ახალი რესტორანი ქალაქში სტეიკების მოყვარულთათვის

24.06.2022

„თბილისი მარიოტის“  დრამატული და მდიდარი ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის.  საუკუნის მანძილზე უამრავი რამ იცვლებოდა და განახლდებოდა ამ შენობაში, მაგრამ ერთი რამ –  იშვიათი კულინარიული მრავალფეროვნება, წილნაყარი უმაღლეს ოსტატობასთან,  იმ დროიდან მოჰყვება, როცა სასტუმროს სწორედ „თბილისი მარიოტი“ ეწოდა. დღეს „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე შემოდის სრულიად ახალი პროდუქტით: ესაა რესტორანი „პარკ გრილი“.

„პარკ გრილის“ მენიუს გემოთა სიმდიდრე და დახვეწილობა გამოარჩევს და ასეთ კონტექსტშიც კი განსაკუთრებული ადგილი უკავია პრემიუმ ხარისხის ავსტრალიური ხორცის ნაირსახეობებს. ავსტრალიაში თანაბარი კლიმატია, საგულდაგულოდ გამოყვანილი ჯიშების სახორცე მოზვრები გაშლილ ვაკე ადგილებში გადაადგილდებიან და ლორთქო ბალახს შეექცევიან. მათი ხორცი წვნიანი და არომატულია. ბალახის ჭამას ფერმერები უნაცვლებენ ხოლმე ხორბლით კვებას, რასაც ხორცში ცხიმის უთხელესი ფენების განტოტვა მოჰყვება და სწორედ ასე მიიღება „მარმარილოს ხორცი“, რომელსაც შეიძლება ნიგვზის მსუბუქი გემოც დაჰყვებოდეს.

„პარკ გრილში“ ავსტრალიური ხორცი დაძველებულია მსოფლიოში წამყვანი ბრენდის, „დრაი ეიჯერის“ ხორცის დავარგების კაბინეტში. „დრაი ეიჯერი“ გერმანული დანადგარია, მასში ხორცი ვარგდება უცვლელი  ტენიანობის და მუდმივი ტემპერატურის პირობებში, კარის ტონირებული მინა კი ხორცს იცავს ულტრაიისფერი სხივებისაგან. ხორცის მშრალად დავარგების ეს კონცეფცია შედეგად გვაძლევს ინტენსიური არომატისა და უნაზესი გემოს პროდუქტს, რომელიც საბოლოოდ მზადდება „პარკ გრილისთვის“ დაკომპლექტებულ, საავტორო ჯოსპერის გრილზე. ჯოსპერი – მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდია ნახშირის დახურული ქურების – გრილების მწარმოებელთა შორის, იმდენად ცნობილი, რომ გრილს ზოგჯერ ჯოსპერსაც უწოდებენ. „პარკ გრილის“ მენიუში, რამდენიმე ათეული კერძის ჩამონათვალში იოლად შეამჩნევთ ავსტრალიური ხორცისაგან დამზადებულ ნიუ-იორკ სტეიკს, რიბაი სტეიკს, ტომაჰავკ სტეიკს, ფილე მინიონს…  ღვინის არჩევანიც მდიდრულია: უცხოური თუ ადგილობრივი, მრავალი უნიკალური ვაზის ჯიშის ღვინოები.

„პარკ გრილის“ გარემო ელეგანტური და მშვიდად აღმაფრთოვანებელია უმაღლესი დონის მომსახურებით,  ზუსტად შერჩეული ფერების ჰარმონიით, დეტალებამდე გათვლილი კომფორტით. „პარკ გრილის“ დიზაინი და ავეჯი  ინგლისში წამყვანმა ბრენდებმა შეიმუშავეს.

„პარკ გრილის“ დახვეწილ გარემოში მარიოტის კვალიფიციური შეფების დახმარებით სტუმრებს საშუალება ექნებათ, უკეთ გაეცნონ მარიოტის უნიკალურობას და თანამედროვე ელემენტების დახმარებით შეიგრძნონ შემორჩენილი ტრადიცია, რომელსაც წლების განმავლობაში ინარჩუნებდა სასტუმრო. „პარკ გრილი“ სტუმრებს საღამოს ხუთი საათიდან ღამის თორმეტ საათამდე მოემსახურება.

თბილისი მარიოტი სულ მალე სტუმრებს კიდევ ერთ ახალ ობიექტს – „მაჯესტიკ ბარს“ შესთავაზებს. ეს არის ადგილი, სადაც საგანგებოდ შერჩეული სიგარებისა და განსაკუთრებული სასმელების განუმეორებელი არჩევანი დაგხვდებათ. ბარი იდეალური ადგილია სალონური საუბრებისა თუ პარტნიორებთან დისკუსიებისათვის. ისაუბრეთ უნიკალურ თემებზე და ისიამოვნეთ პრემიუმ ხარისხის სიგარისა და ბრენდის შთამაგონებელი გემოებით. „მაჯესტიკ ბარი“ სტუმრებს დღის 3 საათიდან ღამის 3 საათამდე მოემსახურება.  უთუოდ იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ: „მაჟესტიკ“ – სწორედ ასე ერქვა სასტუმროს თბილისში, ერთერთ საუკეთესო შენობას გოლოვინის პროსპექტზე – დღევანდელ „თბილისი მარიოტს“.

დავით პაიჭაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap