29.06.2022

2012 წელს დაარსებული პარიზული პარფიუმერული სახლის Liquides Imaginaires-ის ტრილოგიის სახით გამოცემული თითოეული კონცეპტუალური სერია, ხელახლა უბრუნდება სუნამოს არსებითად საკრალურ საწყისებს და მის ხიბლს სწორედ იმ მოუხელთებელ და მეამბოხე ბალანსში პოულობს, რასაც სიმბოლურად სამკუთხოვნება მოიაზრებს. სუნამოების მსგავსად, პოეტურად მეტყველებს ბრენდის დამაარსებელი ფილიპ დი მეო, ვისთან საუბარშიც აშკარად იკვეთება Liquides Imaginaires-ის მგრძნობიარე და მისტიური იდენტობა.

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს  Liquides Imaginaires-ის შემქმნელთან –  ფილიპ დი მეოსთან:

Liquides Imaginaires-ის შექმნის იდეა იმპულსურად დაიბადა 2012 წელს, ორი კარგად შეწყობილი, თუმცა კონტრასტული მოაზროვნის შეხვედრის შედეგად. ვიტყოდი, რომ საპირისპირო ქარიზმების სინთეზი და ინტუიციას მინდობილი სპონტანური ქმედება ავთენტურია თავად პარფიუმერული მედიუმისთვის და სურნელის ამყოლი მანერისთვის. წარმოადგენდა პარფიუმერიის სფერო თქვენთვის მუდმივი ინტერესის საგანს თუ ახალ აღმოჩენილ გატაცებას, რომელიც ცხოვრების მოგვიანებით ეტაპზე შეიძინეთ?

პარიზში, Beaux-Arts d’Aix-en-Provence-ში და ESDI-ში [École de Création Management], სწავლის შემდეგ შევქმენი ჩემი დიზაინის სააგენტო RESO DESIGNBAND, რომელიც გაერთიანების სულისკვეთებას აღვიძებს. მაშინაც, ადრეულ პერიოდში, ჩემი ინტერესი სცდებოდა დიზაინს. 2002 წელს კრეატიული სასადილო R’Aliment-ისთვის სუფრის მოწყობაზე ვიმუშავე. ამ მომენტიდან, ყველაფერი შეიცვალა; მას მერე, ყველა ესთეტიკური ნივთი, ორგანული მასალა თუ გემოს სიამოვნება თან დამყვებოდა. ისეთ კომპანიებში მუშაობის შემდეგ, როგორიცაა Moët & Chandon, Dom Pérignon, Château Mouton Rothschild, ვისთვისაც მომსახურების ‘რიტუალებს’ ვქმნიდი, გამიჩნდა სურვილი რესტორნით სარგებლობაში დამატებითი სიამოვნება შემეტანა.

მე შევქმენი SOUPER FIN („ელეგანტური სასადილო“), ვახშმის ეროტიკული თავგადასავალი. მოვიწვიე შეუდარებელი მზარეულები (ტიერი მარქსი, კრისტოფ ადამი, ლიონელ ბეკატი, სებასტიენ გოდარი და სხვები) და მსხვილი ბრენდები (Baccarat, Christofle, Goyard, Raynaud), ისევე როგორც არტისტი საბინ პიგალი სრულიად ახალი ტიპის გემოვნებითი და მგრძნობელობითი გამოცდილების შესაქმნელად.

რეალური თუ შეთხზული, მთავარი ამბავი, რომელიც ჩემს შემოქმედებას გასდევს, ყოველთვის ძალიან თხრობითია. ჩემი სიტყვები ქმნის გარემოს, რომელშიც ობიექტები ჩნდებიან. ასე გაჩნდა Bouddhours (ბუდა დათვი), ტოტემური ცხოველი, ნახევრად დათვი ნახევრად ბუდა, რომელიც იკვლევს მარადიული ახალგაზრდობის თემას. კეთილის მომტანი სერია შეიქმნა Baccarat-ის მიერ, ხოლო ფაიფური – Raynaud-ის მიერ, ასევე მის შექმნაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ხელობის ოსტატები, ხელოვანები და ფოტოგრაფები.

2011 წელს, ჩემი კომპანიის Liquides Imaginaires-ის დაარსებით, გავაგრძელე ჩემი კვლევა და შევისწავლე ოლფაქტორული ნოტები, რათა დამეწერა საკრალური სუნამოების მომაჯადოებელი ისტორია. ინტიმურობა შთაგონებით სფეროდ იქცა, რამაც საშუალება მომცა შემექმნა საკუთარი ყნოსვითი აღსარებები და ამავდროულად პატივი მეცა პარფიუმერიის ძალისთვის – აგვამაღლოს ახალ მწვერვალებზე.

Les Liquides Imaginaires-ის შექმნის იდეა გაჩნდა პარიზის დიზაინის კვირეულის გამოფენაზე. არ იყო გამიზნული დაარსებულიყო ბრენდი, სანამ არ შევხვდი ჩემს პარტნიორ დევიდ ფროსარდს, ნიშური პარფიუმერიის სპეციალისტს, რომელმაც შემომთავაზა პარტნიორობა. Les Liquides Imaginaires ჩაისახა, როგორც პარფიუმერიის ამოუწურავი მითოლოგიისადმი პატივის მიგების ჟესტი, შთაგონებული საეკლესიო შესაწირის თასების, აფთიაქის ფლაკონების, ქვების ნაპრალების და გაზაფხულის შხაპით მორწყულ ფესვთა ხლართების ღრუ ღიობებით. სუნამოები სიმბოლური სითხეებია, თავის მხრივ, სარგებლიანი, სიზმრისეული, ეზოთერული ან ხორციელი; ისინი არომატიზირებენ და კეთილსურნელებით აჯერებენ საგანს. Les Liquides Imaginaires ქმნის პოეტურ საოცრებათა სამყაროს ნარჩევი პარფიუმერული ნივთიერებებისგან. სუნამო ხდება გამოცანა, გზამკვლევი შორეულ მოგზაურობაში ახალშობილი სურვილებისკენ, სენსუალურ მიღმიერში. ეს ასევე ინტიმური თავგადასავალია, რომელიც აამაღლებს ჩვენს ემოციებს. ფანტაზია ჩნდება, per fumum, ‘კვამლის მეშვეობით’, და გვთავაზობს სიზმრისეულ სამყაროს, რომელიც ჩვენს თვალსაწიერშია. დღეს ბრენდი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, იტალიური ფირმა Nichebox კი ჩვენი მთავარი სპონსორია.

თქვენ ამზადებთ ნიშურ სუნამოებს, რომლებიც სხვადასხვაგვარი სითხეებით არის დაინტერესებული და ტიპიურად ტრილოგიის სახით გამოიცემა, რომელიც თითოეულ თხევად კვინტესენციას მრავალი კუთხით შლის; ისევე როგორც მოთხრობის კვანძის გახსნა ან სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობის გაშიფვრა, ხომ არ იტყოდით, რომ სუნამოს ფორმულის იდეურ მოტივთან შეხამებაც არის ერთი ზუსტი ინტერპრეტაციისა და საბოლოო ბედისწერის გარეშე არსებული პროცესი?

სუნამოს შექმნა იწყება სიზმრისეულ სივრცესა და დროში წარმოქმნილი ისტორიით, რეალურსა და წარმოსახვითს შორის. სუნამოების ტრილოგიის შექმნა საშუალებას მაძლევს მივუახლოვდე სრულ სურნელოვან ისტორიას, რომელშიც თითოეული სუნამო განასახიერებს პერსონაჟს, ღირებულებას, სხვაობრივ, მაგრამ ურთიერთშემავსებელ ინდივიდს. ეს ჰგავს ფილმს ან რომანს. ვხვდები, რომ დასრულებულია, როდესაც მივდივარ „საბოლოო სიტყვამდე”, ანუ ჩემს ყნოსვით დასკვნამდე. ყველა დასაწყისს აქვს დასასრული, საბოლოო წერტილი. ეს ხდება მაშინ, როდესაც ყველაფერი სრულყოფილ ჰარმონიაში მოდის.

Liquides Imaginaires-ის სუნამოებში ცერემონია და რიტუალი დიდ როლს ასრულებს, მაგრამ არის თუ არა ყნოსვითი გამოცდილების მდუმარება, ის რაც განსაზღვრავს მის იდუმალ ეფექტს ადამიანებზე? როგორ ახდენენ თქვენი ფორმულები მედიაციას უსულო სითხესა და არსებობის ტრანსცენდენტალურ ბუნებას შორის?

ძალიან მიჯაჭვული ვარ სიმბოლოებზე; ციფრი სამი განასახიერებს სრულყოფილ წონასწორობას. სამკუთხედის მსგავსად, რომელიც აღვივებს ცეცხლს და მასკულინურობას მის აპექსზე, ხოლო წყალს და ქალურობას ფუძეში. ეს არის სრულყოფილი რიცხვი, რომელიც აკავშირებს სხეულს, სულს და გონებას, ამასთანავე წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ეგვიპტელებისთვის ეს დედამიწა, ცა და შუალედური სამყარო იყო. ჩემი სუნამოებით ვცდილობ გადავთარგმნო მატერიალური არამატერიალურში, ხილული უხილავში, ამაღლებულში. ის მაძლევს საშუალებას, სამი ყნოსვითი ქმნილებით ავაშენო სრული, დაბალანსებული სამყარო.

მრავალი ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ თავისებურებებთან თანამედროვეობის შერწყმით, თქვენ ასევე დაესესხებით აღმოსავლურ ზღაპრებს. პარიზული შეხებით რას ‘გამოხდით’ ორიენტალური თუ სხვა უცხოური მოტივებისგან?

საქმე გვაქვს უფრო აღმოსავლეთის მაგიურ ხედვასთან, ვიდრე მოგზაურობასთან. მაგალითად, ტრილოგია Eaux de l’Est ამ ფანტასტიკური ლეგენდებიდან დაიბადა. როგორც ვიქტორ ჰიუგომ თქვა, „აღმოსავლეთი ტკბილი მწველი სუნამოებით”, ეს ციტატა არის ხატი, რომელიც კარგად შეესაბამება ამ ტრილოგიის კრეატიულ მიდგომას, რადგან უდაბნოს ქარი სათუთიც არის და მწველიც. Les Eaux de l’Est-ისთვის ეს უფრო დენადობის განცდაა, რომელიც შთაგონებულია ქარით, რომელიც წარმოსახვით ბაღებში ქრის და თან დაატარებს სურნელებებს. ქვიშის ბაღის სურნელი FLEUR DE SABLE-ის, რომელიც არის მინერალური ყვავილი, ცოტა მარილიანი, თან მოტკბო, პუდროვანი და ცხარე. აბრეშუმის ბაღის სურნელი TAPIS VOLANT-ში, რომელიც ჰაერის მსუბუქი შეხების მსგავსად, თითქოს სრიალებს აბრეშუმზე, და აგრძელებს მოგზაურობას ცაში, ჟასმინში, ცივ და ხისებრ ნოტებში. და ბოლოს, BUVEUR DE VENT-ის სამხრეთის ქარის სურნელი, რომელიც ტყავის არომატს იტაცებს სუფთა არაბულის უნაგირიდან, რომელიც კვეთს ველურ, მცენარეულ და ტყიან ბუნებას.

შემიძლია ვივარაუდო, რომ თქვენ ყვებით წარმოსახვით ამბავს თითოეულ სუნამოზე, რომელიც შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ მის არსში ძირეული ასპექტი ნარჩუნდება. ეძიებით თუ არა ადამიანების ისტორიებს ან აღიარებებს, როდესაც ისინი ირჩევენ Liquides Imaginaires-ის კონკრეტულ სუნამოს?

ეს სუნამოები არაორდინალური განაცხადია ალტერნატიული პარფიუმერიის სამყაროში და მცდელობა სუნამო დაუბრუნდეს მის ძირეულ არსს, საკრალურ, მისტიურ და ჯადოსნურ განზომილებას, ასევე მთელ იმ ფანტაზიას, რომელიც მას მოსდევს. მდგომარეობის ცვლილების მაგია, მისი მქროლავი განზომილების ირაციონალურობა, მატერიალურიდან არამატერიალურში გადასვლა…

გულმოდგინედ ჩაფიქრებული, როგორც ყნოსვითი კონცეფციები, ისინი სისრულეში ტრილოგიებად მოდიან. ვიფიქრე, თუ სუნამოს შეეძლო სამუდამოდ დაეფიქსირებინა ძვირფასი მოგონება, ინტიმური სიამოვნება, წმინდა რიტუალი, ის ასევე ადვილად მოახერხებდა ჩრდილსა და სინათლეში გავლას, წამლად და ანტიდოტად ქცევას. მძლავრი ფანტაზიით დამუხტული, მას ექნებოდა განათების, გაფორმების, ხელახლა გამოგონების, მოხიბვლის და, რა თქმა უნდა, გაღიზიანების უნარი. შესაბამისად, მე წარმოვიდგინე ეს სუნამოები, როგორც წყლის ზედაპირზე მოთავსებული მოგონებები; თითქოს ვინმემ წყლის სარკეზე დაალაგა საკუთარ მოგონებები, შიშები, აღსარებები, გატაცებები, რათა ზემოდან დაკვირვებოდა. სუნამოს ტარება არის განწყობის, სულიერი მდგომარეობის, პიროვნული ნიშნების გამოაშკარავების საშუალება.

სამის გაერთიანება უკვე ეწინააღმდეგება მონოგამიის კონცეფციას. როდესაც ვსაუბრობთ ნიშურ პარფიუმერიაზე და ისეთ საგანზე, რომელიც შეიძლება გახდეს პიროვნების სახელწერო სურნელი, როგორ ფიქრობთ, არის ხიბლი მის აღმოჩენაში?

ვიტყოდი, რომ სურნელი არის ‘მეექვსე გრძნობა’, რადგან მას აქვს ძალა გამოგვიფხიზლოს უფრო ამაღლებული შეგრძნებები, გახვრიტოს სამყაროს გარეგანი საფარი. მისი მდუმარე ენა აახლოებს მას ტელეპათიასთან, რადგან სუნამო ინფორმაციის ფსიქიკურ გაცვლას ახდენს ორ ან რამდენიმე ადამიანს შორის დისტანციაზე. ეს არის აღქმა, რომელიც სცილდება რეალობას.

გვანცა ჯგუშია

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap