მეტი ვიდრე სამკაული

14.01.2022

შეიძლება თუ არა თანამედროვე მოდური სამკაული ატარებდეს მუხტს, მასში აღიქმებოდეს მისტიკა და იდუმალება და ზოგჯერ ესთეტიკის გარდა მეტ ავთენტურობას მატებდეს და დადებითი ენერგიითაც კი ავსებდეს ჩვენს ყოველდღიურობას? ალბათ იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა მისი შემქმნელების მიზანი და მიდგომა ერთია – მისცენ მას შინაარსი და დატვირთვა, რომელიც მის მატარებელ ადამიანს გადაეცემა. მოტივაცია კი სწორედ ასეთია იმ სამკაულის კეთებისას, რომელსაც ეკატერინე ჩართოლანი ქმნის Mystic J-ის გუნდთან ერთად. ქართულ-ესპანური სამკაულის ბრენდი – Mystic J, ავანგარდის, მისტიკის და მოდის სინთეზია, რომლის მიზანი სხვადასხვა კულტურების ეზოთერული, მისტიკური, ისტორიული სიმბოლოების და ნიშნების გარდაქმნა ავანგარდულ აქსესუარებად და სამკაულისთვის მისი პირვანდელი დანიშნულების შინაარსის დაბრუნებაა. შესაბამისად, Mystic J-ის ყველა ნაკეთობას თავისი შინაარსი აქვს, რომელიც გამოხატავს სხვადასხვა ეზოთერული თუ მისტიური სიმბოლოს არსსა და ენერგეტიკას.

ამარტას სტუმარია, ბრენდის თანადამფუძნებელი და მისი კრეატიული დირექტორი ეკატერინე ჩართოლანი:

რამ მოგცათ ინსპირაცია თქვენს საქმიანობასთან დაგეკავშირებინათ სხვადასხვა კულტურების ეზოთერული, მისტიკური, ისტორიული სიმბოლოები  და ნიშნები?

Mystic J-ის თანადამფუძნებლის სალე ალდას იდეა იყო მდგრადი განვითარების მოთხოვნების გათვალისწინებით ეთიკურად ხელნაკეთი სამკაულის წარმოება, მხოლოდ ძვირფასი მეტალების და ძვირფასი ქვების გამოყენებით, ეკო-მეგობრული შეფუთვით. თუმცა გარდა იმისა, რომ ჩვენი ბრენდის სამკაული უნდა ყოფილიყო მდგრადი ანუ sustainable jewelry, ჩემი მიზანი იყო, რომ შემექმნა ამავდროულად უნიკალური, თანამედროვე და მოდური სამკაული შინაარსით, გამორჩეულ და განსხვავებულ სტილში.

ადრეული ასაკიდან დაინტერესებული ვიყავი მსოფლიოს სხვადასხვა კულტურის სიმბოლიზმით და მათი მნიშვნელობით. ასევე ბავშვობიდან ვაკეთებდი სხვადასხვა სახის, მათ შორის მისტიური სიმბოლოების ჩანახატებს. მე თვითონაც ხშირად მქონია სურვილი, რომ შემეძინა თანამედროვე სამკაული მისტიური შინაარსით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ასეთი სახის აქსესუარების მწარმოებლები, განსხვავებული და თანამედროვე საავტორო დიზაინით არ გამოირჩევიან. აქედან გამომდინარე უკვე ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო Mystic J-ის სამკაული და ზოგადად ბრენდის კონცეფცია. ეს არის ავანგარდის, მისტიკის და მოდის სინთეზი, სადაც სამკაული აერთიანებს წარსულს, აწმყოს და მომავალს. ჩვენ სამკაულს დავუბრუნეთ მისი პირვანდელი დანიშნულება – შინაარსი. ზოგადად მიმაჩნია, რომ სამკაულის დიზაინი არის არტი, ხოლო არტი შინაარსის გარეშე უბრალოდ დეკორაციაა. სწორედ ეს გახდა ინსპირაცია შემექმნა ეზოთერული, მისტიკური და ისტორიული სიმბოლოების შინაარსის მატარებელი თანამედროვე სამკაული სიმეტრიულ ავანგარდში. 

Golden-Taurus

თქვენ თვითონ  რამდენად ითვალისწინებთ ასტროლოგიურად გათვლილ თარიღებს თუ დღეებს თქვენს საქმიანობასთან მიმართებაში, იგივე ასტროლოგების  რჩვეებს?

ზოგადად ასტროლოგიას სხვა კუთხით ვუყურებ. ამ დარგში არა პროფესიონალურად, თუმცა საკმაოდ კარგად ვარ გათვითცნობიერებული. პოპ ასტროლოგიის მიმდევარი არ ვარ; თუმცა მიმაჩნია, რომ ასტროლოგია ძალიან ღრმა და საინტერესო სისტემაა, რომლის გამოყენებაც მრავალი განხრით არის შესაძლებელი, თუნდაც საკუთარი თავის შემეცნების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ცონობილ ასტროლოგებს ხშირად ვუსმენ, ასტროლოგიურად გათვლილი თარიღებით ნამდვილად არ ვცხოვრობ. თუმცა საკუთარი ცოდნიდან გამომდინარე არის რაღაც საკითხები, რასაც ვითვალისწინებ.

კოლექციის კეთებისას, რომელ მხარეს ანიჭებთ მეტ უპირატესობას, ესთეტიკას თუ სიმბოლურ დატვირთვას?

აუცილებლად ორივეს და სწორედ ეს გამოარჩევს ჩემს ნამუშევრებს. როგორც უკვე ვახსენე, არსებობენ მწარმოებლები ასეთი სახის სამკაულის, თუმცა ესთეტიკას, სტილს და მოდას ნაკლებად ითვალისწინებენ. ხშირ შემთხვევაში ეს არის მხოლოდ სიმბოლოს კოპია და არაფერი განსხვავებული. ხოლო თანამედროვე სამკაულის ინდუსტრია ზოგადად მხოლოდ ესთეტიკაზეა აგებული, თუმცა ბოლო ათი წლის მანძილზე განვითარებულ ქვეყნებში, ეკოლოგიური კატასტროფის გამო, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მდგრად განვითარებას, რაშიც სწრაფ მოდას, სამკაულის ინდუსტრიას და მასიურ წარმოებას დიდი წვლილი მიუძღვის. 

Mystic J-ის შემთხვევაში ესთეტიკა და სიმბოლური დატვირთვა ერთნაირად მნიშვნელვანია. ასტროლოგიის კოლექციაზე მუშაობისას, მინდოდა მეგრძნო თითოეული ზოდიაქოს ნიშანი და სწორად გადმომეცა მათი შინაარსი და ენერგია. მაგალითად, ვერძის სამკაულს მინდოდა გამოეხატა ამ ნიშნის სითამამე და სიმამაცე, პირველობისკენ სწრაფვა, რასაც ხაზი გავუსვი სამკაულზე სიმბოლოს გამეორებით და თამამი დიზაინით. ხოლო თევზების სამკაულში გამოყენებული მაქვს შავი და თეთრი ბრილიანტის წერტილები, რისი სიმბოლური დატვირთვაც ამ ნიშნის ყურადღების მუდმივი გაორებაა ფანტაზიასა და რეალობას შორის. სამკაულის ზედაპირიც კი სიმბოლოს შინაარსიდან გამომდინარე მაქვს შერჩეული. ასეთი სპეციფიური დეტალები გათვალისწინებული მაქვს ყველა ზოდიაქოს ნიშნის დიზაინში. მაგალითად, ყველაზე ხანგრძლივად ლომის ზოდიაქოს ნიშნის სამკაულის დიზაინზე ვმუშაობდი. ლომის დიზაინის მრავალი ვერსია შევქმენი, თუმცა არც ერთი არ მომწონდა. რადგან როგორც ზემოთ ვახსენე ჩვენი ბრენდისთვის ესთეტიკასთან ერთად სიმბოლური დატვირთვაც ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც სიმბოლოს შინაარსი და ენერგია მკაფიოდ უნდა იგრძნობოდეს. საბოლოოდ ლომის სამკაულის დიზაინი შექმნა ჩემმა დამ – ნანუკა ჩართოლანმა, რომელიც Mystic J-ის წარმოებას ხელმძღვანელობს. ჩემი სურვილი, რომ ლომის ზოდიაქოს ნიშნის მედიდურობა, მეფურობა, არტისტულობა და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი  აგვესახა ლომის უნიკალურ სამკაულში, ნანუკამ შესანიშნავად შეძლო.

თქვენი სამკაულის  სარეკლამო თუ საიმიჯო ფოტოებში შეიმჩნება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სტილის ქალბატონები. მაინც როგორია ქალი,  რომელიც თქვენს სამკაულს ატარებს? საკულტო სახე ხომ არ გყავთ თქვენს გონებაში, ვიზეც ისურვებდით თქვენი სამკაულის ნახვას?

ზოგადად როდესაც დიზაინი იბადება ჩემს წარმოსახვაში უკვე ვხედავ მოდელს, სტილს, ფერებს, მუსიკას ანუ დიზაინის შექმნისთანავე ვიცი, როგორი უნდა იყოს მოდელი, ფოტოსესია თუ ვიდეო. პირველი კოლექციის ფოტოსესიაში, მაგალითად, ფოტოების ფონად ფერები ასტროლოგიის მიხედვით გამოვიყენე, ხოლო მოდელები სტიქიების მიხედვით ავარჩიე. მეორე ფოტო სესიაზეც ერთმანეთისგან განსხვავებული სახასიათო გარეგნობის მოდელები შევარჩიეთ. სპეციალურად დაიწერა მუსიკა Mystic J-თვის ლევან მიქაბერიძის მიერ და ასევე გამოვიყენეთ ქართველი DJ-ის Cobert-ის მუსიკაც. ყველა დეტალი წინაწარ მაქვს დაგეგმილი. ვცდილობ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გარეგნობის ქალბატონები შევარჩიო. სტერეოტიპული ან ტრენდული სილამაზე ნაკლებად საინტერესოა ჩემთვის. სხვადასხვა აღნაგობაზე, ფორმებზე ვამახვილებ ყურადღებას. მინდა რომ Mystic J-ის ფოტო სესიებში მონაწილეობა მიიღოს ყველანაირი გარეგნობის და ასაკის ქალმა. მიმაჩნია, რომ უბრალოდ ლამაზი და დაკოპირებული, ისევე როგორც სამკაული, არც გარეგნობაა საინტერესო. შინაარსი და ავთენტურობა ამ საკითხშიც მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის.

რაც შეეხება ქალს და მამაკაცსაც, რომელიც Mystic J-ის ატარებს, ეს არის არასტანდარტული, ავთენტურობის, არტის და განსხვავებული სტილის მოყვარული ადამიანი, რომელიც აფასებს ექსკლუზიურ, უნიკალურ დიზაინს და ხარისხს, რომელსაც მხოლოდ ზედაპირული ტრენდული მოდით და ესთეტიკით ვერ მოხიბლავ. Mystic J-ის ავანგარდული სამკაული არ არის გათვილილი მასაზე. რადგან ჩვენი დიზაინები საკმაოდ უცხო და განსხვავებულია. მას ძალიან სპეციფიური, გამორჩეული გემოვნების მომხმარებელი ყავს და ისინი ჩვენი მისტიური სამყაროს ძვირფას ნაწილს წარმოადგენენ.

მყავს რამდენიმე საკულტო სახე, რომელზეც დიდი სიამოვნებით და სიხარულით ვიხილავდი ჩემს სამკაულს. დავასახელებ მხოლოდ ერთს, ლეგენდარული Rossy de Palma არის ერთერთი ჩემთვის საყვარელი და გამორჩეული სახე, რომელზეც ძალიან მინდა, რომ ჩემი სამკაული ვიხილო.

Scorpio Choker & Scorpio Earrings

პირველ კოლექციაში გამოყენებულია 950-925 სინჯის ვერცხლი (რომელიც არ შეიცავს ნიკელს და ცინკს), შავი როდიუმი, ბრილიანტი, 750 სინჯის ოქრო (18K). აპირებთ თუ არა  სხვა ქვების შემოტანას  მომავალ კოლექციებში  და შეარჩევთ თუ არა მათ მათი ენერგეტიკის და სხვა დატვირთვების მიხედვით?

კოლექციაში Mystic Capsule, რომელიც მზადების პროცესშია და გაზაფხულისთვის იგეგმება მისი წარდგენა, ძირითადად იგივე მასალა გვაქვს გამოყენებული. თუმცა მომდევნო კოლექციებში – Space, Alchemy და Aura გამოყენებული გვექნება სხვადასხვა ძვირფასი ქვები, რა თქმა უნდა მათი ენერგეტიკის და მნიშვნელობის გათვალისწინებით. ასევე, რამედენიმე დიზაინი დამზადდება სხვა ძვირფასი მეტალებითაც, როგორიც არის პლატინა, პალადიუმი და შავი ოქრო. 

Sagittarius Ring Bracelet & Piercing

როგორ ნაწილდება სამუშაო პროცესი საქართველოსა და ესპანეთს შორის?

ბრენდის სათაო ოფისი გვაქვს ესპანეთში, კერძოდ ალიკანტეში. Mystic J არის 100% ვერტიკალურად ინტეგრირებული დაწყებული ტექნოლოგიით, დიზაინით, წარმოებით, მარკეტინგით, დამთავრებული გაყიდვებით და მომხმარებელთა მხარდაჭერით. Mystic J-ის ესპანეთის გუნდი ძირითადად მუშაობს დიზაინზე, მარკეტინგზე და გაყიდვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასევე ესპანეთში გვაქვს წარმოების მცირე ნაწილი, მხოლოდ ოქროში. ხოლო საქართველოში მზადდება ჩვენი პროდუქციის ძირითადი ნაწილი ნანუკა ჩართოლანის ხელმძღვანელობით. ჩვენი ფოტო და ვიდეო სესიების უმეტესი ნაწილიც ასევე ხორციელდება საქართველოში დუდა გელოვანის ხელმძღვანელობით. საკმაოდ მრავაფეროვანი და საერთაშორისო გუნდი გვყავს, თუმცა ბრენდის გამორჩეული ორგანიზაციული კულტურა, საერთო ღირებულებები  და მიზნები ყველას გვაერთიანებს.

Capricorn Ring & Bracelet

მოგვიყევით „ნეტფლიქს“-თან თანამშრომლობაზე…

ზოგადად, ესპანეთი ერთერთი გამორჩეული ქვეყანაა მრავალფეროვანი, ხარისხიანი და წარმატებული სამკაულის ბრენდებით, მოდური დიზაინის და სტილის ყველა მიმართულებით. ესპანელებს სამკაულის წარმოების ძალიან დიდი კულტურა და ისტორია აქვთ. სწორედ ამიტომ, სამკაულის ინდუსტრია ესპანეთში გამოირჩევა საკმაოდ მაღალი კონკურენციით და როგორც წესი სტარტაპ ბრენდებს ხანგრძლივი მუშაობა, უდიდესი რესურსი და წლები სჭირდებათ თავის დასამკვიდრებლად. თუმცა, 2021 წლის  იანვარში, Mystic J-ის პირველი ფოტოების გამოქვეყნებისთანავე, დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა ესპანეთში, რაც მოულოდნელი იყო. ბევრი საინტერესო შემოთავაზება მივიღეთ მომენტალურად. ერთერთი პირველი იყო Netflix-ი, რომელთანაც განვახორციელეთ პირველი კოლაბორაცია სერიალი Elite-ის მეხუთე სეზონისთვის. საოცარი შეგრძნებაა, როცა ახლად შექმნილ ბრენდს ისეთი მასშტაბის კომპანია როგორიც არის Netflix-ი,  სთავაზობს კოლაბორაციას.  ასევე კოლაბორაციები შედგა ისეთ რეიტინგულ ტელე გადაცემებთან როგორიცაა Maestros de la costura და Supervivientes. Netflix-თან ახლაც ვაგრძელებთ თანამშრომლობას, ასე რომ Mystic J-ის სამკაულს Netflix-ის არა ერთ სერიალსა თუ ფილმში ვიხილავთ.

Aquarius Ear Cuff & Bracelet

მსოფლიოს რომელ შოურუმებში იღებს მონაწილეობას Mystic J?

ვთანამშრომლობთ მადრიდის, ბარსელონას, მილანის, პარიზის და ნიუ-იორკის შოურუმებთან.  ჩვენ არ გვაქვს მასიური წარმოება. ჩვენი სამკაული ნამდვილად არის სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი, რომელიც ექსკლუზიურად მზადდება თითოეული მომხმარებლისთვის. გარდა ამისა, ჩვენი უნიკალური შეფუთვა Mystic Box-ებიც ჩემი საავტორო დიზაინია, ასევე სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი. შესაბამისად, შოურუმებში კატალოგი გვაქვს წარმოდგენილი და ლიმიტირებული რაოდენობის ნიმუშებები. სხვადსხვა ბუტიკების მიერ, მრავალი შემოთავაზების მიუხედავად,  ჩვენ მივყვებით მდგრად მოდას და უპირატესობას ვანიჭებთ შეკვეთით დამზადებას.

სად შეიძლება კოლექციის შეძენა საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში?

Mystic J-ის სამკაულის შეძენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელია ჩვენი ვებ გვერდის mysticj.com საშუალებით. ხოლო საქართველოში შეკვეთებს ვიღებთ mysticj.ge და ჩვენი ინსტაგრამის @_mysticj_ და ფეისბუქ @MysticjMJ   გვერდებზე.

როგორია თქვენი მომავალი გეგმები?

ამ ეტაბზე ვემზადებით მსოფლიო მნიშვნელობის საერთაშორისო სამკაულის კვირეულზე გასამგზავრებლად იტალიაში, სადაც ესპანეთიდან მიგვიწვიეს მხოლოდ ხუთი ბრენდი. ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ ამ ხუთეულში საკმაოდ ცნობილ და გამოცდილ ბრენდებთან ერთად მოხვდა სულ ახლახანს დაფუძნებული ქართულ-ესპანური ბრენდიც.

Mystic J-ის მომხმარებელს ელოდება არა ერთი სიახლე. ვაპირებთ სხვადასხვა სახის აქსესუარის დამატებას. სამომავლოდ იგეგმება ძალიან განსხვავებული სამოსის და ფეხსაცმლის წარმოებაც. თუმცა მისტიური სამკაული ბრენდის პრიორიტეტად დარჩება მომავალშიც.

ესაუბრა სანე კეიდია

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap