მიხაი ზიჩის უჩვეულო სანახაობა თბილისში

01.11.2026
1882 წლის 6 თებერვალი საქართველოს კულტურულ ისტორიაში გამორჩეული თარიღია. ამ დღეს თბილისის საზაფხულო თეატრის სცენაზე მაყურებელმა შოთა რუსთაველის პოემის, „ვეფხისტყაოსნის“ გმირები პირველად იხილა ხორცშესხმული სახით. ეს არ იყო ტრადიციული თეატრალური დადგმა უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის უშუალო ხელმძღვანელობით, თბილისურმა საზოგადოებამ იმ ეპოქაში ევროპაში ფართოდ გავრცელებული „ცოცხალი სურათების“ (Tableaux Vivants) უჩვეულო და შთამბეჭდავი სანახაობა იხილა. მოვლენა, რომელსაც თავდაპირველად მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა, იქცა არამხოლოდ ესთეტიკურ ტრიუმფად, არამედ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულად.

მიხაი ზიჩი საკუთარ სახელოსნოში
როგორ მომზადდა ეს საუცხოო წარმოდგენა
ზიჩის საქართველოში ჩამოსვლის თავდაპირველი მიზანი ლერმონტოვის ნაწარმოებების დასურათება იყო. ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებული ახალი წამოწყება მას ბარბარე ბარათაშვილმა შესთავაზა – მხატვარს პოემის ეპიზოდები საქველმოქმედო საღამოსთვის უნდა დაედგა.
პირველი ჩვენება 1882 წლის 6 თებერვალს გაიმართა. მანამდე ათი სცენა შეარჩიეს, ზიჩის ესკიზებით კოსტიუმები და დეკორაციები მოამზადეს და ასზე მეტი მონაწილე შეკრიბეს. მხატვარს ჰენრიკ ფილიპოვიჩი, ფელიქს ხოდოროვიჩი, პიოტრ კოლჩინი და დეკორატორი ჯუსტიჩი ეხმარებოდნენ. ხელით დახატული პეიზაჟები, ძვირფასი სამოსი და ადამიანთა მრავალრიცხოვანი ჯგუფები ერთ ჯადოსნურ სანახაობად უნდა ქცეულიყო.

მიხაი ზიჩი. „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა კოსტიუმების ესკიზები 1882 წლის „ცოცხალი სურათების“ წარმოდგენისთვის.
ზიჩი ძმისადმი წერილში სამუშაოს მასშტაბსაც აღწერდა: უკანასკნელ სურათში 105 ადამიანი მონაწილეობდა, სხვა სცენებში კი – ოცდაათ-ორმოცზე მეტი. ამდენი მონაწილის განლაგება და კომპოზიციის აწყობა ცალკე საფიქრალი იყო.
სამზადისის შესახებ გაზეთი „დროება“ წინასწარ წერდა: წარმოდგენისთვის ნამდვილი ვეფხვის ტყავი და ხავერდის ტანსაცმელი მოემზადებინათ; მარტო სამოსსა და დეკორაციებზე ას თუმანზე მეტი დახარჯულიყო. გაზეთი მკითხველს ორგანიზატორთა გეგმასაც აცნობდა – ეს ნივთები შემდეგ ქართულ დრამატულ დასს უნდა გადასცემოდა.
წარმოდგენის ბილეთები ძვირი ღირდა, თუმცა მისი ნახვა გენერალურ რეპეტიციაზეც შეიძლებოდა ერთ მანეთად.


მიხაი ზიჩი. „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაცია, 1888
როგორ მოძრაობდა ცოცხალი სურათი
სცენაზე პოემის გადასატანად ზიჩი თითოეულ ეპიზოდს ცალკე კომპოზიციად აწყობდა. ბენო გორდეზიანის აღწერით, შესაფერის მონაწილეებს არჩევდა, აცმევდა, განალაგებდა და განათებას უწყობდა. კულისებიდან მსახიობი იმ მონაკვეთს კითხულობდა, რომლის სურათსაც დარბაზში მყოფნი უყურებდნენ. ამგვარად, მაყურებელს ერთდროულად შეეძლო რუსთაველის სიტყვის მოსმენაც და მისგან შექმნილი სცენის დეტალურად დათვალიერებაც.
თინათინის გამეფებას ფარსადანის მეჯლისი მოსდევდა. შემდეგ კი დამსწრეებს ტარიელისა და ნესტანის შეხვედრა, მათი განშორება, ძებნა და გამოხსნა უნდა ენახათ. თითოეულ სურათს ამ მიმდევრობაში თავისი ადგილი ჰქონდა: ათი ეპიზოდი პოემის ვრცელ თავგადასავალს ერთ საღამოში ატევდა.
სცენას უმთავრესად ქართული არისტოკრატიის წარმომადგენლები ავსებდნენ. ამ ადამიანებს ზიჩის ჩანაფიქრი საკუთარი გარეგნობით და სხეულის მდგომარეობით უნდა გაეცოცხლებინათ.
სურათები ყოველთვის უძრავი არ იყო. მეჯლისზე მსახურებს ლანგრებით ხილი და სასმელი დაჰქონდათ; სხვა ეპიზოდში ნესტანის გათავისუფლებისას ტარიელი მისკენ მიემართებოდა და ა. შ. ეს დეტალები გვიჩვენებს, რომ ზიჩის წარმოდგენა მხოლოდ პოზების მონაცვლეობას არ ეყრდნობოდა: სადაც ეპიზოდი მოითხოვდა, ადამიანებისგან შექმნილი სურათი მოძრაობას იწყებდა.

მიხაი ზიჩი. „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა კოსტიუმების ესკიზები თბილისის „ცოცხალი სურათების“ წარმოდგენისთვის, 1882
ფარდა ეშვება, ტაში არ წყდება
განათების ოსტატური თამაშით და მკვეთრი კონტრასტებით ზიჩიმ მიაღწია იმას, რომ სცენაზე მდგარი ადამიანები მართლაც უზარმაზარ, სამგანზომილებიან ტილოებს ჰგავდნენ. პუბლიკის რეაქცია კი ჯერ კიდევ პირველივე სურათის აღწერაში ჩანს. გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, თინათინის გამეფების სცენის შემდეგ ფარდა კიდევ ორჯერ ასწიეს. ჩვენება შუაღამისას დასრულდა, მაგრამ მხატვრისთვის საღამო მაშინაც არ დამთავრებულა. მაყურებლის შეძახილები გრძელდებოდა; ზიჩიმ სცენის გაფორმებაში მონაწილე თანამოღვაწეებიც წარადგინა.
შემდეგ რაც მოხდა, თავად მხატვარმა ძმას უამბო. სცენაზე იმდენჯერ უხმობდნენ, სათვალავი აერია. თეატრის გარეთაც ელოდნენ და ზიჩის ეგონა, შინ ხელში აყვანილს მიაცილებდნენ. გამოსავალი მოულოდნელი და, ამავდროულად, ცოტა კომიკური აღმოჩნდა: მხატვარი ხალხს შეერია და თვითონაც „ბრავო, ზიჩის“ ძახილი დაიწყო. ასე მოახერხა მერი ეტლინგერთან ერთად შეუმჩნევლად წასვლა.
ამ მხიარულ ეპიზოდს წერილში სერიოზული შეფასებაც ახლავს: ზიჩი წარმოდგენას ჩაგრული ერის დემონსტრაციად აღიქვამდა. მისი თვალით დანახული აღფრთოვანება სანახაობის სილამაზით ტკბობას სცდებოდა – ქართველები საკუთარი პოემის გმირების გამოჩენას ზეიმობდნენ. მხატვარი ამ გამოხმაურებას ეროვნულ მნიშვნელობას ანიჭებდა. იმჟამინდელი ქართული პრესა აღტაცებით წერდა ამ მოვლენაზე. ზიჩის წერილის მსგავსად, რეცენზიებშიც ხაზგასმული იყო, რომ ეს არ ყოფილა რიგითი სანახაობა. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნისთვის, ეს იყო ეროვნული გამოფხიზლების აქტი – ქართველმა საზოგადოებამ დაინახა საკუთარი მითოსი და ლიტერატურული საგანძური, რომელიც საუკუნეების შემდეგ პირველად გახდა ასე ხელშესახები და ვიზუალურად სრულყოფილი.
გიორგი ბელქანია
