამდენიმე ალტერნატიულ ტექნიკას ფლობს.

ვიზუალური მოცემულობის გარდა, უმნიშვნელოვანესია ფერები, რომლებიც Pleats Please-ის მატერიებში დომინირებს. იაპონია მსოფლიოში ცნობილია ჭავლური ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც ქსოვილის შეღებვისას მასალის ბოჭკოებში შეღწევას გულისხმობს. აღნიშნულ მეთოდს ისეი მიაკეს მოდის სახლი აქტიურად იყენებდა და ახლა სრულად ციფრული წარმოების სისტემაზეა გადასული და მატერიაზე 16,770,000 ფერის დაბეჭდვა შეუძლია.

2023 წელს მოდის სახლი Issey Miyake, Pleats Please-ის ხაზის შექმნიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. იაპონური მოდის სახლის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება, დღესაც შთააგონებს ადამიანებს და 1993 წელს, ისეი მიაკეს შექმნილ პირველ Pleats Please-ის კოლექციას, ახლებური პერსპექტივით წარმოგვიდგენს. Pleats Please-ის საიუბილეო, ფერადოვანი და ამავდროულად მონოქრომულ-პასტელური ქმნილებები, 30 წლის შემდეგაც იაპონელი დიზაინერის კონცეფციას გამოხატავს: „ტანსაცმელი სხვა დანარჩენთან ერთად, ხალხის ცეკვისა და სიცილისათვის იქმნება“.

ნენო ქავთარაძე

Scroll To Top