მსოფლიოს ცნობილი ბაზრები

18.07.2022

ბაზარი ქალაქში იმთავითვე იყო არა მხოლოდ ვაჭრობის ადგილი, არამედ  ადამიანური ურთიერთობების სივრცე, ახალ კავშირთა გაბმის ასპარეზი. ბაზარში სწავლობდი ვაჭრობას, რაც კომპრომისის კულტურის ჩამოყალიბებას ეხმარება. ბაზარი არაფორმალურ განათლებასაც იძლევა: აქ შეატყობ, რა და რატომ იზიდავს ადამიანს, რა მოქმედებს გადაწყვეტილების მიღებაზე, სხვა ქვეყნის ბაზარი მშვენიერი აუდიტორიაა იქაურ სოციუმზე დასაკვირვებლად. ამასთან, ბაზრებს აქვთ თავიანთი ტრადიციები: ზოგიერთს ხანგრძლივი, ზოგიერთს – არც ისე. არსებობს ბაზრები ღია ცის ქვეშ და ბაზრები ჭერქვეშ. ამჯერად,  სწორედ ამ უკანასკნელთა შესახებ მოგითხრობთ; გაგაცნობთ მსოფლიოს ცნობილ გადახურულ ბაზრებს, მნიშვნელოვანია, რომ მათ რიცხვში უკვე ჩვენი, ქართული „ბაზარი ორბელიანზე“-ც შედის და ის საქართველოს ერთერთი სავიზიტო ბარათი ხდება.

BAZARI ORBELIANI. TBILISI, GEORGIA

თავდაპირველად თბილისი მტკვრის მხოლოდ მარჯვენა ნაპირზე იყო გაშენებული. თბილისი, თუ  მშვიდობა და ცოტა თავისუფლება მაინც ჰქონდა,  ვაჭრობისა და ვაჭართა ქალაქიც იყო. ის სამხრეთიდან კეტავდა მტკვრის ხეობას და აქ გამავალ სავაჭრო გზებს აკონტროლებდა. მეხუთე საუკუნეში დიდწილად  სწორედ  ამ ფუნქციამ მიანიჭა თბილისს უპირატესობა მცხეთასთან. მეათე საუკუნის არაბი ისტორიკოსი იბნ ჰაუკალი კი წერს, რომ „ქალაქი მდიდარია იაფადღირებული სანოვაგით, რომელიც ხარისხით ბევრად სჯობს სხვა სახელმწიფოების სანოვაგეს“.

ბაზარი ზოგჯერ „ბუნებრივად“, ზოგჯერ კი სრულიად გამიზნულად ფუძნდება იქ, სადაც მერე არსებობას აგრძელებს. თბილისური ბაზარი ორბელიანზე ორივე ამ ტრადიციის სინთეზია. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში თბილისში,  გარეთუბანში, წარმოიქმნა განახლებადი ქალაქის ერთერთი პირველი საბაზრო მოედანი, რომელსაც 1828 წლიდან ფოსტის მოედანს ეძახდნენ. 1876 წლიდან კი სალდათის ბაზრად იხსენიებენ ქალაქის გეგმებში. 1903 წელს ქალაქის გამგეობა კვლავ უცვლის სახელს და რუსის ბაზრის მოედანს ან, უფრო მარტივად, რუსის მოედანს უწოდებს. 1930-ან წლებში, ლავრენტი ბერიას დროს შემუშავებული თბილისის გენგეგმის ფარგლებში, ამ ადგილას დახურული საკოლმეურნეო ბაზარი აიგო და მოედანსაც კოლმეურნეობის მოედანი ეწოდა, სანამ 1992 წელს გრიგოლ ორბელიანის სახელს დაარქმევდნენ. თავად ბაზარი საბჭოთა დროს კიროვის სახელს ატარებდა და ყველაზე კეთილმოწყობილ ბაზრადაც მიიჩნეოდა. ბაზარი ორბელიანზე ისტორიულ ადგილას და ისტორიულ შენობაშია განთავსებული. მან იმთავითვე ჩამოიფერთხა საბჭოთა საქონლის არაესთეტური ექსპონირების ტრადიცია და აქ შემავალ ადამიანს ბაზრის სრულიად ახალი კონცეფციით ეგებება.

ისტორიული სივცრცე აერთიანებს 70 გემრიელ კუთხეს, მათ შორის 35 კულინარიულ კონცეფციას, იქნება ეს ცნობილი ქართველი შეფებისა თუ რესტორატორების მიერ შექმნილი ქართული თანამედროვე და ტრადიციული, რეგიონული, აზიური და ევროპული ქორნერები.

პირველი სართულის აგრარულ ბაზარზე ბევრ უნიკალურ პროდუქტებია წარმოდგენილი, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავ, ასეთია რაჭული ლორი, იშვიათი ქართული სახეობის ყველი, სუნელები თუ სხვა. თბილისში ყველაზე მასშტაბური გასტრო სკოლაც აქვეა, სადაც ქართული ტრადიციული თუ ევროპულ-აზიური სამზარეულოს უგემრიელესი კერძების მომზადებას პროფესიონალი შეფები ასწავლიან.

ბაზარში წარმატებით ფუნქციონირებს ტერასა, ყველა სეზონისთვის მორგებული ორ დონიანი სივრცე. ერთ ნაწილში შეძლებთ ეწვიოთ à la carte რესტორანს, ქართული ტრადიციული კერძებით სადაც ყოველ დღე საინტერესო ღონისძიება იმართება. ტერასის მეორე ნაწილი  ღია სივრცეა, სადაც თვითმომსახურების პრინციპით, სუფთა ჰაერზე განსაკუთრებით სასიამოვნოა მრავალფეროვანი ქორნერების კერძების დაგემოვნება. აქვე წარმოდგენილია კოქტეილ ბარი და კრაფტ ლუდი. ასევე წარმატებით ვითარდება ახალი ტრენდები, როგორიცაა კვირის ბრანჩი, ბიზნეს ლანჩი და სხვა.

BOROUGH MARKET. LONDON, UK

ერთ წერილში ჯორჯ ორუელი თითქმის სერიოზულად ამტკიცებს, რომ ინგლისური სამზარეულო არ არსებობს. ამ მტკიცების გაბათილება ალბათ ბევრი არგუმენტით შეიძლება და ერთი ასეთი არგუმენტი ლონდონის ბოროა, ცნობილი ბაზარი. ამბობენ, ლონდონურ რესტორანთა მზარეულები თავიანთი რესტორნებისთვის სურსათის საყიდლად სულ სხვა ადგილებში დადიან. ბოროს კი მაშინ აკითხავენ, როცა  აპირებენ, კერძი თავიანთ სახლებში მოამზადონ.

ბორო სასურსათო ბაზარია, უძველესი,  800  წელზე მეტის.  თანამედროვე სახეს ის იღებს 1851 წლიდან. უკვე ათი  წლის შემდეგ ბაზარს დასჭირდა არაერთი მიშენება, 1932 წელს კი შესასვლელი აუგეს არტ-დეკოს სტილში. დღევანდელი, ჯერჯერობით საბოლოო იერი კი 2004 წელს მიიღო, როცა ბაზარს კიდევ ერთი ახალი შესასვლელი, სამხრეთის პორტიკი მიუმატეს. ბაზრის შიგნით ფარდულები და ქოლგიანი დახლები დგას.

აქ რაც იყიდება, მხოლოდ უმაღლესი ხარისხისაა. ბოროში ვერ ნახავთ „ქარხნულ“, სუპერმარკეტის პროდუქციას. ბაზარს  აქვს კვირაში ოთხი სავაჭრო დღე, როცა  ფერმერებს მოაქვთ და ყიდიან იმას, რასაც თავად აწარმოებენ: ბოროში ნახავთ როგორც ნედლ, ისე მომზადებულ პროდუქტს: ახალი ბოსტნეული,  ნაღები, კვერცხი, ხორცი, ასევე ტრადიციული ღვეზელები, პუდინგები, შინაური ჯემები, შებოლილი ყველი თუ ხორცი…  შინნამზად ალკოჰოლურ სასმელებს ცალკე სია სჭირდებათ.  თუ გსურთ ინგლისურ სამზარეულოს გემო გაუსინჯოთ, იმ ფერმერებთან და სოფლის მწარმოებლებთან უნდა მიხვიდეთ, მინიმუმ, დიდი ბებიის დატოვებული  რეცეპტით რომ ხელმძღვანელობენ.

ცხადია, ბორო მარტო ინგლისური პროდუქტის ამარა არ არის დარჩენილი.  იქ ჩადის სურსათი მთელი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან და კონტინენტური ევროპიდან: კენტის საგრაფოს ვაშლებისა და კორნუელის თაფლის ნაყინის მიღმა ან ნანადირევი იხვისა თუ ხოხბის გარდა, თვალს შეავლებთ ირლანდიურ ხამანწკებს, ფრანგულ ყველებს, პროვანსულ ყურძენს, ნამდვილ პარმეზანს, ფერმერულ ჩორიზოს, შინგამოხდილ ზეთისხილის ზეთს… ბორო ლონდონშია, მაგრამ ლონდონელებს მხოლოდ ინგლისური სამზარეულო ხომ არ უყვართ…ბორო პოპ კულტურაში შეჭრილი ბაზარია. მაგალითად, თუ კიდევ ერთხელ ნახავთ „ბრიჯიტ ჯონსის დღიურს“ და „ჰარი პოტერსა და აზკაბანის ტყვეს“,  ბოროშიც შეისეირნებთ…

MERCADO DE LA BOQUERIA. BARCELONA, SPAIN

ბოკერიას ბაზარი ბარსელონაში ევროპის ერთერთი უძველესი ბაზარია. ადგილს, სადაც ის მდებარეობს, პირველად იხსენიებენ მე-13 საუკუნის დასაწყისში; 1217 წელს მეფის წარმომადგენელი აქ კერძო პირს მიაკუთვნებს დახლს ხორცის დასამუშავებლად და გასაყიდად. იმავე საუკუნის მიწურულს ხსენებულ მიდამოებში  მოგზაური კომერსანტები და  მკვიდრი გლეხები იყრიდნენ თავს საკუთარი პროდუქციით სავაჭროდ. სახელი ბოკერიაც მაშინდელია. 1470 წელს  ეს ადგილი იქცა ღორების გასაყიდ  ბაზრობად, რომელიც დეკემბერში იმართებოდა. ბარსელონაში ვინც ყოფილა, წარმოიდგინოს, რომ ლაპარაკია დღევანდელი  ლა რამბლას ნაწილზე.

ესპანეთის ისტორიის რთულ  პერიპეტიებს აღარ გავყვებით – 1840  წელს, კარმელიტების დამწვარი და დანგრეული მონასტრის ადგილას, წმინდა იოსების ხსენების დღეს, დაიდო მომავალი ბოკერიას ბაზრის საძირკვლის პირველი ქვა.  ქვის ქვეშ ოქროს ფირფიტა და  მონეტები მოაყოლეს, როგორც სიმბოლო სიმდიდრისა, მომავალი ბაზარი რომ  მოიტანდა.

ბაზრის მოედანს ნეოკლასიკური იერი მიანიჭეს იონიური სვეტების პორტიკით (შეხმიანება კლასიკური ათენის აგორასთან), შიგნით 68 ჯიხური დადგეს და სახურავად ქსოვილები გამოიყენეს. 1871 წლის შობა დღეს ბაზარში გაზის განათება ამუშავდა. 1914  წელს ბაზარს ლითონის სახურავი დაადგეს, რომელიც დღემდე ფარავს მას. ერთი წლით ადრე ბაზრის მთავარ შესასვლელად იქცა  მოდერნისტული თაღი, რომელიც შემკულია ყვითელწრეებიანი ლურჯი მინის პანელებით.  თაღის ზედა ნაწილზე ძველი გერბი გამოსახეს, მის საყრდენებში კი გაუდის ვიზუალურ აქცენტებს ამოიცნობთ. ბოკერიას ბაზრის საერთო ფართობი 6000 კვადრატულ მეტრს აღემატება, აქედან  სავაჭრო ფართობი 2600 კვადრატული მეტრია.

რა იყიდება ბოკერიას ბაზარში?  წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს „ყველაფერი“. დატვირთეთ ეს სიტყვა თქვენეული შინაარსით. ოღონდ ბოკერიას ბაზარში თუ მოხვდებით, იცოდეთ, რომ „ყველაფერზე“ თქვენი შეხედულება წარმოუდგენლად გამდიდრდება.

FOODMET ABATTOIR. BRUSSELS, BELGIUM

ბელგიურ Abattoir Foodmet-ს, დახურულ მრავალფუნქციურ სასურსათო ბაზარს არ მოჰყვება არანაირი ძველი ისტორია და ხანგრძლივი ტრადიცია.  ის 21-ე საუკუნეში აშენდა, ბრიუსელის იმიგრანტულ რაიონში, ანდერლეჰტში.  პროექტი, რომელზეც არქიტექტურულმა სტუდიამ ORG იმუშავა,  მოიცავს მრავალგვარ  საბაზრო დახლებს, ფარდულებსა  და ვიტრინებს, ლოჯისტიკურ და სასადგომე სივრცეებს, ოთხი ათასი კვადრატული მეტრის სახურავზე  კი ფერმა გაუმართავთ, რომელიც, თავის მხრივ, ახალ შეთავაზებებსა და შესაძლებლობებს წარმოქმნის; მაგალითად,  უზრუნველყოფს ბაზარში განთავსებულ რესტორანს პრინციპით „ფერმიდან მაგიდამდე“.

ბაზრის შენობა 2015 წელს გაიხსნა, ის პირველი ეტაპია  საქალაქო გეგმისა, რომლის თანახმად ხორცის საწარმო, პირდაპირ ვთქვათ, სასაკლაოების მიკრორაიონი შერეულ  ურბანულ გარემოდ უნდა აქციოს. გენერალური გეგმა (მისი ნაწილია დახურული ბაზრის ხორცშესხმული პროექტი) ითვალისწინებს რაიონის  ცენტრში შეიქმნას 60 ათასი კვადრატული მეტრის  სივრცე, რომელიც საბაზრო საქმიანობის გარდა სხვა სოციალურ და კულტურულ აქტივობებს დაიტევს.

ბელგიური პროექტი ხშირად  ხვდებოდა არქიტექტურულ გამოფენებზე,  მას აღიარებდნენ, აჯილდოებდნენ, აქვეყნებდნენ, განიხილავდნენ. Abattoir Foodmet აშენებულია თანმიმდევრული არქიტექტურული „ენით“, რომელსაც „პლატონურ პანელებს“ უწოდებენ. პანელები ქმნიან მოცულობით პორტიკებს, რომელთა კომბინირება ნაირგვარად შეიძლება. პლატონური პანელები ადგენენ დიდებულ, მოქნილ და მონუმენტურ შენობას. ათეულობით დიდი იდენტური ოთახი, რომელთაგან თითოეული უერთდება მეზობელ ოთახს, შეიძლება ნებისმიერი მიზნით გამოიყენო. შენობა აირეკლავს და თითქოს ასახიერებს იქ მყოფი ადამიანების იდენტობასა და მრავალფეროვნებას. საბაზრო ცხოვრებას აქ სამოქალაქო ცხოვრების სიხარული ხვდება.

MUNICIPAL MARKET. ABRANTES, PORTUGAL

აბრანტიში ამავე დასახელების მუნიციპალიტეტის ცენტრია პორტუგალიაში. მუნიციპალიტეტში 41 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს,  ქალაქ აბრანტიშში – დაახლოებით 19 ათასი. სწორედ ამ ქალაქში აშენდა დახურული ბაზარი ბაზრისთვის უჩვეულო ფუნქციით, რომლის პროექტის ავტორია არქიტექტორული სტუდია ARX Portugal.

აბრანტიშის მუნიციპალური ბაზარი განთავსებულია გადასასვლელში, რომელიც  ქალაქის ისტორიული ცენტრისკენ მიგვიძღვის. ოდესღაც აქ სახელოსნოები იყო, რომლებიც ისე დაფხავდა, არჩიეს სულ დაენგრიათ. ქალაქში წარმოიქმნა მიწის ნაკვეთი ორ ქუჩას შორის. ეს ქუჩები სხვადასხვა სიმაღლეზეა გაყვანილი, აღმოსავლეთით მდებარე მაღლაა, დასავლეთით მდებარე – დაბლა.  მათი დაკავშირება მუნიციპალიტეტმა ქალაქისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნია, რამაც განსაზღვრა კიდეც დიზაინის პროექტი. ადგილის ანალიზმა ასევე მოითხოვა გათვალისწინება იმ გავლენისა, რომელიც ახალ შენობას ექნებოდა ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებზე, მათ კი ერთმანეთისგან განარჩევდა არქიტექტურის ხარისხი და აგების თარიღი.

აბრანტიშის ბაზარი – ესაა შენობა, რომელშიც საზოგადოებრივი სივრცის კონცეფცია მაქსიმუმამდე მიიყვანეს. ბევრ კულტურაში დღემდე  ბაზრები განთავსებულია ქუჩაში, ბიზნესი კეთდება დახლებზე,  ღია ფარდულებში, იმპროვიზებულ კიოსკებში, რითაც ბაზრის ადგილი და ქალაქის სივრცე ერთმანეთს ერწყმის ან სულაც ემთხვევა.

აბრანტიშის ახალი ბაზარი კი ერთდროულად შენობაცაა და ქუჩაც. ერთი ქუჩიდან მეორეზე შეიძლება მოხვდე მხოლოდ კიბის მეშვეობით, რომელიც შენობის ჩრდილოეთ მხარესაა,  ან დახლებს შორის სეირნობითა და დახვეული კიბით სამხრეთი კიდიდან. კაცმა რომ თქვას, არსებითად ესაა ქუჩა, რომელსაც კედლები ამოუშენეს და ბეტონის თეთრი ზედაპირით დაფარეს. შენობა ისეა დაპროექტებული, რომ  სახურავის მხრიდან მზის შუქი ღიობების მეშვეობით თითოეულ სართულზე აღწევს, მსუბუქად ანათებს ყველა სათავსოს, წარმოაჩენს ბეტონის ტექსტურას და დროის მდინარებაზეც გველაპარაკება.

CENTRAL MARKET. LANCASTER, USA

ლანკასტერის ცენტრალური ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი და, შესაბამისად, უძველესი სასურსათო ბაზარია. ის თითქმის სამასი წელია არსებობს. 1730 წელს ქალაქის გეგმის შედგენისას, ცენტრში დაიტანეს ადგილი საქალაქო მოედნისა და მასთან მდებარე ბაზრისათვის, რომელსაც მუდმივად უნდა ემუშავა. ის მუშაობს კიდეც დღემდე. ლანკასტერის დაფუძნებიდან საუკუნეზე მცირე ხანს ის ჩვეულებრივი, ღია ცის ქვეშ მდებარე სასურსათო ბაზარი იყო. მე-18 საუკუნის შუაში დადგეს პირველი საბაზრო შენობა.

დღევანდელი შენობა კი 1889 წელს ააგეს ნეორომანული არქიტექტურის სტილით.  მისი ყველაზე თვალსაჩინო ელემენტებია 22-მეტრიანი ორი კოშკი სამხრეთის მხარეს. ვიქტორიას ეპოქის საბაზრო შენობას სხვა შთამბეჭდავი დეტალებიც აქვს: ტერაკოტით შემკული ესპანური კრამიტი, თაღოვანი კედლები, ციცაბო ორფერდიანი სახურავები, მანსარდული ფანჯრები… ბაზრის ფართობი 6200 კვადრატულ მეტრს აღემატება. ახალი ხილის, ბოსტნეულის, ყვავილების, პურისა და ჯემების გარდა ლანკასტერის ბაზარში იქაურობისთვის უნიკალურ  ადგილობრივ პროდუქციასაც ყიდიან: მაგალითად, სკრეპლს, ხორცის რულეტს, რომელიც კი არ ცხვება – იხარშება, ჰედ ჩიზს, ქართულად ლაბას, უფრო გასაგებად კი „ხალადეცს“, პენსილვანიურ ჰოლანდიურ ძეხვს, ნაირგვარ მწნილეულს, დამარილებულ თუ ზეთში შენახულ პროდუქტს…

ამერიკის უძველესი სასურსათო ბაზარი ყოველთვის უძლებდა კონკურენციას და დღესაც უწევს შეჯიბრი საგარეუბნო სუპერმარკეტების ქსელთან. ოღონდ ახლა ცენტრალური ბაზარი, როგორც ამავე დროს ძეგლი და ისტორიის ნაწილი, ცხოვრებას აგრძელებს ქალაქისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარებითაც. 25 წლის წინ დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია „ცენტრალური ბაზრის მეგობრები“ მუდმივად მუშაობს ბაზრის ცნობადობისა და პოპულარობის გასაზრდელად, მყიდველთა ბაზის გასაფართოებლად. გარდა ამისა, ბაზარი, როგორც აღვნიშნეთ, იმთავითვე, 300 წლის წინათ, ქალაქის ცენტრში განთავსდა და მის გარშემო. ერთ კვირაში ბაზარში 3000 მყიდველი შედის. მყიდველების 82 პროცენტი ლანკასტერში ცხოვრობს, ხოლო 33 პროცენტი – ბაზრისავე რაიონში.
შეერთებული შტატების „უხუცესი“ სასურსათო ბაზარი მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის ადგილი არაა. აქ ახლობელი ადამიანები ხვდებიან და ურთიერთობენ. თბილ თვეებში ირგვლივ ქუჩის ავეჯი, ქოლგები და ყვავილების ფარდულები დგას – სწორედ ადამიანურ ურთიერთობათა ხელშეწყობისთვის. ბაზრის გამყიდველებშიც დიდი რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნებაა: აქ ნახავთ ამიშებს, მენონიტებს, ლათინოამერიკელებს, აფრიკელებს, აზიელებს, გერმანელებს, ბერძნებს…

MERCADO CENTRAL. SANTIAGO, CHILE

სანტიაგოს ცენტრალური ბაზარი თავისი დროის არქიტექტურის შთამბეჭდავი ნიმუშია თაღოვანი ჭერებითა და ძნელსაცნაური მზიდი კონსტრუქციით: აქ პირამიდალურ გადახურვას გუმბათისმაგვარი კოშკი აგვირგვინებს. კოშკი მაღლდება თუჯის რვა მომცრო სახურავზე; თითოეული სახურავი თითო ორიარუსიან კონსტრუქციას ფარავს.

სულ ასე არ იყო: დღევანდელი ბაზარი მას შემდეგ აშენდა, რაც 1864 წელს დაიწვა პლასა-დელ-აბასტო, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მთავარ სავაჭრო ადგილად ითვლებოდა. ახალი ბაზრის შენება 1869 წელს დაიწყეს და სამ წელიწადში დაასრულეს. „მერკადო სენტრალის“ არქიტექტურა ნეოკლასიციზმისა და რენესანსის სტილურ მახასიათებლებს აერთიანებს. ის თვით ჩილეს პრეზიდენტმა გახსნა, რაც ბაზრებისთვის იშვიათი პატივია. 1984 წელს სანტიაგოს ცენტრალური ბაზარი მთავრობამ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლად გამოაცხადა. ბაზარს დღესაც ერთობლივად ფლობენ და მართავენ ისინი, ვინც იქ ბიზნესს ეწევა, რაც „მერკადო სენტრალს“ საზოგადოებრივი ღირსშესანიშნაობის ნიმუშად აქცევს.

„მერკადო სენტრალი“ ყველაზე მრავალფეროვანი ბაზარია ჩილეში, ასეთ კონცენტრაციას ჩილეური ახალი თუ სეზონური პროდუქტებისა სხვაგან ვერ ნახავთ. განსაკუთრებით უნდა ვახსენოთ მაინც ზღვის პროდუქტების მრავალსახეობა და სიუხვე  –  ისინი ბაზარში მთელი ლათინური ამერიკიდან შედის.  ბაზარში სავაჭრო დახლებისა და ფარდულების გარდა ბევრი რესტორანი, გასტრონომი და საცხობია. უცხოელი ტურისტებისთვის საექსკურსიო ცენტრიც კი აქვთ. ბაზარს მთელი კვარტალი უკავია და, ბუნებრივია, ამხელა სივრცეს, ვაჭრობის გარდა, მრავალგვარი შეხვედრის, მეგობრებისა თუ ოჯახური შეკრებისთვისაც იყენებენ.

SPICE BAZAAR. ISTANBUL, TURKEY

Mısır Çarşısı, მისირ ჩარშისი, ორივე სიტყვა ნაცნობია ქართველის ყურისთვის: მისრეთი – ეგვიპტეა ძველ ქართულში, ჩარჩი – ვაჭრის სინონიმია. ცალკე უნდა ითქვას, რომ ვაჭარი და ბაზარი საერთო წარმოშობის სიტყვებია.  ოფიციალურად სწორედ ეგვიპტური ბაზარი ჰქვია სტამბოლში სანელებელთა ბაზარს, რადგან, გადმოცემის თანახმად, ინდოეთიდან წამოღებული სანელებლები ეგვიპტის გავლით მიდიოდა თურქებთან. მეორე, დამაზუსტებელი ვერსიით, ბაზარი აშენდა ზოგადად ეგვიპტური იმპორტიდან შესული საბაჟო გადასახადით.

1664 წელს აგებული ეს ბაზარი ახალი მეჩეთის კომპლექსის ნაწილი იყო და ამჯერად უკვე თავისი შემოსავლებით ეხმარებოდა მეჩეთს, მასთან არსებულ სკოლასა და საავადმყოფოს. ბაზარს ლათინური მთავრული ასოს, L-ის ფორმა და ექვსი შესასვლელი აქვს. მთავარი შესასვლელი აგურის თაღია, რომელიც ხსენებული მეჩეთის გვერდით, მუდამ მტრედებით სავსე მოედანზე დგას.

სანელებელთა ბაზრის ძველი გუმბათისებური ტყვიის ჭერი ჰხურავს. აქ 100-მდე დახლია და მხოლოდ სუნელებითა და სანელებლებით არ ვაჭრობენ. დახლებზე ნახავთ აღმოსავლურ ტკბილეულობას, ჩირს, თხილს, ნუშს, ნიგოზს, ჩაისა და ყავას, თაფლს, თაფლიან ფიჭას, ზეთისხილს, ნაირგვარ ყველს, თევზის დელიკატესებს, მაღალი ხარისხის ირანულ ხიზილალას, ბასტურმას…    რაც ეხება საკუთრივ სანელებლებს, გადაჭარბების გარეშე – ბაზარში იყიდება ყველანაირი სანელებელი, რაც არა მარტო გინახავთ ან გსმენიათ, არამედ რაც არ გაგიგიათ და პირველად მისირ ჩარშისში დაგხვდათ. უკლებლივ ყველაფერი ძალიან ხარისხიანია, ახალი და მკვეთრი არომატით. გემოსაც გაუსინჯავთ, ცხადია.  უპირატესად უცხოელთათვის თურქები ამზადებენ და ჰყიდიან ე.წ. ოტომანურ სანელებლებს, რომლებიც ჩვენი სვანური მარილის პრინციპით მზადდება: სხვადასხვა სუნელს ურევენ მარილს. ეს რამდენადმე ძვირი დაჯდება, ვიდრე თავად რომ იყიდოთ სანელებლები და თქვენს გემოზე შეურიოთ. საწყისი ფასები, როგორც წესი, ძვირად მოგეჩვენებათ, მაგრამ უნდა ივაჭროთ – თურქეთში ხართ, აუცილებლად დააკლებენ თქვენდა გასახარად. თუ თქვენს თვალს სანელებელთა ფერები ეამება, შეგიძლიათ სურათებიც გადაუღოთ – უარს არავინ გეტყვით. ამ ბაზარში არ დაიკარგებით, სტამბოლის „გრანდ ბაზარის“ ლაბირინთები აქ არ არის.

კონტრიბუტორი: დავით პაიჭაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top