©MAARTEN  VANDEN  ABEELE

უკვე ათი წუთი ელოდებოდნენ ვუპპერტალის ოპერის თეატრში მაყურებლები სპექტაკლის დაწყებას. რამპის წინ, სარკიან მაგიდასთან მოფუსფუსე მსახიობი  ისე იქცეოდა, თითქოს შენობაში მის მეტი არავინ ყოფილიყო. სარკეში ჩაიხედა, ჩანთა ამოქექა  და შარვალი გაიხადა. მის უკან  ხის სკამებზე, კოჭამდე წყალში მსხდარი კოლეგები  რაღაცას კითხულობდნენ, სცენის სიღრმეში კი ბეჰემოთი მოსჩანდა. მაყურებლებს მოუთმენლობა ეტყობათ, მსახიობებს –  გაოგნება, სიმშვიდეს მხოლოდ ცხოველი ინარჩუნებდა.  ცოტა ხნის შემდეგ შუქი ჩაქრა და მოქმედება დაიწყო, თუმცა  შემთხვევით არაფერი მომხდარა – მთელი მიზანსცენა წინასწარ იყო  ჩაფიქრებული.  თეატრში მოსულმა  საზოგადოებამ იცოდა, რომ უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდებოდა, მაგრამ უზარმაზარი ცხოველის გამოჩენას მაინც არავინ ელოდა. ამ  ფანტასმაგორიით პინა ბაუშის სპექტაკლი  ,,არიები‘‘ დაიწყო, სადაც  მოცარტის, ბეთჰოვენის,  შუმანისა და იტალიური არიების ფონზე, მსახიობები საკუთარი ცხოვრებით არსებობდნენ და მაყურებელს მძაფრი ემოციების უფსკრულში იტაცებდნენ. ცეკვის თეატრი, ასე უწოდეს პინა ბაუშის სპექტაკლებს თანამედროვეებმა.  გერმანელები კი მას პიროვნებად მოიხსენიებდნენ, რომელმაც მხატვარ იოზეფ ბოის მერე პირველად გაიტანა წმინდა გერმანული ნიჭი თანამედროვე მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე და არნახული სახელი მოუტანა. 

©MAARTEN  VANDEN  ABEELE

ფილიპინა ბაუში 1940 წლის 27 ივლისს, გერმანიის ქალაქ ზოლინგენში დაიბადა. მის ოჯახს აქ პატარა კაფე ჰქონდა და ფილიპინას დრო მნახველების თვალიერებით გაჰყავდა.  პატარა გოგონას პლასტიკურობა ერთმა კლიენტმა შეამჩნია და დედ-მამას საბალეტო სტუდიაში მიყვანა ურჩია. ხუთი წლის ფილიპინა სიამოვნებით დათანხმდა  ახალ საქმიანობას და რამოდენიმე წელიწადში ვუპპერტალის ბავშვთა საბალეტო სკოლის სოლისტიც გახდა. 15 წლისამ  მან სწავლა ქალაქ ესსენის Folkwangschule-ში  ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო.  ახალგაზრდებს  ბალეტმაისტერი კურტ იოოსი ხელმძღვანელობდა, რომელიც  კლასიკურ და თანამედროვე ბალეტის, სახვითი  ხელოვნების  და თეატრის ელემენტების შერწყმას ცდილობდა.  იმ დროს, ქალაქ ესსენში,  მეშახტეთა ქალაქში, სადაც ძირითად მოსახლეობას ჩამოსული მუშახელი შეადგენდა,  საბალეტო სკოლის არსებობა თითქოსდა აბსოლუტური უტოპია იყო. ამ ქალაქში მიღებულმა კონტრასტულმა შთაბეჭდელებებმა   მნიშვნელოვნად განაპირობა ფილიპინა ბაუშის  მომავალი ქორეოგრაფიის ჟანრები, ატმოსფერო,  იდეები და გამოსახვის საშუალებები. 

©MAARTEN  VANDEN  ABEELE

სამოციანი წლების დასაწყისში, ფილიპინა ბაუში სტიპენდიით  ნიუ-იორკის ცნობილ Julliard School-ში მიიწვიეს. მისი პირველი შეხება დიდ ბალეტთან ზუსტად  აქ მოხდა. საოცარი პლასტიკის  მქონე ქალიშვილმა ცოტა ხანში  Metropolitan Opera-სა და პოლ სანასარდოს  New American Ballet-ის დასებში დაიმკვიდრა ადგილი.  აქვე ეზიარა ის ამერიკული პოპ-კულტურის ავანგარდისტულ  სახელოვნებო და პოლიტიკურ-საზოგადოებრივ დინებებს. პინას ნიუ-იორკში  ბრწყინვალე კარიერა და წარმატება ელოდა, მაგრამ 1962 წელს მან ერთობ უჩვეულო არჩევანი გააკეთა – კურტ იოოსის შემოთავაზება მიიღო და ქალაქ ვუპპერტალის  Folkwangbalett-ში სოლისტობას დათანხმდა, სადაც ის, უკვე სახელმოხვეჭილი ქორეოგრაფი, სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.  

პინა ბაუშმა  რამოდენიმე წარმატებული სეზონის შემდეგ  თავი  ქორეოგრაფიაში გამოსცადა, მაგრამ მისმა პირველმა, 1968 წლის ნამუშევარმა ,,ფრაგმენტი’’ სრული კრახი განიცადა და ასე გაგრძელდა რამოდენიმე წელიწადი. მის სპექტაკლებს ხალხი ტოვებდა,  მშობლიურმა ვუპპერტალელმა პუბლიკამ უჩვეულო ქორეოგრაფია ერთბაშად არ მიიღო, რადგან ტრადიცულ ბალეტს მიჩვეული თვალისათვის ძნელი აღსაქმელი აღმოჩნდა  სცენაზე გათამაშემული მოქმედება. პირველი წარუმატებლობის  მიუხედავად,  პროფესიონალებმა პინა ბაუში  აღიარეს. 1969 წელს მან ქორეოგრაფების საერთაშორისო კონკურსზე, კიოლნში, პირველი პრემია მიიღო . 1973 წელს გამოსული  ექსპერიმენტული ბალეტი „ნულის შემდეგ“  მისი შემოქმედების   გარდატეხის წერტილად იქცა, საერთაშორისო სახელი კი  მან 1974 წელს მოიპოვა, გლიუკის ,,იფიგენია თავრიზიდან’’ ქორეოგრაფიული ვერსიის დადგმის შემდეგ. კრიტიკოსებმა ის  წლის საუკეთესო სპექტაკლად მიიჩნიეს.  მათ დაინახეს პინას მოწოდება მაყურებლისადმი მოცეკვავეებთან ერთად განეცადა სიყვარული და შიში , ზიზღი და სასოწარკვეთა, სიხარული, ტკივილი, ადამიანური ხასიათის კეთილი და ბოროტი  ვნებების მთელი პალიტრა,  რომელიც  თოლიების კივილის,  ზღვის ხმაურის,  დოლების ბრაგუნის და წყლის ჯგაფუნის თანხლებით ცოცხლდებოდა, ემოციად ისახებოდა და  ცეკვად გარდაიქმნებოდა. პინა ბაუშმა  არამარტო შეცვალა თანამედროვე ცეკვა, არამედ ახალ ჟანრს მისცა სათავე – ბალეტს ჟანრების გადაკვეთაზე.  სისტემას, სადაც  სიტყვა, მუსიკა და მოქმედება თანასწორად არსებობს. მოგვიანებით პინა ბაუშმა  პარადოქსული ფორმირება გაუკეთა საკუთარ კრედოს, „მე არ მაინტერესებს როგორ მოძრაობენ ადამიანები, არამედ ის, რაც მათ ამოძრავებთ“. ამიტომაც იყო, რომ 1978 წელს  დადგმულ  სპექტაკლში „საკონტაქტო ეზო“  მან 58 დან 77 წლამდე ასაკის მსახიობები დაასაქმა და კიდევ ერთი სიახლე შეიტანა საბალეტო ხელოვნებაში.

„ჩემი სპექტაკლები თავიდან ბოლომე არ იზრდება. ისინი  იზრდება შიგნიდან გარეთ“, თქვა ერთხელ პინა ბაუშმა. ამიტომაც იყო, რომ მისთვის  გამოხატვის საშუალებად ხან  სცენა იქცეოდა, ხან დეკორაციის მასალა და ხან მისი განთავსება  სივრცეში. მის წარმოდგენებში გაისმოდა  კლასიკური მუსიკა და  შლაგერი,  ჯაზური იმპროვიზაცია, ოპერეტა , საბავშვო სიმღერები და ელექტრონულ-ავანგარდული მელოდიები.  მიზანსცენების  შესაქმნელად  კი  უცნაურ ნივთებს იყენებდა – წყლის ნაკადს (,,ნეფესი‘‘), უამრავ ყვავილს(,,მიხაკები‘‘), ვაშლებს (ალერმო, ალერმო) და კიდევ უამრავ სხვას, ქორეოგრაფიასთან ძალიან შორს მდგარ საგნებს,  მაგრამ წამყვანნი უპირველეს ყოვლისა მონაწილენი რჩებოდნენ, რომელთაგანაც ის მოძრაობების არამარტო  სისუფთავესა და სიზუსტეს მოითხოვდა, არამედ ემოციების დრამატულ გამოვლენას. ,,ცეკვა სურვილით იქმნება და არა აუცილებლობით’’, უმეორებდა ის დასის მოცეკვავეებს.  

POWER IN ACTION dedicated to Pina Bausch

WITH NUTSA KUKHIANIDZE

CAPTURED BY GRIGOR  DEVEJIEV / STYLING  GRIGOR DEVEJIEV, AKA PRODIASHVILI / MODEL ANI GAVVA //LOOK  MODELS / MUA ANNA TODUA

COLLECTIONS : ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI / DATUNA / NINO BABUKHADIA / GEORGE KEBURIA / TIKO PAKSA / TAMUNA INGOROKVA / GOLA DAMIAN / GVANTSA JANASHIA

დროთა განმავლობაში   პინა ბაუში ახალი გერმანული ხელოვნების სავიზიტო ბარათად იქცა.  მისი  სპექტაკლები  „იმპერატორი ქალის ტირილი“,  „კაფე მიულერი“, „წმინდა გაზაფხული“.  „ფაგოს მაზურკა“  დღესაც იპყრობს საერთაშორისო ფესტივალებს და  ალბათ საკმარისი იქნებოდა პინა ბაუშის  სახელის უკვდავსაყოფად, მაგრამ მან შთამომავლობას ქორეოგრაფიის სხვა უამრავი ნიმუში დაუტოვა, რომელიც დღესაც შეიძლება ცეკვის ხელოვნების თვალწარმტაც მაგალითად  ჩაითვალოს.  

პინა ბაუშის ქორეოგრაფია გასულ წლებში ბევრი ხელოვანის შთაგონების წყაროდ იქცა. 1987 წელს, მომღერალი  დევიდ ბოუი, მთელს მსოფლიოში გასამართი გასტროლების მომზადებისას, რომელსაც The Glass Spider Tour-ის სახელწოდებით იცნობს  თაყვანისმცემელი, შეეცადა   სიმბოლისტური თეატრი,  თანამედროვე ცეკვა და სიმღერა ერთმანეთთან დაეკავშირებინა და  ამ ნაზავით გამოსულიყო მაყურებელთა წინაშე.  ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად ის პინა ბაუშის ქორეოგრაფიასა და მისი დადგმების იდეას დაესესხა. მართლაც, The Glass Spider Tour -ის დროს სცენაზე გამართული სანახაობა პინას სპექტაკლების ერთგვარ გამოძახილს წარმოადგენდა. 

იაპონელი დიზაინერი იოჯი იამამოტო პინა ბაუშზე  წერდა : „ის ჩემთვის ქალია, რომელიც საკუთარ საქმეშია ჩაძირული და იმაზე არ ფიქრობს, რომ ვინმეს კეთილგანწყობა დაიმსახუროს, ძლიერი და ამავე დროს საოცრად ნაზია, მიწიერი და მაცდურია.“  ასეთი ხოტბის შემდეგ გასაკვირი არ იყო, რომ იოჯი იამამოტომ 1990 წელს პინა ბაუშს ტანსაცმლის მთელი კოლექცია მიუძღვნა, ხოლო 1998 წელს, საბალეტო დასის 25 წლისთავთან დაკავშირებით საბალეტო  კოსტიუმების ესკიზები გააკეთა. პინა ბაუშის  უცნაური პლასტიკის ზეგავლენით, ფოტოხელოვანმა ჰელმუტ ნიუტონმა შექმნა ერთი ძალიან თავისებური და განუმეორებელი  ფოტოგრაფია,  სადაც  გრაციით აღსავსე ქალის ფიგურას ნიანგი შთანთქავს. ეს მართლაც უჩვეულო გადახვევას წარმოადგენდა  ნიუტონის ტრადიციული ფოტოებისაგან.  

პინა ბაუშის სახე სამმა დიდმა რეჟისორმა დაუტოვა შთამომავლობას. ფედერიკო ფელინის ფილმში „და მიცურავს გემი“ მან ძალიან სახასიათო, ჭადრაკის მოთამაშე ბრმა პრინცესას სახე გააცოცხლა. პედრო ალმადოვარის  „ელაპარაკე მას“-ში კი ქორეოგრაფის როლი შეასრულა. ცალკე აღსანიშნავია ვიმ ვენდერსის „პინა ბაუში“, რომელიც რეჟისორმა უკვე პინას გარდაცვალების შემდეგ გადაიღო და ფართო მაყურებელს ამ არაჩვეულებრივი ქალის  სპექტაკლები გააცნო.

პინა ბაუში 2009 წლის 30 ივნისს ვუპპერტალში, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ამბობენ, რომ თეატრი საკიდიდან იწყებაო. პინას თეატრში მოხვედრისას მნახველს გარდერობში უნდა დაეტოვებინა ყველა ძველი წარმოდგენა ბალეტზე, ქორეოგრაფიაზე და…საკუთარ თავზე, რადგან მას ცეკვით გამოხატული ემოციების არნახული კასკადი ელოდა წინ. 

                                                          რუსუდან საბანაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap