15.11.2021                                                                                             

ლონდონში, Victoria&Albert-ის მუზეუმში 50-მდე საიუველირო ექსპონატი ინახება, რომელიც კაცობრიობას უძველესი დროიდან დღემდე შეუქმნია. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი 1905 წელს ოქროში, ტიხრული მინანქრის ტექნიკაში შესრულებულ,  ბრილიანტებით და ლალებით შემკულ, ორქიდეის  ფორმის  განუმეორებელი სილამაზის მქონე  თმის სამკაულს  უკავია. მისი ავტორი ბელგიელი ოქრომჭედელი  ფილიპ ვოლფერსია (Philippe Wolfers),  რომლის სახელსაც რენე ლალიკის, მოდერნის პერიოდის საიუველირო საქმის უდიდესი წარმომადგენლის გვერდით იხსენიებენ და ვისი წყალობითაც მისმა  ქვეყანამ საპატიო ადგილი დაიკავა ხელოვნების ამ დარგში.

ფილიპ ვოლფერსი 1858 წელს ბრიუსელში, მთელ ევროპაში ცნობილი ვერცხლის ნივთების მწარმოებლის ოჯახში დაიბადა, ამიტომაც გასაკვირი არ იყო ის ინტერესი, რომელსაც  მოზარდობის ასაკში შესული ბიჭი მამის საქმიანობის მიმართ იჩენდა; თუმცა  მისი სიყვარულის საგანი თავდაპირველად ქანდაკება აღმოჩნდა, ამიტომ ბრიუსელის ხელოვნების აკადემიაში შევიდა სასწავლებლად. ფილიპის დამრიგებელმა და მასწავლებელმა,  მოქანდაკე ისიდორ დე რუდდერმა (Isidore De Rudder), ახალგაზრდა კაცი კლასიკურ ხელოვნებას აზიარა და  მოწაფეს  არჩევანის  სრული თავისუფლება მისცა. მისი ფრაზა „საკუთარ ინსტინქტს დაუჯერე, არავის გავლენის ქვეშ მოექცეო“, ფილიპ ვოლფერსმა მთელი შემოქმედების მანძილზე გაიყოლა. იმჟამად აღმოცენებულმა  მოდერნის სტილმა კი, მის მხატვრულ ფანტაზიას წარუშლელი კვალი დაასვა. ფილიპ ვოლფერსს გემოვნების ჩამოყალიბებაში  ხელი ბრიუსელის კულტურულმა ცხოვრებამაც  შეუწყო,  სადაც ხელოვნების ახალმა მიმდინარეობამ ძლიერად მოიკიდა ფეხი.

ფილიპ ვოლფერსი ბევრს მოგზაურობდა. მისი ვოიაჟები საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებსა და ავსტრიაში, ძირითადად საქმიანი ვიზიტებით იყო გამოწვეული, მაგრამ გზად დანახული არქიტექტურული ძეგლების თუ ბუნების ელემენტებმა მის წარმოდგენაში ფანტასმაგორიული სახე მიიღო და მოგვიანებით მის შემოქმედებაში გადაინაცვლა. 1873 წელს ფილიპ ვოლფერსმა ვენის მსოფლიო გამოფენა მოინახულა. ახალგაზრდა კაცს აქ მთელი სიდიადით იაპონური ხელოვნება გადაეშალა თვალწინ. მისი ყურადღება  ყველაზე მეტად აბრეშუმის ქსოვილზე შექმნილმა ნახატებმა მიიქცია. ფაქიზმა,  მსუბუქმა, მხოლოდ შორეული ქვეყნისათვის დამახასიათებელმა ხელწერამ, ბიძგი მისცა ფილიპ ვოლფერსის განუმეორებელ შემოქმედებას და სავარაუდოდ მასალების იმ მრავალფეროვნებაზეც მოახდინა ზემოქმედება, რაც მის  ნაკეთობებში გვხვდება.

მამის გარდაცვალების შემდეგ ფილიპ ვოლფერსი ძმებთან ერთად ჩაუდგა ოჯახურ ბიზნესს   სათავეში და საკმაოდ კარგადაც გაუძღვა კომერციულ საქმიანობას, მაგრამ  1893  წელს მან  ბრიუსელში, საკუთარი სახელოსნო დააარსა და გამოცდილი ოქრომჭედლები დაასაქმა.     მისი ესკიზების მიხედვით შექმნილი საიუველირო ნაკეთობების, ქანდაკებების, ლარნაკების და სანათების დებიუტი ფართო მნახველის წინაშე ერთი წლის შემდეგ,    ანტვერპენში გამართულ გამოფენაზე მოეწყო. დახვეწილმა ნივთებმა გულგრილი არავინ დატოვა და ფილიპ ვოლფერსმა პირველ საერთაშორისო აღიარებას მიაღწია. მისი  წარმატების დასტური ისიც იყო, რომ ბელგიის მეფე ლეოპოლდ  მეორემ მას კონგოდან ჩამოტანილ სპილოს ძვალზე უფასოდ და შეუზღუდავად მუსაობის საშუალება მისცა, რამაც ახალგაზრდა კაცის ფანტაზიის უნარი კიდევ უფრო გააფართოვა და საიუველირო ნაკეთობებში გამოყენებულ ოქროს, ვერცხლსა და ძვირფას ქვებთან ერთად, სპილოს ძვალმა და ნახევრად ძვირფასმა ქვებმა – ოპალმა, მთვალის სპეკალმა, ძოწმა, თურმალინმა, ხალცედონმაი, მდინარის მარგალიტმა და ტიხრულმა მინანქარმა  დაამშვენა მისი  შედევრები.  

1905 წლამდე ფილიპ ვოლფერსმა  ასზე მეტ სამკაულს შთაბერა  სიცოცხლე.  დამღით  EX UNIQUE და ოსტატის ინიციალებით შემკული გულსაკიდებიდან, სამაჯურებიდან, გულსაბნევებიდან საოცარი სინატიფით დამუშავებული, მხოლოდ ამ ოსტატის  ხელწერისათვის დამახასიათებელ მასალაში შექმნილი ცხოველები, მცენარეები, ფრინველები, მწერები და ადამიანის ფიგურები იწონებენ თავს. ისინი წარუშლელ  შთაბეჭდილებას ახდენენ მნახველზე. ფილიპ ვოლფერსის ბევრმა ნაკეთობამ  ევროპელი მონარქების  საგანძურში  დაიდო ადგილი.  

1905 წელს,  მიუხედავად  წარმატებისა,  ფილიპ ვოლფერსმა საიუველირო საქმე მიატოვა და მთლიანად ქანდაკებას მიუძღვნა თავი. ოსტატი  ალბათ დიდად არ ფიქრობდა მსოფლიო სახელის შემდგომ მოხვეჭაზე და დიდძალი ქონების დაგროვებაზე. ის 1929 წელს მარსელში გარდაიცვალა.

ფილიპ ვოლფერსის შემოქმედებამ დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო საიუველირო ხელოვნების განვითარებაში.  დღეს  მისი  ნაკეთობები  Christie-ს და Sotheby-ს  აუქციონზე იყიდება, კოლექციონერები კი მათ შესაძენად ექვსნიშნა თანხას არ იშურებენ.

                                                                                                            რუსუდან საბანაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top