ადამიანები, რომლებიც ცვლიან ყოველდღიურობას

20.08.2021

მეამა არის ბრენდი, რომელიც არასტანდარტული მიდგომებით გამოირჩევა, როგორც ინოვაციური პროდუქციისა და მომსახურების კუთხით, ასევე კომუნიკაციის მიმართულებით. ბრენდის მთავარი პირობაც ეს არის – მათ მიზნად აქვთ დასახული, რომ ყავის მოხმარების ათასწლოვანი ტრადიციები შეცვალონ და მომხმარებელი, ყავის ახალ კულტურას აზიარონ. ამიტომაც, მეამას ახალი პროექტი სწორედ იმ ადამიანებს ეძღვნება, რომლებიც საქართველოში პროგრესს ქმნიან. ეს გულისხმობს საზოგადოებისთვის ისეთი ადამიანების კიდევ უფრო ახლოს გაცნობას, რომლებიც ფიქრობენ განსხვავებულად, საკუთარ სფეროში ქმნიან მნიშვნელოვან სიახლეებს და  ცვლიან ჩვენს ყოველდღიურობას.

ესეთი ადამიანები ჩვენს გარშემო ნამდვილად არსებობენ და სწორედ ისინი ქმნიან სიახლეებს, რომლითაც ჩვენ ყველანი ერთად ვსაზრდოობთ. იდეალებით, იდეებითა და საქმით ბოლომდე შეპყრობილი ადამიანები ხშირად შეუვალ პიროვნებებად გვეჩვენებიან ხოლმე. თითქოს რთულია გაუგო მათ შინაგან სამყაროს, გაიგო რა ახარებს მათ, რა აძლევთ შემოქმედების და სასიცოცხლო ენერგიას. მეამას ახალი კამპანიის არსიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ცვლიან უფრო ახლოდან გაგვაცნოს, სხვა კუთხით დაგვანახოს, მოხსნას მათი ცხოვრების სცენის წინ აღმართული ფარდა და ჩაგვახედოს მათ ფიქრებში, მოგონებებში, ოცნებებში. 

მოგზაურობა ბევრი სახის არსებობს, სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მეორე ინდივიდის ქვეცნობიერ სამყაროში შეღწევა, მისი ნააზრევის და ფიქრების გადმოცემა ყველაზე საინტერესო ადამიანური გამოცდილებაა. სწორედ ეს მოგზაურობები გვასწავლის ყველაზე მეტს სხვებზე და საკუთარ თავზე. ამ თავგადასავალში გვეპატიჟება მეამაც.
როგორც მეამას საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციების ხელმძღვანელი მაგდა გუგავა გვიამბობს, პროექტის წარმატებით განხორციელების უმთავრესი გამოწვევა მთავარი გმირების აღმოჩენა იყო. „ამ პროცესში უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანით, რომლებიც საქართველოში მნიშვნელოვან ძვრებს ახდენენ ხელოვნების, ბიზნესის, არქიტექტურის და სხვა მრავალ სფეროში. საბოლოოდ, შევარჩიეთ 15 ადამიანი, რომლებიც საკუთარი ხედვებით და მიდგომებით თანხვედრაში არიან  მეამას ძირეულ ფასეულობებთან და ფილოსოფიასთან.

პროექტი სხვადასხვა სახის კონტენტისგან შედგება, მისი ნაწილი სხვადასხვა  ონლაინ გამოცემებთან ერთად განხორციელდა, მათ შექმნეს არაჩვეულებრივი ინტერვიუების სერია 10 ადამიანთან, როგორც ვიდეო ინტერვიუებით ასევე სტატიებით. გვსურდა დარჩენილი ხუთი პერსონაჟის უკეთ გასაცნობად განსხვავებული ფორმატი მოგვეძებნა, რომ  თითოეულ ადამიანს ჰქონოდა აბსოლუტური სივრცე იმისთვის, რომ ცნობიერების ნაკადი იმ მიმართულებით და ისეთი ფორმით გაეთავისუფლებინა, როგორც იმ მომენტში მისთვის ავთენტური და კომფორტული იქნებოდა და ასე მივედით მინი ფილმების გადაღების იდეამდე”. 

პროექტზე იმუშავა კომპანია  „Jam Project”-მა, რომელმაც შეიყვარა და გაითავისა პროექტი და მეამასთვის 5 არაჩვეულებრივი მოკლემეტრაჟიანი ფილმი შექმნა.  სწორედ მათი დამსახურებაა, რომ პროექტში მონაწილე ადამიანებს გადაღების პროცესში ჰქონდათ სრული კომფორტი იმისათვის, რომ მაქსიმალურად წარმოეჩინათ საკუთარი თავი, გადმოეცათ თავიანთი ისტორია და წლების განმავლობაში დაგროვილი  გამოცდილება გაეზიარებინათ სხვებისთვის.
ფილმებში სხვადასხვა ვიზუალური ესთეტიკა ინტეგრირდა. თითოეულ ვიდეოში ვხვდებით დოკუმენტურ და „არტჰაუს“ კინოს ესთეტიკის სინთეზს. სხვადასხვა ვიზუალური და აუდიო ეფექტის გამოყენებით, არაჩვეულებრივი ოსტატობით არის ნაჩვენები პერსონაჟებისა და მათ გარშემო მიმდინარე მოვლენების უნიკალურობა.

ფილმის კადრებს პერსონაჟების მიერ მოყოლილი ისტორია ახლავს და გვიყვება ამბავს მისი იდეებისა და ხედვების შესახებ.
ფილმის  ეპიზოდების ნახვა მეამას Facebook Series, Instagram და Youtube არხებშია შესაძლებელი. მინი ფილმები ასევე განთავსდა საიტებზე: imovies.ge და adjaranet.com.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap