NAZY NAZHAND

    შემოქმედებითი პროცესის ეპიცენტრში
ყოველთვის ხელოვანია 

04.09.2026

თანამედროვე ხელოვნების ეკოსისტემა რთული და მრავალშრიანი მექანიზმია, სადაც შემოქმედებითი ავთენტურობა ხშირად ეჯახება გლობალური ბაზრის მკაცრ კომერციულ მოთხოვნებს. ამ ლაბირინთში ნავიგაცია განსაკუთრებით რთულია დამწყები და დამოუკიდებელი ავტორებისთვის. სწორედ ამიტომ, ისეთი პროფესიონალების ხედვა, როგორიც ნაზი ნაჟანდია (Nazy Nazhand) – კურატორი, ხელოვნების მრჩეველი და ინდუსტრიაში ოცწლიანი გამოცდილების მქონე ფიგურა – განსაკუთრებულ ფასეულობას იძენს. მისი კურატორული ფილოსოფია უპირველესად ხელოვანზეა ორიენტირებული და იმ ფუნდამენტურ პრინციპს ეფუძნება, რომლის თანახმადაც, ინდუსტრია ავტორის ხედვის სამსახურში უნდა იდგეს.

ჩვენი საუბრის მთავარი ღერძი არა მხოლოდ ზოგადი სახელოვნებო პროცესები, არამედ ახალი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივა – TYAM არის. ეს პლატფორმა შექმნილია დამწყები და წარმომადგენლობის არმქონე ხელოვანების მხარდასაჭერად, კერძოდ კი, ფოკუსირებულია 17-დან 25 წლამდე ახალგაზრდა შემოქმედებსა და 25 წელს ზემოთ მყოფ დამოუკიდებელ ავტორებზე, რომლებთანაც გალერეები არ თანამშრომლობენ. TYAM ემსახურება ხელმისაწვდომობის, ხილვადობისა და მნიშვნელოვანი პროფესიული კავშირების შექმნას ხელოვანებისთვის მათი კარიერის ადრეულ და გარდამავალ ეტაპებზე. მსგავსი ღია, საგანმანათლებლო და დიალოგზე ორიენტირებული გარემო იძლევა უნიკალურ შანსს, ახალმა ტალანტებმა უშუალოდ დაამყარონ კონტაქტი სფეროს აღიარებულ წარმომადგენლებთან.

ინტერვიუში ნაზი გულწრფელად საუბრობს იმ უხილავ ბარიერებზე, რომლებსაც ავტორები აწყდებიან კარიერის საწყის ეტაპზე, აანალიზებს ტრადიციული გალერეების ტრანსფორმაციას ციფრულ ეპოქაში და გვიზიარებს თავის ხედვას იმაზე, თუ რატომ არის ხელოვანთა შორის მენტორობა ნებისმიერ ინსტიტუციურ მხარდაჭერაზე ეფექტური.

თქვენი კურატორული მიდგომა ხშირად ფასდება, როგორც „ხელოვანზე ორიენტირებული“. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში და როგორ ახერხებთ, დაიცვათ ხელოვანის შემოქმედებითი ავთენტურობა გლობალური სახელოვნებო ბაზრის კომერციული წნეხისგან?

ჩვენი საქმიანობის – იქნება ეს კურატორის, მრჩევლის თუ გალერისტის პოზიცია – ფუნდამენტი ხელოვანის როლის გარშემო ტრიალებს. მჯერა, რომ ყველა ჩვენგანი ხელოვანის ნამუშევრის სამსახურში ვართ, მიუხედავად იმისა, ეს კომერციული პროცესია თუ არაკომერციული. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი იდეა, განხორციელებული პროექტი თუ ინიციატივა, უპირველესად ხელოვანის ხედვასა და მისიას ეფუძნება. ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ ტონი დავადგინოთ, პირიქით – ტონს ისინი გვკარნახობენ. ხელოვანები საუბრობენ სიმართლეზე, აშუქებენ იმ დისკომფორტის მომტან თემებს, რომლებთან გამკლავებაც საზოგადოებას უჭირს.

ბაზრის წნეხი ყოველთვის არსებობს, თუმცა ჩვენი, როგორც ხელოვნების პროფესიონალების, ჟურნალისტებისა თუ კურატორების პასუხისმგებლობაა, არ შევქმნათ არაჯანსაღი მოლოდინები. ჩვენ არ უნდა გავამარტივოთ სახელოვნებო პრაქტიკა და არ უნდა ვეძებოთ მხოლოდ სწრაფი, ხუთწლიანი წარმატების ციკლები. ხელოვნება გრძელვადიანი ინდუსტრიაა. მაგალითისთვის, დევიდ ჰოკნის ათწლეულების განმავლობაში გადაჭიმული კარიერა აქვს, ხოლო ისეთი ავტორები, როგორიც კარმენ ჰერერაა, აღიარებას 70, 80 ან 90 წლის ასაკში აღწევენ. ჩვენ უნდა დავიცვათ ეს გრძელვადიანობა და არ ვეცადოთ ხელოვანის ერთ, ვიწრო ჩარჩოში მოქცევას.

როგორც ხელოვნების მრჩეველი და შემფასებელი, როგორ უყურებთ ნამუშევრის ღირებულების ფორმირების პროცესს? რა განსაზღვრავს დამწყები, ჯერ კიდევ უცნობი ხელოვანის ნამუშევრის ფასსა და პოტენციალს წმინდა ესთეტიკური მახასიათებლების მიღმა?

პროფესიონალს უნდა შეეძლოს გამიჯნოს ის, რაც პირადად მოსწონს იმისგან, რაც ობიექტურად ღირებულია და მნიშვნელოვანი. როდესაც ახალგაზრდა, დამწყებ ავტორებს ვაკვირდები, უპირველესად ვეძებ პროდუქტიულობას. უწყვეტი მუშაობის უნარი და საკუთარი პრაქტიკის ერთგულება არის ის, რაც განასხვავებს დიდი მომავლის მქონე ხელოვანს სხვებისგან. არსებობს მცდარი წარმოდგენა: „შევქმნი ნამუშევრებს გამოფენისთვის და მერე დაველოდები, კიდევ როდის დამჭირდება“. გრძელვადიანი კარიერა ასე არ შენდება. შენ მუდმივად უნდა ქმნიდე. ეს არის ის, რასაც მე ვეძებ – განუწყვეტელი შემოქმედებითი პროცესი. 

მეორე მხრივ, ხელოვნების კოლექციონირება არ უნდა განიხილებოდეს ისე, როგორც უძრავ ქონებაში ინვესტირება. თუ ხელოვნების ნიმუშს მხოლოდ იმიტომ ყიდულობთ, რომ სწრაფ ფინანსურ უკუგებას ელით, აუცილებლად იმედგაცრუებული დარჩებით. ხელოვნება სუბიექტურია. თქვენ ინვესტიციას დებთ ავტორის კარიერაში, მხარს უჭერთ თქვენი დროის ხელოვანს და ირჩევთ ნამუშევარს, რომელთან ერთადაც ცხოვრება გსურთ.

როდესაც ახალ ტალანტებსა და მათ პორტფოლიოებს ეცნობით, რა არის ის მთავარი კონცეპტუალური ან ტექნიკური დეტალი, რომელიც გაფიქრებინებთ, რომ ამ ავტორს გრძელვადიანი, სტაბილური კარიერის შექმნის რესურსი აქვს?

ვეძებ სკრუპულოზურ შესრულებას. ეს არ ნიშნავს აბსოლუტურ პერფექციონიზმს, მაგრამ ვგულისხმობ იდეისა და ვიზუალური ნაწილის უზუსტეს კავშირს, გააზრებულ კონცეპტუალურ მიდგომასა და იმას, თუ რამდენად შეუძლია ხელოვანს საკუთარ ნამუშევარზე საუბარი. თუმცა სრულიად გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ეს საკმაოდ უსამართლო მოთხოვნაა. საზოგადოება და ინდუსტრია ხელოვანისგან ითხოვს მაღალ ხარისხს, კარგ მასალებსა და დახვეწილ შესრულებას, მაგრამ ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას არ აძლევს. იმისათვის, რომ შექმნა, გჭირდება სტუდია, მასალების შეძენის ფინანსური რესურსი და განათლება. ნიუ-იორკშიც კი, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქში, ხელოვანებს ურთულესი ბრძოლა უწევთ გადარჩენისთვის. 

ამიტომ, სანამ ავტორს მაღალ მოთხოვნებს წავუყენებთ, ჯერ უნდა ვისაუბროთ იმ საბაზისო სისტემებზე, რამაც მას მუშაობის საშუალება უნდა მისცეს – იქნება ეს რეზიდენციები, ხელმისაწვდომი სტუდიები თუ მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რათა შემოქმედებითი პროცესის პარალელურად მათ თავის რჩენა შეძლონ

რა არის ყველაზე გავრცელებული სტრატეგიული შეცდომა, რომელსაც დამოუკიდებელი ხელოვანები უშვებენ კარიერის საწყის ეტაპზე და რა იქნებოდა თქვენი მთავარი რჩევა მის თავიდან ასარიდებლად?

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გააკეთო, სხვისი გზის ზუსტი კოპირებაა. ის, რომ ვიღაცამ კონკრეტული სტრატეგიით მიაღწია წარმატებას, არ ნიშნავს, რომ ეს შენს შემთხვევაშიც იმუშავებს. ხელოვანმა უნდა ირწმუნოს საკუთარი განვითარების ტემპის, პრაქტიკისა და ხედვის. მყისიერი წარმატება არ არსებობს. 

მეორე დიდი შეცდომა თანამედროვეობის უარყოფაა. ხშირად მოისმენთ რჩევას: „მოერიდე სოციალურ მედიას“. ეს აბსურდია. ჩვენ ჩვენი დროის შვილები ვართ და ტექნოლოგიური პროგრესის უარყოფა უბრალოდ არაპროფესიონალურია. სოციალური ქსელები დღევანდელობის ინსტრუმენტია და ის უნდა გამოიყენო, ოღონდ ისე, რომ მისი მსხვერპლი არ გახდე. 

ასევე, არ მიყვარს, როცა ხელოვანები თავიდანვე იჩემებენ „დისრუპტორის“ (დამანგრევლის, რევოლუციონერის) როლს. ყველას არ მოეთხოვება სისტემის მსხვრევა, უფრო მნიშვნელოვანია არსებული მოდელების გაფართოება, ძველი, გაცვეთილი წესების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ორიგინალური იდეების შემოტანა.

სოციალური მედიისა და ციფრული პლატფორმების ეპოქაში, რამდენად შეიცვალა კურატორისა და ტრადიციული გალერეის როლი? შეუძლია თუ არა დღეს ხელოვანს, იყოს სრულიად დამოუკიდებელი და მაინც მიაღწიოს საერთაშორისო წარმატებას?

როლი რადიკალურად შეიცვალა და ამ ცვლილებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის გაუგებარია. ყველა ბიზნესი უნდა განვითარდეს და მოერგოს ახალ ტექნოლოგიებს. გალერეების მოდელი მუდმივი განხილვის საგანია. ახლახან ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ მოუწია Pace Gallery-ს 50 ხელოვანისა და 50 თანამშრომლის გაშვება. ეს აჩვენებს, რომ ძველი მოდელები, რომლებიც 40, 20 ან თუნდაც 10 წლის წინ მუშაობდა, დღეს ვეღარ ამართლებს. 

მჯერა, რომ მომავალში ხელოვანებს უფრო მეტად ექნებათ მენეჯერული სისტემები, როგორც ეს გასართობ ინდუსტრიაშია, და შეინარჩუნებენ ავტონომიას საკუთარ სტუდიებზე. როდესაც 10 წლის წინ Nazhand Art & Culture დავაარსე, სწორედ იმის რწმენა მამოძრავებდა, რომ თანამედროვე ხელოვნების სამყაროში ჩართულობის სხვა, უფრო ჰოლისტიკური გზებიც არსებობს, სადაც ხელოვანი ექცევა ცენტრში და სხვადასხვა დისციპლინასთან თანამშრომლობს.

სახელოვნებო კარიერა ხშირად სავსეა უარყოფითა და კრიზისული პერიოდებით. როგორ ეხმარებით თქვენთან მომუშავე ხელოვანებს ინსტიტუციური ბარიერების გადალახვაში და რა არის ის მთავარი საყრდენი, რაც მათ ამ დროს სჭირდებათ?

უარყოფა ყოველდღიურობაა ყველასთვის, განსაკუთრებით კი კრეატიულ ინდუსტრიაში. ეს უბრალოდ თამაშის წესია. ხელოვანს უნდა ჰქონდეს ძალიან სქელი კანი, მაგრამ, ამავდროულად, შეინარჩუნოს აბსოლუტური მოწყვლადობა, სენსიტიურობა და ღიაობა, რადგან სხვაგვარად შემოქმედებითი პროცესი ვერ იარსებებს. ეს რთული დიქოტომიაა. 

რაც შეეხება ჩემს როლს ამ პროცესში, საუკეთესო, რისი გაკეთებაც შემიძლია, არის, ვიყო მათი ადვოკატი. ვემსახურო მათ და დავეხმარო იმ ბიზნესინფრასტრუქტურებში ნავიგაციაში, რომლებიც აუცილებელია პროექტების განსახორციელებლად ან ნამუშევრების კოლექციებში მოსახვედრად.

რა როლს თამაშობს ლოკალური კულტურული იდენტობა ხელოვანის შემოქმედებაში, როდესაც ის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას ცდილობს? არის თუ არა აუცილებელი გლობალურ ტრენდებთან ადაპტაცია?

მინდა გავიხსენო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბრიტანელ-განელი მხატვრის, ლინეტ იადომ-ბოაკიეს სიტყვები. როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა მისი ნამუშევრები პოლიტიკური, მან უპასუხა, რომ არ სჭირდება პოლიტიკური ხელოვნების შექმნა, რადგან თავად მისი იქ ყოფნა, ოთახში დგომა და საკუთარი ნამუშევრების ჩვენება უკვე პოლიტიკური განაცხადია. ეს მიდგომა სულ მახსოვს. შენი იდენტობა, ლოკალური კონტექსტი თუ სოციალური ფონი ყოველთვის აისახება შენს შემოქმედებაზე და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ. 

2010 წელს ნიუ-იორკში დავიწყე ინიციატივა Art in the Middle East, მაგრამ ვიცოდი, როდის უნდა გავჩერებულიყავი, რადგან თუ წლების მერეც იგივეს გაკეთებას გავაგრძელებდი, ეს ნიშნავდა, რომ პროგრესი არ განგვიცდია. 

რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზს – არანაირი ვალდებულება არ არსებობს, რომ გლობალურ ნარატივს მოერგო და შენი ნამუშევარი განაზავო მხოლოდ იმისთვის, რომ უცხოური ბაზრისთვის მარტივად მოსანელებელი გახდეს. პირიქით, მსოფლიოს ყურადღებას სწორედ ის ნამუშევრები იქცევს, რომლებიც ძალიან პირადულია. შირინ ნეშატი ირანელ ქალებზე საუბრობს, მაგრამ მისი ხმა გლობალურად რეზონირებს. პერსონალური ყოველთვის პოულობს გზას საერთაშორისო აუდიტორიისკენ.

ხელოვნების ეკოსისტემა მუდმივად ტრანსფორმირდება. თქვენი გადმოსახედიდან, რა იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დამოუკიდებელი ხელოვანები მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში აღმოჩნდებიან?

ეკონომიკა და ცხოვრების ხარჯები. შეგვიძლია ფილოსოფიურად ვისაუბროთ ტექნოლოგიებსა და პოლიტიკაზე, მაგრამ ფუნდამენტური პრობლემა ფინანსებია. აუცილებელია, შეიქმნას ინფრასტრუქტურა, რათა ხელოვანები იძულებულნი არ გახდნენ, საკუთარ ნამუშევრებს არარეალისტური ფასები დაადონ, რაც საბოლოოდ ბაზრის სტაგნაციას იწვევს. ხელოვნების ბაზრობების (Art Fairs) დღევანდელი მოდელი კრიზისშია, ის ანგრევს გალერეების ბიზნესს და აიძულებს მათ, მხოლოდ მარტივად გასაყიდი ნამუშევრები წაიღონ გამოფენებზე. ეს ართმევს ახალგაზრდა ხელოვანებს იმ ექსპოზიციას, რომელსაც იმსახურებენ და პირდაპირ ურტყამს მათ გრძელვადიან პერსპექტივას.

TYAM სპეციალურად არის შექმნილი 17-25 წლის ახალგაზრდა შემოქმედებისა და 25+ წლის დამოუკიდებელი ხელოვანებისთვის, რომლებსაც გალერეები არ წარმოადგენენ. როგორ ეხმიანება ამ პლატფორმის მისია თქვენს პერსონალურ კურატორულ ფილოსოფიას და რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მსგავსი ალტერნატიული, არაინსტიტუციური სივრცეების არსებობა?

ეს მისია სრულ თანხვედრაშია ჩემს ფილოსოფიასთან და უდიდესი პატივია ჩემთვის, ამ პროცესის ნაწილი ვიყო. TYAM-ის იდეა ფასეულია იმით, რომ ის ხელოვანებს კარიერის ყველაზე ადრეულ, გადამწყვეტ ეტაპზე ეხმარება – მაშინ, როცა ისინი ჯერ კიდევ იკვლევენ, ნამდვილად სურთ თუ არა ამ რთულ გზაზე შემდგომი სიარული. ინსტიტუციები ხშირად მხოლოდ მაშინ უჭერენ მხარს ხელოვანს, როცა ის უკვე შემდგარია. TYAM კი ქმნის სივრცეს ეკონომიკურ გამოწვევებზე სასაუბროდ, პრაქტიკული რჩევების გასაზიარებლად და რაც მთავარია, უზრუნველყოფს „ხელოვანის ხელოვანთან“ ურთიერთობის შესაძლებლობას. რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს ჩვენ, პროფესიონალებს, დახმარების გაწევა, ხელოვანთა შორის მენტორობა და იდეების თანაარსებობა ყველაზე ძლიერი მამოძრავებელი ძალაა.

ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი სწორედ პრაქტიკული ცოდნის გადაცემაა – დაწყებული პროფესიული ურთიერთობების აშენებით, დასრულებული ნამუშევრების ეფექტური პრეზენტაციით. რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარი ან სტრატეგია, რომლის გაზიარებასაც გეგმავთ ახალგაზრდა ტალანტებისთვის ამ ღონისძიებაზე?

შემიძლია კვლავ გავიმეორო შესრულების უმაღლესი ხარისხისა და პროდუქტიულობის მნიშვნელობა, რაც უდავოდ აუცილებელი პრაქტიკული უნარებია, მაგრამ გულწრფელი ვიქნები: ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული რჩევები და სტრატეგიები მათ არა ჩემგან, არამედ ერთმანეთისგან უნდა მიიღონ. სხვადასხვა თაობისა და გამოცდილების მქონე ავტორების ერთ სივრცეში მოქცევა ქმნის იდეების გაცვლის იმ უნიკალურ პლატფორმას, სადაც ყველაზე ღირებული და პრაქტიკული ცოდნა იბადება.

TYAM განიხილება, როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია ტალანტსა და სახელოვნებო საზოგადოების გაძლიერებაში. თქვენი აზრით, რა არის ის აუცილებელი შემდგომი ნაბიჯი, რაც ახალგაზრდა ხელოვანმა ამ პლატფორმიდან მიღებული გამოცდილების შემდეგ უნდა გადადგას, რათა წარმატებით მოახდინოს ინტეგრაცია უფრო ფართო სახელოვნებო ეკოსისტემაში?

უპირველესი ნაბიჯი ამ ახალი წვდომისა და ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანაა. თუმცა წინასწარ ვერ და არ გავაკეთებ მკაცრ შეფასებებს, თუ ზუსტად როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. მიყვარს პროცესებზე დაკვირვება, ამიტომ მოუთმენლად ველი ადგილზე ყოფნას, რათა ვნახო, როგორ იცოცხლებს ეს პროექტი, როგორ განვითარდება ორგანულად და რა იქნება მთავარი მიგნებები. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: ეს არის უაღრესად ღირებული მისია, რომლის შესრულებაც ნამდვილად ღირს.

ესაუბრა ქეთია ბელქანია