ტრანსდისციპლინური ვიზიონერი
16.07.2024
ნინო ეგაძე დიზაინის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია საქართველოში, რომელიც ოც წელზე მეტია, ბრენდინგის, მარკეტინგის და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში მოღვაწეობს, არაერთი პროექტის ფარგლებში – როგორც გლობალურ, ისე ლოკალურ ბაზარზე. ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის კურსდამთავრებულ ნინოს წამყვანი პოზიციები ეკავა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Red Bull, Philip Morris International და თიბისი ჯგუფი, ხოლო მისი დიზაინის ინსტიტუტი, რომელიც ძველ თბილისში მდებარეობს და სულ უფრო დიდ სახელს იხვეჭს, უნიკალური საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრია, რომელიც პრაქტიკაში სტენფორდის სტრატეგიის ხაზს ატარებს შემოქმედებითობისა და დიზაინის მიმართ, რაც ითვალისწინებს ინოვაციას და პოზიტიურ სოციალურ ცვლილებებს და რაც პედაგოგებსა და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ცოდნა და შემოქმედებითი უნარები გააზიარონ, ტრადიციული დისციპლინური საზღვრების დაძლევის გზით. ინსტიტუტი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ინტუიციური და პრობლემების მოგვარების საზღვრებისგან თავისუფალი უნარების განვითარებას თანამედროვე დიზაინის ფართო სპექტრში: ჩანასახში არსებული კონცეფციის გაღვივებით დაწყებული პროტოტიპირებით დამთავრებული. მისი გამოცდილი ლექტორები (როგორც ადგილობრივი, ისე მთელი მსოფლიოდან მოწვეული) მაღალი კლასის სემინარებს მართავენ უახლესი სტრუქტურული აზროვნების, მოძრაობის ანიმაციის, ვირტუალური რეალობისა და მეტ-ნაკლებად ყველაფერი იმ დანარჩენის შესახებ, რისი წარმოდგენაც კი დასაშვებია დიზაინის ფართო შესაძლებლობებთან მიმართებაში. ამ მიდგომაში ნინო ეგაძის მიზანია შემოქმედებითად განვითარებული თაობის აღზრდა, რომელიც მომავლის ფორმირებას შეუწყობს ხელს, ამიტომაც ინსტიტუტი ყოველმხრივ დაინტერესებულია, რომ განათლება, რომელსაც ის სთავაზობს ადამიანებს, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამ მიზნით ინსტიტუტში მუშაობს სტიპენდიებისა და ფინანსური დახმარების პროგრამა, როგორც მისი საქმიანობის მთავარი ელემენტი. იმავდროულად, აქაურობა მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებისა და შეხვედრების ადგილია, რითაც ნინოსთვის თითქოს წრე იკვრება, რადგან მის ბავშვობაში ოჯახში ხშირი იყო კულტურული შეკრებები, რომელთა დროსაც ადამიანები თავისუფლად უზიარებდნენ ერთმანეთს აზრებს. დიზაინის ინსტიტუტის ეს გამორჩეული დამფუძნებელი ქალბატონი მისი შემოქმედებითი გზის ამ ადრეული გამოცდილების შესახებ შთაბეჭდილებას უზიარებს „ამარტას“ და გვეუბნება, რომ ნებისმიერი სახის კულტურული აქტივობა ხშირად აუცილებლობიდან მომდინარეობს.
გვიამბეთ თქვენს ბავშვობაზე. როგორ ფიქრობთ, რატომ დაინტერესდით ვიზუალური კომუნიკაციით?
მე საქართველოში, საკმაოდ რთულ პერიოდში გავიზარდე – საბჭოთა კავშირის ნგრევისას. ჩემს ბავშვობაში ცხოვრება თეატრს ჰგავდა. მახსოვს, ეს ყველაფერი ძალიან სიურეალისტური ჩანდა. ჩემი ოჯახი ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული, რაც ერთი მხრივ, ძალიან კარგი იყო, რადგან შემოქმედებითობით და იდეებით იკვებებოდა, მაგრამ მეორე მხრივ – მოწყვეტილი იყო რეალობას. თითქოს რაღაც ფილმში ვცხოვრობდით, სადაც ყველაფერი კარგად იყო, თუმცა გარეთ ომი მძვინვარებდა. იმის თქმა მინდა, რომ ჩემ დიდ ბაბუას საბჭოთა კავშირის დროს, კინემატოგრაფიის მინისტრის პოსტი ეკავა, ხოლო მამაჩემმა საქართველოში დააარსა თეატრი, რომელიც 1990-იან წლებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ასევე, დედაჩემი დრამატული თეატრის მსახიობი იყო, ამიტომაც ჩვენს სახლში ხშირად იკრიბებოდნენ კულტურის სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანები. ამ შეკრებების ორგანიზებაში დახმარებას ხშირად მთხოვდნენ. და მართლაც, ისინი ძალიან მხიარული ადამიანები იყვნენ, მაგრამ იმავდროულად, ყოველთვის ვაცნობიერებდი გარეთ არსებულ მძიმე ვითარებას. ასე რომ, როგორც ვთქვი, ეს ყველაფერი ძალიან სიურეალისტური ჩანდა. ოჯახში პირველი ვიყავი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დრამისა და თეატრის მიმართულებით არ წასულიყო. ასე გადავწყვიტე გრაფიკული დიზაინის შესწავლა, თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით, დიზაინიც ხომ ამბების თხრობას და ვიზუალურ კომუნიკაციას უკავშირდება.
ეს ერთგვარი პროტესტი ხომ არ იყო თქვენი წარსულის მიმართ, რომელიც კულტურულ ცხოვრებასთან ასე მჭიდროდ იყო კავშირში? ხომ არ ცდილობდით ამით, მიწაზე უფრო მყარად დაგედგათ ფეხი?
მე ამ ყველაფერს სხვანაირად ვხსნი. იმ დროს საქართველოში ადამიანების უმრავლესობას ძალიან უჭირდა. ჩემი ოჯახი გამონაკლისი იყო. ხელოვნება იმ დროს სიხარულის პოვნაში გვეხმარებოდა. ყოველთვის მტკიცედ მწამდა, რომ შესაძლოა, სხვებსაც მსგავსი მიდგომა ჰქონდათ და ამაში პოულობდნენ ხსნას, თუნდაც სხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს; და რომ სხვებსაც შეუძლიათ წარმოსახვის მეშვეობით საკუთარი ცხოვრების შელამაზება, არსებული სირთულეების მიუხედავად. დიზაინის ინსტიტუტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ დიზაინს, რომ ადამიანებს საერთაშორისო ენის ახალი სახეობის ვიზუალიზაციის მეტი შესაძლებლობა მივცეთ. საქართველოში ამჟამად ომი სულ ახლოსაა, უკრაინაში და ჩვენ, ყველა, შეგუებული ვართ იმ აზრს, რომ მან, შესაძლოა, ჩვენამდეც მოაღწიოს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ თავს ვიტყუებთ, თითქოს ყველაფერი კარგადაა და ამიტომაც, მეტად ვართ ორიენტირებული კულტურაზე, ხელოვნებაზე, ღონისძიებებზე, შემოქმედებაზე. ასე მგონია, კულტურის განვითარებას ძალიან ხშირად სწორედ ამგვარი სახიფათო სიტუაციები აძლევს ბიძგს.
არსებითად რით გამოირჩევა ის, როგორც ინსტიტუტი?
მტკიცედ მწამს, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რომ მთელი რეგიონის შემოქმედებით ცენტრად იქცეს, რადგან აქ უზარმაზარი შემოქმედებითი რესურსია. ჩვენ სხვადასხვა სფეროს ძალიან ბევრი სპეციალისტი გვყავს, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბით მუშაობენ, მაგრამ დიზაინის ინსტიტუტამდე ეს ადამიანები ცალ-ცალკე ჯგუფებსა და გაერთიანებებში მოღვაწეობდნენ. ჩვენ ვიფიქრეთ, რატომ არ უნდა გავაერთიანოთ ეს ნიჭიერი ადამიანები, რომ მომავალმა თაობებმა საუკეთესო სპეციალისტებისგან ისწავლონ და მრავალი უნარის გამომუშავების საშუალება მიეცეთ. თუ გრაფიკული დიზაინის, ან, მაგალითად, ციფრული პროდუქტების დიზაინის სწავლა გსურთ, ჩვენთან ნებისმიერი დისციპლინის შესწავლა შეგიძლიათ, მაგრამ არა განცალკევებით და იზოლირებულად. ჩვენ არ გვაქვს ზუსტად განსაზღვრული პროგრამა კონკრეტულ სფეროში, რადგან ვთვლით, რომ შემოქმედებისადმი ტრანსდისციპლინური და კომპლექსური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანმა უნდა ისწავლოს ხატვა, მასალების გამოყენება, ხელობა, კამერის გამოყენება, პროტოტიპების შექმნა და ა.შ. ჩვენ სწავლების მიმართ ჰიბრიდული მიდგომა გვაქვს, რაც ეფუძნება თანამშრომლობას და გაცილებით უფრო ეფექტურია. ამასთანავე, ეს ყველაფერი ძალიან პრაქტიკულია, რადგან მეტად რთულია რაიმეს საფუძვლიანად სწავლება ზუმის მეშვეობით. ადამიანმა ნამდვილად რომ ისწავლოს, საჭიროა ჯდომა და ფიქრი, შეხება და შეგრძნება.
თქვენი აზრით, რით არის უნიკალური შემოქმედებითი და კულტურული ლანდშაფტი საქართველოში?
მწამს, რომ საქართველოს იმთავითვე განუმეორებელი შემოქმედებითი ისტორია აქვს, რადგან ის იმთავითვე დაკავშირებული იყო ბერძნულ, აზიურ და ევროპულ კულტურებთან. ასე რომ, მას აქვს სათქმელი. სწორედ ამგვარად გვსურს ინსტიტუტის პოზიციონირება. ამისთვის მთელ ჩემს მარკეტინგულ და საკომუნიკაციო რესურსებს გამოვიყენებ. ჩვენს საბჭოში სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანები შედიან და თითოეული მათგანი სიახლეების გავრცელებაში გვეხმარება. ჩვენ ქართველ ბავშვებს შესაძლებლობას მივცემთ, მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტებთან მიიღონ განათლება, რაც ამჟამად ჩვენი პრიორიტეტია.
თქვენი აზრით, რა უდევს საფუძვლად ბრენდის ნებისმიერ ძლიერ სტრატეგიას?
მე ღირებულებების მჯერა. თუ კომპანიის საერთო სტრატეგია და ღირებულებები შეესაბამება ბრენდის ხასიათს და არქეტიპს (ინდივიდუალობას), ბრენდის პოზიციონირება არასდროს იქნება მცდარი. მტკიცედ მწამს, რომ თუ საკუთარ თავთან გულახდილი იქნებით, მიხვდებით, სინამდვილეში რა გჭირდებათ ამ კომპანიისგან, ამ პროდუქტისგან… შემიძლია, გულწრფელად გითხრათ, რომ ყოველი ბრენდი, რომელიც ღირებულებებს ეფუძნება, ყოველთვის საუკეთესო იქნება. ასევე, ცხადია, მნიშვნელოვანია, თუ როგორ გადმოცემს ვიზუალური ბრენდინგი ამ ღირებულებებს — პოზიციონირება და მარკეტინგი. მნიშვნელობა არ აქვს, ბრენდი ადგილობრივია თუ არა, მცირე სტარტაპია თუ მსხვილი ბრენდია, Red Bull-ის მსგავსად. არსებითად, ყველაფერი მაინც ბრენდების დამაარსებლებამდე და იქამდე მიდის, თუ რამდენად ახდენს გავლენას მათი ღირებულებები და პიროვნება ისტორიაზე. ეს ყველაფერი ძალიან ადამიანურია. საინტერესოა, რომ ადამიანები დღესდღეობით უფრო მეტს მოელიან ბრენდებისგანაც, რაც ძალიან ჰგავს Gen Z/Gen A-ს მიდგომას. ზოგჯერ ბრენდებს შეუძლიათ პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა ან ყურადღების გადატანა მართლაც პოზიტიურ რამეზე. იმის თქმა მინდა, რომ ზოგჯერ მსხვილ ბრენდებს უფრო თვალსაჩინო წვლილი შეაქვთ ეკონომიკაში, ვიდრე მთავრობას და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან მათ შეუძლიათ ადამიანების გაერთიანება.
როგორ ფიქრობთ, რამდენად შეცვლის ხელოვნური ინტელექტი დიზაინის ლანდშაფტს?
მართალი გითხრათ, როცა პირველად დავიწყე Photoshop-ის სწავლა, მეკითხებოდნენ, რად გინდა დიზაინერობა, თუ ყველაფერს პროგრამა გააკეთებს შენს ნაცვლად? ცხადია, ხელოვნური ინტელექტი გარკვეულწილად განსხვავებული რამაა და ჩვენ ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობთ, როცა ამ ახალი ხელსაწყოს მუშაობის პრინციპებში გარკვევა და მისი გამოყენება მოგვიწევს. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი ითამაშებს ამ ხელსაწყოთი და იპოვის მისი მეშვეობით რაიმე საინტერესოს შექმნის გზას. რა თქმა უნდა, ბევრი მარეგულირებელი და ეთიკური საკითხის დამუშავება გახდება საჭირო, მაგრამ, ვფიქრობ, ნამდვილი შემოქმედება ისაა, როცა შეგიძლია ინფორმაციის შეგროვება და მისთვის რაიმეს დამატება, რაც ამ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტისთვის ჯერ კიდევ შეუძლებელია. ამჟამად ხელოვნური ინტელექტი აგროვებს მხოლოდ იმას, რაც სხვის მიერაა გაკეთებული და მონაცემებს მოიპოვებს ინტერნეტიდან, მაგრამ ვფიქრობ, უახლოეს რამდენიმე წელიწადში ხელოვნური ინტელექტის განვითარების ერთ-ერთი შედეგი ის იქნება, რომ ადამიანებს მოუწევთ მეტი შემოქმედებითობის გამოვლენა, რადგან სამომავლოდ შემოქმედებითობა იქცევა ძირითად უნარად, ხოლო ადამიანური უნარები კიდევ უფრო დაფასდება, ვიდრე მანამდე.
მომავლის გწამთ?
თუ უფრო შორი პერსპექტივიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ სამყაროში ბევრი პრობლემაა, მაგრამ, ამავდროულად, ვვითარდებით. ადამიანები უფრო ხანგრძლივად ცხოვრობენ, ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება, მეტი რესურსი ჩნდება. ასე რომ, თუ საგნებს სტატისტიკური პერსპექტივიდან შევხედავთ, ბევრი რამ იცვლება დადებითისკენ. ამავე დროს, ვფიქრობ, სერიოზული პრობლემაა საყოველთაო თანასწორობის თვალსაზრისით, რაც ძალიან უსამართლო და სევდის მომგვრელია. ამას გარდა, უფრო პატარა ქვეყნები აღარ უყურებენ განვითარებულ ქვეყნებს, როგორც სანიმუშოს, რადგან ხშირად ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ ამ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები კარგავენ იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლითაც ისინი ცნობილი არიან. ისინი ვეღარ განსაზღვრავენ, რა არის მნიშვნელოვანი და უფრო მატერიალისტები ხდებიან. ამ წმინდად მომხმარებლურ მიდგომას კი სულაც არ მოაქვს სარგებელი საზოგადოებისთვის. თანდათან ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, რომ უმჯობესია საკუთარი კულტურისა და საზოგადოების განვითარებაზე ზრუნვა, ვიდრე იმის მიბაძვა, რაც ძალიან შორსაა.
ფოტო JAMPROJECT
დიზაინერი JABA KURTISHVILI / მაკიაჟი LUCHIA DEVEJIEVA / თმა VIKTORIA GIGIASHVILI
ესაუბრა JOHN-PAUL PRYOR