ბუნების სტიქია სტუდიურ კედლებში

21.11.25

1964 წლიდან მოყოლებული, Pirelli-ს კალენდარი, რომელსაც ინდუსტრიაში უბრალოდ The Cal-ად მოიხსენიებენ, ფოტოგრაფებისთვის ერთგვარ ოლიმპოს წარმოადგენს. ეს არაკომერციული გამოცემა დიდი ხანია გასცდა ჩვეულებრივი კალენდრის ჩარჩოებს და თანამედროვე მგრძნობელობის ლაკმუსის ქაღალდად იქცა. თუ 80-იანებსა და 90-იანებში აქცენტი სექსუალურობაზე კეთდებოდა, ბოლო ათწლეულმა სრული ტრანსფორმაცია განიცადა და კურსი მაღალი მოდის კონცეპტუალური ესთეტიკისკენ აიღო.

2026 წლის გამოცემისთვის ლონდონში მოღვაწე ნორვეგიელმა ფოტოგრაფმა, სოლვე სუნდსბომ (Sølve Sundsbø), თემად „ელემენტები“ (სტიქიები) აირჩია. მან კამერის წინ შეკრიბა 12 ქალი კინოს, მოდის, მუსიკისა და სპორტის სფეროებიდან — მათ შორის არიან ვენუს უილიამსი (Venus Williams), სიუზი კეივი (Susie Cave), FKA Twigs, იზაბელა როსელინი (Isabella Rossellini), ტილდა სუინტონი (Tilda Swinton) და გვენდოლინ კრისტი (Gwendoline Christie)

სუნდსბო, რომელიც მუდამ ახალი ტექნოლოგიების ძიებაშია, არ გაჰყვა მარტივ გზას და უარი თქვა ბუნებრივ პეიზაჟებზე. „ბუნებაში ზედმეტად ბევრი ინფორმაციაა“, — ამბობს ის. ნაცვლად ამისა, მან გადაწყვიტა გარე სამყარო კონტროლირებად სტუდიურ გარემოში შემოეყვანა. 

წლევანდელი კალენდრის გმირები 30-დან 70 წლამდე ასაკის ქალები არიან. „ისინი არ არიან ადამიანები, რომლებიც მოვლენ და კუთხეში ჩუმად დასხდებიან“, — აღნიშნავს სუნდსბო. ამის ნათელი მაგალითია მომღერალი FKA Twigs, რომელმაც ფოტოგრაფის მიერ შეთავაზებული თავდაპირველი თემა დაიწუნა და უფრო მიწიერი კონცეფცია მოითხოვა. შედეგად, საბოლოო კადრებში ის წითელი ქვიშის უდაბნოში მიცოცავს.

სოლვე სუნდსბო შეუერთდა ისეთ ლეგენდარულ ფოტოგრაფთა პანთეონს, როგორებიც იყვნენ ჰელმუტ ნიუტონი (Helmut Newton), რიჩარდ ავედონი (Richard Avedon), ითან ჯეიმს გრინი (Ethan James Green) და ენი ლეიბოვიცი (Annie Leibovitz). გადაღებებამდე მისმა გუნდმა დიდი დრო გაატარა არქივებში, რის შედეგადაც 2026 წლის კალენდარი 1965 წლის გამოცემას მიაგებს პატივს: ფოტოები ორმხრივია და არ არის მიბმული კონკრეტულ თვეზე, რაც მფლობელს არჩევანის თავისუფლებას აძლევს.

„ვფიქრობ, ფოტოგრაფების უმეტესობა იტყოდა, რომ ეს ოცნების პროექტია. ცოტა რთულია ამაზე საუბარი, რადგან აქ გარკვეული ამპარტავნებაც ერევა… ეს ხომ ფოტოგრაფიულ პანთეონში შესვლას ჰგავს“, — ამბობს სოლვე სუნდსბო.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top