ამაზონის ბესტსელერი და სხვა წიგნები
15.08.2021
არიან წიგნები და ავტორები, რომლებიც ერთმანეთს ძალიან გვანან. ნინო ღუღუნიშვილის წიგნების წაკითხვის შემდეგ ეს აზრი ამეკვიატა და მგონია, რომ არ ვცდები. მის წიგნებში ჩემთვის, როგორც ქართველი მკითხველისთვის, ბევრი ნაცნობი და ახლობელი თემაა. ისეთი ამბებია, აი მეც, შენც, მასაც რომ გადახდენია; გაუგია, იცის, უნახავს, მაგრამ ავტორი ახერხებს, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ყოფითი ამბები და თემები, სადად, ლამაზად, ისე შეფუთოს, რომ ერთნაირი ინტერესით წააკითხოს თავისი ოჯახის ტრადიციების, ომლეტის კეთების, გარდაცვლილი ძაღლის და მეგობრების შესახებ, როგორც ქართველ, ისე არაქართველ მკითხველს. ეს იოლი არაა. საამისოდ ოქროს შუალედის პოვნაა საჭირო. შეიძლება ითქვას, რომ ნინომ ეს ოქროს შუალედი იპოვა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჰყავს მკითხველი და გულშემატკივარი. მას ხშირად წერენ ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ინდოეთიდან და გერმანიიდანაც.
წერა 2013 წლიდან დაიწყო. პირველი რომანი Friday Evening, Eight O’Clock ჯერ რუსულად დაწერა, შემდეგ ინგლისურად თარგმნა. ამას მოყვა ინგლისურენოვანი ესეები კრებულები: You Will Have a Black Labrador („შენ გეყოლება შავი ლაბრადორი“) და ამაზონის ბესტსელერი From My Balcony to Yours („ჩემი აივნიდან შენს აივნამდე“).
ინტერვიუზე ჯერ უარი მითხრა, რამდენიმე დღეში დამთანხმდა და გადავწყვიტე ის და მისი წიგნები, მათ შორის ამაზონის ბესტსელერი From My Balcony to Yours ქართველ მკითხველსაც გავაცნო.
სამი წიგნი დაწერე. შენი ბოლო ესეების კრებული ამაზონზე ბესტსელერი იყო, რატომ არ გიცნობს ქართველი მკითხველი?
ნინო ღუღუნიშვილი, კინომცოდნე, მწერალი: ალბათ იმიტომ, რომ სამივე წიგნი ინგლისურადაა გამოცემული. უფრო სწორად, პირველი რომანი Friday Evening, Eight O’Clock ჯერ რუსულად დავწერე, მერე ვთარგმნე და გამოვეცი, ჯერ ინგლისურად, შემდეგ რუსულად. რაც შეეხება You Will Have a Black Labrador-ს და სულ ახალი ესეების კრებულს From My Balcony to Yours ინგლისურად დაიწერა და გამოიცა ამაზონზე.
როგორ დაახასიათებდი თავს? ვინ არის ნინო ღუღუნიშვილი?
იცი, ხანდახან მგონია, რომ რამდენიმე პარალელური ცხოვრება მაქვს. ერთი, რომელშიც აბსოლუტურად ჩვეულებრივი რეალობა და ყოველდღიურობაა და მეორე, რომელიც შეიძლება ჩემი უახლოესი ადამიანებისთვისაც კი უცხო, დაფარული და უცნობია. იმიტომ კი არა, რომ ვმალავ, ეს რაღაცნაირად თავისთავად ხდება. ეს არის ცხოვრება, რომელშიც ბევრი ისტორია, ბევრი შთაბეჭდილება, ბევრი ემოცია, მოგონებაა და ყველაფერი ერთმანეთშია გადახლართული. ეს თითქოს პატარა ბირთვია, რომელსაც სულ დამუხტვა სჭირდება. არ ვიცი, საკუთარი თავი როგორ უნდა დავახასიათო. მე რომ მკითხო, ეგოცენტრიკი ვარ.
მე არც შენი პროფესიაც ვიცი. ერთ-ერთ ესეში წერ, რომ საქართველოდან უცხოეთში წახვედი სასწავლებლად. რა გამოცდილება იყო ეს შენთვის?
პროფესიით კინომცოდნე ვარ. თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ძალიან მალე მუშაობა დავიწყე. შემდეგ გადავწყვიტე ინგლისში კულტუროლოგიის და არტ-მენეჯმენტის განხრით გამეგრძელებინა სწავლა მაგისტრატურაში. მანამდე კიდევ პარიზში ვსწავლობდი ენის კურსებზე რამდენიმე თვით. მერე სხვადასხვა ტელევიზიის კინოს განყოფილებაში ვმუშაობდი. ცოტა ხნით ჟურნალისტიც კი ვიყავი ერთ-ერთ ინგლისურენოვან გაზეთში. ხანდახან მგონია, უკვე ბევრი სხვადასხვა ცხოვრება მქონდა და დამთავრდა. სულ რამდენიმე წელია, რაც წერა დავიწყე. რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ თუნდაც ცოტა ხნით ყოფნამ ბევრი რამ მომცა, ხანდახან ვფიქრობ, რომ ამდენი მოგზაურობის გარეშე, ეს წიგნებიც არ დაიწერებოდა.
ვინ არიან შენი საყვარელი ავტორები და რომელია შენი მთავარი წიგნები, რომლებმაც რაიმე გავლენა მოახდინა შენზე?
ერთი ავტორის გამოყოფა გამიჭირდება, ისევე როგორც ერთი საყვარელი წიგნის. პირობითად დიუმას სამი მუშკეტერიდან – ხულიო კორტასარამდე, ან ჯოან როულინგამდე რაც შეგიძლია რომ ჩაატიო, ალბათ ყველა ამ ავტორმა სხვადასხვა დროს თავისი გავლენა მოახდინა ჩემზე, სადღაც დაილექა, ბევრი რამ განსაზღვრა.
რატომ გადაწყვიტე ინგლისურად წერა და არა ქართულად? ენა საშუალებას გაძლევს ტექსტს, თემას უფრო გლობალურად შეხედო და ქართულ ჩარჩოებს გასცდე?
ამ კითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებს და მეც ბევრი მიფიქრია. წარმოიდგინე, რომ კონკრეტულ პერსონაჟებს, მათ ხმის ტემბრს და ინტონაციასაც კი სხვა ენაზე (ამ შემთხვევაში ინგლისურად) ისმენ, იმ ენაზე წამოსული წინადადების რიტმს გრძნობ, არ თარგმნი, პირდაპირ ასე გინდა რომ დაწერო, როგორც ყურში გესმის. ისე ხედავ, როგორც პატარა ფილმს. შეიძლება ვინმეს ძალიან ამბიციურად მოეჩვენოს, მაგრამ ეს უცხო ენა აღმოჩნდა ყველაზე კარგად მორგებული იმ სიუჟეტებისთვის, რომლებსაც მე წერის დროს ვირჩევ. არ ვიცი, რამდენად ვცდები ლოკალურ ჩარჩოებს, ამაზე წერის დროს მართლა არ ვფიქრობ, უბრალოდ ვწერ. პირველი პერსონაჟი ვინც გამოვიგონე და, უფრო სწორი იქნება ვთქვა, ვინც დავინახე, იყო ბალთაზარ ჰემიში და თავი ტკიოდა. იმ წამსვე ვიცოდი, რომ ქართველი არ იყო. ვიცოდი, რომ პარიზის ერთ-ერთ გამომცემლობაში მუშაობდა და მსუქანი კატა ბალტიმორი ჰყავდა.
როგორ გაჩნდა რომანი Friday Evening, Eight O’Clock და ტაშას პერსონაჟი?
ტაშა ახალგაზრდა ჟურნალისტი ქალია, რომელიც პარიზში, ერთ-ერთ ჟურნალში სამუშაოდ მიემგზავრება და უამრავი დაუჯერებელი თავგადასავალი გადახდება თავს. საინტერესო იცი რა არის? ამ წიგნს ორი სხვადასხვა ფინალი აქვს. ინგლისური ვერსია სხვანაირად მთავრდება და რუსული სხვანაირად. აი, ბალთაზარ ჰემიში რომ ვახსენე ზემოთ, მისი ჟურნალის გამომცემელია. ეს ტაშა, სასაცილო ვინმეა, სულ ცოტათი შეიძლება მე მგავს. ასეთი ჟანრის წიგნებს ამერიკაში Chick Lit-ს, ანუ ქალების საკითხავს უწოდებენ და მართლაც ასეთია, მელოდრამატულ-კომედიურ-დეტექტიური ელემენტებით.
რამ განაპირობა, რომ „ჩემი აივნიდან შენს აივანზე“ ამაზონზე ბესტსელერი გახდა? მკითხველს უამბე რაზეა წიგნი.
„ჩემი აივნიდან შენს აივანზე, ან შენს აივნამდე“ პანდემიის პერიოდში დაწერილი ოცდაათი პატარა ესეა. შეიძლება პანდემიის დღიურებიც დავარქვათ. თავიდან უბრალოდ ბლოგებს ვწერდი და მერე ეს ბლოგები წიგნად იქცა. ხანდახან მიკვირს, როცა სრულიად უცნობი მკითხველები მწერენ – მეც იგივეს განვიცდიდი, მეც ასე ვფიქრობდი, მეც იგივეზე ვბრაზდებოდიო. მიხარია თუ ერთმანეთისგან განსხვავებული, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები რაღაც მათთვის მნიშვნელოვანს პოულობენ ამ ტექსტებში.
ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო და სენტიმენტალური ის ეპიზოდები იყო, სადაც ოჯახსა და ოჯახის წევრებზე ყვები. ფარიდა რეალური პერსონაჟია?
ფარიდა რეალური და ძალიან კოლორიტული პერსონაჟია და სულაც არ იცის, რომ ერთი მოთხრობა მასზეა.
ახლა რაზე წერ?
ახლა არაფერს ვწერ, მაგრამ თავში სულ ერთი პატარა მაკრატელი მიტრიალებს, ამეკვიატა ეს პატარა მაკრატელი და ვნახოთ რა იქნება….
ახლა რას კითხულობ?
ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის Half of a Yellow Sun.
თანამედროვე ქართველ ავტორებს კითხულობ?
რა თქმა უნდა! ქალი მწერლების ბუმია და ეს ძალიან მაგარია!
სად, როგორ უნდა წაიკითხოს მკითხველმა შენი წიგნი?
სამივე წიგნი ხელმისაწვდომია ამაზონზე. შეიძლება გამოწერა, ჩამოტვირთვა ან ონლაინ წაკითხვა.
არ აპირებ, რომ ქართველ მკითხველს დაუახლოვდე? აი, ჩვენ პირველი ნაბიჯი გადმოვდგით.
ამხელა ინტერვიუს შემდეგ მგონი უკვე საკმარისად დავახლოვდით! 🙂
ესაუბრა მაკა ბიბილაშვილი