22.05.2022
„ლარომ ბუტიკი“ ქართველ მომხმარებელს ნიშური სუნამოებისგან დაკომპლექტებულ სელექციას 2015 წლიდან სთავაზობს. ის უკვე სამოცამდე ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში და ხშირ შემთხვევაში ექსკლუზიურიც, მათ შორის ისეთი გამორჩეული ბრენდების, როგორიცაა იტალიური ბრენდი NASOMATTO.
მისი თითოეული სურნელი შემქმნელის შემოქმედებითი და პერსონალური გამოხატულებაა. უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტები, რომლებიც მთელი მსოფლიოს გარშემო გროვდება, რისკ-ფაქტორები, დაგროვილი ცოდნა, პირადი გამოცდილებები და დაკვირვებები – ამ თითოეულ ელემენტს მნიშვნელოვანი როლი აქვს და მთლიანი სურათის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. Nasomatto 2007 წელს ალესანდრო გუალტიერიმ დააარსა. ეს წამოწყება იყო მისი სასოწარკვეთილი რეაქცია იმ შეზღუდვებზე, რომლებიც მის განვლილ პროფესიულ საქმიანობასთანაა კავშირში. იმ დროს ალესანდრო (აგრეთვე ცნობილი მეტსახელით The Nose) მულტინაციონალური კომპანიებისთვის მუშაობდა და ქმნიდა არომატებს ყველა სახის პროდუქციისთვის, სარეცხი საშუალებებიდან უმაღლესი ხარისხის საპარფიუმერო ბრენდებამდე. მას ამ საქმეში უწევდა სპეციფიკური ინსტრუქციებითა და ტრენდული პროგნოზებით ხელმძღვანელობა, რომლებიც კარნახობენ „რა არის სეზონური და რა არა“. ის განიცდიდა შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვას და უკმაყოფილო იყო სისტემით.
ამ წლებში მიენიჭა მეტსახელი Crazy Nose, რადგან მისი ქმნილებები ყოველთვის გაბედულობით გამოირჩეოდა. ოლფაქტორულ სფეროში მან საკუთარი, ძლიერ განსხვავებული მიდგომა გამოიმუშავა, იგონებდა უცნაური ინგრედიენტების კომბინაციებს და უჩვეულო ფორმულებს. წარსულისგან გამიჯვნისა და სრული თვითგამოხატვის მოპოვების მიზნით, ალესანდრომ დამოუკიდებლობა არჩია და საკუთარი ბრენდის შექმნა გადაწყვიტა. სახელწოდება Nasomatto იტალიურად „შეშლილ ცხვირს“ ნიშნავს. გუალტიერის არ სწამს ოლფაქტორული პირამიდის, და არც გამოყენებული ინგრედიენტების გამჟღავნება სურს. ის პატივს სცემს ნედლ მასალებს და სწამს, რომ მათი გამოაშკარავება შეზღუდავს და გზას ააცდენს ყნოსვით პროცესს. წარსულში, სუნამო მაგიურ ნაყენად ითვლებოდა და მისი შემადგენლები საგულდაგულოდ იყო გასაიდუმლოებული. მას სურს, შეინარჩუნოს ეს მიდგომა თავის საპარფიუმერო ქმნილებებში. ალესანდრო გუალტიერის უნდა, რომ მყნოსველმა, სურნელთან შერწყმით, თავისებურად გაიაზროს არომატი. ის უშუალო დამოკიდებულებას ელტვის, რომელიც მყნოსველს თავისუფლებას მიანიჭებს. „მზადებას მე ვიწყებ, მაგრამ რაღაც მომენტში ჩემი ქმნილება თავად იწყებს გადაწყვეტილებების მიღებას“.
ალესანდრო გუალტიერის მჭიდრო, ფიზიკური კავშირი აქვს მასალებთან, ყველაფერი გადამწყვეტია: თითოეული ინგრედიენტი, როგორ მოხდა მისი გამოყენება, რა განვითარებას იძენს სხვა ინგრედიენტებთან შერევის შედეგად, ბოთლი, თავსახური და შეფუთვა. შეფუთვა და თავსახური პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, კონცეპციის ერთგვარი შეჯამება. მასალები და ფერები გამოხატავენ იდეებსა და ინგრედიენტებს, რომლებიც სურნელის მისაღებად იქნა გამოყენებული. სახურავი ყნოსვითი ჩანაფიქრის ფიზიკური გამოხატულებაა.
ნაზომატოს არომატის შექმნის პროცესი იწყება აზრობრივი იდეით და შემდგომ მას ესადაგება ფორმულა, შესაბამისად, ის თავით ეშვება ხმაურიან სენსორულ მორევში, სადაც პარფიუმერიის, ხელოვნების და ფილოსოფიის შენაკადები იკვეთება. შეპყრობილმა კომპოზიციის სტილით, რომელიც საგრძნობლად განსხვავდება ევროპულისგან, ალესანდრო გუალტიერიმ, იმოგზაურა ომანში, ინდოეთსა და საუდის არაბეთში, სადაც დაეუფლა ცოდნას ამ ქვეყნების უძველესი სუნამოების დამზადების ტექნიკის შესახებ. ამ გამოცდილებამ დიდი გავლენა იქონია იტალიაში დაფუძნებული ბრენდის გემოვნებაზე, რომელიც კულტურულად ინკოგნიტო, ერთგვარად ჰიბრიდული ხასიათის მატარებელ სუნს ქმნის. ასეთია მისი კოლექციის ყველაზე მომნუსხველი და სკანდალური Black Afgano, რომელიც 2009 წელს მისი შექმნიდან მოყოლებული, ის უდავო ბესტსელერია მსოფლიოს ყველა კუთხეში.
ის არის ჰაშიჰის, დამწვარი სარეველის, ხის ფისის და თამბაქოს თავზარდამცემი ნაზავი. Black Afgano-ს შექმნას მოწევის, ყნოსვის და ცდების ექვსწლიანი პროცესი დასჭირდა. ეს სურნელი ჰაშიშის საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს. მხოლოდ ორი მარტივი ქმედება – შესუნთქვა და გამოსუნთქვაა საჭირო იმისთვის, რომ ბედნიერების შეგრძნება დაიბრუნოთ. არაფერია ტკბობის ამ წამზე მნიშვნელოვანი. Black Afgano ამ წამიერი ნეტარების განსხეულებაა.
ნაზომატოს სრული კოლექციის მონახულებას შეძლებთ ექსკლუზიურად „ლარომ ბუტიკ“-ის სათაო ფილიალში, დავით აღმაშენებლის გამზირის 76 ნომერში.