09.12.2022
დავით დოიაშვილმა ახალი მიუზიკლით – „მე გადმოვცურავ ზღვას“, ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა ჩვენი დროის სოციალურ-პოლიტიკურ განზომილებაში დააბრუნა
როდესაც სახელოვანი მუსიკოსი რობერტ პლანტი ერთ-ერთი ლაივის დროს, კომპოზიციას Stairway To Heaven-ს ასრულებდა, ამბობდა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ეს იმედის სიმღერა იყო… როდესაც „ახალი თეატრის“ სცენაზე დადგმული მიუზიკლის „მე გადმოვცურავ ზღვას“, ფინალში 40-მდე ახალგაზრდა სოციალური „დრაივით“ მომართულ სიმღერას ერთდროულად ასრულებს, გჯერა, რომ ისინი შეძლებენ წარსულის პოლიტიკური ტრავმების დავიწყებას; ხოლო ირაკლი ჩარკვიანის ტექსტებსა და მუსიკას „მშვიდი ცურვის“ იპოსტასიდან მღელვარე ცურვის იმედიან გაკვეთილად გადააქცევენ…
მათი ზეაღმართული ხელები და იმედით გაჯერებული რეფრენი „მე გადმოვცურავ ზღვას“, დარბაზს ლამის ელექტროენერგიასავით მიეწოდება და ძველი თუ ახალი თაობის მაყურებელი ერთობლივად ინაწილებს სცენიდან წამოსულ მუსიკალურ ენერგიას. დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ნარბენ თუ ნაცეკვ ახალგაზრდა მსახიობთა სხეულებში, მათ ენერგიულ ჟესტებში, გადაღლილ, მაგრამ გაუბზარავ ხმებში, გულწრფელი სიშლეგე და ულევი ოპტიმიზმი იკითხება…და ეს კიდევ უფრო დასაფასებელია დღევანდელი, ლამის ტოტალური პოლიტიკური დეპრესიის ფონზე.
პროექტის ავტორსა და რეჟისორს, მიუზიკლებში გაწაფულ დავით დოიაშვილს (მისი „ხანდაზმული“ მუსიკალური სპექტაკლები – „გაყრა“, „შეყრა“ და „მუსიკის ჰანგები“ დიდი პოპულარობით სარგებლობს მაყურებელში, ხოლო „ქეთო და კოტე“ და „ინტროსპექცია – ამბავი ჩვენზე“ მელომანებს დღემდე ახსოვთ), ცხადია, კარგად ესმოდა რა რისკზეც მიდიოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წახალისებულ ამ პროექტში მას „შარქ თენქ საქართველოს“ თანამონაწილეობაც უნდა გაეთვალისწინებინა (რომელიც საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს) და მაყურებლის გემოვნებაც, რომელიც როგორც წესი, არაერთგვაროვანი და პრეტენზიულია.
პირველი ამოცანა გადაწყვეტილად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ირაკლი ჩარკვიანის სახელი და თავად მიუზიკლისადმი ინტერესი უკვე იმდენად დიდია, რომ ბილეთები წინასწარ, 2023 წლის თებერვლის ბოლომდე გაყიდულია! ის კი არა, თუ ამ ტემპებით გაგრძელდა, წლის ბოლომდე „ახალ თეატრში“ ანშლაგები გარანტირებულია. რაც შეეხება მაყურებელს, უმრავლესობას ლამის რეფლექსურად აქვს მომარჯვებული მობილურები სპექტაკლის დაწყებისთანავე, რათა მუსიკალური ნომრები აღბეჭდოს. მიუხედავად მრავალჯერ გაფრთხილებისა, რომ გადაღება აკრძალულია…
რა კრიტერიუმითაც არ უნდა შევაფასოთ დავით დოიაშვილის მიერ დადგმული მიუზიკლი, ფაქტია, რომ მან ინტუიციურად ზუსტად გათვალა: კომერციულად, იდეოლოგიურად, პოლიტიკურად და საზღვრებმორღვეული პოსტმოდერნისტული ესთეტიკის გათვალისწინებითაც. პირველ რიგში, იმიტომ, რომ მიუზიკლი „მე გადმოვცურავ ზღვას“ ხელახლა აცოცხლებს ირაკლი ჩარკვიანის მითს, რომელმაც ამ მიუზიკლის წყალობით არქივებიდან, ტელევიზიიდან, ვიდეოჩანაწერებიდან და ტელეფონებიდან უკვე ლაივში, სცენაზე გადმოინაცვლა.
განვლილი დროისა და გადატანილი კატაკლიზმების შემდეგ, მაინც ძნელია ირაკლი ჩარკვიანის პერსონას და მუსიკას რაიმე კონკრეტული ჩარჩოები და განსაზღვრება მოუძებნო; უწოდო მას ალქიმიკოსი, რევოლუციონერი თუ ალტერნატიული მუსიკის პიონერი. სინამდვილეში, ის ბევრად მრავალმხრივი და წინააღმდეგობრივი არტ-პერსონაა. მისი მუსიკა, ლექსები და ჩანაწერები დღევანდელი გადასახედიდან უფრო სხვაგვარად ირეკლავს დროის წინააღმდეგობას, ვიდრე ჩავლილი და უკვე სასაცილო საბჭოთა აღლუმები, უშიშროების სამსახურის ლამის სიბოროტედ ქცეული არქივები, ან იდეოლოგიურად ქცეული სატელევიზიო რეპორტაჟები.
დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილს, რომელმაც ლამის სამასი გვერდი მიუძღვნა ირაკლი ჩარკვიანს, მის მეგობრებსა და გვიან საბჭოთა დროს, როგორც ჩანს, უფრო სოციალური და პოლიტიკური კონტექსტი აინტერესებდა. მიუზიკლში ყველაზე მეტად 80-იანი წლების საბჭოთა საქართველოს, ანუ „ზასტოის“ ეპოქა იკითხება. საინტერესოა, რომ სპექტაკლი იწყება კონკრეტული დროის მინიშნებით: 1980 წლის საპირველმაისო აღლუმისათვის მზადებით (მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადა სწორედ ამ წელს აგვისტოში გაიმართა) და მთავრდება ასევე კონკრეტულ დროს – 1989 წელს, ეროვნული მოძრაობის გამოღვიძებისა და მიტინგების პერიოდში.
მიუხედავად იმისა, რომ მიუზიკლის მთავარი პერსონაჟები თავის თავში ატარებენ სწორედ ამ „უძრაობის“ დროის ნიშნებს, სინამდვილეში ისინი დღევანდელ ახალგაზრდებს უფრო განასახიერებენ, პიროვნული დრამებითა და პრობლემებით. ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა და ქეთათო პოპიაშვილის კომპოზიციები თითქოს ამ „უძრაობის“ მთავარი ამაჩქარებელია; გარდასული დროის ერთგვარი ესთეტიკურ-სოციალური კატალიზატორი, რომელიც ჯერ ერთი, ოცამდე მუსიკალურ ნომერსა და სიმღერას მოიცავს და მეორეც, მთავარ სიუჟეტურ ხაზებს კარნახობს რეჟისორსაც და დრამატურგსაც.
ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალურ ენას თანამედროვე ვერსიებად „თარგმნიან“ ახალი მუსიკალური ვერსიების ავტორები: გიორგი ასანიშვილი (ის პროექტის მთავარი მუსიკალური პროდიუსერიცაა), მუსიკოსი ბეთხო, მებო ნუცუბიძე, გიორგი ცაგარელი და ბექა გოჩიაშვილი. თანაავტორთა სიჭრელე განაპირობებს სტილისტურ მრავალფეროვნებასაც და გარკვეულ ორაზროვნებასაც; რაც უკვე კარგად ნაცნობ, არქეტიპებად ქცეულ მუსიკალურ კომპოზიციებს მოდუსს, ტონალობას, ტემპო-რიტმს უცვლის, ანუ სცენაზე ახალი ეპოქის შესატყვის მუსიკალურ განწყობას აყალიბებს.
გასაგებია, რომ „მე გადმოვცურავ ზღვას” ერთ-ერთი მთავარი კომპოზიციაა, ერთგვარი მიზიდულობის წერტილი; კიდევ ერთი შეხსენება, რომ იმედი არასდროს უნდა დავკარგოთ, მაშინაც, როცა ყველაფერი ძალიან ცუდადაა და მაშინაც, როცა ბედნიერება შეუძლებელი გვეჩვენება.
ამ ეგზისტენციური მუსიკალური „ცურვის“ გაკვეთილს მთავარი გმირების რამდენიმე შემადგენლობა ჰყავს. ბუი – პოეტი და მეამბოხე ახალგაზრდაა. ამ როლს თამაშობენ და მღერიან: გივიკო ბარათაშვილი, გიორგი თორაძე, ზურაბ პაპუაშვილი, არჩილ სულაქველიძე (პირადად არჩილ სულაქველიძე ვნახე, რომელმაც კარგი აქტიორული და ვოკალური შთაბეჭდილება დატოვა). ასევე მთავარია გმირია ია, რომელიც პარტიული ფუნქციონერების ოჯახიდანაა. ამ როლსაც რამდენიმე შემსრულებელი ჰყავს (ნანკა გვარიშვილი, მარიამ ღვინიანიძე, ანა წერეთელი, ანასტასია ჭანტურაია). გიოს (ამ როლს ანდრო ჭიჭინაძე და ბუბა ჭოღოშვილი ასრულებენ) ასევე პარტიული მშობლები ჰყავს, რომლებიც იას მშობლებთან მეგობრობენ და სარფიან საქორწინო გარიგებასაც აპირებენ მათთან. თუმცა იას მეამბოხე ბუი უყვარს, რომელსაც უშიშროების სამსახური თურქეთში არალეგალურად გადაცურვისათვის აპატიმრებს…
მიუზიკლის კიდევ ერთი გამორჩეული პერსონაჟია ლაშა (სხვათა შორის, ამ როლის შემსრულებელი ოთარ ლორთქიფანიძე „მოძრაობის თეატრის“ ახალგაზრდა მსახიობია), რომელიც ავღანეთის ომში იღუპება, ხოლო დედამისს (ანა ქურთუბაძის დასამახსოვრებელი როლი) მთავრობა საპატიო მედლით აჯილდოებს. შთამბეჭდავია „პარტიული კვარტეტის“ ეპიზოდი (იას დედა – სალომე ყიფიანი, იას მამა – გიორგი ყველაშვილი, გიოს დედა – ცისია მეტრეველი, გიოს მამა – ბადრი ბეგალიშვილი). ისინი სარკაზმითა და სახასიათო შტრიხებით გვიხატავენ პარტიული ელიტის განცდებს აკრძალული „ემანუელას“ ვიდეომაგნიტოფონით ნახვისას. არანაკლებ სარკასტულად, მაგრამ უფრო დაუნდობლადაა წარმოდგენილი „მუდმივმოქმედი მთავრობაც“ (ალექსანდრე ბეგალიშვილი და ანა ზამბახიძე), რომელიც ყველა დროში ახერხებს თანამდებობის შენარჩუნებას და როცა ფინალში, ეროვნული მოძრაობის სახითაც გამოჩნდებიან ავანსცენაზე, ტიტებით მოხატულ კოსტიუმებში, გროტესკი კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება.
მნიშვნელოვანია მეორე პლანის როლებიც, თუმცა სინამდვილეში მიუზიკლის ყველა პერსონაჟი მთავარი და დასამახსოვრებელია. მაგალითად, უსახლკარო და სოციალურად იზოლირებული ბუია, რომლის როლსაც ნინო გომართელი ყოველდღიურობიდან ნაცნობი სოციალური ტიპაჟიდან აგებს. ასევე შთამბეჭდავი, სახასიათო და ზუსტია მაკას (თათია თათარაშვილი) და სერგოს (გიორგი ჯიქურიძე) წყვილი, რომელიც გამახსოვრდებათ თავიანთი ისტორიით და დრამატული ფინალით.
მიუზიკლში მთავარი ვიზუალური ხატი თეთრი ქაფისგან ნაკეთი თეთრი ტალღებია, რომელიც სცენოგრაფმა და მხატვარმა, თეა თელიამ პირდაპირ ზღვის მეტაფორად აქცია. ტალღები ყველგანაა: ავანსცენაზე, რომელშიც თითქოს ჩაკირულია შავ-თეთრი საბჭოთა ტელევიზორი, სცენის სიღრმეში, სადაც თეთრი ნავში ჩნდება, გვერდებზე, რომელიც ხან ბუიას თავშესაფარია და ხან ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი… გასული საუკუნის 80-იანი წლების ატმოსფეროს ქმნის მრავალფეროვანი კოსტიუმებიც, რომელიც კოსტიუმების მხატვარმა თინათინ კვინიკაძემ საბჭოთა მოდების სახლების, სპორტული ტანსაცმლისა თუ 70-იანი წლების როლინგების ინსპირაციით შექმნა. საპირველმაისო აღლუმებისა და დისკოს ატმოსფერო კონტრასტულად ენაცვლება ერთმანეთს, ეპიზოდებში კი გამოკრთება 60-იანი წლების მიუზიკლების, კერძოდ ჟაკ დემის ფილმების აკვარეული და დახვეწილი ფერებიც…
ცალკე უნდა აღინიშნოს კოტე ფურცელაძის ქორეოგრაფია, რომელიც ლამის ყველა ნომერს უძებნის ადგილს – 80-იანი წლების დისკოთი დაწყებული, ტანგოთი და საქორწინო ვალსით დამთავრებული. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თანამედროვე ცეკვის თეატრისა და კლასიკური მიუზიკლების გამოძახილი, რომლებიც თეატრალებს ბევრ რამეს გაახსენებს. ახალი მიუზიკლის დადგმით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა: თუ ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა და საერთოდ, როკი საქართველოში აღიქმებოდა როგორც კონკრეტული სოციალური, ან არტისტული ჯგუფის მუსიკა, შესაძლოა, ამ სპექტაკლის შემდეგ, როკის მსმენელისა და მაყურებლის რაოდენობა შესამჩნევად გაიზარდოს. არამხოლოდ იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობა ლაივში მოისმენს ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების ახალ ვერსიებს, არამედ იმიტომაც, რომ როკს ზოგადად უფრო მეტი სოციალური და მოქალაქეობრივი ჟღერადობა აქვს…
და ბოლოს, კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ დავით დოიაშვილის მართლაც ცინცხალ და კრეატიულ იდეას, რომელმაც მიუზიკლით „მე გადმოვცურავ ზღვას“ სოციალური, კომერციული და არტისტული საწყისები ზუსტად დააკავშირა და გამოთვალა: „პროექტმა ფინანსურად მგონია, რომ უკვე გაამართლა, რადგან უკვე პირველი ორი კვირის განმავლობაში მომდევნო თვეების ყველა ბილეთი გაიყიდა“ – ამბობს რეჟისორი.
არ არის გამორიცხული, რომ „ახალი თეატრი“ მიუზიკლით „მე გადმოვცურავ ზღვას“ 2023 წელს, ზაფხულში ნიუ-იორკის ერთ-ერთ სცენაზეც წარსდგეს მაყურებლის წინაშე. თუმცა მანამდე, „მღელვარე ცურვის“ არტისტული გაკვეთილების ჩაბარება ახალგაზრდა და გამოცდილ მსახიობებს ქართველი მაყურებლისათვის არაერთხელ მოუწევთ.
დავით ბუხრიკიძე