კონცეპტუალური მაღაზია ორი იდენტობით
19.04.2022
Mind The Shop კონცეპტუალური მაღაზიაა, რომლის ძირითადი მიმართულება ინტერიერის ნივთები და ტრადიციული უზბეკური ტექსტილით დამზადებული სამოსია. ნაჭრები, ხელით მოხატული კერამიკის ჭურჭელი, სარკეები, სათავსოები, დეკორატიული სანთლები და სხვადასხვა ნივთები უზბეკური და ქართული კულტურის ტრადიციებიდან იღებს სათავეს.
მაღაზიის დამფუძნებელი ანანო აბდუშელიშვილია, ბაკალავრით ხელოვნებათმცოდნე, რომელმაც მაგისტრი მოდის მენეჯმენტს დაუკავშირა. მისი ინიციატივით შეიქმნა მნიშვნელოვანი ახალი ონლაინ საგანმანათლებლო პლათფორმა მოდის შესახებ Fashion Edu Hub.
ანანოს პერსონალური გამოცდილება, პროფესია და იდენტობა გახდა Mind The Shop-ის კონცეფციის ნაწილი, სადაც გამოკვეთილად იგრძნობა, ხელოვნების, მოდის და კულტურის მრავალფეროვნების სინთეზი. აღსანიშნავია, რომ მაღაზიაში წარმოდგენილი ნივთები თუ სამოსი ორიენტირებულია მდგრადი მოდის წახალისებასა და მისი მნიშვნელობის ხაზგასმაზე.
როდის გაჩნდა Mind The Shop-ის დაარსების იდეა და რამ განაპირობა ის?
2020 წელს ყველას მოგვიწია გლობალურ პანდემიასთან ადაპტირება და ინტერიერში დიდი დროის გატარება. სახლში ყოფნის დროს, ერთგვარი დაკვირვების შედეგად გამიჩნდა იდეა გამეკთებინა მაღაზია, რომელიც გააერთიანებდა სამოსსა და ინტერიერის ნივთებს; თუმცა ეს არ უნდა ყოფილიყო მასიური წარმოების პროდუქცია, რადგან ვფიქრობ, რომ მომხმარებლური ფსიქოლოგია შეიცვალა. ადამიანები ეძებენ განსაკუთრებულ, ავთენტურ ნივთებს, ამიტომ გადავწყვიტე Mind The Shop- ის შექმნა.
როგორ მოხდა თქვენი დაახლოება უზბეკურ კულტურასთან და რით გამოარჩევდით მის მახასიათებლებს?
უზბეკური კულტურა ბავშვობიდან მიყვარს, რადგან ცხოვრების დიდი ნაწილი იქ გავატარე. ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო ქვეყანაა სწორედ თავისი კულტურით და ოსტატობით.
უზბეკური ხელსაქმეობა უძველესი დროიდან მოდის, ისინი აწარმოებენ ბამბას და ბამბისგან საოცარი ესთეტიკის ქსოვილებს, ძაფებს, ფარდაგებს და ხალიჩებს,
ასევე კერამიკა, რომელიც მოხატულია ტრადიციული ორნამენტების ვიზუალით. ეს ქვეყანა უდიდეს ისტორიას გვიყვება თავისი კულტურით.
თქვენი აზრით შესაძლებელია თუ არა გავავლოთ პარალელი ქართულ და უზბეკურ კულტურას შორის, თუკი ეს შესაძლებელია რაში გამოიხატება ეს ფაქტი?
ვფიქრობ რომ საკმაოდ ვგავართ ერთამენთს, თუმცა მათი კულტურა უფრო აზიურია და ეს ეტყობა შემოქმედებაზეც. რაც შეეხება ხელსაქმეობას ამ მიმართულებით დაახლოებით ერთი ხაზი გვაქვს, როგორც იცით ჩვენთანაც არის კახეთში, თუშეთში, ხულოში ფარდაგების და ხალიჩების წარმოების უძველესი ტრადიცია. ვფიქრობ, რომ ეს უნიკალური პროდუქტი ისე არ არის დაფასებული როგორც სხვა ქვეყნებში. მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს ხელსაქმეობის ფასი და თუ რას ნიშნავს როდესაც იძენ ხელით შექმნილ პროდუქციას.
საიდან მომდინარეობს მაღაზიის სახელწოდება Mind The Shop?
სახელი Mind The Shop უკავშირდება ჩემი ლონდონში ცხოვრების პერიოდს, როდესაც მუდმივად მესმოდა მეტროში ფრაზა Mind the Gap. მინდოდა სახელი საერთაშორისო ყოფილიყო, რადგან ვფიქრობ, მაღაზია მხოლოდ ქართველ მომხმარებელზე არ არის გათვლილი. საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ პოპულარულია ეთნოგრაფიული ტექსტილი და ნივთები.
რას ეფუძნება მისი კონცეფცია?
ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა უზბეკურმა კულტურამ, რადგან ბავშვობა იქ გავატარე. დღესაც ჩემი ნახევარი ოჯახი უზბეკეთში ცხოვრობს. ვფიქრობ საქართველოსა და უზბეკურ კულტურას შორის პარალელების გავლება შესაძლებელია. ვგავართ ხელსაქმით და ნივთების წარმოებით, უზბეკეთში ძალიან განვითარებულია ტექსტილის წარმოება, აქვთ ულამაზესი ტრადიციული ქსოვილი და ვფიქრობ ეს ტრადიცია არ უნდა დაიკარგოს. მოეპოვებათ ბამბა, ამიტომ მათი ყველა პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა და ეთიკური ნორმების დაცვითაა დამზადებული. უზბეკური ტექსტილის ისტორია და მისი ესთეტიკა ძალიან მომწონს და მაინტერესებს. ბოლო დროს მნიშვნელოვანი გახდა ეკოლოგიური გზით მიღებულ სამოსსზე ფიქრი, რამაც საბოლოოდ უნდა ჩაანაცვლოს მოდის ინდუსტრიაში არასწორი მიდგომები.
რა ტიპის პროდუქციის შეძენა შეუძლია მომხმარებელს თქვენს მაღაზიაში?
ძირითადად შეხვდებით ინტერიერის ნივთებს, ნაქარგობებს, პოსტერებს, ნატურალურ ნაჭრებს, დეკორატიულ სანთლებსა თუ სამოსს. ახლო მომავალში იგეგმება პროდუქტის დიზაინის მიმართულების განვითარებაც. თავდაპირველად სარკეების წარმოება დავიწყეთ, ეს მასალა სხვადასხვა ფორმით არის გამოყენებული; მაგალითად გვაქვს არქიტექტურული კოლექცია, რომელიც აერთიანებს საკულტო შენობებს საქართველოს გარშემო.
რა პროცესთან არის დაკავშირებული უზბეკეთში ტექსტილის დამზადება?
უზბეკეთში არის ძველი ქალაქი სახელად მარგილანი, რომელიც უზბეკური ქსოვილის წარმოების ცენტრად მიიჩნევა. იქ ძალიან საინტერესო და მრავალფაზიანია ტექსტილის დამზადების მთელი პროცესი, რომელიც
იწყება აბრეშუმის ჭიის კულტივაციით, აბრეშუმის მიღებიდან მის განცალკევებამდე. შემდეგ იღებება უკვე განასკვული ძაფები, საბოლოოდ კი ძაფები იშლება და იქარგება. ამ ტექსტილების დამზადების პროცესი დიდ შრომასთან არის დაკავშირებული.
რა არის Mind The Shop-ის ტანსაცმლისა თუ დეკორატიული ნივთების უკან მთავარი შთაგონების წყარო?
კონკრეტული შთაგონების წყარო არ მქონია, ვფიქრობ ყოველდღიურობიდან მიღებული შთაბეჭდილებები და ემოციები განსაზღვრავენ შთაგონებას, თუმცა ხელოვნებამ და ძველმა ქართულმა მემკვიდრეობამ დიდი როლი ითამაშა. ასევე მოგზაურობის დროს, მუზეუმებში განთავსებული მაღაზიების თვალიერება გახდა ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შთაგონების წყარო. მსგავს მაღაზიებში პროდუქცია ზუსტად და ფრთხილად არის კურირებული, სადაც უამრავი ლამაზი ნივთის შეძენა შეიძლება. გარდა ამისა საქართველოში საკმაოდ პრობლემატურია განსხვავებული სასაჩუქრე ნივთების შერჩევა. უკვე არსებობს მოთხოვნა არასტანდარტულ, ეთნო ელემენტებით გაფორმებულ ნივთებზე. მახარებს ის ფაქტიც, რომ ისევ პოპულარულია ძველი ქართული კერამიკა და ხალიჩები. ერთ-ერთი შთაგონების წყარო იყო საბჭოთა სოც-ხელოვნება და მოზაიკები.
სად მზადდება პროდუქტი? რა სირთულეებს წააწყდით ლოკალურ ბაზარზე პროდუქციის წარმოებისას?
თავდაპირველად სარკეების დამზადებით დავიწყე, თუმცა წარმოების პროცესი საკმაოდ პრობლემატური აღმოჩნდა. სიზუსტე, რომელიც სარკის ფორმას სჭირდება რთული მისაღწევია, თუმცა საბოლოოდ ვიპოვე ადგილი, სადაც პროდუქციის წარმოება მიმარტივდება. ზოგადად ლოკალურად წარმოების საკითხები პრობლემატურია, თუმცა ვფიქრობ საქართველოს აქვს პოტენციალი ამ მიმართულებით. სამომავლოდ ვფიქრობთ ავეჯის წარმოებას, საქართველოში.
ნინა პატარიძე